კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რა როლს ასრულებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვნის პროცედურაში და რატომ ვერ გამოუცხადებენ მას იმპიჩმენტს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი

მას შემდეგ, რაც მთავრობის შემადგენლობაში ერთი წევრი შეიცვალა (რაკი დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატია), სულ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა ხმებმა, რომ კიდევ რამდენიმე მინისტრი შეთანხმებულად აპირებს გადადგომას, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენების საფუძველი შეიძლება, გახდეს, რის შემდეგაც პრეზიდენტი პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარუდგენს დასამტკიცებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა სჭირდება (რასაც კოალიცია „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ აგროვებს), შეთქმულების ეს თეორია გულისხმობს, რომ კოალიცია უნდა დაიშალოს. რას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა: როდის ტოვებს პრემიერ-მინისტრი პოსტს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი პარლამენტის დათხოვნა და პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, ამ საკონსტიტუციო თეორიულ შესაძლებლობებს კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, იურისტ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

 

– პრემიერ-მინისტრით დავიწყოთ, რადგან ის არის ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირი ქვეყანაში. მოქმედი კონსტიტუციით, რა შემთხვევაში ტოვებს ის თანამდებობას და როგორ არის შესაძლებელი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება?

– ორი პროცედურა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან: ერთია იმპიჩმენტის პროცედურა და მეორე –  უნდობლობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრისთვის. უნდობლობის გამოცხადება კონსტიტუციის 81-ე მუხლით რეგულირდება და ის საკმაოდ რთული პროცედურაა, რაც იყო კიდეც კრიტიკის დიდი საგანი თავის დროზე, როდესაც 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღებოდა. ძალიან რთულია მთავრობის და მათ შორის პრემიერ-მინისტრის გადაყენება უნდობლობის გამოცხადებით. გარდა ამისა, შარშან ჩვენს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის შემადგენლობა არანაკლებ შვიდი წევრით, ანუ ერთი მესამედით განახლდება, ხდება მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ დამატებით 6 მინისტრი შეიცვლება, პრეზიდენტი ვალდებულია, ღარიბაშვილის მთავრობა ხელახლა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად და, თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს, შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა.

– მთელი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრიანად?

– დიახ, ჩვენთან კაბინეტური სისტემაა და მთავრობის გადადგომა ნიშნავს, პრემიერ-მინისტრის გადადგომას. თუ მთავრობას უნდობლობა უცხადდება, ეს ავტომატურად ნიშნავს პრემიერ-მინისტრის გადაყენებას.

– ოღონდ ნდობის ხელახლა გამოცხადებას სჭირდება პარლამენტის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა.

– უბრალო უმრავლესობა სჭირდება მთავრობისთვის როგორც ნდობის, ისე უნდობლობის გამოცხადებას.

– ვრცელდება არასწორი მოსაზრება, თითქოს პრეზიდენტს აქვს პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენის უფლება. მართალია, პრეზიდენტი წარადგენს, მაგრამ თავად არ შეარჩევს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. აღვუწეროთ მკითხველს ეს პროცედურა.

– ფორმალურად პრეზიდენტი არის უფლებამოსილი, დაითხოვოს მთავრობა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალური უფლებამოსილებაა. ერთადერთი შემთხვევა, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს მთავრობის გადაყენებისას, არის ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი უცხადებს უნდობლობას მთავრობას ან ვერ უცხადებს ნდობას მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია უფლებამოსილი პრეზიდენტი, გადააყენოს მთავრობა. ამ მიმართულებით პრეზიდენტს არ აქვს არანაირი დისკრეცია და მთლიანად ფორმალურია პრეზიდენტისთვის მინიჭებული ეს კომპეტენცია.

– გასაგებია, თუ ექვსი მინისტრი დატოვებს მინისტრის პორტფელს, პრეზიდენტმა თავიდან უნდა წარუდგინოს ძველი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დასამტკიცებლად პარლამენტს. როდესაც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზეა საუბარი, ვინ წარუდგენს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას?

–  ამ შემთხვევაში ხელმეორედაც აქვს პრეზიდენტს პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობის წარადგენის უფლება და თუ 30 დღის ვადაში არ მოხდა ნდობის გამოცხადება, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია, წარუდგინოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა, რომელსაც მას: თავის მხრივ, წარუდგენს პარლამენტის წევრთა ორი მეხუთედი. პრეზიდენტს ამ შემთხევაშიც არ აქვს არანაირი დისკრეცია. თუ პრეზიდენტს პარლამენტის წევრთა ორი მეხუთედი წარუდგენს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატს, პრეზიდენტი ვალდებულია, წამოაყენოს ეს კანდიდატი და ამ კანდიდატის მიერ შეთავაზებული მთავრობის შემადგენლობა.

