კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

რაღაც უფრო მეტი

გადაწყდა... პასუხი ნაპოვნია და ისეთი რთულიც არ არის, როგორც მამაკაცებს ჰგონიათ... რამდენიც უნდა ვამტკიცოთ და ვიძახოთ, ასე არ არისო, ქალს მამაკაცი მაინც იმისთვის სჭირდება, რომ უყვარდეს ის... დიახ, დანარჩენს თავადაც მოუვლის. არ არსებობს ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ქალი ვერ შეძლებს, მით უფრო მაშინ, როცა მამაკაცის სიყვარული გაუმაგრებდა ზურგს...

***

ქეთიმ შვილი კალთიდან ჩამოსვა და ქმარს მიეგება:

– ადრე მოხვედი. რამე მოხდა? რატომ მირეკავდი?

– ძიძა უკვე გაუშვი? – კითხვითვე მიუგო ვახომ, – შენი სადღაც წაყვანა მინდოდა.

– სად? – თვალები გაუბრწყინდა ქეთის, – სიურპრიზია?

– არა, რა სიურპრიზი... კარგი იქნებოდა, თუ წვეულებისთვის რამე ახალს იყიდდი... უფრო ადრეც მინდოდა მოსვლა. ვაპირებდი, სამსახურში გამომევლო შენთვის, მაგრამ, გიგი და თიკო ერთად სადღაც წავიდნენ და ოფისი ვერ დავტოვე. ამ ლაშას, რაც ბავშვი შეეძინა, სულ ვეღარ ვხედავ, ნამეტანი თავგადაკლული მამაა. ძიძაც არ აიყვანეს და, მოკლედ, უზის ცოლს გვერდით.

– მერე, ეს ცუდია? – ღიმილით ჰკითხა ქეთიმ.

– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ვახო.

– იმას, რომ ლაშა ასეთი კარგი ქმარი გამოდგა.

– გააჩნია, ვისთვის. მისი ცოლისთვის კარგია, ჩემთვის – არც ისე, – ამოიოხრა კაცმა, – ფაქტობრივად, თანამშრომელი დავკარგე, უკვე მეორე.

– პირველი ვინ არის?

– ვინ და, ის სულელი ზუკა. მოსაკლავი მყავს. რა მოვუხერხო, აღარ ვიცი. უკვე აღარაფერი ჭრის, ჭკუიდან შემშალა და გამაგიჟა. გიგის ეჩხუბება, იმ ქალს თავს არ ანებებს...

– რომელ ქალს, ლიზას? – ფერი ეცვალა ქეთის.

– ჰო, აბა, ვის? რა გაუკეთა ამისთანა, ვერ ვხვდები.

– „გაუკეთა“ რა ნათქვამია. იქნებ უყვარს? – მხრები აიჩეჩა ქალმა და უხერხულად შეიშმუშნა.

– უყვარს გათხოვილი, ფეხმძიმე ქალი? ეს სიგიჟეა, ქეთი, არ გესმის? თანაც, არ უნდა იმ ქალს, არ უნდა და, ხომ უნდა გაიგოს ეს?

– ისევ ხვდება?

– რა ვიცი. არაო და, დავუჯერო? შენ უფრო გეცოდინება ეგ ამბავი, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა ვახომ. 

ქეთის ეწყინა:

– მაგით რისი თქმა გინდა?

– იმის, რომ ლიზა შენი მეგობარია. ბოლოს როდის ნახე?

– კარგა ხანია, არ მინახავს და არ მომწონს, ამას რომ მეკითხები, ძალიან არ მომწონს.

– რატომ? ასეთი რა გითხარი?

– ვერ ხვდები? შენ არ მოგწონს ლიზა და უკვე რამდენჯერ მითხარი ამის შესახებ; არა მხოლოდ მითხარი, გამაფრთხილე კიდეც, რომ არ მოგეწონებოდა, თუკი მასთან შეხვედრებს გავაგრძელებდი. ახლა დაკითხვასავით გამოგივიდა.

