კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა არჩილ გომიაშვილმა ოსტაპ ბენდერის როლი „12 სკამში“ და როგორ დაკარგა შტირლიცის როლი „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებაში“

ძალიან დიდხანს რიგითი მაყურებლისთვის უცნობი იყო კოხტაიას როლის შემსრულებლის ვინაობა ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. ეს იყო არჩილ გომიაშვილის ყველაზე სახასიათო როლი   კინოში ვასო გოძიაშვილისა და ალექსანდრე ნინუას როლების გვერდით. ასეთივე შთამბეჭდავი და წარმატებული იყო მის მიერ ნათამაშები როლები ფილმებში: „თხუნელა” (ზურა), „მიმინო” (ნუგზარი), „კავკასიური ამბავი” (ეროშკა), „სპილენძის ანგელოზი” (ანტონიო)... „12 სკამი”კი, შეიძლება ითქვას, მსახიობის სავიზიტო ბარათად იქცა. ლეონიდ გაიდაი ოსტაპ ბენდერის როლზე მსახიობს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდა. გასინჯა საკმაოდ სერიოზული მსახიობები: მიხაილ კოზაკოვი, ალექსეი ბატალოვი, ოლეგ ბორისოვი, მიხაილ შირვინდტი, ანდრეი მირონოვი, ვალენტინ გაფტი, ნიკოლაი გუბენკო, ვლადიმირ ვისოცკი, ნიკოლაი რიბნიკოვი, ალექსანდრ ბელიავსკი... როლი იმ დროისთვის პოპულარულ  მომღერალს, მუსლიმ მაგომაევსაც კი შესთავაზა, მაგრამ, რეჟისორის აზრით, ოსტაპ ბენდერის სახე ქართველ მსახიობ არჩილ გომიაშვილზე უკეთ ვერავინ მოირგო. ფილიპოვის გვერდით ის მართლაც ბრწყინვალე იყო. გომიაშვილისთვის ეს როლი უცხო სულაც არ ყოფილა – ჯერ კიდევ 1958 წელს, თავისსავე დადგმულ მიუზიკლში – „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე,” მან ყველა როლი თავადვე შეასრულა. ამ სპექტაკლით ის გასტროლებს აწყობდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სწორედ ამ დროს შეიტყო ლეონიდ გაიდაიმ, რომ ქართველი მსახიობი, ვინმე არჩილ გომიაშვილი, პროვინციული თეატრების სცენაზე ოსტაპ ბენდერს თამაშობს. მის სანახავად გორკში ჩავიდა და სწორედ მაშინ მიიღო მისი როლზე აყვანის გადაწყვეტილება. მსახიობს ფილმი არც ისე მოსწონებია და, პრემიერის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, გაიდაისთვის უთქვამს: რომ მცოდნოდა, ასეთ უვარგის ფილმს გადაიღებდი, მონაწილეობაზე არ დაგთანხმდებოდიო. მეც რომ მცოდნოდა, ასეთი უვარგისი არტისტი იყავი, არ გადაგიღებდიო, – უპასუხია განრისხებულ რეჟისორს და ამით დამთავრებულა მათი ურთიერთობაც. 25 წლის თავზე, ბიზნესში წასულმა არჩილ გომიაშვილმა ფილმის მონაწილენი რესტორანში დაპატიჟა და მათ შორის იყო ლეონიდ გაიდაის მეუღლეც. მასპინძელმა სტუმრებს სიმბოლურად დაახვედრა 12 სკამი, რომლებშიც სიურპრიზი ელოდათ. 

ალბათ, მკითხველისთვის სიანტერესო იქნება ის ინფორმაციაც, რომ მრავალსერიანი ფილმის – „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” – რეჟისორს, ტატიანა ლიოზნოვას, რომელსაც პირადი სიმპათიები ჰქონდა არჩილ გომიაშვილის მიმართ, უნდოდა, შტირლიცის როლი მას შეესრულებინა, მაგრამ, ქართველი მსახიობის თამაში რუსი მზვერავის როლში საბჭოთა მთავრობაში არ ისურვეს, თუმცა, ვიაჩესლავ ტიხონოვის შტირლიცი მართლაც რომ განუმეორებელია. ამ გამორჩეულად საინტერესო მსახიობის დღიურებს მისი შვილი, მიშა გომიაშვილი გაგაცნობთ.

