კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

* * *

დიმიტრის დილამდე ეძინა. მართალია, ძილში შფოთავდა, მაგრამ, ღამემ მაინც მშვიდობიანად ჩაიარა. დილით ცოტათი დაღლილს გაეღვიძა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფიზიკურად იმუშავა და ახლა დასვენება უნდოდა. მზიამ სულ ძალით ჩაუტარა ყველა პროცედურა, მსუბუქად ასაუზმა და გადაწყვიტა, ცოტა გაემხიარულებინა – რაღაც სასაცილო ამბის მოყოლა დაიწყო, მაგრამ დიმიტრი არ უსმენდა, თვალები ჭერისთვის მიეშტერებინა და სახე ისე ჰქონდა შეჭმუხნილი, აშკარად რაღაც ძალიან მტკივნეულზე ფიქრობდა.

– ჰოდა, რომ შევედი, დავინახე, რომ... – განაგრძობდა მზია, მაგრამ დიმიტრიმ საკმაოდ უცერემონიოდ შეაწყვეტინა:

– მზია, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ვინმე მოდიოდა ჩემს სანახავად?

– კი, როგორ არა, – მცირეოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა მზიამ, – მაგრამ, რადგან რეანიმაციაში იწექი, შენთან არ ვუშვებდით, თანაც, თითქმის სულ გეძინა და რა აზრი ჰქონდა შემოშვებას?

– როცა ვიღვიძებდი, რატომ არ მეუბნებოდი, ვინ იყო მოსული?

– ქებაძემ ამიკრძალა, არ აღელდესო.

– ვინ მოდიოდა?

– რამდენჯერმე თანამშრომლები იყვნენ.

– ქალები თუ კაცები? არ უთქვამთ, ვინ ვართო?

– ქალებიც და კაცებიც. სახელები და გვარები კი არ უთქვამთ და არც მე მიკითხავს. უბრალოდ, ამბობდნენ, სამსახურიდან ვართო.

– მეტი არავინ ყოფილა?

– კიდევ ვიღაც ორი კაცი იყო ორჯერ, მეგობრები ვართო.

– არც იმათ უთქვამთ თავიანთი სახელი და გვარი?

– არა, მაგრამ, ერთმანეთში საუბრისას ერთმა მეორეს დათო დაუძახა.

– დათკა და კოტე ყოფილან. მერე, ახლა უნდა ვიგებდე ამას? – უცებ გაბრაზდა დიმიტრი.

– მართალი ხარ, ახლა არ უნდა იგებდე, ჩემი ბრალია ყველაფერი და ბოდიშს გიხდი... – ცრემლი მოადგა მზიას, – კიდევ რამე რომ არ დამბრალდეს, ბარემ იმასაც გეტყვი, რომ სხვებიც იყვნენ მოსულები.

– ვინ სხვები? – დაინტერესდა დიმიტრი.

–  არ აღელდები, რომ გითხრა? – დაიძაბა ექთანი.

– არა. მითხარი, ყველაფერს გავუძლებ.

– შენი ცოლი იყო...

– ნანიტა?! როდის მოვიდა? – ისე იყვირა დიმიტრიმ, მზიას კინაღამ გული გაუსკდა შიშისგან.

– საავადმყოფოში რომ მოგიყვანეს, მეოთხე თუ მეხუთე დღეს.

– არაფერი უთქვამს შენთვის?

– არ ვუშვებდი, მაგრამ, რომ მითხრა, ცოლი ვარო, შემოვუშვი.

– ასე გითხრა, ცოლი ვარო?

– ჰო.

– იქნებ გითხრა, „ყოფილი ცოლი“ ვარო? 

– არა, „ყოფილი“ არ უთქვამს.

– ნამდვილად გახსოვს?

– ასეთი რამ არ დამავიწყდებოდა, – წამოსცდა მზიას და გაწითლდა.

დიმიტრი ისე იყო აღელვებული, არც ექთნის შეცბუნება შეუმჩნევია და არც მისი გაწითლება.

