კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა ჯილდო აიღო ავსტრალიაში პატარა აბელ არავიძის შემსრულებელმა დავით ქემხაძემ

„თბილისელები“ მის შესახებ გიყვებოდათ, ის დღემდე ყველასთვის პატარა აბელ არავიძედ დარჩა – ბიჭუნად, რომელიც დედის დასაბრუნებლად ჯვარცმას იპარავს და რომელსაც მომავალი არ აქვს. დავით ქემხაძე ერთი ბათუმელი პატარა ბიჭი იყო, რომელიც სრულიად მოულოდნელად მოხვდა კინოში და ის სამუდამოდ შეუყვარდა. ზღვის სიყვარულმა მსოფლიო მოატარა, მაგრამ, საბოლოო ნავსაყუდელი სამშობლოში დაიდო. მიუხედავად რუტინული საქმიანობისა, „ქემხო“, როგორც მას ყველა იცნობს, მაინც ახერხებს კინოში მუშაობას და აქტიურად იღებს დოკუმენტურ ფილმებს რელიგიურ თემებზე. 

 

დავით ქემხაძე: თვრამეტი წელია, ზღვაში არ ვყოფილვარ, მაგრამ, სულ მენატრება. დღე არ გავა ისე, რომ არ გამახსენდეს, არ მომენატროს. იმ დღეს სამსახურში კაცი იყო მოსული, მეზღვაური ვარო, თქვა და „კაჩკა“ დამეწყო, იმდენად ნათლად წარმოვიდგინე იქაური სიტუაციები (იცინის). ფილმის სცენარიც მაქვს დაწერილი, რომელიც ზღვის ბინადრებს ეხება – ერთუჯრედიანებიდან ძუძუმწოვრებამდე. კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა ამ სცენარებით. რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ, არც სცენარები გამომატანეს უკან სრულად – ჟიურის წევრებს მოეწონათ და წაიღესო; თან, დამამშვიდეს ეს – შენი ნაწერები უნივერსიტეტში მიიტანე და ასოცირებული პროფესორი გახდებიო (იცინის). არადა, უბრალოდ შავი ზღვის ისტორია მინდოდა გადამეღო. არავინ იცის, რომ შავ ზღვაში ცხოვრობს სელაპი; რომ შავი ზღვის დელფინი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანია. ჩვენს სელაპს „მონახუზი” ჰქვია, მარტო ცხოვრობს და ერთი უცნაური თვისება აქვს – თევზსაჭერ გემებთან მიდის, სადაც მუსიკაა ხმამაღლა ჩართული და თავს ამოყოფს ხოლმე წყლიდან მუსიკის მოსასმენად. საქართველოში გვყავს უნიკალური ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომელიც ხავსის უძლიერესი სპეციალისტია, წარმოგიდგენიათ?! მოკლედ, მინდოდა, ეს ყველაფერი მეჩვენებინა, მართლა „დისქავერის“ დონის ფილმი იქნებოდა. ასევე სისტემატურად ვიღებდი მონაწილეობას „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ კონკურსებში და, ბოლოს მითხრეს: ქემხო, ხომ გწყდება გული, რომ ვერ იგებო? კი-მეთქი. ჰოდა, ნუღარ მიიღებ მონაწილეობასო (იცინის). მეც შევეშვი, გადავედი უცხოურ კონკურსებზე და ვიგებ. ფაქტობრივად, წაგებული არც ერთი კონკურსიდან არ წამოვსულვარ. ახლა ჩემმა ფილმმა საუკეთესო რეჟისურაში აიღო პრიზი.

– რა ფილმმა?