– შეთქმულების თეორიებს ნუ აწყობ, რა, ძალიან გთხოვ. უბრალოდ ვიკითხე, ზუკას პონტში, მეტი არაფერი. მართლა მაწუხებს ეს ამბავი. მოდი, დროს ნუღარ დავკარგავთ, წავიდეთ, ვიყიდოთ რამე შენთვის. ნანასაც დიდხანს ხომ ვერ გავაჩერებთ. ჰო, მართლა, სად არის? დაუძახე და უთხარი, რომ მივდივართ.

– ქვემოთ ჩავიდა რძის საყიდლად, მე დამავიწყდა მოტანა.

– კარგი. მოკლედ, მივდივართ?

– რა უნდა მიყიდო? – გუნება გამოუკეთდა ქეთის.

– რა ვიცი, რაც გჭირდება – ფეხსაცმელი, კაბა, კარგი კოსტიუმი...

– ვაუ, ანუ, ფული გაქვს?

– იმდენი, დღეს რომ გვეყოს, მაქვს – დღეს ერთ კლიენტთან მოვაწერე ხელი ხელშეკრულებას და ავანსი გადმორიცხა კიდეც.

– და, გინდა, საჩუქარი გამიკეთო?

– მინდა, იმ წვეულებაზე კარგად გამოიყურებოდე.

– რატომ?

– უცნაური შეკითხვაა. ჩემი ცოლი ხარ, თანაც, იქ ბევრი ხალხი იქნება. ნატოს წამოყვანაც ხომ გინდოდა...

– ნატოს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

– ოჰო, გადაიფიქრა წამოსვლა?

– მე გადავიფიქრე, – პირქუშად ჩაილაპარაკა ქეთიმ.

– რამე მოხდა და მე არ ვიცი?

– არაფერიც არ მომხდარა. უბრალოდ, შენს იმდღევანდელ ნათქვამზე ვიფიქრე და, მივხვდი, რომ მართალი იყავი.

ვახოს აშკარად ესიამოვნა ცოლის სიტყვები, მაგრამ არ შეიმჩნია:

– წავიდეთ, ნუღარ ვაგვიანებთ.

***

თიკომ ღვედი შეიკრა და ამოიოხრა.

– რა გჭირს? – ჰკითხა გიგიმ ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს, – უკმაყოფილო ხარ ნაყიდით?

– არა, ეგ არაფერ შუაშია, რაღაცაზე დავფიქრდი.

– მაინც, რაზე?

– იმაზე, რომ ზოგიერთ ქალს ძალიან უმართლებს.

– მაინც, ვის უმართლებს ძალიან? – გამოაჯავრა გიგიმ, მაგრამ, წარბი არ გაუხსნია, აშკარად თავადაც სხვაგან იყო ფიქრებით.

– თუნდაც იმას, ლევანის ცოლს. მისი ქმარი ფულიანიც არის, საქმიანიც, სიმპათიურიც, დახვეწილიც და ინტელიგენტიც... ერთი სიტყვით,  ყველა სიკეთით შემკული და, რაც მთავარია, გიჟდება თავის ცოლზე, თუმცა, ის ამას არ იმსახურებს.

– შენ რა იცი, რას იმსახურებს ლიზა და რას არა? – მოულოდნელად გაბრაზდა გიგი, – რატომ ხართ ქალები შურიანები?

თიკო გაშრა და შეურაცხყოფილმა წამწამები დაახამხამა.

– გაგიჟდი? მე ვარ შურიანი? როგორ არ გრცხვენია...

– ჰო, კარგი, სისულელე წამომცდა და ნუ ბრაზობ. ცოტათი გავღიზიანდი და ზედმეტი მომივიდა.

– ვხვდები, ნინის გამო ხარ ასე...

