კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარლამენტის რამდენი წევრი და მათი ოჯახის წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რა ბიზნესების წილებს ფლობენ ისინი და რატომ არ ემთხვევა რეესტრისა და მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მონაცემები ერთმანეთს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გასულ კვირას საპარლამენტო პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ხალხის რჩეულებსა და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის კვლევის შედეგები გააცნო. შედეგები მრავალმხრივია, მათ შორის, ეხება პარლამენტის წევრთა სამეწარმეო საქმიანობებსა და მათ მიერ შევსებული საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების სიზუსტესაც. დაწვრილებით კვლევის შესახებ ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი გვესაუბრება.

 

– რა ტიპის დაკვირვებას ეფუძნება თქვენი კვლევა?

– გვაქვს ჩვენი ოფისი პარლამენტში, რომელიც საკმაოდ აქტიურია. ვესწრებით პარლამენტისა და კომიტეტების სხდომებს, პერიოდულად ვაკეთებთ ანალიზს სფეროების მიხედვით, თვალს ვადევნებთ პარლამენტის მუშაობას. ასევე, პარლამენტიდან გამოვითხოვეთ სტატისტიკური ინფორმაცია და შევუკვეთეთ კვლევა, რომელიც ეხებოდა საზოგადოების განწყობას ზოგადად პოლიტიკური პროცესებისადმი და მათ შორის, პარლამენტისადმი. გამოიკვეთა ბევრი საკითხი: რამდენი კანონი განიხილა პარლამენტმა, ვინ იყო ყველაზე აქტიური დეპუტატი სიტყვით გამოსვლებისას პლენარულ სხდომებზე, ვინ იყო ყველაზე აქტიური საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით. ასევე, განვიხილეთ პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან. ზოგადად, პარლამენტის წევრებს არ ეკრძალებათ წილების ფლობა, უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აქვს თუ არა რამე ბიზნესთან კავშირი პარლამენტის წევრსა თუ მისი ოჯახის წევრს. 150-დან გამოვლინდა 48 დეპუტატი, რომლებიც ან რომელთა ოჯახის წევრები ფლობენ ამა თუ იმ ბიზნესის წილებს.

– განვუმარტოთ მკითხველს, რომ კანონი მათ აძლევს ამის უფლებას.

– ეს ქმედება კანონიერია, თუმცა პარლამენტში აღმოჩნდა სამი ადამიანი, რომლებიც პარლამენტის წევრობის პერიოდში ფიქსირდებოდნენ დირექტორებად, რაც აკრძალულია პარლამენტის წევრისთვის, რადგან, კანონით, მათ არ შეუძლიათ კომპანიის უშუალო მართვაში მონაწილეობა. ესენი არიან: გიორგი თოფაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და  თამაზ ავდალიანი. ზვიად კვაჭანტირაძე საჯარო რეესტრის უკანასკნელი ჩანაწერით დღემდე სააქციო საზოგადოება „გოლდენ ფლის გრუფისა“ და შპს „უნიონ კრედიტის“ დირექტორია. გიორგი თოფაძე 2013 წლის 18 ივნისამდე იყოს შპს ყაზბეგი 2005-ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე –  შპს „ყაზბეგი-ნაყინის“ დირექტორი. ამ პერიოდში თოფაძე უკვე იყო პარლამენტის წევრი. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თამაზ ავდალიანის ჩანაწერებშიც, რომელიც 2013 წლის 10 იანვრამდე შპს „ასკო ლტდ-ის“ დირექტორი იყო, მაშინ როდესაც იგი პარლამენტის წევრი 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა.

– ეს ინფორმაცია დგინდება რეესტრის ჩანაწერებით და არა იმ დეკლარაციებით, რომლებსაც საჯარო მოხელეები და პარლამენტის წევრები ავსებენ სავალდებულო წესით?

