კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაჰყვება თან შარი ლევან სუხიტაშვილს და რას დებდნენ საკუთარ ტოტალიზატორში ფსონებად ის და გიორგი სუხიტაშვილი

ლევან სუხიტაშვილი მკითხველმა ჯერ ჯგუფ „სფინქსიდან“ გაიცნო, შემდეგ კი რეალითი შოუდან „ამტანები“, სადაც მან მომავალი მეუღლე, მაკა ვასაძე გაიცნო და დღეს მათ ორი უსაყვარლესი ბიჭი ჰყავთ. ლევანი, რომელსაც სამსახიობო კარიერაში დიდხნიანი პაუზა ჰქონდა, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.“ 

 

– ლევან, გამიხარდა სერიალში შენი გამოჩენა. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრჯერ გიხილავთ, როგორც მსახიობს და არა მხოლოდ ამ სერიალში. 

– შენ იმიტომ გაგიხარდა, რომ გიყვარვარ. ვიღაცეებს კი არ გაუხარდათ. ჯერ არ შემოსულა აფთიაქებში ბოღმის წამალი, დეფიციტში იყო, მაგრამ, მალე შემოვა. ყველას გარშემო არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ, მე არ ვაქცევ ყურადღებას, პირიქით, იმის ძალებს მიორმაგებენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად დავაჩქარო მათი მდგომარეობა. ზოგადად, არ მიყვარს ისეთებთან ურთიერთობა, რომლებიც სხვა ადამიანებს თამაშობენ. იმასთან, რომელსაც თამაშობს, ვერ მექნება ურთიერთობა, რადგან, ვიცი, რომ თამაშობს და არც ისეთთან, როგორიც სინამდვილეშია. ადამიანების გაშიფვრის დიდი ნიჭი მაქვს – რენტგენი მიდგას თვალებში. საკმარისია, რამდენიმე მოქმედება დავიჭირო და უკვე ვიცი, ვინც არის, ჯერ არ შემშლია ამ მხრივ არაფერი. თავიდანვე ვიცი, რომ ეს ადამიანი რაღაცას „მიპოდლებს“, თუმცა, გარკვეულ ეტაპამდე მაინც შევყოლივარ და ზუსტად ისე მოქცეულა, როგორც თავიდანვე ვვარაუდობდი. მე რომ ყველას ვენდობი, მგონია, რომ, ურთიერთობაში, ან რაღაც პერიოდის განმავლობაში, სხვებიც გამოსწორდებიან, მაგრამ, არა, ვინც თავიდან იყო, საბოლოოდ მაინც იგივე დარჩენილა. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს ჩემს მეგობრებთან ყოფნა. სამი-ოთხი დღე რომ გავა და ვერ ვნახავ, მენატრება მათთან ურთიერთობა, შეკრება. მიყვარს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც უხამს იუმორში, ზოგჯერ გაფრენებში მომყვებიან; ჩემთან საუბარში ბოლომდე რომ უყვართ შემოტოპვა, გამოყოლა, ანუ, ბარიერები რომ არ აქვთ. 

– შენი იუმორისა და გაფრენების გამო შეგქმნია ადამიანებთან პრობლემები? 

– სერიოზული პრობლემებიც მქონია. ცოტა ხნის წინ მეგობრები და მათი მეგობრები შევიკრიბეთ. რომ ვთვრები, მერე უხამსობას ვუმატებ. ერთი შაშხანა გავიკეთე შარვალზე წინიდან და ასე ვიდექი. ვინც მიცნობს, ყველამ გაიგო,  მაგრამ, ერთი უცხო ტიპი იყო და მითხრა: ცოლთან ერთად ვარ, ძმაოო, – მოკლედ, გაწევ-გამოწევები იყო. საერთოდ, ვცდილობ, კონფლიქტებს თავი ავარიდო, მაგრამ, არის რაღაცეები, რასაც თავს ვერ ავარიდებ.

– თუმცა, ბოლო დროს არაერთ შარში გაეხვიე. 

– ბავშვობიდან სულ თან დამყვება შარი. თვე არ გავა, რომ რაღაც სიტუაციას შარი არ მოჰყვეს. ადრე ამას მეც მივყვებოდი, მაგრამ, ახლა ვაანალიზებ და სიფრთხილეს ვიჩენ – ოჯახი მაქვს, შვილები მყავს. 

– როდესაც შენ და მაკამ ოჯახი შექმენით, შეყვარებულები იყავით, იმ დროს თქვენს ურთიერთობას ბევრი არ აღიქვამდა სერიოზულად. არადა, იმის მერე ბევრი წელი გავიდა და თან, ორი უსაყვარლესი ბიჭი გყავთ. 