– ჰო, არ უარვყოფ. თვითონაც არ ვიცი, რა მჭირს... ვიჩხუბეთ, დავშორდით და, დარწმუნებული ვიყავი, მასზე აღარასოდეს ვიფიქრებდი... თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ...

– ესე იგი, გიყვარს! – დაასკვნა თიკომ, – ის, რაც შენ გჭირს, რაღაც სიყვარულზე უფრო მეტია.

– სიყვარულზე უფრო მეტი რაღა უნდა იყოს? – გულწრფელად გაუკვირდა გიგის, – რა უცნაური ლოგიკა გაქვთ ქალებს. რადგან ისევ მახსოვს და ვერ დავივიწყე, ამიტომ რაღაც მჭირს?

– გიყვარს, რა...

– მაგარი შარია ეს სიყვარული, მშვენივრად ვიცხოვრებდით მის გარეშეც.

– თქვენ – კი. ნამდვილად იცხოვრებდით, მამაკაცებზე ვლაპარაკობ.

– ქალები განსაკუთრებულები ხართ, არა?! – დაცინვით ჩაილაპარაკა გიგიმ, – ნინის რომ ვყვარებოდი, კიდევ მაპატიებდა და შემრიგდებოდა.

– მაინც, რაზე იჩხუბეთ?

– ეჭვიანობაზე. ძალიან ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე.

– უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ?

 – ნუ, მთლად უსაფუძვლოდაც არა, მაგრამ, სიტუაციის დამძიმება-გამუქება უყვარდა, როგორც ყველა ქალს. სოციალურ ქსელში ჩემთვის ვმაიმუნობდი და ნახა – სულ ეს იყო. გადაირია და ულტიმატუმი წამომიყენა – თუ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება გინდა, ცოლად შემირთე და სხვა ქალებისკენ აღარ გაიხედოო. მე კი ვერ ვიტან, როცა რაღაცას მაძალებენ.

– და... ახლა უკეთ ხარ? – ირონიულად ჰკითხა გოგომ.

– არ გინდა ეგ ცინიზმი და ნიშნის მოგება. კარგი, ცუდად ვარ, მერე?!

– მერე, უნდა მიხვიდე ნინისთან და დაელაპარაკო.

– კი, როგორ არა, აუცილებლად მომისმენს ამ ყველაფრის მერე.

– შენ სცადე, რა...

– ჩხუბით დამთავრდება ჩვენი შეხვედრა, ამიტომ არ ღირს. ვერაფრით დავარწმუნებ, რომ ჩვენ შორის რამე არ ხდება.

– მე დაველაპარაკები-მეთქი, ხომ გითხარი?

– არ გინდა, დამიჯერე... დავივიწყებ, არ არის პრობლემა. ცუდი ისაა, რომ ახლა არავინ მყავს, არადა, პატარა სასიყვარულო ინტრიგა დამხატავდა.

– მერე, ხელს რა გიშლის? შენ ხომ ქალების შებმის დიდოსტატი ხარ?

– ეტყობა, აღარ ვარ. თანაც რაღაცნაირად, ვერ ჩამოვყალიბდი, რა მინდა, მგონი, დავბერდი.

– ჰა, ჰა, ჰა! შენს ასაკში სიბერე ადრე არ არის? ყურები ნუ ჩამოყარე. სოციალური ქსელი ხომ ისევ გაქვს, მიდი... მიაწექი...

– ვახ, რატომ არ შეგიძლიათ ქალებს, მარტივად შეხედოთ ცხოვრებას?

– მარტივად როგორ?

– როგორ და, ჩემი აზრით, ქალებსაც ისევე აქვთ მამაკაცის ბიოლოგიური მოთხოვნილება, როგორც ჩვენ – ქალების! ასეა?! ამ მოთხოვნილებას რეალიზაცია ხომ უნდა?!

– მერე?

