კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა სასიცოცხლოდ აუცილებელი გაზაფხულზე იმუნიტეტის ამაღლება და მარხვის სწორად შენახვა

გაზაფხული ის პერიოდია, როცა ადამიანმა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან სწორედ ახლა მწვავდება ის ქრონიკული დაავადებები, რომელიც ორგანიზმში თითქოს მიძინებულია. სამწუხაროდ, დაქვეითებულ იმუნიტეტს არ მიიჩნევენ საშიშ სიმპტომად, არადა, სწორედ ის ხდება სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების საწყისად, რომელსაც ხშირად სიკვდილიც მოსდევს. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილს, რომლისგანაც ამ სასარგებლო რჩევებს დამოუკიდებელი სამედიცინო არხის „პულსი ტვის” ეთერიდან მოისმენთ და ის ინტერნეტით ყოველდღიურად შეგიძლიათ მოიძიოთ. 

 

– გაზაფხული საკმაოდ რთული პერიოდია ჯანმრთელობის თვალსაზრისით. სტატისტიკურად, სწორედ ამ დროს იმატებს დაავადებების რიცხვი. როგორც ამბობენ, თუ ორგანიზმის იმუნიტეტი მწყობრშია, მაშინ ამ საშიშროებას თავს ადვილად დავაღწევთ და შესაძლო გართულებებსაც იოლად ავიცილებთ თავიდან. იქნებ გვირჩიოთ, როგორ ავიმაღლოთ დაქვეითებული იმუნიტეტი სწორედ ამ პერიოდში?

– იმუნური სისტემა, საკმაოდ ვრცელი სასაუბრო თემაა, თუმცა შევეცდები, მოკლედ და გასაგებად შევეხო ამ საკითხს და შეძლებისდაგვარად, გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს და რთულ სისტემაზე. მოკლედ, იმუნური სისტემა, ეს რთული მარეგულირებელი თავდაცვის სისტემაა. ეს არ არის ერთი კონკრეტული ორგანო, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში, ჰგონიათ. ხშირად მეკითხებიან: რა გავაკეთო, იმუნური სისტემის ასამაღლებლად, რომელი მედიკამენტი მივიღო, ან რამდენ ხანში შევძლებ მის ამაღლებასო. მსგავსი კითხვები მიუთითებს, რომ ამ მხრივ ცოდნის დეფიციტია და, არა მარტო იმუნური სისტემის, არამედ, ზოგადად ორგანიზმის, მასში მიმდინარე პროცესების, მისი მართვის, დაცვისა და მკურნალობის მხრივ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმუნური სისტემა რთული სისტემაა და მასში შედის ელენთა, თიმუსი, ძვლის ტვინი, სისხლი და ლიმფური კვანძები. იმუნური სისტემა გვიცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, მიკროორგანიზმებისგან, ალერგენებისგან, ტოქსინებისა და ავთვისებიანი უჯრედებისგან.

– ზოგადად, როდის იწყებს ჩამოყალიბებას ადამიანის იმუნური სისტემა და როგორ შევძლოთ მისი გამყარება, რომ თავი დავიცვათ ზემოთქმული დაავადებების ჩამოყალიბებისგან?

– იმუნური სისტემის ჩამოყალიბება იწყება დედის მუცლად ყოფნის პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომავალი დედები საკუთარ ჯანმრთელობას, ჯანმრთელი შთამომავლობის ხათრით მაინც უნდა გაუფრთხილდნენ და მოიწესრიგონ კვება. ამის შემდგომ, ხდება ბავშვის ბუნებრივი კვება, საკვები რაციონის სწორად შერჩევა, სწორი ფიზიკური აქტივობა, ძილი, დასვენება, ემოციები და ასე შემდეგ. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ თიმუსს მხოლოდ ბავშვობის ასაკში აქვს გარკვეული მნიშვნელობა და რომ 10 წლისთვის ის წყვეტს განვითარებას, იწყებს ატროფირებას. მეცნიერებმა, ჩემდა გასახარად, დაადგინეს, რომ თიმუსი ატროფირებას იწყებს იმიტომ, რომ ბავშვებს დაბადებიდანვე არასწორად ვკვებავთ. არასწორი კვების შედეგად, არა მხოლოდ თიმუსი, არამედ სხვა ორგანოებიც პათოლოგიის ზღვარზეა. 

– რა არის თიმუსი და რა როლს ასრულებს ის ადამიანის განვითარებაში? გამიგია, თითქოს, სწორედ ეს ორგანო აგებს პასუხს ორგანიზმში ავთვისებიანი უჯრედების განვითარებაზე.

