კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჰყოფნის ბესო ცინცაძეს დღე-ღამეში 24 საათი და რით გაითქვა მან მთელ მსოფლიოში სახელი

ბესო ცინცაძის სპორტული ცხოვრება დიდი ხნის წინ დაიწყო. ყინულზე 40 წლის წინ დადგა და მის გარეშე ცხოვრება მისთვის უკვე წარმოუდგენელია. მართალია, თავიდან ფიგურული სრიალით დაიწყო, მაგრამ ის ჰოკეიმ შეცვალა და ამ სფეროში ჩვენმა რესპონდენტმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. ქართველი მწვრთნელის განსაკუთრებული სტილი და მეთოდები შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 

 

– ბესო, რამდენიმე დღით საქართველოს ესტუმრეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. როდის მიემგზავრებით უკან?

– მიხარია აქ რომ ვარ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ენერგიით ვივსები. რამდენიმე დღეში ბოსტონში ვბრუნდები. ევროპის ტურნე მაქვს და ბოლოს, თბილისში რომ არ ჩამოვსულიყავი, არ შემეძლო. მოსკოვში ორი კვირით ვიყავი, ჰოკეის დიდმა გუნდმა მიმიწვია. მერე ლატვიაში მომიწია წასვლა, სადაც ჰოკეის გუნდი „დინამო რიგა” ჩემი მეთოდებით ვავარჯიშე.

– საკმაოდ ორიგინალური და ვარჯიშის გამორჩეული მეთოდი გაქვთ.

– ჩემი მეთოდით ძალიან დაინტერესებული არიან. დღევანდელ დღეს დიდ ჰოკეის სჭირდება ასეთი ვარჯიშები. მადლობა უფალს, რომ შემიძლია, ეს ყველაფერი ხალხს შევასწავლო. ტექნიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოკეიში, ეს ყველაფერი კი ჩემს ხელშია.

– 18 წელია, ამერიკაში მოღვაწეობთ. როგორ  დაფასდა თქვენი ღვაწლი ამ წლების განმავლობაში უცხო ქვეყანაში?

– სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს ამერიკა. ბოსტონში ვცხოვრობ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია მთელ მსოფლიოში. თან, იქ ჰოკეიც მაღალ დონეზეა, უამრავი ყინულის მოედანია, რაც საშუალებას მაძლევს, ახალი თაობა სათანადოდ მოვამზადო. მარტო ბოსტონიდან კი არა, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ჩემთან სავარჯიშოდ. ვვითარდებით, ვვარჯიშობთ და ფაქტიც სახეზეა. ამ 10 წლის განმავლობაში „სტენლის” თასი 2-ჯერ მოვიგეთ. ეს იგივეა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ფეხბურთში. თან, ისეთ დიდ ვარსკვლავებთან მიხდება მუშაობა, როგორებიც არიან: მაგალითად დღევანდელი ოლიმპიური ჩემპიონი კანადელი სინდი კროსბი, პატრის ბერჯორონი, რუსეთიდან ევგენი მალკინი, სერგეი განჩარი, ალექსანდრ ვეჩკინი და ასე შემდეგ. ამათ გარდა, ახალი თაობაც მოდის. ჩემთვის მთავარია, პატარაობიდანვე აღვზარდო ბავშვი, რომ კარგი მომავალი ჰქონდეს. მიხარია, რომ ეს ყველაფერი კარგად გამომდის. ყოფილა შემთხვევა, ბავშვების ვარჯიში 5 წლის ასაკში დამიწყია და ჩემს ხელში გაზრდილან 15 წლის განმავლობაში. დღეს ისინი ამერიკის ჩემპიონები არიან, გლეჯენ ყველაფერს და აგენტები დასდევენ კუდში ხელშეკრულების გასაფორმებლად. მინდა, ყველა იმ დონეზე მივიყვანო, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეს. 

– მასტერკლასებსაც არაერთ ქვეყანაში უტარებთ სპორტსმენებს, როგორც ვიცი. 

– მასტერკლასები მთელ მსოფლიოში მაქვს, საქართველოს გარდა. აქ, სამწუხაროდ, ყინული არ გვაქვს, შეიძლება ერთ დღეს ისე გავმდიდრდე, რომ ვაჩუქო, ან ავუშენო ერთი ყინულის მოედანი ჩვენს სპორტსმენებს. მით უმეტეს, რომ აქ ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდობაა, დარწმუნებული ვარ, ტოლს არ დაუდებენ ბევრ ქვეყანას. აბა, საქართველოს კარგი ყინულის მოედანი არ უნდა ჰქონდეს? ვლადიკავკაზში აიშენეს და ამ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში რა გახდა ამის გაკეთება? რამდენი წარმატებული მწვრთნელია აქედან სხვადასხვა ქვეყანაში წასული. მოსკოვში ხშირად ჩავდივარ, სადაც „გაზპრომი” მიწვევს. რუსული ჰოკეის სკოლის ახალგაზრდა თაობა ჩემს ხელში იზრდება. ყველა „ბესათი” მიცნობს და რომ იკითხოთ ჩემ შესახებ, საქებ სიტყვებს არ დაიშურებენ, დარწმუნებული ვარ.       

