კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია რეალურ ცხოვრებაში რბილი „ლ“-ებით მოლაპარაკე „რძალი” „TV 11-დან” და ვისთან ერთად ცხოვრობს ის

ანუკი ჯავახიშვილის მიერ განსახიერებულ ყველა პერსონაჟს მაყურებლის მხრიდან განსაკუთრებული სიყვარული, დადებითი განწყობა და ემოციები არასდროს აკლია. მაგრამ, მიმაჩნია, რომ „TV 11-ზე”, მის მიერ განსახიერებულმა „რძალმა”, რომელიც რბილი „ლ”- ებით ლაპარაკობს და რომელსაც მიაჩნია, რომ „თუ ნამდვილი სიყვარულია, ყველანაირი პრობლემა მოგვარდება,” ყველა რეკორდი მოხსნა. ანუკისთან შეხვედრისას, ინტერვიუც ამ პერსონაჟზე საუბრით დავიწყეთ.  

 

– ანუკი, „TV 11-ზე”, „სე ლა ვი-დან” შენ მიერ განსახიერებული „რძალი” მთელი ქალაქის, და არა მხოლოდ ქალაქის, მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. 

– მიხარია, რა თქმა უნდა, თუ მოსწონთ და ყველა ამაზე ლაპარაკობს. მსახიობისთვის სასიამოვნოა, რომ მის მიერ განსახიერებული როლი ასეთი პოპულარული გახდა.

– პირადად რა დამოკიდებულება გაქვს ამ „რძალთან”? სახელი არ აქვს, მე მგონი.

– არა, ბუხუტიკოს დედა და კოტიკოს ცოლია, სახელი არ ვიცი. როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს, საწყალი გოგოა, რომელიც, პრინციპში, თავისი ყოფით, არც ისე უცხოა ხალხისთვის, სამწუხაროდ, ერთადერთი არაა. ეს რა გააკეთა და რა არაბუნებრივიაო, ჯერ არავის უთქვამს. მაინცდამანც უცხო არ არის საზოგადოებისთვის ასეთი სახე.

– სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... როგორ დასკვნას აკეთებს?

– „თუ ნამდვილი სიყვარულია, ყველანაირი პრობლემა მოგვარდება,” – ეს არის ფინალური ფრაზა იმ სერიებისა, რომლებიც ახლა გადის.

– მე მგონი, ცოტა ჩერჩეტიც არის...

– არის, ჰო, ჩერჩეტიც, საცოდავიც – არ არის დამოუკიდებელი, გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს და ყველაფერზე თანახმაა. თან, იმშვიდებს თავს „თუ ნამდვილი სიყვარულიათი” 

– ის სიყვარულიც არ ვიცით, არის თუ არა, ისე უყურებდა კოტიკო ლამარას გოგოს...

– მაშინ იეჭვიანა, მაგრამ, მერე რა იქნება, ვნახოთ.

– ჯერჯერობით რამდენი სერიაა ჩაწერილი?

– სულ 10 სერიაა ჩაწერილი, 4 უკვე გავიდა. მალე დანარჩენებიც შემოვლენ ეთერში.

– როგორც შევიტყვე, ანუკის ვერავინ ცნობს ამ როლში, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან მოსწონსო.

– საკუთარ მეგობრებს „ფეისბუქის“ გვერდზე ედოთ: – ვაიმე, ეს ვინ არის... და სხვადასხვანაირი კომენტარებით. ვერავინ ხვდებოდა, რომ მე ვიყავი. მომწონს რომ ვერ მცნობენ, იმიტომ რომ, რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება ვარ.

 –  როგორი ხარ?

– მაგალითად, რბილი „ლ”-ებით არ ვმეტყველებ, შეხედულებებიც არ მაქვს მსგავსი. მოკლედ, არაფერი მაქვს მისი მსგავსი.

 – ოჯახის შექმნას არ ფიქრობ?

– არა.

– არც შეყვარებული ხარ?

– არა.

– შეყვარებული რომ არ გყავს და რომ არ გყოლია, სერენადაც არავის უმღერია შენთვის?

