კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იტყვიან ექიმები უარს, მოემსახურონ სახელმწიფო დაზღვევის მქონე პაციენტებს და რატომ დარჩებიან უახლოეს ხანში ქვეყანაში მხოლოდ ქირურგები და თერაპევტები

მართალია, პაციენტები, ძირითადად, კმაყოფილებას გამოთქვამენ ჯანდაცვის დაზღვევის საყოველთაო პროგრამით, რადგან ჯანმრთელობის დაცვა იმ ფენებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებიც ამაზე ადრე ვერც კი იოცნებებდნენ. მეტიც, ძვირად ღირებული ოპერაციის გასაკეთებლად არც საცხოვრებლის გაყიდვაა საჭირო (მოგეხსენებათ, საქართველოში გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯი იყო). მეორე მხრივ, არცთუ სახარბიელოა იმ ექიმების მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას ემსახურებიან: მაგალითად, პოლიკლინიკის ექიმი თითეული პაციენტის მომსახურებიდან ანაზღაურებად 19 თეთრს იღებს, ექთანი კი, სულაც, 11-ს, თანაც, დაგვიანებით. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტ ჯონი ჯანაშიას გავესაუბრეთ ექიმების ამჟამინდელ და მოსალოდნელ ფინანსურ პერსპექტივებზე.

 

– რა დოზით არის გათვალისწინებული ექიმების ინტერესი საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში?

– ცოტა შორიდან დავიწყებ: ჩემი აზრით, იმთავითვე არასწორად წარიმართა ჯანდაცვის სფეროს რეფორმა, იმიტომ რომ, უნდა დაწყებულიყო სადაზღვევო სისტემის რეფორმით, რაც არ მოხდა და ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, რადგან არ იყო განსაზღვრული, რას უნდა დაყრდნობოდა მედიცინა. ამ არასწორმა ნაბიჯებმა საშინლად გააძვირა სამედიცინო მომსახურება იმ ხალხისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მიჩვეულები იყვნენ უფასო სამედიცინო მომსახურებას. ამდენად, ყველაზე დაზარალებულები აღმოჩდნენ თავად ექიმები. გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ ავადმყოფი ისეთ ელემენტარულ ოპერაციაშიც კი, როგორიც აპენდოკტომიაა, იხდიდა 1 000-მდე მანეთს, საიდანაც ექიმის წილად მოიდოდა 27-29 მანეთი. ექიმები იძულებულები გახდნენ, ჯიბე მიეშვირათ ავადმყოფისთვის და აქ დასაძრახი არაფერია, რადგან მათ უნდა აეღოთ იმ შრომის საფასური, რაც გასწიეს და ოჯახები ერჩინათ.

– ყველაზე დაზარალებული პაციენტი არ იყო, რომელიც ყველას უხდიდა: სახელმწიფოსაც და ექიმსაც?

– რა თქმა უნდა, არასწორად იყო გათვლილი. ძალიან კარგი რამ მოხდა საყოველთაო დაზღვევის სახით, რადგან ამით პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების კარი გაიღო უამრავი ადამიანისთვის, ვისთვისაც ის ადრე დახურული იყო.

– ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარჯი გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

– ოჯახის წევრის დაავადება ნიშნავდა ოჯახის ბიუჯეტის დანგრევას, რაც განსაკუთრებით საშუალო და ღარიბ ფენას დაეტყო. გაიღო კარი და მთელი ეს ტალღა მიაწვა სამედიცინო დაწესებულებებს. ამით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიწია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ქება და დიდება ჯანდაცვის მინისტრსა და იმ გუნდს, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე არ იყო გათვლილი ის ეკონომიკური საფუძვლები, რასაც უნდა დაყრდნობოდა ეს სამედიცინო დაზღვევა. თქვენ თავად დაასახელეთ ის ციფრები, რაც განსაზღვრულია ექიმისთვის თითო ავადმყოფის მომსახურებიდან.

– 19 თეთრი და, თუ არ ვცდები, დადგენილია, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ რამდენ  პაციენტს უნდა მოემსახუროს პოლიკლინიკის ექიმი.

– რამდენიმე „მაგრამ” ახლავს ამ პროცესს. ეს ანაზღაურება გათვლილია, როდესაც 2 500-2 600 პაციენტი ეყოლება ამბულატორიის თითო ექიმს, მაგრამ, ერთია ციფრები და მეორე –  რეალობა. არის კი უბნებზე, რომლებსაც ესა თუ ის ექიმი ემსახურება, რეალურად ამდენი ადამიანი?!