– დღესაც ბევრს უკვირს: თქვენ ისევ ერთად ხართ? რა კარგია! ეს ყველაფერი, ალბათ, ჩემიდან მომდინარეობს – ჰგონიათ, რომ არასერიოზული ადამიანი ვარ, არასერიოზულად ვუდგებოდი ამ საქმეს. რა თქმა უნდა, მიყვარდა მაკა და ახლა მეამაყება, რომ ჩვენს შვილებთან ერთად აქამდე მოვედით – ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. ჩვეულებრივი მეუღლე ვარ, ზედმეტად ყურადღებიანი არა. შეიძლება, თვე გავიდეს და დუნედ მივდიოდე, მაგრამ, ორი დღე გავიდეს და ისეთი სირობა ჩავიდინო, რომ მთელი ოჯახი და მათ შორის მაკაც, პირღიები დარჩნენ. მაკა, რა თქმა უნდა, შეეგუა ამ ამბავს, თუმცა, პროტესტის გრძნობა დღემდე აქვს. ისე, ადრე უფრო ჰქონდა, მაგრამ, რომ მიხვდა, კუზიანს სამარე გაასწორებსო, დამანება თავი. რაც ვარ, ეს ვარ, ვერაფრის გამო ვერ შევიცვლები.

– როგორი მამა ხარ? იოანე ძალიან ჭკვიანი, გონიერი და ზრდილობიანი ბავშვია. 

– ვცდილობ, დრო გამოვნახო და ერთად წავიდეთ ხოლმე სადმე. ახლა კინოში წასვლა გვაქვს დაგეგმილი. მე, იოანე, იოანეს ცოლი და მარიამი, ანუ ჩემი უფროსი შვილი, მივდივართ კინოში.

– 6 წლის იოანეს უკვე ცოლი ჰყავს? 

– ჩემი ძმაკაცის და უყვარს. ჩვენთან უკვე ევროპაა, გამისწრო შვილმა, ჩემზე უფრო განვითარებული და წინ წასულია. 

– დიდი პაუზის შემდეგ გამოჩნდი ეკრანზე. როგორ მოხვდი „ჩემი ცოლის დაქალებში“ და როგორი იქნება შენი პერსონაჟი? 

– ეს პაუზა ცხოვრებამ მოიტანა, რადგან, გარკვეული პერიოდი მომიწია, მთელი დრო ოჯახისთვის დამეთმო. შეიძლება, აკეთო შენი საქმე, მაგრამ, ოჯახი ვერ არჩინო, ამიტომ, რაღაც ეტაპზე გიწევს არჩევნის გაკეთება. ხელოვანი ადამიანები კი ამ დროს შინაგანად ძალიან იტანჯებიან, რადგან თავის საქმეს ვერ აკეთებენ. თუმცა, იმედი არასდროს დამიკარგავს, 50 წლის რომ გავხდები, ჩემი რაღაცა მექნება გაკეთებული. ან ამ მხარეს უნდა წახვიდე, ან ოჯახს არ უნდა მოეკიდო. რაც შეეხება სერიალს, ბათუმში ვიყავი, როდესაც დამირეკეს. მეგონა, ქასთინგი იქნებოდა, ტრადიციული – „დაგირეკავ”. საქართველოში, ხომ იცი, როგორ ხდება: ვიღაცა ვიღაცის ნაცნობია, მიდი სთხოვე. ასეთი რაღაცეები არასდროს მიყვარდა და არ შემიძლია. ამ თვისებამ ბევრ რამეში დამწია უკან, მაგრამ, არ შემიძლია, ვინმე შევაწუხო. მოკლედ, ყველაფრის გარეშე, დამტკიცებული ვიყავი როლზე. ჯერ არ ვიცი, რა იქნება, თან, სერიალებში ადამიანი აძლევს მსახიობს მიმართულებას. ზოგადად, მიყვარს საკუთარი ძალების სხვადასხვა რაღაცეებში მოსინჯვა; თან, არ მიყვარს ერთი  და იმავეს კეთება – რაღაც რომ მომბეზრდება, მერე მინდა, სხვა რაღაცაში მოვსინჯო ძალები, ანუ ისეთი რაღაც მინდა, რაც მერე სტიმულს მომცემს კიდევ სხვა რაღაცის გასაკეთებლად. ასეთ დროს მოუსვენრად ვგრძნობ თავს და, სიახლე თუ მომაკლდება, მერე დეპრესიას ვიკიდებ. მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი კვირა ჩავმჯდარვარ სახლში და მთელი კვირა ფეხბურთი მითამაშია კომპიუტერში, რადგან, რაღაც მინდოდა და ვერ მივხვდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. ერთი კვირის შემდეგ, შეიძლება, გავიდე მაღაზიაში, ახალი შარვალი ვიყიდო და ამან გამომიყვანოს მდგომარეობიდან, მერე რაღაც მოვიყვანო ქმედებაში და ასეთი რაღაცეები შემდეგში მაძლევს სიცოცხლის უფლებას. როცა არ მაქვს ის, რაც მინდა, იმ დროს ხალხთან კონტაქტსაც ვერიდები; თან, რომ მეკითხებიან, რატომ ხარ ასეთი, რამე მოხდაო? – ეს საერთოდ „მგრუზავს“. არ შეუძლიათ ისეთი ლევანას აღქმა, რომელიც არ იცინის, კარგ ხასიათზე არ არის, ვიღაცას არ ართობს – „საყვარელი, კარგი ტიპი ლევანა“ შემოაკლდებათ ხოლმე. მაგრამ, მეც ვიღლები ზოგჯერ ამ „კარგ ტიპ ლევანად“ ყოფნით და  „ჩემთვის ტიპი ლევანა“ ვარ ხოლმე. 

