კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „უგვანი კანონი“ დაადგენინა ერეკლე მეორეს დარეჯან დედოფალმა

რუსული ოფიციალური პროპაგანდა საქართველოს შეერთებას რუსეთთან დიდ ქველმოქმედებად და სიკეთედ წარმოაჩენს დღესაც. 

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის იმპერატორების მხრიდან იყო დიდი ვერაგობა. ამას აღიარებენ არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მეცნიერებიც. თუმცა, ობიექტური სურათის მისაღებად გადავხედოთ, რას აცხადებს რუსეთის საიმპერატორო ოჯახი მეოცე საუკუნეში. 

რუსეთის საიმპერატორო ოჯახის პოზიცია, რომელიც გასული საუკუნის შუა ხანებში გამოხატეს, ასეთია:

მეფე გიორგი მეთორმეტემ „სცადა თავისი ვაჟის, დავითისთვის უზრუნველეყო მემკვიდრეობა და ახალი ხელშეკრულების პროექტიც შემუშავდა, რომელსაც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი უნდა შეეცვალა. ამ პროექტით საქართველო უფრო მჭიდროდ უკავშირდებოდა რუსეთის იმპერიას, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ბაგრატიონთა ტახტის ხელშეუხებლობა გარანტირებული იყო. მაგრამ, მეფე გიორგი მიიცვალა 1800 წლის დეკემბერში, სანამ ეს პროექტი რეალურად შეთანხმების სახეს მიიღებდა. ბატონიშვილმა დავითმა ვერ გაბედა, თავისი ტახტზე ასვლა გამოეცხადებინა და 1801 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი.

 ასე რომ, რუსეთმა დაარღვია პირობა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატით ეკისრებოდა. ჩვენ აქ არ შევჩერდებით იმ მოტივების კრიტიკაზე, რომლებმაც პოლიტიკის შეცვლა გამოიწვია. ამისთვის, მაშინ უცილობლად იქნებოდა გარკვეული მიზეზები. მაგრამ, თუ წმინდა ადამიანური მოსაზრებებით განვსჯით, უნდა ითქვას, რომ  პოლიტიკის ამ ცვლილებამ, რომელიც მუხანათობა უფროა, არ შეიძლება სინანულის გრძნობა არ გამოიწვიოს რუს ადამიანებში...

 ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უდავოა: როგორიც არ უნდა ყოფილიყო კონიუნქტურურული მოსაზრებები, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად მიიჩნია საქართველოს გამგებლობა თავისი უშუალო კონტროლის ქვეშ მოექცია, ეს ვერ გაათავისუფლებს რუსეთს იმ დაპირებებისგან, რაც მან მისცა ბაგრატიონების სახლს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს“ (კრებულიდან „რუსეთის საიმპერატორი ტახტის მემკვიდრეობა“, თავი: „ბაგრატიონთა სახლის შესახებ“). ეს მოხდა გასული საუკუნის შუა ხანებში და ამის ინიციატორი გახლდათ რუსეთის ტახტის მაშინდელი მემკვიდრე, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვი.

ქართლ-კახეთის შემდეგ, რუსებმა ასევე ვერაგულად, ზეწოლით, მოტყუებით, ძალის გამოყენებით, მეფის დაპატიმრებით და ასე შემდეგ მიუერთეს  იმერეთის სამეფო იმპერიას. მერე კი სხვა ქართული სამთავროების დაუფლება დროისა და ტექნიკის საქმე გახდა. არ შეიძლება, ვინმე რუსეთის ამგვარ პოლიტიკას ადამიანური თვალსაზრისით ამართლებდეს. 

ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ – საქართველოს თუ ეყოლებოდა ორგანიზებული და დარაზმული ზედა ფენა, რუსეთი ვერ შეძლებდა, ასე ადვილად გაეუქმებინა ქართული სახელმწიფოებრიობა. 

არადა ქართლ-კახეთის სამეფოში მაშინ სიტუაცია ძალიან არეული იყო. ჯერ კიდევ ერეკლე მეორე ვერ ახერხებდა მრავალრიცხოვანი შვილების ამბიციების მოთოკვას. განსაკუთრებით ერეოდა საქმეში დედოფალი დარეჯანი, რომელმაც, ისტორიკოსის სიტყვა რომ გავიმეოროთ, „უგვანი კანონი“ დაადგენინა ერეკლე მეორეს. ამ კანონის მიხედვით, მეფის გარდაცვალების შემდგომ, ერეკლეს ყველა ვაჟს უნდა ემეფა – უფროსიდან უმცროსის ჩათვლით, რიგრიგობით. თუმცა, შემდგომ ეს კანონი თავადვე უარყო ერეკლემ, მაგრამ სამეფო ოჯახი მაინც არეული დარჩა.

