კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძულეს აფხაზებმა და სამხრეთელმა ოსებმა ქართველები და რატომ უწოდებენ მათ „ფაშისტებს“

მართალია, ჩვენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღვიქვამთ რუსეთის მიერ აღიარებულ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს და ცივილიზებული სამყაროც მხარს გვიბამს, მაგრამ, სამაგიეროდ, აფხაზებსა და ქართველებს, სამხრეთელ ოსებსა და ქართველებს შორის კომუნიკაცია თითქმის აღარ არსებობს. უფრო მეტიც, მათი ნაწილისთვის (ეჭვი მაქვს, არცთუ მცირისთვის) ქართველი –  ფაშისტის სინონიმია და ამ სიძულვილის ტირაჟირებასაც აქტიურად ეწევიან. რა საშუალებები არსებობს თანამედროვე მარკეტინგში, რაც ამ სიძულვილს, თუ სიყვარულში არა, მეტ-ნაკლებად დადებით დამოკიდებულებაში გადაიყვანს? –  თემას „ჯეპრას” უფროს კონსულტანტ სოსო გალუმაშვილთან ერთად განვიხილავთ.

 

– მე არ ვიცი, სძულს თუ არა ყველა აფხაზსა და სამხრეთელ ოსს ქართველი, თუმცა ყველაზე აგრესიულ ნაწილში ეს ზიზღი უკიდეგანოა და მისი სიძლიერე გვიჩვენებს სწორედ პრობლემის სიღრმეს. როგორ შეიძლება ამის დაძლევა და არსებობს თუ არა ამ ნეგატივის პოზიტივად შეცვლის მარკეტინგული მეთოდოლოგიები?

– უპირველესად, აღვნიშნოთ ის, რომ მე არ ვარ კონფლიქტოლოგი და ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანის, პიარის სპეციალისტის კუთხიდან შევხედავ ამ თემას, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხზე თეორიულ დონეზე არ მიმუშავია.

– ეჭვი მაქვს, არც არავის უმუშავია.

– ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ამ სფეროში. ძალიან თვალშისაცემია ინფორმაციის ნაკლებობა. აფხაზებმა კარგად არ იციან, რა ხდება დანარჩენ საქართველოში, ქართველებმა კი არ ვიცით, რა ხდება აფხაზეთში, გამონაკლისების გარდა. მეორე პრობლემაა კომუნიკაციის არარსებობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მოძრაობს ენგურის ხიდზე, კომუნიკაცია მაინც ჩაკეტილია ამ ორ ხალხს შორის. ეს, უპირველესად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის „დამსახურებაა“, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ კომუნიკაცია აღრმავებს ურთიერთობებს, ურთიერთობის გაბმა დაახლოებას შეუწყობს ხელს და, მესამე საკითხი: თუკი მომხმარებელსა და ბრენდს შორის ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტას გადავიტანთ ხალხებს შორის ურთიერთობაზე, საჭიროა პრობლემის სხვა სიბრტყეში გადატანა. დღევანდელი სიბრტყე არის ორგანზომილებიანი: იქითა მხარეს დედა მოუკლეს, აქეთა მხარეს –  მამა, ორივე დაზარალებულია, არადა, ამ სიბრტყეში კომუნიკაცია ვერ აეწყობა.

– და არის მთავარი ჩიხური ასპექტი: ისინი ამბობენ, გვაღიარეთ და ამის შემდეგ დაგელაპარკებით, ჩვენ ვამბობთ  –  არასდროს გაღიარებთ და ნახავთ, რაც დაგემართებათ.

– ეს პოზიციაც გარკვეული სიბრტყიდან გამომდინარეობს: თქვენ, ქართველები, არ ხართ ჩვენი ძმური ხალხი, ომი წამოიწყეთ და დაგვხოცეთ; ანუ მივდივართ იქამდე, თუ რა არის ერთი ან მეორე მხარის მოტივაცია. ორივე მხარის მოტივაცია, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ არ დაკარგოს თვითმყოფადობა და ტერიტორიები. ისეთი მცირერიცხოვანი ხალხებისთვის, როგორებიც აფხაზები და ქართველებიც არიან, დემოგრაფიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აფხაზების შემთხვევაში ეს პრობლემა გაცილებით მწვავეა და ისინი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობით ამ პრობლემას უფრო იოლად მოაგვარებენ. უნდა მოიძებნოს კომუნიკაციის ის გეგმა, ის ხელშესახები საკითხები, რითაც დაიწყება კომუნიკაცია, რაც შეარიგებს ამ ორ ერს.