გომიაშვილის მაუზერი        

მამაჩემი გრიბოედოვის თეატრში თამაშობდა. ერთ-ერთ სპექტაკლში ნამდვილი მაუზერი, კარაბინი (ანუ შაშხანა) და ხმალი მისცეს. ნაშუადღევს მოვიდოდა, შეჭამდა, ცოტას წაუძინებდა და ისევ თეატრში გარბოდა რეპეტიციებზე. ერთხელ, როგორც იყო ასხმული ამ იარაღით, ასე მოვიდა და დაიძინა. ბავშვები კიროვის პარკში ომობანას ვთამაშობდით ხოლმე. მოვპარე მამას აბჯარი, ავისხი და წავედი სათამაშოდ. ორმა მილიციელმა გამოიარა მოტოციკლით. დაინახეს ბავშვი მაუზერით, კარაბინით ხელში და ამაზე ერთი ამბავი ატყდა… 

მშობლებმა 53-ე სკოლაში შემიყვანეს, სადაც ერთი წელი ვისწავლე. პირველივე წელს უნდოდათ ჩემი ჩატოვება კლასში. ამ პერიოდში მამას „12 სკამში” იღებდნენ. ფილმი რომ დასრულდა, მოსკოვის კომკავშირის სახელობის თეატრმა მიიწვია. დადგა ჩვენი მოსკოვში წაყვანის საკითხი. მივიდა მასწავლებელთან და უთხრა: დაუწერეთ ნიშანი, მოსკოვში მიმყავს და, ორიანებით ხომ ვერ წავიყვანო. მოსკოვში ძალიან ცუდი, უმეგობრო ბავშვები იყვნენ – ეტყობა, რუსებს სისხლში აქვთ ეს გამჯდარი. აბა, მეორე და მესამეკლასელი ბავშვი რომ იტყვის – შავტრაკა ქართველიო, იმას რა უნდა გააგებინო. ეს იმ ოჯახისა და გარემოს ბრალია, რომელშიც ბავშვი ტრიალებს, თორემ, თვითონ აზრადაც არ მოუვა ასეთი რამ, მაგრამ, მე ერთი ვიყავი და ისინი – ათასი, რას მოვერეოდი. ერთხელ, დედაჩემი შეესწრო, რომ სკოლის უკანა ეზოში წრეზე შვიდი ბავშვი დგას და შუაში მე ვარ მოქცეული, დანა მაქვს გახსნილი და ხელიდან არ ვუშვებ. ვხედავ, რომ უნდა მცემონ და, რატომ უნდა გავალახვინო თავი? თავს ვიცავ. ერთ-ერთი გაიქცა დირექტორთან და უთხრა. მერე მამამ სხვა სკოლაში გადამიყვანა. ჩვენ რომ მოსკოვში წავედით, ჩემს ძმას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და „ვგიკში“ ჩასაბარებლად ემზადებოდა, თუმცა, მას საერთოდ არ აინტერესებდა ეს საქმე; ოღონდ ხელში „პაიალნიკი“ სჭეროდა, სხვა არაფერი უნდოდა. მას თბილისში შეყვარებული ჰყავდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქეთ წამოსულიყო. დედამ თქვა, ხომ არ შეიძლება, ჩვენ აქ ვიყოთ და ბავშვი თბილისშიო. მოკლედ, მე და დედაც წამოვედით. ასე დარჩა მამა  მოსკოვში. დედამ ვერაზე, 51-ე სკოლაში მიმიყვანა. მერე, ხან მამა ჩამოდიოდა, ხან ჩვენ ჩავდიოდით.

ოცი დღე ბედნიერებისთვის  

დედაჩემი, ლიანა მანჯავიძე და მამიდაჩემი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები იყვნენ და მეგობრობდნენ. დედა ლამაზი ქალი იყო. ერთხელ მამა თეატრში თავისი დის სპექტაკლის სანახავად მივიდა. დედა რომ დაინახა სცენაზე, ძალიან მოეწონა. სხვათა შორის, ქალების მოხიბვლის დიდი ნიჭი ჰქონდა. დედას, თურმე, რამდენიმე ცნობილი მსახიობი სთხოვდა ცოლობას, მაგრამ, არავის სთანხმდებოდა, მამას კი ზუსტად ოცი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ცოლად გაყოლაზე დაეთანხმებინა.

ლეონიდ გაიდაის აღმოჩენა     

მამას ერთი მსახიობის, პანტომიმის თეატრი ჰქონდა და თავისი ბენდი ჰყავდა – „დიქსილენდი”. მარტო თამაშობდა ხოლმე შვიდ და რვა როლს ერთად. მის ერთ-ერთ წარმოდგენას ერქვა „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე”, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. გასტროლებზე იალტაშიც იყო. მის იქ ყოფნას დაემთხვა „12 სკამის“ გადაღებები. ფილმის პირველი სერია უკვე დამთავრებული იყო და ოსტაპ ბენდერის როლზე ცნობილი მსახიობი, ბელიავსკი ჰყავდათ. ფილმის დირექტორმა შემთხვევით წაიკითხა მამას აფიშა და სპექტაკლის სანახავად წავიდა და პირველივე აქტის დასრულების შემდეგ გაიდაის მოსაყვანად გავარდა. იმდენად მოეწონათ მამა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყეს. მერე ჭორი წავიდა, ვითომ მამაჩემს გაუგზავნია გაიდაისთვის დეპეშა – ჩამოვდივარ და დამხვდითო. ქვემოთ კი, „ოსტაპ ბენდერი“ მიუწერია  