– ამ ფილმს ცოტა ვრცელი ისტორია აქვს: მეგობრები ათონის მთაზე წავედით, სადაც ჩვენი ერთი მეგობრის ძმა ბერია – მამა თეოდოხოსი. იქაურობა საერთოდ სხვა სამყაროა, სადაც სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, ოღონდ, არა ისეთს, როგორსაც ხშირად იღებენ ბოლმე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია რელიგიურ თემებზე მუშაობისას „ტრაური“ და გლოვა. რატომღაც, ძალიან მძიმე და დამთრგუნველ ადგილად გამოჰყავთ მონასტრები. სინამდვილეში კი იქ გაცილებით მსუბუქი ატმოსფეროა, ბედნიერებაა. თორნიკე ერისთავიდან დავიწყებდი და დღევანდელობით ისე დავამთავრებდი ამ ფილმს, ერთი ამოსუნთქვით საყურებელი იქნებოდა. მამა თეოდოხოსმა გვითხრა, რომ არსებობს ბევრეთის მონასტერი და, გვთხოვა, ჩავსულიყავით და ყურადღება მიგვექცია მისთვის. დავბრუნდით თუ არა საქართველოში, ჩავედით ბევრეთში და გავოცდი – სულ სხვა სამყაროა, ათონის ტიპიკონზე არიან; როგორი ლოცვა და როგორი ცხოვრებაა, ამის გადმოცემა ვერც სიტყვებით მოვახერხე. ისეთი ძლიერი შთაგონება მქონდა, რომ ეგრევე სცენარი დავწერე. მამა თეიმურაზს გავასწორებინე სცენარი. მეგობრებმა თანხები მოვიძიეთ და დავიწყეთ გადაღება. თანხები რომ გითხრა, გაგეცინება...

– რამდენია?

– 1 245 ლარი. ამ თანხით გადავიღე ფილმი, რომელმაც სამი საერთაშორისო პრიზი აიღო. სამმა ადამიანმა დავდეთ ფული და, მადლობა ზურა ცინცქილაძეს, რომელმაც გამიხმოვანა ფილმი უსასყიდლოდ, ასევე მადლობა „საავტორო სტუდიას”. ოპერატორი იყო გოგო, სალომე საღარაძე, ძალიან მაგარი. დედათა მონასტერში რამე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, ამიტომ ვარჩიე, ოპერატორი გოგო ყოფილიყო. გავაკეთე პატარა ისტორიული რაკურსი: მონასტრის ისტორია, აგებულება, რითია ნაშენი, როგორი ცხოვრებაა იქ. ეს ყველაფერი ნაჩვენებია წამიერად. შემდეგ გაკეთებულია ისტორიული ნარკვევი მოციქულთა სწორ, წმინდა თეკლაზე. ფილმი იწყება სარეკელზე  კაკუნით, ასევე მთავრდება და სწორედ იქ არის კვანძის გახსნა. ფილმში არ არის არანაირი დაძაბულობა. ჩემს ფილმებში სიგარეტსაც კი არავინ ეწევა. 

– ავსტრალიაში როგორ მოხვდა ფილმი?

– მეგობარმა და თანაპროდიუსერმა, გიგა მრელაშვილმა მომცა ლინკი – ნახე, საინტერესო ფესტივალიაო. მონაწილეობაზე განაცხადი შევავსე. იქ მითხრეს, რომ 10-დან 15 წუთამდე უნდა იყოს ფილმიო. ჩემი ინგლისურით მივწერე: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, 23 წუთია-მეთქი (იცინის). მაინც ნახეს და, თან – ქართულად. მომწერეს: გეხვეწებით, სუბტიტრები დაადეო. აღარ მოგიყვებით, როგორ ვიწვალე სუბტიტრებზე, მოკლედ, გავგზავნე და მომწერეს: ფორმატი შევცვალეთ და თქვენი ფილმი საკონკურსო ჩვენებაში ჩავსვითო. ჩეხური, რუმინული, ბერძნული და რამდენიმე ამერიკული ფილმი იყო საკონკურსო ჩვენებაში. ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა” გაიმარჯვა ჩემმა, ფოტოაპარატით გადაღებულმა ფილმმა და ეს ყველაფერი ელექტრონული ფოსტით შემატყობინეს. ანათებს ფოსტა (იცინის), ეს ტექსტი დავაკოპირე და გადავაგზავნე სათარგმნად. დამიბრუნეს როგორ, იცი?! – მგონი, საუკეთესო რეჟისორი გახდიო. ჩასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ, გამომიგზავნეს პრიზი. „ბიზანტ ფესტივალი” ჰქვია ამ ფილმს. ჩამოდითო, მთხოვეს; დიდი გასართობი პროგრამა ჰქონდათ შედგენილი, კენგურუების შოუთი და მთელი ამბებით. ბილეთის ფასი რომ გავიგე, ეგრევე გამოირიცხა წასვლა – მაგ თანხით ორ ფილმ-ნახევარს გადავიღებ (იცინის). საქართველოში ამ ფილმს ორი პრიზი აქვს აღებული და კიდევ ვიცი მსგავსი ფილმების კონკურსი – „ზოლოტოი ვიტიაზ“, სადაც, ასევე, ვგზავნი ფილმს. 

