კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში „ჩაითრია“ სალომე ზურაბიშვილმა შვილი და რა ოცნება აუსრულა მან ჯანრი კაშიას გარდაცვალების შემდეგ

უკევ სამი წელია, სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და თბილისში დროდადრო ჩამოდის სტუმრად. გაეროს საერთაშორისო მისიაში საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მაინც ხშირად ჩნდება. მართალია, აქტიური პოლიტიკიდან ერთგვარი ტაიმაუტი აიღო, არც სახელმწიფო მოხელეა და არც ძველებურად „ბარიკადებზე” დგას,  თუმცა, ფიქრობს, რომ  შორს არსად წასულა და ნიუ-იორკში მყოფიც კი უფრო აქტიურად არის აქ, ვიდრე ზოგიერთი.  მისი მორიგი ვიზიტი საქართველოში თბილისის მერობას დაუკავშირეს,  მაგრამ, თავად ამბობს, რომ  იმ ბრძოლაში  არასდროს აღარ ჩაებმება, სადაც მისი ადგილი არ არის.  

 

სალომე ზურაბიშვილი:  თბილისში საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ,  როგორც კი  ამისი  დრო და საშუალება გამომიჩნდება ხოლმე. სახლი მარტო აქ, თბილისში  მაქვს. პარიზში დედა და ჩემი ქალიშვილი არიან, ჩემი ვაჟიშვილი, თემური – ამერიკაშია,  ასე რომ, პარიზი-თბილისი-ნიუ-იორკი ჩემი ყველაზე ხშირი მარშრუტია.  

 – და თქვენი ეს ვიზიტი  თბილისის შესაძლო  მერობას არ უკავშირდება?   

– არა, ეს არ არის ჩემი გეგმა და მიზანი.  მე ვიღებდი მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. მიმაჩნია, რომ იმ ფუნქციის შესასრულებლად მზად ვიყავი,  მქონდა ხედვაც და გამოცდილებაც. მერობისთვის მზად არ ვარ, მით უფრო, დღევანდელ პირობებში, როცა ვხედავ, რა დღეშია ეს ქალაქი, რა ხდება საკრებულოსა და მერიას შორის. ამას გარდა, ეს არ არის ჩემი საქმე – ამ კუთხით გამოცდილება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით პირველი ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებასა და ჩემს ხედვას,  თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ქალაქი.  დღეს ჩემთვის ამ პროცესებში ჩართვას აზრი არ აქვს და, ვიცი, რომ დამთავრდება ისე, როგორც დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ  ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მე ვარ ქართულ პოლიტიკაში და ვიქნები მომავალშიც.  

– რა ფორმით ხართ ჩართული დღეს ქართულ პოლიტიკაში?

– პარტია, რომელიც მე დავაარსე, რჩება ამ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა დღეს მე ამ პარტიაში არ ვარ.  ის  ადამიანები, ვინც არიან ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები, გამოირჩევიან იმ ღირებულებებით, რაც ჩემთვის არის  მთავარი – ქვეყნისთვის საქმის გაკეთება და არა  გამდიდრება.  პირადად მე ვაკვირდები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება და, იმ მომენტში, როცა ვიქნები საჭირო და ჩავთვლი, რომ მე შემიძლია ამა თუ იმ საქმის გაკეთება, აუცილებლად ვიტყვი ჩემს სიტყვას.  ამ ქვეყანაში ჩემთვის ორი რამ არის აუცილებელი: პირველი – არ შეიცვალოს ქვეყნის ორიენტაცია და არ დაუბრუნდეს იმ მიმართულებას, რომელმაც დაღუპა ჩვენი ქვეყანა და, მეორე – დემოკრატია და ქვეყნის წყობა, რაც განვითარების ერთადერთი ფორმაა. თუ ამ მხრივ დავინახავ საფრთხეს, ან საზოგადოება ჩათვლის, რომ ვარ საჭირო, მე ვიქნები აქ, თუმცა, გეოგრაფიულად სად ხარ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მე ნიუ-იორკში მყოფი უფრო „ვარ” საქართველოში, ვიდრე ზოგიერთი აქ მყოფი.          

– თქვენ იყავით საპრეზიდენტო კანდიდატი. ეგებ, თბილისის მერობა არ მიგაჩნიათ, თქვენს „რანგად”?