– ეს უკვე სხვა საკითხია, დეკლარაციებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. რადგან ამ სამ ადამიანს უფიქსირდება კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა უნდა დაადგინოს, მართლაც ასრულებდნენ დირექტორის ფუნქციას თუ ეს უბრალოდ ტექნიკური პრობლემა იყო. ჩვენ ვესაუბრეთ სამივეს და ამბობენ, რომ არც ახსოვთ ამ კომპანიების არსებობა, თუმცა ფაქტია, რომ ოფიციალურად დირექტორებად ირიცხებიან. მეორე ნაწილია არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობის კვლევა. აღმოჩნდა 9 დეპუტატი , რომლებსაც დეკლარაციებში არ ჰქონდათ მითითებული ის წილები, რასაც ფლობენ. მაშინ, როდესაც კანონი მათ არ უკრძალავთ წილების ფლობას, მაგრამ თავიანთ დეკლარაციებში არ აქვთ შეტანილი ეს ინფორმაცია.

– კონკრეტულად პარლამენტის რომელ წევრებზეა საუბარი?

– პარლამენტის 43 წევრს ან მისი ოჯახის წევრს 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28, ანუ 67 პროცენტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 9 –  საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 6 არც ერთს არ ეკუთვნის. ერთმანეთს შევუდარეთ პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის ჩანაწერები, რის შედეგადაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის წევრის მიერ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო. კერძოდ, წალენჯიხის მაჟორიტარმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია –  შპს „მ.დ. ჯგუფი“ მიუთითა. პარლამენტის წევრის განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია.  საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს „მ.დ. ჯგუფის“ გარდა, ლევან ქარდავა შპს „მაგანა-2004-ს“ და შპს „გრუპპო ვიას“ მესაკუთრეა. მას ეკუთვნის შპს „საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების“ 20-პროცენტიანი წილიც. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ლევან ქარდავამ კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქტომბრამდე პარლამენტის წევრს ეკუთვნოდა შპს „ტელეარხი 25-ის“ 50-პროცენტიანი წილი. 2013 წლის მარტში კი მან გაასხვისა შპს „ოილ პროში“ მისი კუთვნილი 50-პროცენტიანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში –  შპს „გეომაგინვესტპრომის“ 25-პროცენტიანი წილი. წალკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რევაზ შავლოხაშვილი, რომელიც მანამდე პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, შპს „საბა 2005-ის“ 50-პროცენტიან წილს ფლობს, რის შესახებაც არც 2013 წელს და არც 2014 წელს შევსებულ დეკლარაციებში არ განუცხადებია. თამაზ ყაჭეიშვილს, დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია თავისი 25-პროცენტიანი წილი შპს „ხარისხში“. რეესტრში არსებული მონაცემებით კი, იგი შპს „საქართველო-გერმანიის ერთობლივ საწარმო ეკოში“ 5-პროცენტიან წილსაც ფლობს.  ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატ თამაზ შიოშვილსაც არ განუცხადებია თავის დეკლარაციებში შპს „სპენიშქლეის“ 35-პროცენტიანი წილისა და შპს „მემორექსის“ 30-პროცენტიანი წილების შესახებ. ასევე, უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიას არ ჩაუწერია თავის მიერ შევსებულ დეკლარაციაში, რომ მისი შვილი შპს „იუ-სი-ემ“-ის 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2013 წლის 2 აპრილამდე შპს „ბიოსფერო +“-ის 20-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მას არც ერთ დეკლარაციაში არ განუცხადებია.

– მათ კანონი არ უკრძალავს წილების ფლობას, რატომ არ უნდა შეჰქონდეთ თავიანთ დეკლარაციებში ეს ინფორმაცია?

– აქ არის ერთი პრობლემა: კანონში არ არის სანქცია იმის საწინააღმდეგო, თუ საჯარო მოხელე არასწორად, არასრულად, არაზუსტად  შეავსებს დეკლარაციას. ერთადერთი სანქცია ეხება იმას, თუ დროულად არ შეავსებ დეკლარაციას.

– არავინ ამოწმებს დეკლარაციის შინაარსობრივ სიზუსტეს.