„დიდი კომბინატორის” სიცოცხლის ბოლო დღეები      

  … ფილტვში სიმსივნე აღმოაჩნდა. დიაგნოზი მოსკოვში დაუსვეს. ოპერაციის გაკეთება ნიუ-იორკში მოისურვა. მოსკოვში რომ გაკეთებულიყო, ალბათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. მერე დაიწყო მისი ჯანმრთელობის გაუარესება – მეტასტაზები ყველგან წავიდა. ბურდენკოს კლინიკის დირექტორმა მითხრა, ძალიან მეშინია მისთვის ოპერაციის გაკეთება, ვერ გადაიტანსო. ოპერაცია რომ გაკეთდეს, როგორ იქნება საქმე-მეთქი. ერთ კვირას ერთი ხელი გაუჩერდება, მეორე კვირას მეორე. წლებზე აღარ არის ლაპარაკი, სამი თვე თუ იცოცხლებსო. ვუთხარი, თუ შეიძლება, მამას დაველაპარაკები და პასუხს გეტყვით-მეთქი. საერთოდ, მამაჩემს ვერაფერს დაუმალავდი, ყველაფერი უნდა სცოდნოდა. კარგად იცოდა, რაც ხდებოდა მის თავს, მაგრამ, ბუნებით ძლიერი კაცი იყო. პალატაში შევედი და ვუთხარი, რაშიც იყო საქმე. ოპერაცია რომ არ გავიკეთო, რა მოხდებაო? ლაპარაკი სიცოცხლის მცირე ხნით გახანგრძლივებაზეა. ასე რომ, შენი გადასაწყვეტია-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მითხრა, მღვდელი მომიყვანეო. მეორე დღეს გამოაცხადა, ოპერაციას არ ვიკეთებ, სახლში წამიყვანეთო. ორი დღის მერე თბილისში გადაღება უნდა მქონოდა და გადმოვფრინდი, ჩემი ძმა დარჩა მასთან. ორ დღეში ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტაო. როგორც კი თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, გადავრეკე და მითხრეს, საოპერაციოში ახლახან შეიყვანესო. მივუსწარი. კონოვალოვის კაბინეტში ვიჯექი და დიდ ტელევიზორში ვუყურებდი ოპერაციას. კონოვალოვი რომ გამოვიდა საოპერაციოდან, თქვა, არ შეგეშინდეთ, ალბათ, ერთი კვირა მაინც ვერ გამოვა მდგომარეობიდანო, მაგრამ, მამამ საღამოს თვითონ მოიძრო მილები და პალატაში გადაყვანა მოითხოვა. დერეფანში რომ მოჰყავდათ, მისი გინება გავიგონე – აბსოლუტურად საღ გონზე იყო. გადავიყვანეთ თუ არა, ფეხზე დადგა. მერე სიმსივნემ თავში დაიწყო ზრდა… 

პანაშვიდებზე უამრავი დეპეშა მივიღეთ და აუარება ხალხი მოვიდა.  ვიღაცამ მიკროფონთან არმენ ჯიგარხანიანის სიტყვები გაიმეორა – თბილისში არჩილის ყველა სპექტაკლზე ჩამოვდიოდი და მისგან ვსწავლობდი მსახიობის ოსტატობასო. ვისაც არჩილი თეატრში არ უნახავს, ვერ მიხვდება, რა დონის მსახიობი იყო. შემონახული მაქვს აფიშები და მახსოვს კიდეც, როგორ ჩადიოდა მამაჩემი სპექტაკლის სათამაშოდ ერევანში. გრიბოედოვის თეატრში „გვესაჭიროება მატყუარა” დაიდგა, რომელშიც მთავარ როლს მამა ასრულებდა. იმ დროს იგივე სპექტაკლი დაიდგა ერევანშიც, სადაც მთავარ როლში არმენ ჯიგარხანიანი იყო. ერთ დღეს სპექტაკლი რაღაც მიზეზით ჩაუვარდათ. მას მერე მამა ჩადიოდა და მის ნაცვლად თამაშობდა…  

მამაჩემი ერთ ადგილას დამჯდარი არასდროს მინახავს, მეტეორივით აქეთ-იქეთ დაქროდა. ღამის ოთხ საათზე იძინებდა და დილით შვიდზე იღვიძებდა. სულ იმას ამბობდა, სირბილში უნდა მოვკვდეო. საოცრად მოუსვენარი ადამიანი იყო  

 

скачать dle 11.3