– და რა შეიძლება, იყოს კომუნიკაციის თემა?

–  გაერთიანება კომუნიკაციის დასაწყებად შესაძლებელია საერთო ღირებულებებზე. რატომ არის, რომ საქართველოში დღემდე არ გაჩნდა და ვერც უახლოეს ხანში გაჩნდება კრიტიკული მასა რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერების?! იმიტომ რომ დღეს რუსეთის ღირებულებები არ უთავსდება საქართველოს, ქართველი მოსახლეობის ღირებულებებს. ჩვენც უნდა მოვძებნოთ ის მთავარი ღირებულებები, რაც საერთო გვაქვს აფხაზებსა და ქართველებს და შევჯერდეთ მათზე. მით უმეტეს, ყირიმის პრეცედენტის შემდეგ აფხაზეთს ძალიან დიდი პრობელმა დაუდგა.

– იდენტიფიკაციის შენარჩუნების.

– დიახ, იმიტომ რომ, შესაძლებელია, აფხაზეთში უცებ გაჩნდეს მეხუთე კოლონა, მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთთან მიერთება. დარწუნებული ვარ, იქ არის ძალები, ეთნოსები, რომლებიც რაოდენობრივად გადააჭარბებენ ეთნიკურ აფხაზებს და გაიმარჯვებენ იმ რეფერენდუმში. ეს იქნება ყველაზე დიდი ტრაგედია აფხაზი ერისთვის. აფხაზები არ დგანან მარტივი არჩევნის წინაშე. ჩემი აზრით, დღესაც კი, ის საერთო ღირებულებები, რაც კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს, ჩვენ და აფხაზებს უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აფხაზებს და რუსებს.

– მათ მიერ შემოთავაზებულ დემოგრაფიულ მონაცემებსაც რომ დავუჯეროთ, აფხაზეთის არააფხაზი მოსახლეობა ორჯერ აჭარბებს რაოდენობრივად საკუთრივ აფხაზებს.

– ამიტომ, მოდი, ასე ვთქვათ, არც ქართველებს და არც აფხაზებს არ აქვთ ადვილი არჩევნის გაკეთების საშუალება. შესაძლოა, ერთ-ერთი საერთო ღირებულება იყოს საერთო მტრის ხატის შექმნა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ საქართველოში სწორი კომუნიკაციის შედეგად, სხვა საკითხია, რამდენად მართალი და საჭირო იყო, შექმნა მტრის ერთი ხატი –  რუსეთი. მიუხედავად ასეთი დაძაბული ურთიერთობისა, დღეს ქართველისთვის მტერი არ არის არც აფხაზი და არც ოსი, მტერია რუსეთი. საერთო მტრის ხატის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დიალოგის დასაწყებად. თუმცა არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორი, რასაც ჰქვია აფხაზური და რუსული სპეცსამსახურები. აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული ენგურს აქეთ, თუნდაც, ნათესაური კავშირების აღდგენაში, მაგრამ ეშინიათ, რომ იქ, ადგილზე, პრობლემები შეექმნებათ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აფხაზი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ თბილისში და შემდეგ აღფრთოვანებულები ყვებოდნენ ნანახის შესახებ. ეს პრობლემებს უქმნიდა იქაურ ელიტას. რუსეთმა ის სივრცე მთლიანად ჩაკეტა. როგორც ვაკვირდები, იქაური დე-ფაქტო ხელისუფლების მიზანია, ერთგვარი „რკინის ფარდა“ ჩამოაფაროს აფხაზეთს, რომ იქ არ შეაღწიოს ინფორმაციამ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან. თქვენ გახსოვთ, როდესაც დისკუსია გავმართეთ მათი ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს „ფეისბუქის” გვერდზე, ქართველების კომენტარები უბრალოდ წაშალეს.

– მე საერთოდ დამბლოკა ირაკლი ხინთბამ, ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თუმცა არასდროს არაფერი დამიწერია არაკორექტული. პირიქით.

– ეს ხდება იმისთვის, რომ ინფორმაცია არ მივიდეს ჩვეულებრივ აფხაზამდე და შემდეგ არ გავრცელდეს. ეს პრობლემებს უქმნის მათ ელიტას: მათი მართვა ჩიხშია. ისინი დაჰპირდნენ თავიანთ მოსახლეობას, რომ მთელი მსოფლიო ცნობდა მათ დამოუკიდებლობას, რეალურად კი მიიღეს ჩაკეტილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომლის მოქალაქეებსაც ყველგან ექმნებათ პრობლემა, გარდა რუსეთისა.