სამეფოს არევას კიდევ მრავალი მიზეზი ჰქონდა, რის გადაწყვეტაც უნდა ეცადათ მაშინდელი საქართველოს მმართველებს და ვერ შეძლეს, რადგან, უნარი არ ჰქონდათ. მოშლილი იყო ყველაფერი. განსაკუთრებით ერეკლე მეორის გარდაცვალების მერე. სახელმწიფოში, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა სტრუქტურების დახვეწა და რეორგანიზაცია. თვითონ მეფე გიორგი მეთორმეტე ცხენზე ვეღარ ჯდებოდა სიმსუქნის გამო და მუდამ შინ იჯდა.  

მეფე გიორგის არც ძმები და არც შვილები, მათ შორის ტახტის მემკვიდრე დავითი, არ ემორჩილებოდნენ. 

მამა-შვილს, მეფესა და ტახტის მემკვიდრეს შორის არ იყო ერთსულოვნება. დავით უფლისწული რუსეთში გაიზარდა და გატაცებული იყო ვოლტერის იდეებით. არად დაგიდევდა მარხვას და ნაკლებად მორწმუნე ყოფილა.

 მეფეს ეს სწყინდა. გაუგზავნა მოციქული და სთხოვა, მარხვას ნუ ტეხავ და ეკლესიაში იარეო. წარმოგიდგენიათ, რომ მეფე და ტახტის მემკვიდრე – მამა-შვილი ერთმანეთს სხვათა პირით, მოციქულის მეშვეობით ელაპარაკებოდნენ, ერთმანეთს თითქმის არ ნახულობდნენ. დავითმა შემოუთვალა მეფე-მამას: „რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრეს და რაც შენ გწამს, ის მეო“. 

პლატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ გიორგი მეფის შვილთაგან მხოლოდ დავითი და იოანე ვარგოდნენ სამეფოდო.

მეფე გიორგიც დიდად არ ზრუნავდა სახელმწიფოს სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე. გამოსავალი იპოვა რუსეთთან ახალი ტრაქტატის დადებაში, რომლის მიხედვითაც, ის და მისი შვილები გამოცხადდებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეებად მხოლოდ სიტყვიერად. სინამდვილეში მეფე იქნებოდა რუსეთის იმპერატორი, რომელიც თავისი შეხედულებების მიხედვით მართავდა ქვეყანას. მას კი რუსეთის რომელიმე გუბერნიაში მისცემდნენ მამულებს.

გავიდა დრო, გიორგი მეთორმეტე გარდაიცვალა. მის ძმებს აეშალათ მეფობის საღერღელი და რამდენჯერმე კინაღამ შეტევა წამოიწყეს ტფილისზე თავისი მხედრობით. დიდი არეულობა და შფოთი ყოფილა ქვეყანაში. ზოგს მეფედ დავითი უნდოდა, ზოგს დავითის ბიძა იულონი, ზოგს დარეჯან დედოფლის ბატონობა... 

კარგა ხანი ვერ დაკრძალეს მეფე გიორგი, ვერ გაბედეს ანდერძის თანახმად წაესვენებინათ გარეჯში. ალექსანდრე ბატონიშვილისა და სხვა ბატონიშვილების შიშით, ამისთვის არავის ეცალა. მეფის ცხედარს გახრწნისგან ყინულებით იცავდნენ (გარდაიცვალა 29 დეკემბერს, დაკრძალეს 20 თებერვალს). 

ამ დროს რუსეთის იმპერატორის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ლაზარევი აფრთხილებდა კათალიკოსს, მღვდელმთავრებმა წირვისას დავითი გამგებლად მოიხსენიონ და არა მეფედო. ასეთივე ბრძანება მიუვიდათ გიორგი მეთორმეტის ძმებს 14 იანვარს, პავლე პირველის მითითებით, მაგრამ მათ თვითონ სურდათ მეფობა და განაცხადეს იმპერატორმა ყველაფერი არ იცისო. დაიძრნენ მცხეთისკენ და სვეტიცხოველში იულონის გამეფება უნდოდათ. 

