კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჩავა მშობლიურ ოზურგეთში „ოსკარით“ ხელში ირაკლი ინწკირველი და როგორ გახდა ის რუსეთის „ვოისის” ყველაზე საყვარელი კონკურსანტი

ქართველები რომ ნიჭიერი ხალხი ვართ, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ერთმანეთის ნიჭის აღიარება, ცოტა არ იყოს, გვიჭირს. ის, რომ 12 წლის ქართველი, ირაკლი ინწკირველი ქართულ საბავშვო „ვოისში” დაიწუნეს, მისთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა. ჩვენდა გასახარად, ახლა ის რუსული „ვოისის” ფავორიტია. კარგად მახსოვს, ქართველი მწვრთნელების კომენტარი, ისე მოვიხიბლეთ ირაკლის ნამღერით, ისე გავერთეთ, შემობრუნება ვერ მოვახერხეთ და მთელი ცხოვრება ამას ვინანებთო. თუმცა, ეს ირაკლისთვის დაიმედება, ნამდვილად არ იყო. მან ცრემლის გარეშე, ვაჟკაცური შემართებით დატოვა ქართული კონკურსი და ასეთივე ვაჟკაცურობით, ენერგიულობითა და შესრულების თავისებური მანერით, ისე მოხიბლა რუსი ჟიურის წევრები, რომ ყველა შემოუბრუნდა. მას კი ასარჩევად დაუტოვა საქმე. 

 

– ირაკლი, გილოცავ წარმატებებს. იმედია, იმის გამო, რომ ქართულ საბავშვო „ვოისში” ვერ დავაფასეთ შენი ნამღერი და კონკურსის მიღმა დარჩი, არ გვიბრაზდები.

– ის, რომ ქართულ საბავშვო „ახალ ხმაში” მონაწილეობა მივიღე, დავიხარჯე,  მაქსიმალური დავდე სცენაზე და არ დამიფასდა, ფაქტია. ჟიურის არც ერთი წევრი არ შემოუბრუნდა ჩემს ნამღერს. თუმცა, ეს ჩემთვის ერთგვარი სტიმული იყო და ამის გამო, არც კი მიფიქრია, სიმღერისთვის თავი დამენებებინა. ოჯახი მიდგას გვერდით და მათი დამსახურებაა, სტიმული რომ მაქვს, ვიბრძოლო და დასახულ მიზნებს მივაღწიო. უბრალოდ, მოსკოვში ვცხოვრობ, უფრო სწორად, ქალაქ კარალოვაში, პოდმოსკოვიეში. მე ქართველი ვარ, ყოველ წელს ჩამოვდივარ ზაფხულში ოზურგეთში დასასვენებლად. ვიფიქრე, გავალ კონკურსზე, ჩემი ერი უფრო დააფასებს და მიხვდება ჩემს ნამღერს- მეთქი, მაგრამ შევცდი. არ დაგიმალავთ, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამთ. თან, დიდ სცენაზე პირველად ჩემს ქვეყანაში ავედი. პირველი კონკურსი იყო – არც გამოცდილება მქონდა და პირველივე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იურმალაში, მაინც წავედი და გამოვედი საქართველოს სახელით საბავშვო „ახალ ტალღაზე”.

– როდესაც პირველად დადექი სცენაზე, გქონდა იმედი, რომ მწვრთნელების შემობრუნებას შეძლებდი?

– დიახ, სწორედ ასე ვფიქრობდი და გადაწყვეტილი მქონდა, სტეფანე ამერჩია. მაგრამ, ასარჩევად არ მქონდა საქმე (იცინის). საკუთარი თავის იმედი რომ არ მქონოდა, არც მივიღებდი მონაწილეობას. თუმცა, ყველაფერი ბედია და ღმერთის წყალობით, შევძლებ, ჩემი ნამღერით ბევრს მოვაწონო თავი. ამასობაში, წლებიც გავა და წყენაც დამავიწყდება. თუმცა, ის რომ ადამიანს ატკენ, არ დააფასებ და მერე იტყვი ვნანობო, ცოტა რთული დასაჯერებელია. მეწყინა, მაგრამ არც ცრემლი გადმომიგდია და არც ყურები ჩამომიყრია. ცხოვრება გრძელდება, უნდა გაიღიმო და იფიქრო ამაზე.

– მოდი, ძველი წყენა დავივიწყოთ და ახლა  მითხარი, როგორ გახდი რუსული საბავშვო „ვოისის” ჟიურის ყველაზე მომხიბვლელი წევრის, პელაგიას ფავორიტი და მეწყვილე ცეკვაში?