– მაგრამ ორი მეხუთედი ორი შეიძლება, იყოს პარლამენტში.

– ეს თეორიული შემთხვევა გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. თუ პარლამენტის 2 მეხუთედი წარუდგენს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, რომლის მხარდამჭერთა რაოდენობაც იქნება მეტი,  ის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ხოლო, თუ ზუსტად თანაბარი რაოდენობის დეპუტატებმა წარუდგინეს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის ორი კანდიდატურა, მაშინ პრეზიდენტს აქვს უკვე დისკრეცია, აირჩიოს ერთ-ერთი.

– გავიმეორებ, რომ ამ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ნდობის გამოცხადებასაც უბრალო  უმრავლესობა სჭირდება. 

– დიახ. სხვა შემთხვევაში, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება.

– რა შემთხვევაშია დასაშვები და ვის შეუძლია პარლამენტის დათხოვნა?

– პარლმენტის დათხოვნა ხორციელდება პრეზიდენტის მიერ. ერთი საფუძველი შეიძლება, იყოს უნდობლობის გამოცხადება მთავრობის შემადგენლობისთვის, მეორე –  ნდობის ვერ ან არგამოცხადება პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის. ანუ მხოლოდ ორი საფუძველია.

– თუ ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ პარლამენტის დათხოვნა? და რომელი ტანდემია უფრო ძლიერი: პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა?

– შესაძლებელია პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება და ამის პრეცედენტები ყოფილა საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში. გერმანიის მაგალითი შეგვიძლია, გავიხსენოთ, სადაც პრემიერებმა, ანუ კანცლერებმა რამდენჯერმე ხელოვნურად მოახდინეს პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება. საპარლამენტო უმრავლესობას არ გამოაცხადებინეს ნდობა მთავრობის შემადგენლობისთვის და ამ საფუძველზე მოხდა პარლამენტის დათხოვნა. რეალურად, აქ პრეზიდენტის თანხმობა არც არის საჭირო, რადგან პრეზიდენტის დისკრეცია საკმაოდ შეზღუდულია პარლამენტის დათხოვნისას. თუ პრემიერ-მინისტრს სურს მთავრობის გადაყენება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პროვოცირება და მას ამაში მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, ამის გაკეთება შესაძლებელია პრეზიდენტის ქმედითი მონაწილეობის გარეშე.

– ნდობის გამოცხადების საკითხი, როგორც წესი, არჩევნების შემდეგაა აქტუალური საფუძველი. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი რა შეიძლება, იყოს?

– უნდობლობის აღძვრა ნებისმიერ დროს შეიძლება, ამ მხრივ პარლამენტი არ არის შეზღუდული, მაგრამ პროცედურა, როგორც ვთქვი, ძალიან გართულებულია. პარლამენტის ორი მეხუთედის მიერ აღიძვრება საკითხი, შემდეგ საკმაოდ დიდი ვადებია დადგენილი პროცედურისთვის. პირველი ვადაა 20-დან 25 დღემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდება კენჭისყრაზე საკითხის დაყენება და აღძვრა, ამასაც დამატებით 20-დან 25 დღემდე სჭირდება, ანუ ორ თვემდე დრო სჭირდება პროცედურის პირველ ნაწილს. ამის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია, ვეტო დაადოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რის დაძლევასაც სამი მეხუთედით ახერხებს პარლამენტი და ამის შემდეგ საჭიროა მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირება, რომ ძველს შეუწყდეს უფლებამოსილება. ანუ პროცედურა საკმაოდ გართულებულია როგორც ვადების გაწელვის თვალსაზრისით, ისე იმის გამო, რომ პრეზიდენტს ზედმეტი კომპეტენცია აქვს მინიჭებული ამ საკითხში. საბოლოოდ კი, გამოდის, რომ ძალიან რთულია მთავრობის შემადგენლობის შეცვლა.

– ცალკეულ მინისტრებზე კი მხოლოდ პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას.

– პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივაა მინისტრების შერჩევა და არის ერთადერთი შეზღუდვა: თუ ერთი მესამედით ხდება მთავრობის შემადგენლობის განახლება, საჭირო ხდება პარლამენტის ჩარევა. ცალკეულ მინისტრს კი ნებისმიერ მომენტში შეცვლის პრემიერი.

– ესე იგი, თუ შვიდი მინისტრი გაურიგდება საპარლამენტო უმრავლესობას, მათ შეუძლიათ პრემიერ-მინისტრის გადაყენება?