– ჩემთვის სერენადა ძირითადად უმღერიათ ჩემს სიძეებს. ჩემი დეიდაშვილის ქმარს, ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ, მე პირველ სართულზე ვცხოვრობ, ჩემი დეიდაშვილი კი – მეცხრეზე. იმას ვერ აგონებდა ხოლმე და ნასვამი მე მიმღეროდა. მე კი მას გადავცემდი. მეგობრების ქმრებიც... სახლში წასვლის წინ ყველა ჩემს ფანჯრებთან მღერის. მერე გადავცემ ხოლმე: მოდის, უკვე იმღერა, სახლში მოდის, გზაშია...

– პარალელურად, რა პროექტებში ხარ დაკავებული?

– ანეკდოტებში „მაესტროზე”, რომელსაც ჰქვია „თქვენი გადახდილია”. საკმაოდ კარგი, რეიტინგული გადაცემაა. ახლა უკვე „ქლაბ 11-ში,” რაღაც-რაღაც სკეტჩებშიც შევედი. აგრეთვე ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 

– ამჟამად რომელ სპექტაკლზე მუშაობ?

– ხუთშაბათს გვქონდა პრემიერა, „ჩიპოლინო” ვითამაშეთ. პირველი დასვენების დღე მაქვს დღეს. რაც ამ ეტაპზე გადის, კიდევ დაკავებული ვარ „ლურჯ ფრინველში”, „კარმენში”, „საშობაო ზღაპარში”.

– ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდი, თუ შემთხვევით მოხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში?

– ბავშვობიდანვე, რატომღაც ვიცოდი, რომ აქეთ მოდიოდა ჩემი ცხოვრება... სპორტზეც დავდიოდი. ოჯახმაც ხელი შემიწყო, 11 წლიდან ვერის უბნის ბავშვთა თეატრში ვიყავი, მოგვიანებით „არტ-ჰოლში” მივედი გოგა პიპინაშვილთან, თუმანიშვილშიც ვითამაშე უკვე 15 წლის რომ ვიყავი და მერე ჩავაბარე. ძალიან კარგი ჯგუფი იყო: ნატა ბერეჟიანი, როლანდ ოქროპირიძე, ნინო მუმლაძე, გვანცა დადიანი... 

– სინამდვილეში ვისთან ერთად ცხოვრობ? როგორი ხარ?

– ოჯახში ვართ დედა, მამა, ძმა და ბებია. თუ  თავისუფალი დრო მაქვს, მეგობრების წრეში ვატარებ. თუ უფრო მეტი დრო მაქვს, მიყვარს ახალ-ახალი ენების შესწავლა. ბოლო პერიოდში ენებზე გადავერთე. მანამდე ხან ჩოგბურთზე დავდიოდი, ხან ფოტოგრაფია მიტაცებდა. ცურვა ვერა – წყლის შიში მაქვს, სულ მინდა, რომ რაღაცნაირად ეს შიში გადავლახო და როდესმე გავცურო. მაგრამ, როგორც კი წყალი ტანზე ოდნავ შემეხება, უკვე ვხვდები, რომ ვერ გავცურავ. უფრო ადრე ცხენებზეც დავდიოდი.

– ცხენოსნობაზე?

– ცხენოსნობა არა, უფრო სამკურნალო დატვირთვა ჰქონდა – უუნაგირო ცხენზე ვიჯექი და ვვარჯიშობდი ხოლმე. ერთხელ ცხენი გამექცა და შემეშინდა, თან უნაგირი არა აქვს, ვერაფერს ვერ ვშვრები. კისერზე შემოვეხვიე და ასე გავრბოდით. მერე, როგორც იქნა, დამეწია მწვრთნელი და დაგვაბრუნა. 

– ესე იგი, როგორც მსახიობს კიდევ ერთი პლუსი გაქვს – ცხენზე ჯირითი შეგიძლია.

– ჯირითს ისე, მაია წყნეთელივით რომ გავქანდე, ალბათ, ვერ შევძლებ. ერთ კვირას თუ მომცემენ, მაგასაც მოვახერხებ. 

– სერიალებში არ მოგისინჯავს ძალები?