– ჟიურის ყველა წევრი რომ შემობრუნდა და ასარჩევად მქონდა საქმე, როგორც ჯენლტმენმა, პელაგია ავირჩიე (იცინის). თუმცა, ცეკვა, ნამდვილად არ იყო დადგმული, უბრალოდ, ემოცია ვეღარ მოვთოკე. პელაგიამ მომილოცა კონკურსანტობა, გადამკოცნა, ქართული საცეკვაო წაიმღერა, ხელი გაშალა და მე გამაჩერებდა?! (იცინის) ასე გავხდი მისი პარტნიორი ცეკვაში. ქართულმა წარუმატებელმა გამოცდილებამ მიბიძგა ამ წარმატებისკენ და მჯეროდა, ჩემი ენერგიით, ქართული ტემპერამენტითა და ნამღერით, მოვხიბლავდი დარბაზში მყოფთ. ასეც მოხდა. ჯეიმს ბრაუნის სიმღერამ მართლაც გამხადა პუპულარული. ცხოვრებაში მიზანი უკვე დასახული მაქვს და იმედია, გამიმართლებს.

– იქნებ გამიმხილო, რა მიზანი გაქვს დასახული, თუ საიდუმლოა?

– არა, საიდუმლო არ არის. მიზნად დავისახე, გავხდე ვარსკვლავი, ნამდვილი ვარსკვლავი და დიდხანს ვიკაშკაშო დიდ სცენაზე. აი, მერე ჩამოვალ საქართველოში, გავმართავ კონცერტებს და ვიმღერებ იმ ქართველ კოლეგებთან დუეტში, ვინც დამიწუნა. მომავალში, ასევე, მინდა, ჩემს უფროს მეგობრებათან – ირაკლი ფირხალავასა და ქეთა თოფურიასთან ერთად,  გავიდე სცენაზე.

– ირაკლი ფირცხალავა და ქეთა თოფურია რას გეუბნებიან?

– მეუბნებიან, კარგად მღერი, აუცილებლად გახდები ვარსკვლავი და შოუ-ბიზნესში შენს სათქმელს სიმღერით იტყვიო. ძალიან ვუყვარვარ და დიდ ყურადღებას მაქცევენ. ზოგი მეუბნება, ქართველი რომ ხარ, რუსეთში ეს ხელს არ შეგიშლისო? ჩემი აზრით, თუ ნიჭიერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ეროვნება ვერ შეგიშლის ხელს. მთავარია, საქმეში, რასაც აკეთებ, მთელი შენი სიყვარული, ემოცია და განცდა ჩადო. 

– მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ხარ, მოზრდილივით ლაპარაკობ. ეს უფროსი ძმების გავლენა ხომ არ არის?

– რა ვიცი, შეიძლება ასეცაა. მაგრამ მე, ბუნებრივად ვარ ასეთი (იცინის). ჩემი ძმები 23 და 22 წლის არიან და ძალიან მიდგანან მხარში – მგულშემატკივრობენ, მათამამებენ. მე ნაბოლარა ვარ ოჯახში და „მაფოფინებენ”. ყველაზე დიდი გუშემატკივარი ჩემი ოჯახია და მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი წარმატებული მომავლისთვის. ის, რომ სცენაზე ემოციური ვარ, ვმოძრაობ და ვხტუნაობ, დადგმული არ არის. უბრალოდ, რასაც იმწუთას განვიცდი, ისე ვიქცევი. 

– მიუხედავად იმისა, რომ გამხდარი არ ხარ, საკმაოდ მოქნილი ხარ. ალბათ, ამას ბევრი გეუბნება. არა?

– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წონა მაქვს, ეს ხელს სულაც არ მიშლის სცენაზე ემოცია გამოვხატო. როცა ხალხის წინაშე ვდგავარ და ვმღერი, ორიენტირებული ვარ მსმენელზე და თან „კაიფსაც” ვიჭერ (იცინის). სხვათა შორის, ვცურავ და აუზშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ზედმეტი წონა არც ამაში მიშლის ხელს. მომავალში მინდა, ჰოლივუდი დავიპყრო და მსახიობობაზეც ვოცნებობ. რა ვიცით, იქნებ მეც გავიარო წითელ ხალიჩაზე და „ოსკარით” ხელში დავბრუნდე მშობლიურ ოზურგეთში. ამ ზაფხულსაც ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, მართალია, „ოსკარით” ვერა, მაგრამ იქნებ რუსეთის „ვოისის” გამარჯვებულის სახელით ჩამოვიდე. მჯერა დადგება დღე, როცა ჩემით იამაყებთ. ამის იმედი მაქვს. რუსული „ვოისის” წყალობით, სკოლის ყველა გოგოსთვის სასურველი ბიჭი გავხდი. ჩემს ასაკში, ესეც ხომ წინ წადგმული ნაბიჯია? (იცინის).

– გეთანხმები, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ირაკლი, მინდა, გამარჯვება გისურვო და იმედი მაქვს, პირველად დიდ სცენაზე, საქართველოში გადადგმული წარუმატებელი ნაბიჯის წყენაც მალე გაგივლის.

– რასაკვირველია, დრო გავა და წყენა გამივლის. მე თავს არ დავზოგავ და თუ რუსული „ვოისი” მოვიგე, ამ გამარჯვებას ჩემს მშობლებს მივუძღვნი. ყველას დიდი მადლობა, ვინც მგულშემატკივრობს და უხარია ჩემი წარმატება. მე ყველა ქართველი მიყვარს და ვეცდები, ჩვენი პატარა ერი ყველგან ვასახელო.

 

скачать dle 11.3