დავითის რჩევით, ლაზარევმა 250 რუსი ჯარისკაცით მათ ეს საქმე ჩაუშალა. გიორგი მეფის ძმები წავიდნენ და ომარ ხანი და ლეკები მოიწვიეს დამხმარედ. დავით უფლისწულმა და რუსებმა ამაშიც შეუშალეს ხელი. იულონი და ფარნაოზი იმერეთს შეეხიზნენ. ამით ისარგებლა დავით უფლისწულმა და როგორც იქნა დაკრძალა მეფე.

იულონის სასარგებლოდ მოქმედებდა დარეჯან დედოფალიც. თითქმის ყველა უფლისწულმა, ასეთები კი ბლომად იყვნენ, თავ-თავისი დიდებულებისგან პატარ-პატარა დაჯგუფება შექმნეს და ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ. 

რუსეთის იმპერატორის წარმომადგენლები – კავკასიის ხაზის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი და გენერალ-მაიორი ლაზარევი ცდილობდნენ, რუსეთის გუბერნიად გამოცხადებულიყო ქართლ-კახეთი. იმპერიაში აგზავნიდნენ პატაკებს. მათ არაერთი ქართველი დიდებული მიემხრო.

 ასეთ დროს იოანე სარდალი (ორბელიანი) მივიდა ტახტის მემკვიდრე დავითთან, მიუხედავად იმისა, რომ ის დავითს არ უყვარდა. სარდალმა უთხრა, ნურავის დაანაბებ მეფობას, თუ საჭიროა, რუსები გავაძევოთ საქართველოდან და დავიცვათ ჩვენი სამეფოო. დავითი ადგა და ყველაფერი გენერალ ლაზარევს უამბო...

რუსებმა დაიბარეს გაოგნებული სარდალი. „მე ერთგულება მინდოდა დავითისი, როგორც ქართველს, ხოლო თუ მას არ უნდა მეფობა, ერთგულების ფიცს მივცემ რუსეთის იმპერატორს“ – განაცხადა გულგატეხილმა სარდალმა. 

ბევრი ეხვეწებოდა დავით უფლისწულს წასულიყო მცხეთაში და „დაგვირგვინებულიყო მეფედ“, მას მხარს უჭერდნენ სოლომონ ლეონიძე, კათალიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე და სხვა ბრძენკაცნი. ის კი მაინც რუსეთიდან ელოდა მეფედ დამტკიცებას და ვერ ბედავდა გამეფებას. რუსეთის იმპარატორი პავლე დავითის წერილზე პასუხს აყოვნებდა. 

დავითის ბრძანებით დააპატიმრეს სარდალი ოთარ ამილახვარი და სოლომონ ლეონიძე. ლეონიძე საკანშიც არ ცხრებოდა და გლოვობდა: „დავითმა დაღუპა მეფის ოჯახი, გამოსჭრა ყელი მეფობას და დაამცირა ერი და თავის თავი“. დავით უფლისწულს ურჩიეს და ვითომ ციხიდან გაიპარა ლეონიძე. ასე „გააპარეს“ დამსახურებული ლეონიძე. გულგატეხილი სოლომონ ლეონიძე გადავიდა იმერეთში.

ამ დროს მოვიდა პავლე იმპერატორის წერილი, სადაც ის იტყობინებოდა, რომ გიორგი მეფის სურვილის მიხედვით პავლე ჩაიბარებდა ქართლ-კახეთის მეფობას. დავითმა ხმა ვერ ამოიღო. ასე გაუქმდა სამეფო ქართლ-კახეთში.

ასე გაუწყრა დავითს ის, რაც სწამდა მამამისს.

მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერატორს არავითარი უფლება არ ჰქონდა, გაეუქმებინა ქართლ-კახეთის სამეფო და გამოეცხადებინა რუსული მმართველობის დამყარება აღმოსავლეთ საქართველოში, რასაც მერე დასავლეთ საქართველოს ანექსიაც მოჰყვა.

ამის გამო შეაფასა პავლე პირველის შთამომავალმა და მისი ტახტის მემკვიდრემ ვლადიმერ კირილეს ძემ თავისი წინაპრების ქმედება „მუხანათობის ზღვართან მდგარ საქციელად“.

 

скачать dle 11.3