კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

სიცრუის თეორია

თიკომ ზანტად ასწია დამძიმებული ქუთუთოები. თავი სტკიოდა და ყურებშიც თითქოს ზარები გუგუნებდნენ... ერთბაშად ვერ გააცნობიერა, სად იყო და რა ხდებოდა მის თავს. გიგის დანახვაზე ჯერ გაშტერდა, მერე მთელი ხმით აყვირდა. გიგიმ მინერალური წყლის ბოთლი იატაკზე დადგა და ტუჩებზე გამაფრთხილებლად მიიფარა გაშლილი ხელისგული.

– რა გაყვირებს. გინდა, მთელი კორპუსი ფეხზე დააყენო? გაგიჟდი?

– აქ რა მინდა? ღამით აქ ვიყავი? შენთან?

– ჰო. ნუ ყვირი, ძალიან გთხოვ... ისღა მაკლია, მეზობლებმა იფიქრონ, ვიღაც ძალით მოვიყვანე აქ და ვძალადობ.

– იმის თქმა გინდა, რომ ჩემი ფეხით მოვედი შენთან?

გიგიმ გაიცინა:

– სად გქონდა ფეხზე დგომის თავი, თორემ კი... ისე, გვარიანად მძიმე ყოფილხარ, წელი ახლაც მტკივა.

ტკივილის გაგონებაზე თიკოს თავისი პრობლემა გაახსენდა და თავზე მაგრად შემოიჭირა ორივე ხელი.

– აუ, ლამისაა გამისკდეს...

– მაგას „პახმელია“ ჰქვია... მინერალური დალიე, ცოტას გიშველის, მერე ყავასაც შემოგიტან.

თიკომ თვალები მაგრად დახუჭა, გაახილა და ოთახი ყურადღებით მოათვალიერა.

– ეს შენი ოთახია?

– უჰ, მგონი, ნელ-ნელა აზრზე მოდიხარ. ბარემ ყველაფერი გაიხსენე...

თიკოს მინერალური გადასცდა და ხველა აუტყდა.

– დაიხრჩვი-მეთქი, არ მითქვამს.

– კი მაგრამ, რა უნდა გავიხსენო? ძალიან გთხოვ, პირდაპირ მითხარი, რას გულისხმობდი.

– რა უნდა მეგულისხმა, რას სულელობ? – ჩაეღიმა გიგის, – შენი ჭკუით, რაში უნდა გამომტეხო? 

– არ ვიცი. მართლა არაფერი მახსოვს და ძალიან მეშინია. აქ როგორ აღმოვჩნდი? შენს სახლში რა მინდოდა?

 – იძულებული გავხდი, აქ მომეყვანე. სახლში როგორ წაგიყვანდი, როცა საშინლად მთვრალი იყავი? ისეთი მთვრალი, რომ მისამართიც ვერ გათქმევინე. მე კი წარმოდგენა არ მაქვს, სად ცხოვრობ.

– ღმერთო! – აღმოხდა თიკოს, – როგორ მრცხვენია. დედაჩემი გაგიჟდება, არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა.

– ამ მხრივ, შეგიძლია მშვიდად იყო, – სიამაყით განაცხადა გიგის და გაიბადრა.

– მშვიდად? რა ჩაიდინე? – ეჭვმა სუნთქვა შეუკრა თიკოს.

– შენს მობილურში მოვძებნე „დედა“ და მივწერე მესიჯი, – გოგოები შევიკრიბეთ, ვერთობით და, შეიძლება, ამაღამ არ დავბრუნდე-მეთქი. შემაქე, რას ელოდები?

– კარგი, ვაღიარებ, რომ კარგად მოიქეცი. მაგრამ, მთავარს რატომ არ მეუბნები?

გიგიმ მხრები აიჩეჩა:

– ვერ ვხვდები, რას მეკითხები, რა მთავარი გაინტერესებს?

თიკო შეყოყმანდა:

– მე რომ მაგარი მთვრალი ვიყავი და შენთან, სახლში რომ მომიყვანე, ფეხსაცმელები რომ გამხადე და დივანზე დამაწვინე... მერე რა მოხდა?

– მეც დავწექი და დავიძინე. ოღონდ, მაგ დივანზე არა, ჩემს საწოლში და, იმდენი მოვახერხე, რომ შარვალი და პერანგიც გამეხადა.

– ანუ, არაფერი მომხდარა? არ მატყუებ? – ფრთხილად ჰკითხა თიკომ.

– ნუ ფეთდები. ვერ ვიტან მთვრალ ქალებთან სექსს.