– სამწუხაროდ, ქასთინგების შიში მაქვს. ჯობია, არ მივიდე, ისეთი საშინელება შეიძლება ვქნა. „ღამის შოუშიც” სულ შემთხვევით მოვხვდი. ჩემს მეგობარ, ნატა ბერეჟიანთან ერთად მივედი და რაღაცნაირად ერთმანეთს ისე ვუწყობდით ხელს, რომ ის, რაც ქასთინგებზე მემართება, არაადეკვატური რომ ვხდები, არ გამომივლენია. ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ შევძელი და მაქსიმალურად ვაჩვენე ჩემი შესაძლებობები. დანარჩენი ქასთინგებიდან, რომ გამოვდივარ, უკვე ვიცი, რომ ეს ადამიანები მე არასოდეს არ დამირეკავენ, ისე საშინლად ვიქცევი. ამიტომ, მირჩევნია, არ ვიარო ქასთინგებზე.

– სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, მოსაწონი იქნები დედამთილისთვის?

– მე მგონი, კარგად ვარ სამზარეულოსთან. ჩემი ძმა დიპლომატი გახლავთ. ბელგიაში, ბრიუსელში იყო წასული სამუშაოდ. მე ვიყავი მასთან 2 თვე. შესაბამისად, ამ პერიოდში ოჯახში ვდიასახლისობდი და ვაკეთებდი ყველაფერს: ხაჭაპურს, კოტლეტს, ჩახოხბილს, სოუზს, სალათებს – ყველაფერი მაქვს გაკეთებული. თბილისში როცა ვარ, მაქსიმუმ, კვერცხი შევწვა. თუ დამჭირდა ყველაფერს ვაკეთებ, თუ არადა, შემიძლია, ზარმაცი ვიყო.

– ბებიაზე მიამბე, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს.

– ბებო – ქალბატონი მაყვალა ლოლაძე-ჩუბინიძისა, ბაღის გამგე გახლავთ, თან ისეთი, რომ ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც მასთან დადიან კონსულტაციებზე. ძალიან ენერგიული და ბავშვებზე გადაყოლილი გამგეა. მენიუებს ადგენს, რემონტი, გათბობა... ბაღზეა გადართული ბოლომდე.

– რაო, რას გეუბნება?

– რას უნდა მეუბნებოდეს, თქვენი აზრით?.. 

– ალბათ, გათხოვდიო.

– გათხოვდი ბებია, ან ბავშვი მაინც გააჩინე. უკვე იმ ასაკში ვარ, ეტყობა, რომ მაინც მჭირდება. ვართ ასე ჭიდაობაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ალბათ, კარგად გრძნობს თავს მასთან რომ ვარ.

– ძმის მონახულება, გასტროლები. გამოდის ხშირად გიწევს მოგზაურობა.

– ჰო, გასტროლები ხშირად გვაქვს. 

– ამ მოგზაურობას, ბუნებრივია, ახლავს თავგადასავლები.

– ინდოეთში ჩვენი ყოფნა მართლა ერთი დიდი თავგადასავალი იყო. ხვლიკებთან ერთად გვეძინა და რომ ჩავედით ადმინისტრატორთან, – გვიშველეთ, რა ვქნათ, ხვლიკი გვყავს ნომერშიო, – გვიპასუხა: ცხოვრობს მანდ და რა ქნასო. სხვა გზა არ გვქონდა – შევუსახლდით. შევეგუეთ ხვლიკებსაც. ის კი არა, სპილო რომ ჩაგვივლიდა ტროტუარზე, რეაქცია აღარ გვქონდა. მანქანები მოძრაობდნენ ისე, მე რომ გამიკვირდება ქართველს. სულ სიგნალზე ეჭირათ ხელი. ისე შედიოდა ერთ პატარა ჩიხში ორი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომლიდანაც ერთში მე ვიჯექი, რომ სულ მეგონა, ახლა დავიმტვრევით, მორჩა და მილიმეტრებით აცილებდნენ. რანაირად?! ახლაც არ ვიცი.

რაც შეეხება სპექტაკლს,  კარგად ჩაიარა, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო და ემოციურად სავსენი დავბრუნდით უკან.

 

скачать dle 11.3