კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დაამყარა რეკორდი მაესტრო მორისმა და როგორ ახერხებს ის ცეკვით პარტნიორისთვის სიყვარულის ახსნას

როგორც ამბობენ, ადამიანის ხასიათი, ყველაზე კარგად ცეკვის დროს ჩანს, როცა ის მთელს ენერგიას ხარჯავს და ცდილობს, შინაგანი სამყარო სამსჯავროზე, მაყურებლის წინაშე გამოიტანოს. რთულია, ემოციის გარეშე უყურო ლათინოამერიკულ ცეკვებს, სადაც წყვილი საოცარი ჟესტებით ცეკვავს და უსიტყვოდ უხსნის ერთმანეთს სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ცეკვავს სულ ფორმაშია, ასევე სულიერადაც ძლიერია და მისთვის მუსიკის რიტმზე აყოლა, ერთგვარი თერაპიული საშუალებაცაა. ლათინოამერიკული ცეკვების უბადლო შემსრულებლის, მაესტრო მორისისთვის ცეკვა ერთგვარი რიტუალია, რომლის საშუალებითაც, ის ადამიანებს სიყვარულს უსიტყვოდ უხსნის. 


მაესტრო მორისი: უპირველესად, ადამიანი თავის სულიერ მდგომარეობას უნდა გადმოსცემდეს ცეკვის დროს და არა იმას, თუ როგორ აქვს ნასწავლი ილეთები. შესრულების ტექნიკა აქ მთავარი სულაც არ არის. როცა ვცეკვავ, ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ იმდენივე ენერგიით ვიმუხტები. ასე რომ, ამ დროს ჩემი ენერგიების ცირკულაცია ხდება. იყო დრო, რეკორდიც დამიმყარებია და დღეში ხუთი საათი შეუჩერებლად მიცეკვია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ენერგია დამიხარჯავს და ასევე, მიმიღია. 

– ამ რეკორდის დამყარების დროს, მეწყვილემ როგორ გაგიძლო?

– (იცინის). ერთი მეწყვილე რას გაუძლებდა ჩემს ხუთსაათიან ტემპერამენტიან ცეკვას? ამიტომ, მათი ცვლა მიწევდა. ამდენი წელია, ცეკვა-ცეკვით მოვდივარ. ახლა საკუთარი სტუდიაც მაქვს და სხვებსაც მთელი მონდომებით ვასწავლი, ვუზიარებ იმ გამოცდილებას, ემოციას და ენერგიას, რაც წლებია დამიგროვდა. 

– ამბობენ, პარტნიორის შერჩევა, მამაკაცებს ძალიან უჭირთ, რადგან, ზუსტად ხვდებიან ვისთან ერთად იცეკვებენ უფრო კარგად და, თუ პარტნიორი გოგონა არ მოეწონათ, შესაძლოა, საერთოდ დაანებონ ცეკვას თავიო. ხშირად, წყვილები ცხოვრებასაც ერთმანეთს უკავშირებენ. შენს შემთხვევაში, თუ იყო ეს პრობლემა?

– თუ პარტნიორი არ მოგეწონა, მასთან ვერ იცეკვებ, ვერც ენერგიას დახარჯავ და ვერც სხვას ასიამოვნებ სანახაობით. მეწყვილის პოვნა მეც გამიჭირდა და, ამიტომ ჩემს დასთან ვარჩიე ცეკვა. არაჩვეულებრივი პარტნიორია და მასთან ცეკვა ერთი სიამოვნებაა. რაც შეეხება მეწყვილეების დაოჯახებას, მეტწილად ასე ხდება. როცა, დროს, ენერგიას, წარმატება-წარუმატებლობას მასთან ერთად იზიარებ, შენთან ახლოსაა და მის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას გრძნობ, რთულია, იქ სიყვარულის ძაფები არ გაიბას (იცინის). რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის არ ცეკვავს. თუმცა, სიამოვნებით უყურებს ჩემს გამოსვლებს. მე რომ ჩემი მეუღლე გავიცანი, მაშინ საქართველოში ისეთი გაჭირვება იყო, ვის ეცეკვებოდა? ამიტომ, არ მივაქციე, მის ცეკვის ნიჭს ყურადღება, ემოციებს და სიყვარულს მივენდე. ახლა ორი შვილი გვყავს და თავს ბედნიერად ვგრძნობ მათ გვერდით.