– არავინ აკონტროლებს, რადგან, რომ გააკონტროლო კიდეც, არ არსებობს სანქცია, ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებ. კანონში არ არის მითითებული უწყება, ვისაც ეს დაევალებოდა. ვახტანგ ხმალაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში არსებობს სტრუქტურები, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარაციის სიზუსტეს ამოწმებს, არამედ იმ საწარმოებშიც, რომელთა წილი პარლამენტის წევრს მინდობილი აქვს მესამე პირისთვის, მიდის და აკვირდება, ხომ არ ესწრება პარლამენტის წევრი კომპანიაში შეხვედრებს, ხომ არ იღებს მონაწილეობას მართვაში. ჩვენს შემთხვევაში ასეთი დარღვევების გამოვლენისას მორალის მხრივ თუ გამტყუნდება საჯარო მოხელე ან პარლამენტის წევრი. 

– როდესაც საჯარო მოხელეების ქონების შესახებ ვწერ მასალებს, ვითვლი მათ მიერ აღებული კრედიტების რაოდენობასაც. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს იმდენი კრედიტი აქვს აღებული, მისი ჩინოვნიკური ხელფასი აშკარად ვერ ეყოფა მათ გასტუმრებას. არის შემთხვევები, როდესაც გასავალი აჭარბებს შემოსავალს. აი, ასეთი მარტივი საკითხების შემოწმებაც შეუძლებელია და სახელმწიფო მოხელეების სინდისზე უნდა ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული?

– თვითონ პარლამენტის წევრებმაც იციან, რომ რაღაც სტრუქტურა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც უფლებამოსილი იქნება, გადაამოწმოს მათ მიერ შევსებული დეკლარაციები.

– ჩემი აზრით, ამა თუ იმ ბიზნესში წილის ფლობა, რასაც არ კრძალავს კანონი, უკვე ნიშნავს, რომ ის კონკრეტული პარლამენტარი იმ კონკრეტული ბიზნესის ლობისტია.  მათ მიერ წილების დამალვა სწორედ ამას ხომ არ უკავშირდება?

– საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს და უნდა არსებობდეს რაღაც სტრუქტურა, რომელიც, როგორც მინიმუმ, შემთხვევითი შერჩევის წესით მაინც გადაამოწმებს დეკლარაციაში შეტანილი ფაქტების სიზუსტეს, რადგან ათასობით დეკლარაციის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ რაღაც ფილტრი უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არ ყოფილა საუბარი, აპირებენ თუ არა მსგავსი სტრუქტურის შექმნას.

– გამოკითხვამ რა აჩვენა? რა წარმოდგენა აქვს ჩვენს საზოგადოებას უმაღლეს კანონმდებლებზე?

– კითხვები ეხებოდა როგორც პარლამენტარების ცნობადობას, ისე ნდობას. კარგი იყო ის, რომ გამოკითხულთა 82 პროცენტი იცნობს დავით უსუფაშვილს, მაგრამ ცუდია, რომ გამოკითხულთა ნახევრმა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. მეორე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ ნდობის კუთხითაა ძალიან ცუდი მდგომარეობა: გამოკითხულთა 25 პროცენტი არც ერთ პარლმენტარს არ ენდობა და არის ასეთი რეიტინგი: ყველაზე დიდი ნდობის მაჩვენებელია 6 პროცენტი, ამდენი ენდობა დავით უსუფაშვილს, დანარჩენებს უფრო ნაკლები ნდობის მაჩვენებელი აქვს. დეპუტატთა აქტიურობის შეფასებაშიც იგივე მდგომარეობაა. როდესაც ვკითხეთ, ვინ არის ყველაზე აქტიური დეპუტატი, 6 პროცენტით გაიმარჯვა ეკა ბესელიამ. გამოვიდა, რომ, ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, დეპუტატები არ არიან საკმარისად აქტიურები. საინტერესო შედეგი იყო, რომ გამოკითხულთა ერთი პროცენტი ენდობა ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, თუმცა ის პარლამენტის წევრი არ არის. ასევე, გამოკითხულთა აზრით, დეპუტატები არ სვამენ მათთვის საინტერესო საკითხებს. ყველაზე მეტი პროცენტი აიღო დავით ბაქრაძემ –  3 პროცენტი.

– მე არ მახსოვს მის მიერ დასმული საკითხების სიმრავლე.