– დიდი მადლობა ასეთი პირდაპირობისთვის, – ამოიოხრა თიკომ, – მაინც შემომიტყუე, ხომ, შენს ბუნაგში!

გიგიმ შეურაცხყოფილი ადამიანის გამომეტყველებით აქცია ზურგი გოგოს და ოთახიდან გასვლა დააპირა. თიკო მიხვდა, უსაფუძვლოდ რომ აწყენინა და სწრაფად მოუბოდიშა:

– კარგი, ვაღიარებ, რომ შემეშალა. მინდა ყავა და მომიყევი, სად და რამდენი დავლიე.

– შენ რა გგონია, მე ფხიზელი ვიყავი? თუმცა, შენგან განსხვავებით, სახლს მივაგენი და საკუთარ ფეხებზეც მყარად ვიდექი.

– გეყოფა, მრცხვენია-მეთქი, ხომ გითხარი. პირველად დავლიე ამდენი.

– რა ვიცი, ჭიქას ჭიქაზე კი ცლიდი გამოცდილი ლოთივით, თანაც, ლიმონიან არაყზე გადახვედი... მაგარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი... შენთან ძმაკაცობა ღირს და ამიერიდან აღარასოდეს გაგაბრაზებ.

თიკომ თვალები მოჭუტა.

– ამის მოსასმენად ნამდვილად ღირდა გამოთრობა. მაგრამ, მინერალურმა აშკარად არ მიშველა – თავი ისევ ძალიან მტკივა.

– არაყი მოგიხდებოდა, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ არ დალევ.

გოგოს ზიზღით შეაჟრჟოლა:

– არც კი გამახსენო... მძულს...

– ვიცი და მესმის... ამიტომ, ყავას მოგიტან, მერე კი სამსახურში წავიდეთ.

– სამსახურში? – თიკო დაიჯღანა, – ვერა, გამორიცხულია, ვერ წამოვალ. ასეთი სიფათით ვერავის დავენახვები. ვახოს დავურეკავ და ვეტყვი, რომ... არა, ვერ დავურეკავ. შენ უთხარი, რომ ცუდად ვარ... ძალიან ცუდად...

– აუ, კარგი რა, ვახო მკითხავს, რა სჭირსო და მერე რა ვუპასუხო?

– რაც გინდა.

– სიმართლე რომ ვუთხრა?!

თიკომ ხელი ჩაიქნია.

– რაც გინდა-მეთქი, ოღონდ ახლა თავი დამანებე და ყავა მომიტანე...

გიგი რომ გავიდა, თიკომ თავი მკლავზე ჩამოდო და ჩაფიქრდა...

***

ლიზამ ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი...

– შემოდი, არ მძინავს, – ნინიმ ღამის ნათურა აანთო და წამოჯდა, – რატომ დავრჩი შენთან? სახლში რატომ არ წავედი?

– იმიტომ, რომ მე არ გაგიშვი, ცუდად იყავი.

– ჰო, მაგრამ, მაინც წასვლა სჯობდა. მერიდება შენი და ლევანის.

ლიზამ ხელი ჩაიქნია და საწოლზე ჩამოუჯდა მეგობარს.

– ეგ არაფერია. შენ ის მითხარი, როგორ გეძინა?

– ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის პირობაზე, ნორმალურადაც კი.

– ნუ სულელობ. რა მდგომარეობა შენ გაქვს? ნუ ამძიმებ სიტუაციას.

– არ ვამძიმებ, უბრალოდ, უნდა დავივიწყო ეგ ადამიანი. რატომ ვერ ვახერხებ?

– მოახერხებ. დასასრული ყველაფერს აქვს. ეს აქსიომაა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, დავაჩქაროთ ან შევაფერხოთ ამ დასასრულის მოახლოება.

– ჰო, მესმის. მე ვაფერხებ ამ დასასრულს.

– შეიძლება. იმიტომ, რომ მამაკაცებთან მოქცევა არ იცი, – ნიშნისმოგებით დაუქნია თითი ლიზამ. 

ნინიმ მხრები აიჩეჩა:

– იცი, კარგად არ მესმის, რას ნიშნავს მამაკაცებთან მოქცევის არცოდნა – ეს რა, ქცევის სპეციალური კოდექსია? ბოლოს და ბოლოს, არც ცხოვრებაა ცირკი და არც ჩვენ ვართ მომთვინიერებლები – ქალებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

– აბა, რა... მამაკაცი ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა იმეგობრო მასთან.  – სისულელეა, მიეცი საკუთარ თავს იმის უფლება, რომ არჩვევანი თავად გააკეთო. მამაკაცებთან მეგობრობა კი ჩემთვის არ არსებობს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არ მჯერა. ასეთი ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიდის კონკრეტულ კონდიციამდე და პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია სიტუაციის ასაფეთქებლად. ყველაზე მაგარი და მტკიცე მეგობრობაც კი, „მყარი და მტკიცე“ მეგობრული სექსით მთავრდება ხოლმე.