– თიმუსი არის ორგანო, რომელიც შედგება ლიმფური ქსოვილისგან და ემსახურება ძველი და უვარგისი სისხლის წითელი უჯრედების დაშლას. ის ხელმძღვანელობს იმუნური სისტემის დამცავ მოქმედებებს და გულის ზემოთაა მოთავსებული. თიმუსი იმუნური სისტემის დაცვაში უმთავრეს როლს ასრულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაუთმობთ ყურადღებას სწორ კვებას, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ დამცველობითი ფუნქციის მქონე ამ ორგანოს. რაც შეეხება ამ ორგანის კავშირს სიმსივნეებთან, მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტი ადასტურებს, თიმუსის ავთვისებიან სიმსივნეებთან კავშირს. სამწუხაროა, რომ დღეს ცნება „დიეტამ” ტრანსფორმაცია განიცადა და არაფერი საერთო სწორ, სამკურნალო კვებასთან არ აქვს. სამწუხაროდ, ის მხოლოდ და მხოლოდ კალორიებითა და გრამებით მიღებულ საკვებთან ასოცირდება. დიეტა, საკვების რაოდენობის შემცირებაზე ანუ ძალისმიერ მეთოდზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ საკვები სამკუნალო, წამლის დანიშნულებით უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს. ერთ-ერთი მიზეზი იმუნიტეტის დაქვეითებისა და შესაბამისად, სხვადასხვა დიეტით გამოწვეული დაავადებების მიზეზი, ისეთი დიეტაა, რომელიც ორგანიზმის სწორ მართვაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ დროებით ეფექტზე.

– ის თუ არის სწორი, რომ ვისაც გლანდები ამოჭრილი აქვს, მან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს გაზაფხულზე საკუთარ იმუნიტეტს?

– ლიმფური კვანძები ჩვენს ორგანიზმში ასრულებს დამცველობით, სარეზერვო და გაცვლით ფუნქციას და მონაწილეობს იმუნურ პროცესებში. ლიმფურ კვანძებში გამომუშავდება ლეიკოციტები, რომლებიც სტიმულაციას უკეთებს ლიმფოციტების გამრავლებას. ლიმფურ ჯირკვლებს მიეკუთვნება ნუშურა ჯირკვლებიც. მათი ანთება, ანგინა და ეგრეთ წოდებული ჩირქოვანი გლანდები მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმუნური სისტემის გადატვირთვაზე. ჩვენ კი რას ვშვრებით? მათ ვჭრით! ეს არასწორია, რადგან ადამიანს არც ერთი ორგანო ზედმეტი არ აქვს, თუ რაღაც თანდაყოლილ პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. გლანდების ამოჭრით, მნიშვნელოვან ჯირკვლებს ვაცლით ბავშვებს და არ ვფიქრობთ მშობლები, რომ ამ გართულებული გლანდების გამომწვევი მიზეზი კვლავ ორგანიზმში რჩება საშიშ ნაღმად. ჩემი რჩევაა, არასდროს ებრძოლოთ დაავადებას. გამოიძიეთ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი და დაიწყეთ ამ მიზეზის აღმოფხვრა. 

– როგორც მივხვდი, დაქვეითებული იმუნიტეტი საკმაოდ საშიშ დაავადებებს იწვევს და ის შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს? 

– დიახ, ასეა. სწორედ, დაქვეითებული იმუნიტეტი იწვევს კიბოს, რომლისგანაც განკურნება, შორს წასული დიაგნოზის დროს, შეუძლებელია. თუ სწორად იკვებებით, თქვენი იმუნიტეტიც მწყობრში იქნება.

– ის, რომ გაზაფხულზე აუცილებელია ნატურალური წვენების ყოველდღიური სმა, ამაზე რას გვეტყვით? არის თუ არა ორგანიზმისთვის საშიში არასწორად დაცული მარხვა?

– გაზაფხულზე, იმისთვის, რომ იმუნური სისტემა დავიცვათ, აუცილებელია, მარხვა. ოღონდ გაცნობიერებული და არა ისე, როგორც მას ბევრი იცავს. ამ დროს კვება უნდა იყოს ბალანსირებული, რადგან არასწორი მარხვით, ორგანიზმს „დაანგრევთ”. არადა, მარხვა გულისხმობს გაზაფხულზე იმუნური სისტემის გაძლიერებას და არა შიმშილს და ორგანიზმის გამოფიტვას. სწორად დაცული მარხვის დროს, ორგანიზმი სუფთავდება ტოქსიკური ცილოვანი და ცხიმოვანი მჟავებისგან, რომელსაც ხორციდან ვიღებთ, ასევე, ჭარბი სახამებლისგან. ამ დროს, დიდი რაოდენობით საფუარიანი პურის, ლობიანების, ღვეზელებისა და შემწვარი კარტოფილის ჭამა, არ შეიძლება. უნდა იკვებოთ რაც შეიძლება ბევრი ხილ-ბოსტნეულით. რაც შეეხვება ნატურალურ წვენებს, აქაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან შესაძლოა, ადამიანს კონკრეტული დაავადება აწუხებს, რომლის დროსაც ზედმეტი სითხის მიღება არ შეიძლება. წყალი კი გაზაფხულზე ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში დაახლოებით, ლიტრ-ნახევარი უნდა დალიოს. გირჩევთ, წვენების ნაცვლად, ჭამოთ რაც შეიძლება, მეტი სეზონური ხილ-ბოსტნეული. 

 

скачать dle 11.3