– აქვს ერთ ექიმს რესურსი, თვეში 2 500 პაციენტს მოემსახუროს?

– აქ ასეთი მომენტია: ვთქვათ, მე, ჯონი ჯანაშიამ, როგორც ექიმმა, კარდაკარ დავიარე 2 500 პაციენტი და ვიცი, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მოვლენ ჩემთან და არა სხვა ექიმთან და თვის ბოლოს ამ თანხას ავიღებ აპრიორი. ჯერ ერთი, ეს არ არის ისეთი თანხა, რომ ავშენდე, თუმცა შემეძლება, კვირაში ერთხელ  თავისუფლად შევიდე ბაზარში და შევიძინო ოჯახისთვის აუცილებელი სანოვაგე. მაგრამ აქ მეორე ამბავიცაა: ზოგიერთ ექიმთან, ვინც შეძლო 2 500 პაციენტის შეგროვება და თავისად დაგულება, ამ პაციენტებმა იხუვლეს და ერთბაშად მივიდნენ, იმისდა მიუხედავად, საჭიროებდნენ თუ არა მკურნალობას და კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა ყველა პოლიკლინიკაში. გარდა ამისა, ამდენი პაციენტი ყველამ ვერ დაიგულა, იმიტომ რომ, არის წარმატებული, წარუმატებელი და ჩვეულებრივი პოლიკლინკები. ექიმის საქმე არ არის, რა სტატუსით სარგებლობს მენეჯერი და როგორ მუშაობს; მე, ექიმმა, არ უნდა ვირბინო ავადმყოფის მოსაპოვებლად. როდესაც არჩევნის წინაშე დადგა, მენეჯერმა ეს ავადმყოფები სხვაგან, უფრო წარმატებულ კლინიკებში გადაქაჩა და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.

– მაგრამ ეს კონკურენციაა –  მიდიხარ კარგ ექიმთან და არა წარუმატებელთან.

– მაგრამ ეს ყოველთვის კონკურენციის გამო არ ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ვიღაც მოვიდა, გამაფორმა კონკრეტულ პოლიკლინიკაში და ერთ მშვენიერ დღეს გავიგე, რომ იმ პოლიკლინიკაში კი არ უნდა მივიდე, რომელიც ჩემს სახლთანაა, არამედ უნდა წავიდე სამი გაჩერების იქით. ამის მაგალითი ბევრია თბილისში.

– მაგრამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში პაციენტი ირჩევს სამედიცინო დაწესებულებას და ორ თვეში ერთხელ შეუძლია მისი გამოცვლაც.

– ესეც არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აგარჩევინეს იმიტომ, რომ ხელი მოგაწერინეს. შესაძლოა, დაწესებულებაში, რომელიც აგარჩევინეს, უკეთესი სიტუაცია აღმოჩნდეს, მაგრამ გრიპს ჩემი ექიმიც ძალიან კარგად მოუვლის. გადავიდეთ სხვა საკითხზე: რამდენი პაციენტი უნდა გასინჯოს პოლიკლინიკის ექიმმა ყოველთვიურად, რომ იმ 19 თეთრობით ნორმალური ანაზღაურება დაუგროვდეს?!

– დავაზუსტებ: თუ ერთი პაციენტი თვეში სამჯერ მივიდა, ეს სამი პაციენტია, ანუ 3-ჯერ 19, თუ, ერთი პაციენტი, ანუ მხოლოდ 19 თეთრია?

– ის ერთი პაციენტია. ეკონომიკური გათვლები არ ყოფილა და ძალიან დიდი შიში მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ხუხულასავით არ დაინგრეს.

– რა დაანგრევს? ექიმი აღარ მოემსახურება დაზღვეულ პაციენტებს?

– არ მოემსახურება, რადგან მას აღარ ექნება ეკონომიკური საფუძველი. თუ ოქრო არ დევს ბანკში, რამდენი ფულიც არ უნდა ვბეჭდო, ის ქაღალდად იქცევა. ანალოგიური ვითარება იქნება აქაც: მე მოვემსახურე პაციენტს, ჩემი მოვალეობა შევასრულე, მაგრამ ანაზღაურება არ მოვიდა, ბოლოს და ბოლოს, გულს ავიცრუებ და და უარს ვიტყვი იმ პაციენტის მომსახურებაზე, რომელსაც აქვს საყოველთაო დაზღვევა. მე პოლიკლინიკის ექიმების მაგალითი მოგახსენეთ, მაგრამ იგივე ვითარებაა საავადმყოფოებში, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს.