– მერე ის, რომ ინსტინქტია, ბოლოს და ბოლოს, თქვენ კი ცდილობთ, ბუნების წინააღმდეგ წახვიდეთ.

– ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდა.

– მოდი, მე და შენ სექსით დავკავდეთ, უბრალოდ, სიამოვნება მივიღოთ ორივემ, – პირდაპირ თქვა გიგიმ და გოგოს თვალებში ჩახედა – აბა, რა ეფექტს მოახდენს ჩემი სიტყვებიო. თიკოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი უცერემონიო შეთავაზება და პირიც კი დააღო გაოცებისგან.

– ოღონდ, წივილ-კივილი არ ამიტეხო, ძალიან გთხოვ, – დაასწრო გიგიმ, – ჯერ დაფიქრდი, რას გთავაზობ.

– რა დაფიქრება მაგას უნდა! ასეთი რა შემამჩნიე?

– გოგო, რა ასეთი, რა ისეთი... ან, შემჩნევა რა შუაშია? ქალი ხომ ხარ? გეუბნები, სექსი გვექნება, ორივე სიამოვნებას მივიღებთ და ისევ მეგობრებად დავრჩებით-მეთქი...

– აფრენ, ხო? – აღმოხდა თიკოს.

– რატომ? გეუბნები, კარგად იქნები.

– შენი გადმოსახედიდან – კი. აბა, მე მკითხე?

– არ მითხრა, რომ ქალიშვილი ხარ და ჯერ კაცი არ გყოლია, – გაეღიმა გიგის.

– იდიოტი ხარ, რა უნდა გელაპარაკო! – აწიკვინდა თიკო, – როგორ შეგიძლია, ასე, პირდაპირ მომახალო შენი ქვენა სურვილები?

– აუ, ქვენა სურვილები არა, კვახი! ეგრევე შეუცვალე შინაარსი შენებური ინტერპრეტაციით. კარგი, დაივიწყე, რაც გითხარი.

– ვიცოდი, ვიცოდი, რაც მოყვებოდა შენს ფსევდო გულისხმიერებას. პრინციპში, რას გერჩი, მე ვარ სულელი – შენი ნდობა როგორ შეიძლებოდა?

– გეყოფა ვიშვიში, დაივიწყე-მეთქი. უბრალოდ, შემოგთავაზე, თუ გენდომებოდა; ხომ არ მოგვარდი და ხომ არ ვძალადობ შენზე?! – გაღიზიანდა გიგი.

– ფაქტობრივად, იძალადე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ჩავთვალე. მრცხვენია, დედას გეფიცები! ან, ის როგორ მკითხე, ქალიშვილი ვარ თუ არა. დებილი ხარ?

– ვაიმე, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. შეგეძლო, უბრალოდ, გეთქვა, რომ არ გინდა, პანიკა რაღა საჭირო იყო? მაგრამ, რაშია, იცი, პრობლემა? შენც გინდა ის, რაც მე და იმიტომაც ცხარობ, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები.

– გიგი, გაჩუმდი, თორემ, რაღაცას ჩაგარტყამ, – სერიოზულად დაემუქრა თიკო, მაგრამ ბიჭი ამან ვერ შეაჩერა, პირიქით, უფრო გააქტიურდა და ტონიც გამომწვევი გაუხდა.

– კაცი ხომ გინდა და გჭირდება? მითხარი, ხომ გინდა? თიკო, რატომ უნდა უთხრა საკუთარ თავს უარი იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლია? ეს ხომ შენი ცხოვრებაა, შენი და სხვა არავისი? ქალი ვერ ძლებს კაცის გარეშე – ეს ფაქტია... იცი, თავს როგორ კარგად იგრძნობ?!

– გაჩუმდი, ახლავე გაჩუმდი! – იყვირა თიკომ, ყურებზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო, – რა დაგიშავე, ასე რატომ მომდექი? ჩემი ბრალია, ნინიმ ერთად რომ გვნახა?!