– ეგ შენ ფიქრობ ასე, მე მჯერა, რომ ქალისა და მამაკაცის უბრალოდ მეგობრობა ძალიანაც შესაძლებელია.

– ნუ მეჯიუტები. ნაკლებად საინტერესოა, რას ამბობენ თეორიები, მთავარი პრაქტიკაა... ჩვენი დღევანდელი საზოგადოების მთავარი პრობლემა სტერეოტიპებია. შენც სტერეოტიპების ტყვეობაში ხარ, თორემ, ასეთ ამბავს არ ატეხდი.

– რაო?! – თვალები გაუფართოვდა ნინის, –  რა ამბავი ავტეხე?

– ჰო, სწორედაც რომ ამბავი ატეხე, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში. წარმოდგენა არ გაქვს, ვინ იყო ის გოგო...

– სულაც არ მაინტერესებს მათი ურთიერთობის ინტიმური დეტალები, – გააფთრებით შეაწყვეტინა ნინიმ, – რაც დავინახე, სრულიად საკმარისია...

– საკმარისია რისთვის, ხელები რომ ჩამოუშვა და არ იბრძოლო შენი სიყვარულისთვის?

– ამას ახლა მეუბნები?

– ჰო. რა გაოცებული მიყურებ? დიახ, უნდა იბრძოლო შენი სიყვარულისთვის, თუკი ხვდები, რომ გიგის იქით გზა არ გაქვს.

– ვაიმე, ვინ გითხრა, რომ გიგის იქით გზა არ მაქვს? ან, ეს ორმაგი სტანდარტი რა უბედურებაა? 

ლიზამ მხრები აიჩეჩა:

– რა ორმაგი სტანდარტი. უფრო მარტივი ენით მელაპარაკე.

– ვერ ხვდები? ხან მიმტკიცებ, სიყვარული სისულელე და ჩერჩეტი ადამიანების ფანტაზიის ნაყოფიაო, ხან კიდევ – სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოო... გამაგებინე, რეალურად რას ფიქრობ, ოღონდ, სერიოზულად.

ლიზამ გადაიკისკისა:

– რატომ გგონია, რომ არასერიოზულად ვამბობ? ჩემს პრინციპებს, შეიძლება, ეწინააღმდეგება, მაგრამ, ახლა მთავარი შენ ხარ და ის, რაც შენ გინდა.

ნინიმ ამოიოხრა:

– პრობლემა ისაა, რომ, არ ვიცი, რა მინდა. გიგისთან ურთიერთობაზე ლაპარაკიც რომ აღარ შეიძლება, ამას ვხვდები. კარგი იქნებოდა, თომას გავყოლოდი ცოლად და ეგ იდიოტი სამუდამოდ დამევიწყებინა, მაგრამ, შევძლებ კი?!

– კარგი, აღარაფერს გკითხავ, თვითონ გადახარშე. ადგები? სამსახურში არ მიდიხარ?

ნინი უკმაყოფილოდ დაიჯღანა;

– ძალიანაც არ მინდა წასვლა, მაგრამ, არ გამოვა. მეც ორსულად კი არ ვარ, რომ მაპატიონ. არადა, ყველაფერი მირჩევნია დღეს თომას ნახვასა და მასთან ლაპარაკს.

– ხედავ? – ნიშნისმოგებით გაუცინა ლიზამ, მაგრამ ნინიმ იქვე გააპროტესტა:

– არაფერიც. რაც შენ იგულისხმე, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, შემეტყობა უგუნებობა და თომას ჯვარედინ დაკითხვას ვერ გავუძლებ. ლევანი წავიდა?

– რა ხანია. მითხრა, დღესაც არ გაუშვა სახლში, ეგ რომ აქ არის, თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობო.

– შენთან ხომ არ გადმოვსახლდე?

– დიდი სიამოვნებით. რამხელა სახლია, ხომ ხედავ? კიდევ ორი საძინებელი გვაქვს ისეთი, სადაც საერთოდ არავის სძინებია... ადექი, ყავა დავლიოთ.

ნინიმ თავი დაუქნია და მოულოდნელად ჰკითხა:

– ზუკა აღარ გამოჩენილა?