– თქვენ ხომ არ იცით, რას ემყარება სამედიცინო დაწესებულებებში ერთსა და იმავე მომსახურებაზე რადიკალურად განსხვავებული ფასები?

– ყველას თავისი განფასება აქვს.

– მე უფრო გემოვნებას დავარქმევდი და არა განფასებას 500-ლარიან სხვაობებს ერთსა და იმავე ოპერაციაში.

– მაგრამ ხშირად ეს ექიმის ნამოქმედარი არ არის, ცოტა ზემოთა სართულებიდანაა ნაკარნახევი და ვინც უფრო ძვირად აფასებს თავის მომსახურებას, ეტყობა, ფიქრობს, რომ უფრო მეტად გაპრანჭა თავისი საავადმყოფო. მეორე მხრივ, ეს საყოველთაო დაზღვევა სამშობიაროებსაც შეეხო. მე არაერთი წარმატებული სამშობიარო ვიცი, რომლებიც კარგად მუშაობდნენ, მაგრამ, როგორც კი შევიდა საყოველთაო დაზღვევა, თვეობით დაიწყო ანაზღაურებამ დაგვიანება. ვიცი ბევრი კლინიკა, სადაც ახალი წელი ჯერ არ დამდგარა.

– როგორც პირად საუბრებში ამბობენ ექიმები, ეს არ არის ყოველთვის სახელმწიფოს ბრალი, თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც ხშირად საკუთარი ინიციატივით უგვიანებენ ხელფასებს.

–  ყველა თავისებურად სცოდავს. არ არის დასამალი: ვთქვათ, ვარ კარგი, წარმატებული კლინიკის ხელმძღვანელი და ბევრი ხარჯი გავიღე, რომ ჩემი კლინიკა ყოფილიყო წარმატებული, სადაც მუშაობენ როგორც წარმატებული, ისე ჩვეულებრივი სპეციალისტები. ის წარმატებული სპეციალისტები, რომლებიც უფრო მეტ პაციენტს მოიზიდავენ, უპირველესად არიან მოსაფერებლები მენეჯერის მხრიდან, ვიდრე შემხვევი ქირურგი თუ პალატის ექიმი. მაგრამ ყველა შალიაპინი და კარუზო ვერ იქნება. ეს არის გუნდი, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ეს ორგანიზაცია. ერთი სიტყვით, სახელმწიფოც სცოდავს და მენეჯერიც.

– დიდი არეულობაა პოლიკლინიკებში: მათი უმეტესობა გაყიდულია წინა ხელისუფლების დროს და დაპირისპირებებია პერსონალთან. 

– ჯერ კიდევ წინის წინა ხელისუფლების დროს დაიწყო პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი. მაგრამ „ნაციონალებამდე“ ხელისუფლებას ცოტა სხვაგვარი სტრატეგია ჰქონდა. პოლიკლინიკები ორ ნაწილად გაიყო: ჩვეულებრივად და სტრატეგიულად. გაიყიდა ჩვეულებრივი პოლიკლინიკები, მაგრამ სტრატეგიული პოლიკლინიკები უნდა ყოფილიყვნენ მუნიციპალური ან ცენტრალური დაქვემდებარების ქვეშ. სამწუხაროდ, „ნაციონალებმა“ ეს აღარ გაითვალისწინეს, ოღონდ ფული შესულიყო ბიუჯეტში და გაყიდეს ყველა პოლიკლინიკა თუ სამედიცინო დაწესებულება. ამიტომ დღეს თბილისში აღარ დარჩა არც ერთი ცენტრალური ან მუნიციპალური დაქვემდებარების კლინიკა და პოლიკლინიკა. როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებდა მათ მოვლა-პატრონობას, ფასები იქნებოდა დარეგულირებული და დაბალი. მაგალითად, ასეთები იყო რუსთაველზე მდებარე მეცამეტე პოლიკლინიკა და ბავშვთა ყოფილი მეცამეტე პოლიკლინიკა. იქ ექიმებს ჰქონდათ დაბალი, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ხელფასი და არ იყო მოტივაცია, მეტი გამოვძალო პაციენტს, რითაც ორივე მხარე იყო კმაყოფილი, გარდა სახელმწიფოსი და თბილისის მერიისა, რომელმაც ეს პოლიკლინიკები მიაყიდა, თან, ბევრი დარღვევით. რეალურად დღეს ეს პოლიკლინიკები კერძო საკუთრებაა და დიდი საფრთხეა, რომ სამედიცინო პერსონალი გაიცხრილება და დარჩება ქუჩაში ყოველგვარი შემოსავლების გარეშე. მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, რომ იქნებ ახალმა მერიამ დღის წესრიგში დააყენოს არასწორად გაყიდული პოლიკლინიკების სახელმწიფოსთვის დაბრუნების საკითხი, რადგან სახელმწიფოს სჭირდება მუნიციპალური დაქვემდებარების პოლიკლინიკა, სადაც მატერიალურად შედარებით არაუზრუნველყოფილი მოქალაქე ივლის.