გოგოს ცრემლებმა ბიჭზე დამთრგუნველად იმოქმედა, სახეზე წუხილი გამოეხატა და ხმაც შეარბილა:

– აუ, თიკო, მაპატიე, რა... ზოგჯერ მაგრად ვაფრენ ხოლმე. მართლა არ მინდოდა შენი წყენინება, – გიგიმ სცადა, თმაზე მოფერებოდა. მაგრამ თიკომ ხელი აუქნია.

– მომეშვი! გამიჩერე, უნდა ჩავიდე!

– სახლში მიგიყვან.

– არ მინდა. დანახვაც არ მინდა შენი! იდიოტი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ, ნაძირალაც ყოფილხარ. ეს უკვე მეტისმეტია, ამას აღარ გაპატიებ... არასოდეს!

– თიკო, გთხოვ, გემუდარები... როგორც გინდა, ისე დამსაჯე, ოღონდ მაპატიე!

– არა. ვერ გიტან! – თიკო კარის სახელურს დაეჯაჯგურა, – გააჩერე, თორემ, გადავხტები!

– კარგი რა, აბა, რას აკეთებ? დაიმტვრევი. აუ, მართლა, რა იდიოტი ვარ.

– ისედაც საშინლად ვიყავი და ბოლომდე გამანადგურე... – ტირილს უმატა გოგომ.

– თიკო, გთხოვ! არ შემიძლია, ქალი რომ ტირის... სინამდვილეში, კომპლიმენტი გითხარი. აბა, დაფიქრდი...

– დიდი მადლობა, მაგრამ მე შენს იდიოტურ კომპლიმენტებს ვერ ვიგებ. ყველა კაცი ერთნაირი რატომ არის? თუმცა, არა, შენ ყველაზე უარესი ხარ მათ შორის, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია... იმ ლევანზე უარესიც კი. 

– მოიცა, რომელ ლევანზე ლაპარაკობ, ჩვენს კლიენტზე ხომ არა, ლიზას ქმარზე? იმანაც შემოგთავაზა სექსი?

– უარესი... იმან უარესი შემომთავაზა... ლამის სიყვარული ამიხსნა. თავი შემაცოდა, ცოლს ვეყრებიო, მითხრა, არადა, ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას თავის კახპასთან.

– აუ, ეს კი აღარ ვიცოდი... შეხედე ლევანს?!

თიკომ ახლაღა გააცნობიერა, რომ რაღაც ისეთი წამოსცდა, რაც მისთვის მომგებიანი არ იყო და მაშინვე ინანა.

– შენ ახლა მთელ ქვეყანას მოსდებ ამ ამბავს, ყველას ეტყვი.

– არა, რას ამბობ, რა სალაპარაკო ეს არის! გპირდები, სიტყვას არ დავძრავ.

– როგორ არა, დაგიჯერე! საზიზღარო... რა სულელი ვარ, საერთოდ რატომ დაგთანხმდი, საყიდლებზე წამოგყოლოდი! სამაგიეროს მიხდი იმისთვის, რაშიც ბრალი არ მიმიძღვის...

– ნუ სულელობ!

– დიახ, ასეა. ნინიმ ჩემთან ერთად რომ გნახა, ამას არ მპატიობ.

– არ არის ასე, გეფიცები. აი, ცრემლები მოიწმინდე და დამშვიდდი. შევრიგდეთ, რა... ახლა სახლში მიგიყვან და ყველაფერი კარგად იქნება.

– არა! – გადაჭრით თქვა გოგომ.

– რა არა? – ვერ მიხვდა გიგი, – სახლში მისვლა არ გინდა?

– დალევა მინდა... ჰო, რას მიყურებ, სადმე ისეთ ადგილას წამიყვანე, სადაც გამოვთვრები და აღარ ვიფიქრებ იმაზე, როგორი არამზადები არიან კაცები... 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3