– ლათინოამერიკული ცეკვები საკმაოდ ცეცხლოვანია და ამბობენ, მათი შესრულება მხოლოდ შეყვარებულ წყვილს გამოსდის კარგად. რადგან ამ დროს, მოცეკვავეებს შორის გრძნობების გაცვლა-გამოცვლა ხდება. დასთან ამ ცეკვების შესრულება არ გიჭირს?

– პირიქით, მასთან ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, თვალდახუჭული ვენდობი – ცეკვის დროს, სულაც არ მიჭირს, ვიყო ცეცხლოვანიც და ამავდროულად, ტექნიკურიც. დაძმური სიყვარული, სულ სხვა ჩარჩოში ჯდება.  თუმცა, დაგეთანხმებით, ლათინოამერიკული ცეკვები საკმაოდ ცეცხლოვანია და მათი შესრულებისას პარტნიორს შესაძლოა, სიყვარულიც კი აუხსნა და შენი გრძნობა იმ ენერგიით გადასცე, რასაც მოძრაობაში დებ. როცა სხვა პარტნიორთან მიცეკვია, ასეც მომხდარა და ორივეს თავბრუ დაგვხვევია (იცინის). ეს უფრო ახალგაზრდობაში ხდებოდა. 

– ამბობენ, რომ საკუთარი ტბა გაქვს და იქ ხშირად დადიხარ. თუ არ ვცდები, ბუნებაში ცეკვების ჩემპიონატის გამართვასაც გეგმავ მომავალში. ეს სიამრთლეა?

– მართალია, საკუთარი ტბა მაქვს მარნეულისკენ და ეს მამისგან მერგო მემკვიდრეობით. ეს ტბა საკუთარი ხელით მაქვს გათხრილი. დიდი ხანი მოვუნდი, მაგრამ ძალიან ლამაზი სანახავია და ეს ამ დაღლად ღირდა. ამ ტბის ფსკერი კენჭებითაა მოპირკეთებული, ოქროს თევზები დაცურავენ და ძალიან მიყვარს მათი ყურება. ძალიან ლამაზი ადგილია და მინდა, იქ, მომავალში ლათინოამერიკული ცეკვების ჩემპიონატი ჩატარდეს. ვფიქრობ, ბუნებაში ცეკვა უფრო მეტად სანახაობრივი იქნება. 

– ამ ბოლო დროს, საკმაოდ მოიმატა ცეკვის მსურველთა რიცხვმა. თუმცა, როგორც ვიცი, ადრე მამაკაცები თავს არიდებდნენ მსგავს სტუდიაში სიარულს და სამეჯლისო თუ ლათინოამერიკული ცეკვების სწავლას. 

– გეთანხმებით, ბოლო დროს საკმაოდ იმატა ცეკვის მსურველთა რიცხვმა, თუმცა ამ მხრივ მამაკაცებს ცოტა უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. გული იცით, რაზე მწყდება? უამრავი მეგაშოუ კეთდება და არც ერთ მათგანში არ მიწვევენ, როგორც მსაჯს. თუმცა, დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც მსგავს პროექტებს აკეთებს და ცეკვის პოპულარიზაციას ეწევა, მით უმეტეს, ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს, რომელმაც არაერთი ძლიერი მოცეკვავე აღზარდა. „მამბო” და „სალსა” განსხვავდება სამეჯლისო ცეკვებისგან, არაკლასიკური, უფრო კლუბური სტილია. უამრავ ადამიანს მოსწონს ეს ცეკვები და ამ მეგაპროექტებმა, ხალხში უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია. ცეკვა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. თუმცა, მქონია პერიოდები, როცა საერთოდ არ მეცეკვებოდა. მაგალითად, წინა დღეს მეგობარი დამისაფლავებია და მეორე დღეს მიცეკვია. ცეკვის დროს, მოდის ისეთი ემოცია,  თითქოს დედამიწას ვცილდები, სხვა განზომილებაში გადავდივარ, გალაქტიკაში ვმოგზაურობ და ის, რაღაც ოთხი წუთი, არარეალური, არაამქვეყნიური ვარ. ეს საოცარი განცდაა, როცა ზებუნებრივ ძალებთან გიხდება კონტაქტი.