– სახელმწიფოს შეუძლია, თქვას: მე მაქვს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა და არ მჭირდება მუნიციპალური პოლიკლინიკები.

– მაგრამ ხომ არის მედიცინის მუშაკების ფაქტორი, რომელთა დიდი ნაწილი სტრატეგიული პოლიკლინიკების პრივატიზაციამ ქუჩაში, ბორტს მიღმა დატოვა?!

– სახელმწიფო იტყვის, რომ  არ სჭირდება ამდენი ექიმი.

– გეთანხმებით და მეტსაც გეტყვით: ამდენი ექიმი საქართველოს არც სჭირდებოდა თავის დროზე.

– ისიც ცნობილია, რომ ერთი ექიმი ცდილობს, კოლეგებიც დაასაქმოს და, გჭირდება თუ არა, დამატებით კვლევებსა და სპეციალისტებთან გიშვებს.

– იმიტომაა საჭირო ეს მუნიციპალური დაქვემდებარების პოლიკლინიკები, რომ გარკვეული სამედიცინო დარგები საერთოდ არ გაქრეს. ისინი საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე შესაძლოა, დიდი მოთხოვნა არ იყოს. მაგალითად, ამას წინათ დამირეკა მეგობარმა და მკითხა, ხომ არ ვიცნობდი ნორმალურ გერონტოლოგს. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, არის თუ არა ამ დარგის სპეციალისტი. ახლო მომავალში შეიძლება, დარჩნენ მხოლოდ ქირურგები და თერაპევტები.

– გასაგებია, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა უფრო მეტია, შესაბამისად, მადლიერი ამომრჩევლის, მაშინ, როდესაც ექიმები მათთან შედარებით ცოტანი არიან, მაგრამ, თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეეძლება ბიუჯეტს, ასწიოს ეს ტვირთი?

– დიახ, ყველას სწორედ ამის ეშინია, რომ დაფინანსება აღარ იქნება და, ერთ მშვენიერ დღეს მოვა დაზღეული, მაგრამ ექიმი მას ეტყვის: მე თქვენ ვეღარ მოგემსახურებით. ამას უნდა მიშველება. მნიშვნელოვანი თანხები უნდა გადმოიქაჩოს. შეიძლება, თანადაფინანსებაზეც იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ აბსოლუტურად უფასო არაფერი არ არსებობს.

– და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დავუშვათ, ისტერიული ადამიანი ვარ და სულ მეჩვენება, რომ რაღაც მჭირს, სახელმწიფო კი იხდის ამაში ფულს, რაც აკლდება სხვა სფეროს. შეუძლებელია, განისაზღვროს რაღაც ლიმიტის მაგვარი? 

– გახსოვთ ერთი პერიოდი, როდესაც ხანდაზმულებს არავინ აზღვევდა?! მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი მოვლა ამ კატეგორიას სჭირდება. გეთანხმებით: ადამიანი წლობით არ ყოფილა ექიმთან, უმუშევარია, ზის სახლში, მარტო საკუთარ თავთან, ხან რა ასტკივდება, ხან –  რა. ათასი ფიქრი აწუხებს და ფრჩხილის კიბოდან დაწყებული ყველაფერზე შფოთავს. მაგალითად, მე სამხედრო ექიმი ვიყავი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ექიმი, რომელსაც დაჭრილების სორტირება ეხებოდა. ის ხელმძღვანელობდა, თუ ვის უნდა გაეწიოს ომში პირველად სამედიცინო დახმარება. ვთქვათ, გყავთ 2 მძიმე და 15 მსუბუქად დაჭრილი. ყველა ნორმალური ადამიანი ამბობს, თავდაპირველად მძიმედ დაჭრილებს უნდა გაეწიოთ სამედიცინო დახმარება, მაგრამ ომში ეს გამორიცხულია: პირველად სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინო მსუბუქად დაჭრილებს, რომ ის 15 იმ ორივით არ დაგიმძიმდეს.

 

скачать dle 11.3