კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად იქეიფა დილამდე სტალინმა თავის 70 წლის იუბილეზე

(1949 წლის 21 დეკემბერი)

დიდი ბელადის 70 წლის იუბილისადმი მზადებამ, რომელსაც თავად სტალინი ეწინააღმდეგებოდა და პოლიტბიუროს წევრთა დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა, კულმინაციას 20 დეკემბერს მიაღწია. მთელი ჩვენი ქვეყნის ყველა დასახლებული პუნქტი სტალინის სურათებით იყო მოფენილი, ყველა ბეჭდურ ორგანოში ბელადის გმირული ბიოგრაფია დაიბეჭდა. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მოსკოვში ჩამოვიდნენ დელეგაციები, რომლებსაც დიდ თეატრში გამართულ საზეიმო საღამოში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. თავიანთი წარმომადგენლები სოციალისტური ქვეყნების მთავრობებმაც გამოგზავნეს, რომლებსაც, ძირითადად, მათი მეთაურები თავკაცობდნენ. 20 დეკემბერს, საღამოს 21 საათზე, კრემლს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია, რომელსაც მათი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, მაო ძედუნი ხელმძღვანელობდა. პოსკრებიშჩევმა სტალინის კაბინეტის კარი ფართოდ გააღო და ჩინელთა ოცკაციანი შემადგენლობა მიიწვია. დიდი ბელადი კაბინეტის ცენტრში იდგა და სტუმართა დანახვაზე ნაბიჯი წინ გადადგა, ხოლო მაო ძედუნი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით მიიჭრა სტალინთან, მის წინ მუხლებზე დაეცა და მარჯვენა ხელზე ემთხვია, თან გამართული რუსულით, თვალცრემლიანმა, აღელვებით წარმოთქვა: „ჩვენო დიდო მამაო, ფოლადისებურ ჯანმრთელობას და ძალიან, ძალიან დიდი ხნის სიცოცხლეს გისურვებ. შენ ჩვენი ბურჯი ხარ და მთელი დედამიწის ჩაგრულ ერებს შენი იმედი და რწმენა აქვთ. გაიხარეთ, ჩვენო დიდო მამავ და კვლავ და კვლავ წინ, დიადი გამარჯვებისკენ გაგვიძეხი“. შემდეგ ჩინელმა ლიდერმა იატაკამდე დახარა თავი და, რომ არა სტალინის თხოვნა, წამომდგარიყო, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩებოდა პირქვე დამხობილი. მაო წამოდგა, მაგრამ, მოჭარბებული გრძნობების გამო, ცრემლებს ვერ იკავებდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე. სტალინმა ცხვირსახოცი ამოიღო და გულაჩუყებულ ჩინელს მამისეული მზრუნველობით შეუმშრალა ცრემლები. მაო დამშვიდა და, თანმხლებ პირებთან ერთად გრძელ მაგიდას მიუჯდა, რომლის თავშიც დიდი ბელადი მოთავსდა. ასეთ სცენას მე ხშირად შევსწრებივარ და, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ შემთხვევაში არანაირ არტისტობას ან გადაჭარბებას არ ჰქონია ადგილი, ადამიანები მთელი გულწრფელობით აკეთებდნენ ამას. სტალინი იმდენად დიდი და ლეგენდარული პიროვნება იყო, რომ მისადმი თაყვანისცემის სურვილი ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებოდათ. ჩინელებთან საუბარი დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა და ოცივე სტუმარი თვალს ვერ სწყვეტდა სტალინს, რომელიც ჩინეთში არსებულ სირთულეებზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა და ისეთ საკითხებსაც შეეხო, რომლებზეც თავად ჩინელებსაც კი მწირი წარმოდგენა ჰქონდათ. საუბრის შემდეგ სტალინმა კარამდე მიაცილა ჩინელები და საიუბილეო სუფრაზე პირადად დაპატიჟა. 21 დეკემბერს ძალიან ციოდა, ტემპერატურა მინუს 23 გრადუსი იყო, მაგრამ მოსკოვის ქუჩები ათეულ ათასობით ადამიანით გაივსო, რომლებიც დიდი სტალინის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიტინგებს მართავდნენ. მოსახლეობა ოჯახებით იყო გარეთ გამოსული. საზეიმო სიტყვით გამომსვლელთა მსურველი იმდენი იყო, თითოსთვის ნახევარი წუთი რომ მიეცათ, მიტინგები რამდენიმე საუკუნე უწყვეტლივ უნდა გაგრძელებულიყო. დიდ თეატრში საზეიმო საღამო 19 საათზე დაიწყო და მხოლოდ მისალმებები 2 საათს გაგრძელდა, მერე კი კონცერტი გაიმართა. საიუბილეო საღამოზე ქალაქ გორის სამკაციანი დელეგაცია ცალკე იყო წარმოდგენილი და მათ ყველაზე ბოლოს მისცეს სიტყვა. საქმე ისაა, რომ სამივე გორელი – ანტონ გაგნიძე, ბეჟან ხარატიშვილი და პარმენ ბესთაევი, სტალინის ბავშვობის მეგობრები, მისი მეზობლები და თანაკლასელები იყვნენ. ეს იყო ერთგვარი სიურპრიზი, რომელიც ლავრენტი ბერიამ მოუმზადა დიდ ბელადს. გორელები საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდნენ, მშვენივრად მეტყველებდნენ და, თავთავიანთი მოკლე მილოცვები რომ დაამთავრეს, დიდი თეატრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სცენაზე გიტარა გამოიტანა და პარმენ ბესთაევს გადასცა. სტალინი სამთავრობო ლოჟის ცენტრში იჯდა და მოღიმარი სახით უმზერდა ბავშვობის მეგობრებს, რომლებიც პარმენს უყურებდნენ და უცინოდნენ, სანამ გიტარას ააწყობდა. ძალიან მალე ბესთაევს უკვე მზად ჰქონდა ინსტრუმენტი და მან თავის მეგობარს რაღაც გადაუჩურჩულა. ამის შემდეგ ანტონ გაგნიძე სამთავრობო ლოჟისკენ შეტრიალდა და გასუსულ დარბაზში სტალინს უთხრა: „ჩამო, სოსელო, ბავშვობა გავიხსენოთ, ჩვენი საყვარელი სიმღერა ვიმღეროთ“.