– „სალსა” და „მამბო” საკმაოდ ცეცხლოვანი ცეკვებია. მათ შესრულებას ქართული ტემპერამენტი უხდება?

– ქართულ ცეკვებში, იმხელა ტემპერამენტი დევს, რომ ეს ამოუწურავი თემაა და ალბათ, ბევრი ქვეყნის მამაკაცებს შეშურდებათ, ამ მხრივ ჩვენი ტემპერამენტის. თუმცა, ქართველი მამაკაცის ბუნებაში არ დევს ის, რომ გაპრანჭულმა იცეკვოს, პოზა და სტილი დაიჭიროს. მაგრამ, ამ „გაპრანჭვაშიც” შეიძლება, კაცმა კაცურობა შეინარჩუნო. ეს შენზეა დამოკიდებული. ლათინოამერიკული ცეკვები კი გაპრანჭვას არ მოითხოვს, მათში უფრო მაჩოს ტემპერამენტი ჩანს. რუსები, სლავები და ევროპელები ლათინურ ცეკვებს უფრო ხისტად და მოუქნელად ცეკვავენ, ვიდრე ქართველები. ცეცხლოვანი გენი ჩვენში ზის და ჩვენ ემოციით ვცეკვავთ და არა ტექნიკით. ასე რომ, ჩვენი ტემპერამენტი გვაძლევს საშუალებას, უფრო ეშხიანად ვიცეკვოთ ცეცლოვანი ლათინურ-ამერიკული ცეკვები, ვიდრე ამას რუსი ან ევროპელი შეძლებს. თუმცა, „სალსას” კუბელი რომ იცეკვებს, მასთან ქართველის ტემპერამენტი სად მივა (იცინის). ცეკვა მათი სტილია. სხვათა შორის, სადმე რომ ვხვდებით და ყველა გოგო მე მეცეკვება, მერე კი სწყდებათ გული მამაკაცებს, რა მაგარია, ყველა გოგო რომ შენ გეცეკვებაო (იცინის). მოდი ბატონო, იარეთ, გასწავლით და მერე აღარ შეგშურდებათ ჩემი-მეთქი, – ყველას ვეუბნები. ცეკვამ ბევრი ადამიანი გამაცნო და დამაახლოვა. ცეკვა-ცეკვით უფრო ადვილია კომუნიკაცია უცხო ადამიანებთან. ეს აურა ნამდვილად აქვს ცეკვებს. მაგალითად, ნებისმიერი ცეკვით შეიძლება, გამოხატო ადამიანის მიმართ სიმპათია, მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი ან გაბრაზება. სხვათა შორის, მიღებულია, რომ „რუმბა” სიყვარულის ასახსნელად, ყველაზე კარგი საშუალებაა, მაგრამ ნებისმიერ ცეკვაში შეიძლება, ეს გრძნობა გამოხატო. დამიჯერეთ, ცეკვით და მოძრაობით ქალთან ურთიერთობა გაცილებით იოლია, ვიდრე სიყვარულის სიტყვიერად ახსნა. ასე რომ, შეიძლება ჩათვალოთ, ქალთან ასეთი ურთიერთობა უამრავ მამაკაცს ვასწავლე (იცინის).

– აუცილებლად უნდა გკითხოთ, წონას თუ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე ცეკვას ეხება?

–  ბევრი ადამიანი მინახავს, შეხედავ, გამხდარია, მოცეკვავის ტანზე „დგას”, მაგრამ ხისტი და მოუქმელია. ასევე, ბევრი მინახავს, ხორციანი და ძალიან მოქნილი. წონას, ცეკვის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მონდომება, სულიერი მდგომარეობის გამოხატვა და ტექნიკა. ბევრი გამხდარი გოგო მინახავს, როგორ „იჩხლართება” და ბევრიც ჩაფსკვნილი, სასწაულად მოცეკვავე. ცეკვის დროს თავის გამოჩენაზე კი არ უნდა იფიქრო, ინდივიდუალურობას უნდა გაუსვა ხაზი და ყველაფერი გამოგივა.

 

скачать dle 11.3