– მაგრამ ეს ყველაფერი ბრალდება იმას, რომ ფაშისტი ქართველები არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მათ ბავშვებს არ აძლევენ საშუალებას, გამართონ კონცერტები უცხოეთში, მათ ახალგაზრდებს ხელს უშლიან, ისწავლონ ევროპაში. თუმცა, როდესაც ვთავაზობთ, აიღეთ ნეიტრალური პასპორტები და ყველაფერ ამას განახორციელებთ, ვაჭრებს გვიწოდებენ. ახლანდელი უბედურების სათავეც კი, მათთვის ქართველია და ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ომი მოგვიგო რუსეთმა.

– მათი პოზიცია გასაგებია. მოდი გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-ანი წლები ჩვენთან, ომის მიმდინარეობისას აფხაზეთში, რუსეთმა ძალიან სწორად, საკუთარი მძლავრი ინსტიტუტებისა და პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით შეძლო, რომ ქართველებს ჰქონოდათ ოსისა და აფხაზის მტრის ხატი. და ჩვენთვის ეს მართლაც ასე იყო 2000-ანი წლების დადგომამდე. მხოლოდ შემდეგ, ჩვენი დასავლელი კონსულტანტების დახმარებით, ომის შედეგების ანალიზით, ქართველები მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზებისგან არ უნდა შევქმნათ მტრის ხატი და მტერი არის რუსეთი. ამდენად, დღეს მივიღეთ ასიმეტრიული სურათი: ერთი პრობლემის ორ მხარეს მდგარი ხალხი აბსოლუტურად სხვადასხვას მიიჩნევს მტრად: ჩვენთვის რუსეთია მტერი, აფხაზისთვის –  ქართველი. იმისთვის, რომ საერთო სიბრტყეში დავიწყოთ საუბარი, უპირველესად, უნდა დავიწყოთ სარეკლამო და, გნებავთ, პროპაგანდისტული კამპანია, რომ შევცვალოთ მტრის ხატი აფხაზებისთვის.

– როგორ?

– ეს არ არის რთული გასაკეთებელი. არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები. სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს ამ პრობლემას და შეიმუშაოს ერთიანი კამპანია. ეს არ იქნება აფხაზების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, პირიქით, აფხაზებიც უნდა ჩავრთოთ ამ პროცესის მეორე მხარედ და ერთობლივად მოვძებნოთ მტრის ხატი. შეიძლება, ჩვენთვის სასურველი მტრის ხატი ვერ შევქმნათ, მაგრამ ისიც საქმეა, თუ მტრის ხატს ჩამოვაცილებთ ქართველს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ დაიწყება რაღაც პოზიტიური პროცესი. ოღონდ, ეს უნდა გაკეთდეს კვლევების საფუძველზე, უნდა დაგვეხმაროს საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ აფხაზებთან კერძო საუბრებში ჩვენს სტერეოტიპებს ვიცავთ, რითაც კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. როდესაც ჩვენ გვეცოდინება, როგორია პრობლემების მათი რეალური აღქმა, შესაძლებელი გახდება, სწორად წარვმართოთ კომუნიკაცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ამაში ჩაერთვება ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რადგან მას მსგავსი პრობლემების მოგვარების უზარმაზარი გამოცდილება აქვს. როდიდან დარეგულირდა თვითონ ევროკავშირში პრობლემები? ევროკავშირის შექმნამ შეუწყო ხელი ევროპაში მშვიდობის დამყარებას. ეს მაღალტექნოლოგიური მექანიზმები უკვე არსებობს. არადა, ჩვენ ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ვაჭრობაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, როდესაც ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია მათი ექსპერტული დახმარება კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. მათ აქვთ დიდი ხნის წინათ აპრობირებული მეთოდები კონფლიქტების დარეგულირებაში. 

– მე არ ვიცი, რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია ამაში თუ ჩვენს თანამემამულეებს დამოუკიდებლად ჰგონიათ შედეგიანი ასეთი ქმედება, მაგრამ სოციალურ ქსელში მრავლად არიან ქართული გვარ-სახელის მქონე პირები, რომელთა იდენტიფიკაცია შეუძლებელია და რომლებიც პერმანენტულად ემუქრებიან აფხაზებს, რითაც კიდევ უფრო ამყარებენ ქართველის მტრის ხატს.