– არა,  ასე არ არის. ეს არ არის პრეტენზია, რომ მე მერობა არ მეკადრება, პირიქით, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, მერობა კი –  ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის დემოკრატიის ნიადაგის მომზადება, მაგრამ ეს პოლიტიკური ბრძოლაა და რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში, როცა მოცემულობა არის ისეთი, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე? აქეთ არის წინასწარ  დანიშნული მერი, მეორე მხარეს კი – „ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც დღეს აქვს ის ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, რაც მას ჰქონდა,  და, ამ პროცესში უნდა  მიიღო მონაწილეობა, იმისთვის  რომ წააგო?! არ მიმაჩნია ეს პოლიტიკურად გამართლებულად.  მე რეალისტი ვარ, პირდაპირ აღვიქვამ მოვლენებს.

– ნიუ-იორკიდან ქართული პოლიტიკა როგორ „გამოიყურება”?

– ჯერჯერობით ჩანს ნელა მიმდინარე პოლიტიკური განვითარება, ცოტა გაყინული მდგომარეობა. ჩვენ  ყველა, ალბათ, მეტს ველოდით. ამ რეაქციას ვგრძნობ ხალხისგან. ცხადია, ყველა კუთხით ვფიქრობდით პროცესების უფრო სწრაფად წარმართვას.  ბოლო პერიოდში უფრო ამოქმედდა  საგარეო პოლიტიკა, შესაძლოა, უკრაინამ მოგვცა ბიძგი. ამ კუთხით დღეს უფრო ნაკლები შენიშვნები მაქვს, ვიდრე მქონდა.  ცოტა გადამეტებული მოლოდინი გვქონდა ეკონომიკის მიმართულებით მხოლოდ იმიტომ, რომ  ერთ მხარეს იდგა  ბიძინა ივანიშვილი და ბევრი ფული. სამწუხაროდ, ჩვენ  გვაქვს მცდარი წარმოდგენა, რომ ეკონომიკა იქ ყვავდება, სადაც ბევრი ფულია, სინამდვილეში ეკონომიკის განვითარებას სხვა რამ სჭირდება, თუმცა, არც იმ აზრის მომხრე ვარ, რომ მთელი ქვეყანა ინვესტიციებით უნდა იყოს მართული. ჩემი აზრით, ჯერ  საკუთარი ძალებით უნდა სცადო იმის გაკეთება, რაც შეგიძლია, ვიდრე სხვამ განავითაროს შენი ქალაქები, მით უფრო დედაქალაქი.  არ მომწონს, რომ ასე არის  შეზღუდული პრეზიდენტის ფუნქციები და მას გასაქანს არ ვაძლევთ. არ მიმაჩნია სწორად, როცა მის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრო მთავრობა. მთავრობამ პატივისცემა უნდა გამოხატოს ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თავიდან  დანიშნული იყო, მაგრამ, მერე ხომ აირჩია ხალხმა?! არსებობს პრეზიდენტის სასახლე, რატომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლეში? ის სასახლე ცარიელი და მიგდებული  არ უნდა იყოს,  იქ უაზრო გამოფენები არ უნდა ტარდებოდეს, ეს, პირველ ყოვლისა, ქვეყნის უპატივცემულობაა.     

–  გაეროში საინტერესო საქმეს ხელმძღვანელობთ,  დროდადრო ქართული პოლიტიკის დავიდარაბაში ჩართვა გიღირთ? 

– 2010 წლის ნოემბერში  დავიწყე მუშაობა გაეროში, ირანის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ.  მიმაჩნია, რომ სანქციები არის ერთადერთი გზა და ომის  ალტერნატივა, ამიტომ,  ვფიქრობ,  რომ  საჭირო საქმეს ვაკეთებ. ის სანქციები, რაც არის დაწესებული ირანის მიმართ, მიუღებელია იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, შესაბამისად, მათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს; უფრო მეტიც, ირანშიც კი არ გვიშვებენ, რაზეც გული მწყდება. ორჯერ ვარ ნამყოფი ამ ქვეყანაში ტურისტად, ვფიქრობ, საინტერესო ქვეყანაა და მიყვარს კიდეც. ძალიან მინდა, რომ ამ იზოლაციიდან გამოვიდეს და ყველაფერი კარგად დამთავრდეს.  ეს სამსახური ძალიან საინტერესო საქმეა დიპლომატისთვის, დიდ გამოცდილებას იღებ, მაგრამ, შენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა  მაინც სხვაა და ეს ბევრს ნიშნავს.  მე არ ვარ დაბადებული პოლიტიკოსად, პოლიტიკოსად გარკვეულმა გარემოებებმა მაქცია. მე ვარ დაბადებული სახელმწიფო მოღვაწედ და ამ სამსახურისთვის ყოველთვის მზად ვარ.  