– სად მუშაობ ხოლმე სცენარებზე?

– სცენარის იდეა რომ მომდის, ვიწერ, მერე ვიღებ შვებულებას და ამ პერიოდში ვწერ. (იცინის). ახლა მინდა გადავიღო ბეთანიაზე, ოღონდ, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი, თუ როგორ აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა ნადირობის დროს ბეთანია. გრიგოლ ორბელიანისა და გაგარინის გაცოცხლება მინდა, კიდევ, მხატვრის, ვინც სიონი მოხატა. ესეც ასეთივე მსუბუქი და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იქნება. 

– ესე იგი, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობ?

– დიახ და, კიდევ, მინდა, გადავიღო ფილმი ზარზმელ ბერებზე; მინდა, დავანახვო ადამიანებს მათი ყოფა-ცხოვრება, როგორ უვლიან გარშემო ყველაფერს, როგორ მღერიან. მათ თავიანთი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნეს, მაგრამ, ისინი ადამიანები არიან, თავიანთი ძალიან ადამიანური თვისებებით. ათონის მთიდან სხვა ადამიანი ჩამოვედი, სულ შემცვალა. დილის 5 საათზე იწყება ლოცვა, რომელმაც, არ არსებობს, დაგღალოს. მერე იწყება ტრაპეზი. ტრაპეზის შემდეგ ყველა თავის საქმეს აკეთებს: ზოგი ყანას უვლის, ზოგი სარწყავად მიდის, ზოგი თევზის საჭერად; შემდეგ – შუადღის ლოცვა, ტრაპეზი და ძილი. ეს არ არის ერთფეროვნება. ზოგი ღვინოს აწარმოებს, ზოგი თაფლს. კითხულობენ წმიდანთა ცხოვრებას, ბევრს მუშაობენ წიგნებთან. საოცარი სამყაროა. მათი დედაქალაქი არის კარიესი, სადაც ორსართულიანი სახლებია. სულ ველოდებოდი, რომ საიდანღაც ქალი გამოიხედავს, სარეცხს გაფენს... არადა, რამდენიმე საუკუნეა, იქ ქალს ფეხი არ დაუდგამს. არაფერში არ ითრგუნები, ისე მსუბუქად გრძნობ თავს. ძალიან რთულია ამაზე საუბარი. დიდებულებისა და სიამაყის განცდა გაქვს. ივერონში რომ შევედი, თორნიკე ერისთავი დავინახე მთელი თავისი დიდებულებით. სასწაული განცდაა, ისეთი დიდებული და მშვენიერია. დიდხანს ვუყურებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. იატაკი რომ ვნახე, მითხრეს, რომ მისი დაგების შემდეგ დაიგო ვართოპედის იატაკი. ეგეთივე იატაკი აქ რომ დააგო, გეტყვიან ბერძნულიაო, მაგრამ, მისი ფესვები ივერონიდან მოდის. ეს ისტორიული უსამართლობაა, თუმცა, არა უშავს, მთავარია, ამის შესახებ ბევრმა გაიგოს. საინტერესოა, რომ იქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ათი საუკუნის წინ – ისე გალობენ, ისეთი წეს-ჩვეულებები აქვთ, როგორიც მეათე საუკუნეში იყო. ზიარების დროსაც კი, მიუხედაად იმისა, რომ სამასამდე ადამიანი ვიყავით სტუმრები, ათ-თხუთმეტ წუთზე მეტი არ არის საჭირო, ყველას თავისი რიგი და ადგილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წყარო არ არსებობს ინფორმაციის მიღების – ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტი, ყველაზე ადრე იციან მსოფლიოში მიმდინარე ამბები. ყველაფერზე აქვთ ინფორმაცია და ლოგიკური პასუხი. არ არსებობს, ვინმე შენს შეკითხვას გაექცეს. ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით მინდა გადაღებების გაგრძელება, რადგან, რაც აქამდე დოკუმენტური ფილმები გადაღებულა, არის გოდება, ძაძები. რატომ, როცა პირიქით, იქ არის უმაღლესი სიმშვიდის და სიამოვნების განცდა, ადგილი რომელსაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოყავხარ?! სწორედ ამის ჩვენებას ვცდილობ და შევეცდები ჩემს ფილმებში. 
скачать dle 11.3