– პირობითად შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ მოვლენათა ასეთი განვითარება: ერთი მინისტრი უკვე შეიცვალა, ექვსი მინისტრი შეიძლება, გადადგეს თანამდებობიდან, ამ შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობა თავიდან შედის პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად და თუ ნდობა არ გამოუცხადა პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს, დგება პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხი. მნიშვნელოვანია ის, რომ ვერ უნდა შეგროვდეს უმრავლესობა მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად, რაც უფრო ამარტივებს გარიგებული მხარეების მოქმედებას. მათ აღარ ევალებათ 76 ხმის მოგროვება, მათთვის პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად მთავარია, საკითხი ჩააგდონ და საკითხის ჩაგდება უფრო მარტივია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღება.

– თან, პროცედურულადაცაა შესაძლებელი საკითხის ჩაგდება. პრეზიდენტის გადაყენების რა მექანიზმებია კონსტიტუციაში?

–  პრეზიდენტის გადაყენება იმპიჩმენტის წესით ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: ერთი, ეს არის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და მეორე –  პრეზიდენტის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. ორივე შემთხვევაში საკითხი აღიძვრება დეპუტატთა ერთი მესამედის მიერ. შემდეგ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენა, ანუ საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ არის სუფთა პოლიტიკური პროცედურა, ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტის მიერ, მეორე შემთხვევაში კი, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის ქმედებაში. თუ ან ერთს ან მეორეს დაადგენს სასამართლო, საკითხი განსახილველად პარლამენტში ბრუნდება და პარლამენტი ორი მესამედით უყრის კენჭს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი პრეზიდენტის მიერ, მაგრამ პარლამენტმა ვერ გამოუცხადოს პრეზიდენტს იმპიჩმენტი.

– იმიტომ რომ ხმების ორი მესამედი ვერ მოგროვდეს?

– დიახ, როგორც ვთქვი, პრეზიდენტის  იმპიჩმენტი არის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პროცედურა. დასკვნას გამოიტანს სასამართლო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

– მესმის, რომ კონსტიტუციის დარღვევა მძიმე დანაშაულია პრეზიდენტის მიერ, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული თუ ჩაიდინა პრეზიდენტმა, მაშინაც თითქმის შეუძლებელი რატომაა მისი იმპიჩმენტი? ვთქვათ, დახოცა ხალხი –  ჯვარი სწერია ჩვენს და ყველა პრეზიდენტს, არ უნდა დაიჭირონ?

– თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მოხდეს და ნებისმიერი ტიპის ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინოს პრეზიდენტმა, ეს დაადასტუროს სასამართლომ, თუმცა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღო პარლამენტმა, ის თანამდებობას შეინარჩუნებს.

– პრეზიდენტი რომ აღარ იქნება, მერე მაინც თუა შესაძლებელი იმ დანაშაულთან მიბრუნება?

– თუ უფლებამოსილება შეუწყდება პრეზიდენტს, მის მიმართ, როგორც ჩვეულებრივი პირის მიმართ, ისე შეიძლება გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე. აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, ეს არ არის სტანდარტულად განხილული საქმე. როგორც წესი, ასეთ საქმეებს განიხილავს საერთო სასამართლოების სისტემა. საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს კი ზუსტად ერთნაირი ძალა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე არსებითად ერთი და იმავე შინაარსის საქმეს განიხილავს.

– რომელს აქვს უფრო მეტი ძალა?

– პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პირს მაინცდამაინც უნდა შეეფარდოს კონკრეტული სასჯელი. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს: მისი გადაწყვეტილება დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ნიშნავს, რომ პირს სასჯელი იმთავითვე შეეფარდება.

– რომელი სახელისუფლო რგოლია უფრო მეტად დაცული თუ ხელშეუხებელი: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი თუ პარლამენტის წევრები?

– პრეზიდენტი საკმაოდ დიდი პრივილეგიებით სარგებლობს. მას თითქმის აბსოლუტური იმუნიტეტი აქვს მინიჭებული სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისითაც. პრეზიდენტის გადაყენების ერთადერთი საფუძველი არის იმპიჩმენტი, პოლიტიკური მოტივით პრეზიდენტის გადაყენება შეუძლებელია. ამ მხრივ, პრეზიდენტი კონსტიტუციით საკმაოდ მკაცრადაა დაცული. მთავრობაც დაცულია კონსტიტუციით, ოღონდ, ჩემი სუბიექტური აზრით, ზედმეტადაა დაცული: ვგულისხმობ უნდობლობის გამოცხადების პროცედურის სირთულეს, რაც მეტად მყარ გარანტიებს აძლევს მთავრობას, რაც საპარლამენტო მოდელში ცოტა უცნაურია. როგორც ვთქვით, პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია, თუმცა პარლამენტსაც აქვს მინიჭებული თავისი გარანტიები, მაგრამ ეს არის საპარლამენტო მმართველობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი.

 

скачать dle 11.3