– იმის მიუხედავად, რომ ქართული პოლიტიკის კულისებმა მძიმე პერიოდები გადაგატანინათ? 

– როგორც ვატყობ,  მძიმე არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის კულისებია, ალბათ, ასეთია სხვა პოლიტიკა სხვა ქვეყნებშიც. ჩვენთან ამ სიმძაფრეს პოსტსაბჭოთა სივრცის ფაქტორი იწვევს. 2010 წელს მე გავერიდე აქაურობას, რადგან, მივხვდი, რომ არ იყო არანაირი საშუალება პოლიტიკური საქმიანობის და ჩემთვის ყველაფერი დაიკეტა. სულელი უნდა იყო, რომ ცარიელი ხელები უბრახუნო კედელს, ამას ჯობია, სხვა საქმე გააკეთო და მეც დავუბრუნდი იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს. 

– ორი წელი გავიდა თქვენი მეუღლის, ჯანრი კაშიას გარდაცვალებიდან. როგორ გაგრძელდა თქვენი  ცხოვრება მის გარეშე?

–  ის, რომ მისი გარდაცვალება   რთული იყო და მძიმე, ალბათ,  ახსნას არც საჭიროებს. მაგრამ,  ცხოვრება არის ასეთი – უნდა განაგრძო.  ჯანრისგან  ეს მაგალითი მივიღე – უნდა იყო ძლიერი, არ  იწუწუნო, უნდა გაუძლო სირთულეებს და არ ჩამოუშვა ხელები. ჩვენ თითქმის ოცი წელი გავატარეთ ერთად, ეს ბევრიც არის და ცოტაც. ის იყო ჩემი  მეგობარიც, ქმარიც, თანამებრძოლიც. ყველაზე მეტად რაც მიჭირს დღემდე და, ეს, ალბათ, ძალიან დიდხანს გამყვება,  აღარ მაქვს ჯანრის  პასუხები ჩემს შეკითხვებზე.  შეიძლება, დამეჯერებინა მისთვის, შეიძლება – არც დამეჯერებინა და შევკამათებოდი, მაგრამ, ყოველთვის მქონდა პასუხი – სანდო და კომპეტენტური. ზოგჯერ, როცა არ ვიცი, ვის მივმართო, ვბრაზობ ჯანრიზე, რომ ჩემ გვერდით აღარაა, მით უფრო მაშინ, როცა ბევრი გაურკვეველი კითხვა გროვდება ირგვლივ და გიჩნდება სურვილი, მოისმინო ჯანსაღი აზრი ან შენი ანალიზი გაუზიარო. ამით ნელ-ნელა მიდიხარ  სწორ დასკვნამდე, მით უფრო, როცა გვერდით  ერთგული და საინტერესო ადამიანი გყავს. ჯანრი ასეთი იყო.   მე ავასრულე მისი ოცნება და გამოვეცი თერთმეტტომეული, სადაც თავი მოვუყარე ჯანრის ჩანაწერებს, მის ნაშრომებს ყველა მიმართულებით, მთელ მის შემოქმედებას. ეს იყო  ჩემი ნიუ-იორკში წასვლის ერთ-ერთი მიზანიც, რომ ფინანსურად ამ გამოცემის გაკეთების  საშუალება მომცემოდა.   ასეთი აქტიურობა ჯანრის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად მჭირდება, რაც უფრო დაკავებული ვარ, უფრო კარგად ვარ.   ჩემი შვილები  უკვე დიდები არიან და თავიანთ გზას  მიჰყვებიან. დედაჩემის ასაკი და ჯანმრთელობაა ის, რაც  თავისუფლებას მიზღუდავს, რადგან, ვიცი, რომ, რაც შეიძლება  ხშირად უნდა ჩავიდე მასთან და მივხედო. დედა ყოჩაღად გამოიყურება, მაგრამ 93 წლის ხდება და, მისი ასაკიდან გამომდინარე, მეტი ყურადღება სჭირდება. მასთან არიან  ქართველი ქალები – დედასაც ასე ერჩივნა, მათთან კომფორტულად გრძნობს თავს. 

–  თქვენი შვილები რას საქმიანობენ?