– როდის იყო შენს ცხოვრებაში  ყველაზე რთული პერიოდი? 

– ყველაზე რთული პერიოდი, ალბათ, მაშინ მქონდა, როდესაც ოჯახს მომწყვიტეს, ანუ როცა ციხეში ვიჯექი, რადგან, იმ დროს ორმაგად ცუდი პერიოდი მქონდა: მეც განვიცდიდი და ჩემი ახლობლებიც ცუდად იყვნენ. რაც მთავარია, მე ამ საქმეში დღემდე ვერ ჩავთვლი თავს დამნაშავედ. ზოგადად, წესრიგს ყოველთვის ვიცავ, არ მახსენდება მომენტი, როდესაც წესრიგი დამირღვევია; პირიქით, მაღიზიანებს, როდესაც სხვები არღვევენ წესრიგს და აქეთ მავიწროებენ. მაგრამ, როცა ჩემთან მოდის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, მას ფორმა აცვია თუ გვირგვინი ადგას თავზე, თუ დედას შემაგინებს, ის ჩემთვის ხულიგანია. მაშინ ასეთ ფორმიან ხულიგნებს ჩვეულებრივ „აპრავებდნენ“. შენი სიმართლე რომც გქონოდა, მაინც ვერაფერს დაამტკიცებდი – ან უნდა გეთქვა „ხო,” ან დაგტოვებდნენ, ან გარკვეულ თანხას დაგაკისრებდნენ, უნდა გადაგეხადა და მერე გამოგიშვებდნენ. ორი თვე ვიყავი. ამ დროს ყველაფერს იხსენებ, დღეში, შეიძლება, სამჯერ ჩაგიაროს თვალწინ შენმა ცხოვრებამ, ბევრი დრო გაქვს ფიქრისთვის. 

– და რა დასკვნები გამოტანე? 

– ალბათ, ბევრ რამეს შევცვლიდი ან სხვა მიმართულებას მივცემდი. ჩემი მიზეზით რაც დამიკარგავს, აღარ დავკარგავდი. შეიძლება, რადიკალურად სხვანაირი ვყოფილიყავი, თუმცა, არ ვარ უკმაყოფილო იმით, ვინც ვარ. ჩემი ცხოვრების წესი მომწონს – არ დამიშვია ისეთი შეცდომა, რომ უკან მოხედვის შემრცხვეს.

– არ დაუბრუნდები სიმღერას? 

– არ ვიცი, თუმცა, ყოველთვის მაკლია ეს მომენტი და გული მწყდება. მაგრამ, დღესაც რომ მითხრან, წამოდი, იმღერეო, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. მინდა, უბრალოდ კი არ ვიმღერო, ორიგინალური, „რაღაცნაირი“ ვიყო – ეს დღემდე ვერ მოვიფიქრე, თორემ, გავაკეთებდი – მორიდებისა და კომპლექსის მომენტი საერთოდ არ მაქვს. 

– გიორგი არ არის ასეთი ტიპი, ანუ ის უფრო მეტად ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. 

– გიორგი უფრო ბევრ რამეზე ფიქრობს, მე ნაკლებად ვითვალისწინებ საზოგადოების აზრს. მთავარია, მე ვიგრძნო, რომ ეს კარგია, მე მომწონდეს. ზუსტად ვიცი, ორი-სამი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომლებსაც მოეწონებათ ის, რასაც მე ვაკეთებ და ეს უკვე მსიამოვნებს. ამის გამო მე და გიორგის ხშირად გვაქვს საუბარი. გიორგი ზოგჯერ ვერ ამტვრევს რაღაც ჩარჩოებს და ვეუბნები, დაიკიდე, გააკეთე-მეთქი. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც კარგია, იმავდროულად, ვფიქრობ, რომ გიორგიმაც იცის, რომ კარგია, მაგრამ,  ჩარჩოებს ვერ ამტვრევს, რაღაცას ვერ სცილდება, თუმცა, მისი დარწმუნება გამორიცხულია. ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ, ასეთ რაღაცეებში ძალიან განვსხვავდებით. მე სხვისი აზრი სულ მაინტერესებს, გადაწყვეტილი რომ მქონდეს, მაინც ვკითხულობ სხვის აზრს. ბავშვობაში ბევრს ვჩხუბობდით კიდეც, ფეხბურთის თამაშის დროს ხომ, საერთოდ, ომი გვქონდა. ორ სხვადასხვა გუნდს ვირჩევდით, თუ ჩვენი გუნდები არ თამაშობდნენ, იქ იწყებოდა ომი. წესებსაც ვადგენდით, რომელიც ძალიან მკაცრი იყო. პატარა ტოტალიზატორი გვქონდა, ოღონდ, ფსონები დასჯა იყო. 

 

скачать dle 11.3