ლიზას მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება: მზერა დაეძაბა და თვალები გაუდიდდა. მუცელზე ინსტინქტურად მოისვა ხელი და თავი გადააქნია:

– არა, არ გამოჩენილა და, გუშინაც ვფიქრობდი, რომ ეს კარგის ნიშანი არ უნდა იყოს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არაადეკვატური და სულელია. მისგან ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი.

– გეშინია? – თანაგრძნობით ჰკითხა ნინიმ. ლიზამ ირონიულად ჩაიცინა:

– მე?! რა სისულელეა! ზუკასნაირი მეოცნებეები მე ვერასოდეს შემაშინებენ. მაგრამ, ჩემს მდგომარეობაში ნეგატიური ემოციები არ მჭირდება. ორსულად რომ არ ვიყო, მაგრად ვიკაიფებდი ამ ყველაფერზე. ახლა ბევრ რამეს ისე ვერ ვაკეთებ, როგორც მინდა და საჭიროდ მიმაჩნია.

– იცი, რა ვიფიქრე? იქნებ გეთქვა ლევანისთვის, საერთოდ გადაედო წვეულება? ნუ, სანამ ბავშვს გააჩენ, მანამდე მაინც.

– არავითარ შემთხვევაში! ჯერ ერთი, ეს ჩემი წვეულება და ჩემი ბიზნესია და ვიღაც ხუშტურებიანი ზუკას გამო ზეიმს არ გადავდებ.

– მგონია, რომ რისკზე მიდიხარ.

– მე?! ვერაფერს გამიბედავს, თორემ ნახავ.

– წეღან არ ამბობდი, მისგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ელოდოო?

– ჰო, მაგრამ, არც მე ვიჯდები გულხელდაკრეფილი.

– გიგი... ზუკა... უჰ, რა საზოგადოება შეიკრიბება?! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნინიმ.

– არა უშავს, ეგ მათი პრობლემა იქნება. ანუ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მათი პრობლემა იყოს და არა ჩვენი. ჰო, მართლა... ქეთის უნდა დავურეკო – „მტრის ბანაკს“ დავაზვერინებ.

– რანაირად?

– ქეთის ქმარია ის ვახო, მაგ კომპანიის დირექტორი და, შესაბამისად, ზუკასა და გიგის უფროსიც.

ნინი გაფითრდა:

– უჰ, საქმე იმაზე გაცილებით რთულად ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. აღარ მინდა წამოსვლა, მართლა...

– ხომ არ გაგიჟდი! მეორედ აღარ თქვა ეგ! – აღშფოთდა ლიზა.

– გიგის ის გოგო ეყოლება გვერდით, თორემ, ნახავ.

– არც შენ იქნები მარტო, ასე რომ, გიგიც მიიღებს თავისას.

– როგორ არ მომწონს ეს ყველაფერი! უფრო მეტიც – ძალიან მაწუხებს და მაღიზიანებს.

ლიზას თვალები აუციმციმდა:

– მე კი მომწონს „ტრუსის სუნი“ – ნესტოებს მიღიზიანებს და ადრენალინს მიმატებს.

– გიჟი ხარ, – უნებლიეთ გაეღიმა ნინის.

– ქალი ცოტათი გიჟიც უნდა იყოს, თორემ, ქალურობის უტრირება კაცსაც შეუძლია, – თვალი ჩაუკრა ლიზამ...

***

ქეთი მშვენიერი განწყობით მივიდა სამსახურში... ვახომ მართლა ყველაფერი გააკეთა მისი გულის მოსაგებად. ორი საათის განმავლობაში ხმისამოუღებლად და წარბშეუხრელად დაჰყვებოდა მაღაზიებში და არც მაშინ უწუწუნია, როცა ქეთიმ საკმაოდ ძვირიანი ფეხსაცმელი და კოსტიუმი შეარჩია. მხოლოდ ის იკითხა, შარვალს, მე მგონი, კაბა გერჩივნაო და მეტად აღარ უცდია ცოლისთვის თავისი აზრი მოეხვია. ცოლმაც დაუფასა და ახლა თავს ახალდაქორწინებული ბედნიერი პატარძალივით გრძნობდა.

კლინიკის კარი ნატომ გაუღო და უკმაყოფილო გამომეტყველებით სწრაფად შეაქცია ზურგი, მაგრამ ქეთიმ მკლავზე მოჰკიდა ხელი და შემოაბრუნა:

– სალაპარაკო მაქვს შენთან... უნდა მომისმინო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3