– დანარჩენებმა კიდევ უფრო ნაკლები პროცენტი მიიღეს, გამოკითხულთა უმრავლესობამ კი თქვა, რომ არც ერთი დეპუტატი არ სვამს მათთვის საინტერესო საკითხს. ასევე, შეკითვაზე, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი, 66-მა პროცენტმა დაასახელა თბილისი, 20-მა პროცენტმა –  ქუთაისი. ასევე, შევისწავლეთ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობაც. არავინ იცის, სად არის მაჟორიტართა უმრავლესობის ბიუროები. პარლამენტში არ არის ერთი ადამიანიც კი, ვისაც ექნებოდა საკონტაქტო ფურცელი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მისამართითა და ტელეფონის ნომრით. ვაპირებთ, ჩვენ გავაკეთოთ და მივაწოდოთ. ჯერჯერობით ეს ინფომრაცია არ არსებობს, რაც ძალინ ცუდია და, ალბათ, აქედან გამომდინარეობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩევლები არ იცნობენ. სხვათა შორის, გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლებს ძალიან არ მოსწონთ პოლიტიკური კონფრონტაცია. გარდა ამისა, კვლევა ჩავატარეთ დეპუტატ ქალებზეც.

– თუ წინა პარლამენტში 7 ქალი დეპუტატი იყო, ამ პარლამენტში ორ-ნახევარჯერ მეტია..

– ამჟამად 18 ქალია პარლამენტში და ეს არის პარლამენტის საერთო შემადგენლობის 12 პროცენტი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელ 21 პროცენტია, ანუ საკმაოდ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს და საერთო რეიტინგში 105-ე ადგილზე ვართ სირიასთან ერთად. ამდენად, ამ მხრივ, გენდერული ბალანსი საკმაოდ დარღვეულია. მეორე შედეგი იყო ის, რომ წამყვან თანამდებობაზე სამი ქალია მხოლოდ. ასევე, შევუდარეთ ერთმანეთს ინიციატივებისა და გამოსვლების კუთხით ქალი და მამაკაცი დეპუტატების აქტივობები: საშუალოდ კაცები სჯობდნენ ქალებს გამოსვლებში, ინიციატივებში კი, პირიქით, ქალები –  კაცებს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარლამენტში არ დასმულა ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც ეხება ქალების უფლებებს. დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით იყო ერთი ინიციატივა და, თუ საბავშვო ბაღების უფასო მომსახურებას ქალთა უფლებების რანგში განვიხილავთ, ეს გამოდის მეორე ინიციატივა. თუმცა პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო.

– რომელიც არასდროს არაფერს აკეთებდა, თუ არ ჩავთვლით ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელსაც მომხსენებელი ქალბატონი დეპუტატი ყურებამდე გაწითლებული კითხულობდა, მამაკაცი დეპუტატები კი იცინოდნენ.

– ფაქტია, რომ ეს საბჭო ეფექტიანად არ მუშაობს. ჩვენ გვინდა, ჩავერთოთ და ვნახოთ, რას აკეთებენ, ჯერჯერობთი გარეგნულად მათი საქმიანობა არ ჩანს.

–  რადგან ეს კვლევა პირველია, არ გვაქვს შედარების საშუალება წინა მოწვევის პარლამენტებთან.

– დიახ, რადგან არ გვაქვს წინა მონაცემები, არ არსებობს შედარების საშუალებაც. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ წინასთან შედარებით ეს პარლამენტი უფრო ცოცხალია, მეტი დისკუსიაა კანონპროექტების განხილვისას, უფრო მეტი გაჩერებული კანონპროექტია. საკანონმდებლო ინციატივები მეტწილად პარლამენტარების მხრიდანაა, მთავრობა მეორე ადგილზეა.

– ეს კარგია?

– კარგია პარლამენტის ფუნქციონირებისთვის, იმიტომ რომ უფრო მეტად ეთქმის სიტყვა კანონმდებლებს, თან, როდესაც პარლამენტია კანონპროექტის ინიციატორი, მეტი შანსია, ის კანონად იქცეს. მომავალ წელსაც თუ გავაკეთებთ იმავე კვლევას, უკვე შედარების საშუალებაც გვექნება.

 

скачать dle 11.3