–  ქეთევანი პარიზში ცხოვრობს, ჟურნალისტია და  ფრანგულ საერთაშორისო არხზე მუშაობს.  თემური დიპლომატია, ნიუ-იორკში  საფრანგეთის საგარეო წარმომადგენლობაში მუშაობს. მე არ ჩავრეულვარ თემურის პროფესიულ არჩევანში, თვითონ გადაწყვიტა ასე. ძალიან მომეწონა, რომ მან ის საქმე აირჩია, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ ის გიყვარს. მე ჩემი შვილები ყველგან თან დამყავდა, სადაც დავდიოდი და ასეთ დროს, ორი ვარიანტია: ან ბავშვებს უყვარდებათ ის საქმე, რასაც აკეთებს მშობელი, ან – პირიქით. როგორც ჩანს, ჩემს შვილებს ისე უყვართ მოგზაურობა და სხავდასახვა ქვეყანაში ცხოვრება, მოსწონდათ ჩვენი ცხოვრების წესი და არ ფიქრობენ, რომ, რადგან  ერთ ადგილას გაჩნდი,  აღარ უნდა გაინძრე.  ცხოვრების აქტიური წესი ადამიანს ძალიან ეხმარება, მუდმივად იყოს ფორმაში. 

– ეს თქვენი  გარეგნობის მთავარი „რეცეპტიც” არის?

 – არ ვიცი. პირიქით,  სულ მეუბნება ჩემი ქალიშვილი,  საერთოდ არ უთმობ დროს საკუთარ თავსო.  ერთადერთი, რაზეც უარს არ ვამბობ არასდროს, არის ვარჯიში და ცხოვრების სპორტული წესი. ნიუ-იორკში დარბაზში ვვარჯიშობ; როცა თბილისში ვიყავი, აუზზე დავდიოდი. ამ მხრივ  ჯანრი იყო  ძალიან აქტიური,  მე – უფრო მოხალისე –  მიყვარდა თხილამურები, ჯირითი. რაც უნდა ბევრი საქმე მქონდეს,   სპორტის რომელიმე სახეობით უნდა ვიყო დაკავებული. 

– ცხენოსნობაც კვლავ რჩება თქვენს გატაცებად?

– აქ რომ დავრბრუნდები, ვნახოთ, გააჩნია, როგორ  იქნება იპოდრომის ამბავი. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ცხენი მყავდა და ყოველ დილით, 7 საათზე მივდიოდი იპოდრომზე, ეს იყო ჩემი ენერგიის წყარო. მერე ჩოგბურთმა გამიტაცა.  დღეს ვერ ვახერხებ ასე აქტიურ სპორტულ ცხოვრებას,  თუმცა, მაინც ძალიან  საინტერესო და  აქტიური ცხოვრების წესი მაქვს. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხან ერთ ქვეყანაში ვარ, ხან – მეორეში. კიდევ კარგი, თვითმფრინავში კარგად მძინავს, რადგან, ზოგჯერ ისე აეწყობა ხოლმე, რომ მე თვითონაც არ ვიცი, სად ვიყავი და სად მივდივარ (იცინის). გაეროში საქმიანობის პარალელურად, პარიზში პოლიტიკური მეცნიერების უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს, პროფესორი ვარ. ლექციების გამო, ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც, პარიზში უნდა ვიყო, ოღონდ, როგორ ვახერხებ, არ ვიცი – ზოგჯერ პირდაპირ აეროპორტიდან მივდივარ ლექციებზე.  სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა მომწონს, მეც ახალ ენერგიას მაძლევს. ახლა გავდივართ  ევროპის საგარეო პოლიტიკის კურსს, თუ  როგორია  ევროპის დამოკიდებულება  კონფლიქტებთან და კრიზისებთან მიმართებაში,  რაც დღეს ძალიან აქტუალური და საინტერესოა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მინდა, რომ  თბილისშიც წავიკითხო ლექციები. ერთ დროს დავიწყე ეს საქმიანობა, მაგრამ, ყველგან დამბლოკეს. იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა  ჩემი, როგორც პროფესორის საქმიანობა პრობლემებს არავის შეუქმნის. ეს არის ჩემი საცხოვრებელი გარანტია.   ჩვენი ჯგუფის მანდატი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ყოველწლიურად განახლებადია;   საბჭომ რომ  მისია დაასრულოს,  ხომ მჭირდება სხვა სამსახური?! მე არ მაქვს მოპარული ფული და რაღაცით ხომ უნდა ვიცხოვრო?! (იცინის) რაც 16 წლის გავხდი, მას შემდეგ ჩემი შრომით ვცხოვრობ, არავისგან არანაირი  დახმარება არ მქონია – სწორედ  ეს არის ჩემი თავისუფლება.  

 

скачать dle 11.3