– ყინულზე დგომის რამდენი წლის სტაჟი გაქვთ?

– უკვე 40 წელია, ყინულს უკავშირდება ჩემი ცხოვრება. ამ დროის განმავლობაში მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი – ერთხელ კი არა, შვიდჯერ მაქვს წრე დარტყმული. მახსოვს, ბავშვობაში რომ ვამბობდი, მინდა, მსოფლიო შემოვიარო და  ცნობილი მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ სხვა ვარსკვლავები გავიცნო-მეთქი, ნუცუბიძეზე დამცინოდნენ, შენ რა მსოფლიო უნდა შემოიაროო. 

– ახლა ვინ იცინის?

– მადლობა ღმერთს, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ვოცნებობდი ბავშვობაში. დღეს ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთანაც მაქვს ურთიერთობა და მსოფლიოც შემოვიარე როგორც უკვე გითხარით. შვარცენეგერსაც ვიცნობ, მეჯიკ ჯონსონსაც. მარადონასთან დიდი შეხვედრები მქონდა არგენტინაში, ზიკოსთან და ასე შემდეგ. იმ ვარსკვლავების ჩამოსათვლელად, ვისაც ვიცნობ, დროც არ მეყოფა. ეს ყველაფერი კი ფიგურულმა სრიალმა მომიტანა. 

– ენხაელში 8 წელი მუშაობდით, რაც ძალიან დიდი წარმატებაა, მით უმეტეს, ქართველისთვის. როგორც ვიცი, ერთადერთი ქართველი ხართ, ვისაც ენხაელში უმუშავია. 

– კი, დღემდე ასეა. 

– მოკლედ, იღბლიანი ხართ, ყველაფერთან ერთად.  

– ძალიან იღბლიანი ვარ, სადაც მივდივარ, ყველაფერი „გუდ ლაქ” არის და „გუდ ლაქსაც” მეძახიან. სხვათა შორის, ამერიკაში მანქანის ნომერიც ანალოგიური მაქვს. 

– თქვენი მეუღლე ყოფილი მოციგურავეა, ქალიშვილიც ამავე სპორტის სახეობით არის გატაცებული.

– ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონატებზე მეორე, მესამე ადგილებზე გადიოდა, ძალიან წარმატებული მოციგურავე იყო. 9 წლის ქალიშვილი გვყავს და 2 წლიდან ისიც ყინულზე დგას. რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტით ვნახე, რომ 17 მოციგურავეს შორის, მეორე ადგილი აიღო. დღეში 3 საათი ვარჯიშობს, თან სწავლობს. ჩვენი პრიორიტეტი მაინც სწავლაა, რადგან სპორტსმენი რაც არ უნდა წარმატებული იყოს, თუ განათლება არ აქვს, არაფერი გამოვა, სწავლა აუცილებელია. 

– როგორც გვითხარით, განსხვავებული მეთოდებით ავარჯიშებთ სპორტსმენებს. თქვენი მეთოდების გადაღება ხომ არ უცდია ვინმეს? ანუ, კონკურენციას ვგულისხმობ.  

– სიმართლე გითხრათ, კონკურენტების არ მეშინია. ყოველდღე 7 საათი ვდგავარ ყინულზე.  შესაბამისად, უფრო და უფრო ვვითარდები და სიახლეებიც შემაქვს ჩემს მეთოდებში. 

– ჰოკეის ქვეყნად მაინც კანადა მიიჩნევა, არ გქონიათ მიწვევა?

– მარტო ტორონტო რომ ავიღოთ, ზუსტად 1 000 ყინულის მოედანია. კანადაში წელიწადში 7-8-ჯერ მაინც მიწევს ჩასვლა. ახლა ახალი ხელშეკრულება მაქვს შვეიცარიაში, კლუბ „დავოსთან.” მთავარი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ვარ. ამიტომ, ხშირად მიწევს შვეიცარიაში ჩასვლა. ასე რომ, მარტო ამერიკაში არ ვზივარ. თითქმის სულ თვითმფრინავში ვარ და ჰაერში ძალიან ბევრ დროს ვატარებ. 

– საქართველოდან სად მიემგზავრებით?

– აქედან ბოსტონში მივემგზავრები, 3 კვირის შემდეგ კი – ევროპაში. 

– მგონი, თქვენთვის დღე-ღამეში 24 საათი საკმარისი აღარ არის. როგორ ასწრებთ ამდენ რამეს?

– ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელსაც მენეჯმენტი აბარია. მე ნამდვილად ვერ მოვახერხებდი ყველაფრის ერთად კეთებას. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობა მიწყობს ხელს და ჩემს საქმეს ვაკეთებ. 

 

скачать dle 11.3