– რა თქმა უნდა, თუ ჩემთან მოხვალ იარაღით, მეც იარაღით დაგხვდები.

– იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს მხარესაც გვაქვს სამუშაო: ადამიანების ნაწილი დარმწუნებულია, რომ მხოლოდ ომია გამოსავალი.

– ადმინისტრაციული საზღვრის აქეთა მხარეს უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი ამ ეტაპზე, რადგან მეორე ეტაპი იქნება იქით გადასვლა. ქორების პარტია არსად წასულა, ფრთა, რომელიც ფიქრობს, რომ ომითაა შესაძლებელი აფხაზეთის დაბრუნება, მძლავრობს. მილიტარისტული აზროვნება ისევაა შემორჩენილი, რაც ნიშნავს აფხაზეთს აფხაზების გარეშე. ამ მოცემულობაში კი ვერაინაირი კომუნიკაცია ვერ დაიწყება.  ეჭვიც არ მეპარება, რომ ამით დაინტერესებულნი არიან გარკვეული ქვეყნების სპეცსამსახურები. ისინი სწორედ ამ მიმართულებას აქეზებენ, რომ არანაირი დაახლოება არ მოხდეს. ღირებულება: მე შენთან მოვალ და ამოგიხოცავ ოჯახს, –  არ არის ღირებულება.

– 2009 წლიდან აფხაზეთში თბილისიდან დარეკვა შეუძლებელია, ისევე, როგორც ცხინვალს ვერ დაუკავშირდები.

– ეს იმიტომ, რომ ინფორმაცია არ გაიცვალოს და, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, ფაქტობრივად, ისეთივე ტიპის კამპანიის ჩატარება, როგორსაც საქართველო ატარებდა უცხოეთში ტურისტებისა და ინვესტორების მოსაზიდად. ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფხაზებს, რომ შეიცვალონ მტრის ხატი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობის.

– ერთადერთი არხია ინტერნეტი და ინტერნეტითაც ყველა ვერ სარგებლობს აფხაზეთში.

– ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ საერთაშორისო არხები: „ბი ბი სი“, „სი ენ ენი“, „ევრონიუსი“.

– აფხაზები სად ნახავენ მათ?

– ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მათზე მიმართული კამპანია, ეს უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასა და მათზე მიმართული კამპანია. შემდეგ ეს სიუჟეტები უნდა გავავრცელოთ ინტერნეტით, გავუზიაროთ მათ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი მოქმედება, ამას უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი. რაღაცეები კეთდებოდა შევარდნაძის დროს, სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ ეს იყო ძალიან ვიწრო ნაკადი, მაშინ, როდესაც აფხაზეთში რუსეთიდან ინფორმაციის გაცილებით მსხვილი ნაკადი შედიოდა. გავიმეორებ: პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს, აფხაზს მოვუხსნათ მტრის ხატი ქართველის სახით.

 – ოღონდ ამ ქართველს და საქართველოს რებრენდინგი სჭირდება. 

– საქართველოს და ქართველის რებრენდინგი სპეციალურად აფხაზეთისთვის და, რასაკვირველია, დიალოგი იმ ღირებულებებზე, რომლებიც საერთო გვაქვს.

– უშუალოდ ჩემი გამოცდილებით, არის კიდევ ერთი საკითხი: მათ სჭირდებათ მსმენელი, გამზიარებელი თავიანთი ტრაგედიის, ისინიც ისეთსავე შემზავარ ისტორიებს ყვებიან, როგორსაც ჩვენი ქართველები. მათ ამის ამოთქმა უნდათ, უნდათ, რომ ვიღაცამ დაინახოს და აღიაროს მათი ტკივილიც.

– გეთანხმებით, ამასაც ვგულისხმობ კომუნიკაციაში. ასეთი თავზარდამცემი ისტორიები, მართლაც, არსებობს. ჩვენ, ძირითადად, ჩვენი მხრიდან ვიცით. კომუნიკაცია არ ნიშნავს იმაზე ლაპარაკს, როგორ წაგვართვეს ტერიტორია რუსეთის დახმარებით. ინფორმაცია უნდა გაიცვალოს ორმხრივად: უნდა ვიცოდეთ, როდის უნდა მოვუსმინოთ მათ და როდის უნდა ვილაპარკოთ ჩვენ.

 

скачать dle 11.3