სტალინი, რომელსაც ღიმილი არ მოსცილებია სახიდან და, ეტყობოდა, ასეთ შემოთავაზებას ელოდა, დინჯად წამოდგა სავარძლიდან და რამდენიმე წუთში უკვე სცენაზე იყო. ალბათ, ძალიან ცოტა ვინმე თუ მიხვდა, რა ხდებოდა და, ისეთი სიჩუმე გამეფდა, მართლაც ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. მეგობრებმა სტალინი შუაში მოიქციეს და უეცრად „სულიკო“ აჟღერდა. ოთხმა მეგობარმა (სტალინის ჩათვლით) სიმღერა დაიწყო. სანამ მღეროდნენ, დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც კი „სულიკოს“ ბოლო აკორდი შეწყდა, დიდ თეატრში ისეთი ხანგრძლივი და მქუხარე ტაში გაისმა, რომ უზარმაზარმა ჭაღმა რხევა დაიწყო. დიდმა ბელადმა თავისი სამივე მეგობარი გადაკოცნა და მათთან ერთად დატოვა სცენა. საზეიმო კონცერტის მსვლელობისას სტალინის სამივე მეგობარი უკვე სამთავრობო ლოჟაში, დიდი ბელადის გვერდით იჯდა და იქიდან ადევნებდნენ თვალს ამ ბრწყინვალე სანახაობას. კონცერტის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვლასიკმა მიხმო და მითხრა: „სტალინის ბრძანებით, საიუბილეო ბანკეტზე, კრემლში, მისი ორეული იქნება, ჩვენ კი თავად მას უნდა ვეახლოთ კუნცევოში, სადაც ის ამ სამ მეგობარს ეპატიჟება“.

ერთ-ერთი ორეული სასწრაფოდ მოვამზადეთ და ინსტრუქტაჟი ჩავუტარეთ. როდესაც უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, ჩუმად ჩავსხედით მანქანებში და კუნცევოსკენ ავიღეთ გეზი. სუფრასთან, რომელსაც სტალინი და მისი სამი გორელი მეგობარი უსხდნენ, არც მე და არც ვლასიკი არ დავმსხდარვართ, რადგან, ასე გვიბრძანა დიდმა ბელადმა. თუმცა, ოთახიდან მხიარული ხმები გამოდიოდა და ისე ტკბილად მღეროდნენ, რომ მათი მოსმენა დიდ საიმოვნებას მგვრიდა. მეგობრების ქეიფი დილამდე გაგრძელდა. როცა სუფრა აიშალა, დიდმა ბელადმა მანქანამდე მიაცილა სამივე, თითოეულს მხურვალედ გადეხვია და მხოლოდ მას მერე შებრუნდა შენობაში, როცა მანქანები თვალს მოეფარნენ. უკვე შენობაში, სტალინმა მე და ვლასიკი გვიხმო, შემდეგ გულის ჯიბიდან პატარა სურათი ამოიღო და გვაჩვენა. სურათზე ოთხი პატარა ბავშვი იყო აღბეჭდილი, რომლებიც ეკლესიის წინ იდგნენ. სტალინს გაეღიმა და გვითხრა: „ეს სურათი სამოცი წლის წინათაა გადაღებული, მე და ჩემი ის სამი მეგობარი ვართ, რომლებიც ახლახან გავაცილე. მაშინ საეკლესიო გუნდში ვგალობდით ოთხივე და ეს ფოტოც სწორედ ერთ-ერთი გალობის შემდეგ გადავიღეთ“.

სტალინს მეტი აღარაფერი უთქვამს, სურათი გამოგვართვა, კვლავ ჯიბეში შეინახა და საძინებელში შევიდა.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწარების მიხედვით 

 

скачать dle 11.3