– მერე? – ჰკითხა გოგოს და გამომცდელად შეხედა, – იცოდე, არაფერი დამიმალო. მე აუცილებლად მჭირდება სიმართლე, სრული სიმართლე, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, გესმის?

ბოლო ფრაზა დიმიტრის ძალიან მკაცრად და უხეშად ნათქვამი გამოუვიდა და მზიამ უცებ, ქალური ალღოთი იგრძნო, რომ, თავისი ამ მომენტში უმწეო და ყველასგან მიტოვებული პაციენტი, რომელიც პირველი დღეებიდანვე შეუყვარდა და რომელზეც ფიქრობდა, რომ მას ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც დაუმსახურებლად უსამართლოდ ექცეოდნენ, სინამდვილეში სულაც არ იყო ისეთი „ხავერდი” და „აბრეშუმი”, როგორც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეგონა. დიმიტრის უხეშმა ტონმა გოგოს ინტუიცია გაუმახვილა და ისიც მაშინვე მიხვდა, რომ გრძნობები უნდა მოეთოკა და მხოლოდ პროფესიული მოვალეობებით შემოფარგლულიყო.

– რა – მერე? – ჰკითხა დამფრთხალი ხმით და თავისდაუნებურად ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

– მერე რა მოხდა? – იმავე ტონით ჰკითხა დიმიტრიმ, – დროზე ამოღერღე, რა თქვა, რა მოიმოქმედა?

მზიამ გადაწყვიტა, რომ აღარაფერი დაემალა. აზრიც აღარ ჰქონდა, რამის დამალვას, რადგან, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევდა ყველაფრის თქმა და, ამ გადაწყვეტილებით ძალამიცემულმა, უკვე შედარებით თამამად უამბო ყველაფერი:

– რომ შემოვიდა, კონვერტი უჯრაში ჩაგიდოთ და მითხრა, აქ ასი დოლარია, ლარებში გადახურდავებული, წვრილმანი ხარჯებისთვის მაინც გამოადგებაო... – მზია, თავისდაუნებურად, ისევ „თქვენობთზე“ გადავიდა, – შემდეგ დაიხარა და შუბლზე გაკოცათ, მერე კი უხმოდ გავიდა. 

დიმიტრის ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ, მაინც გაახსენდა ეს პატარა ეპიზოდი. იმით გაახსენდა, რომ ისევ იმ სუნამოს სურნელი იგრძნო, რაც მაშინ, ძილში წასულმა, ვერ გაიხსენა, საიდან ეცნობოდა ეს სურნელი.

– ის ფული სად წაიღე? – ცივად ჰკითხა მზიას და თვალებში შეხედა.

გოგომ საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ცრემლმორეული გაიქცა თავისი ოთახისკენ და ორიოდე წუთის შემდეგ დიმიტრისთან კონვერტით დაბრუნდა.

– აი, თქვენი ფული. აქ წამოსვლამდე უჯრაში იდო, მერე კი თქვენს ნივთებთან ერთად წამოვიღე და ვინახავდი, სანამ ამ თანხის თქვენთვის მოცემის დრო დადგებოდა, – მზიამ კონვერტი მკერდზე, საბნის ზემოდან დაუდო და ისევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მერე პატარა პაუზა გააკეთა, ღრმად ჩაისუნთქა და დიმიტრის ძალიან ნაწყენი, მაგრამ, საკმაოდ მტკიცე ხმით უთხრა: – თუ თქვენ ახლა ის იფიქრეთ, ბატონო დიმიტრი, რომ მე ამ ფულის მითვისება მინდოდა და ამიტომ დაგიმალეთ თქვენი ცოლის მოსვლის ამბავი, ესე იგი, კარგად ვერ გიცვნივართ. მე სხვისი ფული და ნივთი კი არა, ერთი ლუკმა პურიც კი არ ამიღია დაუკითხავად მაშინაც კი, შიმშილისგან გული რომ მიმდიოდა და თვალებში მიბნელდებოდა. აქამდე იმიტომ არ მოგეცით ეს ფული, რომ, მაშინ, თქვენი ცოლის მოსვლის შესახებაც უნდა მეთქვა. მაგრამ, რადგან ვიცოდი, რომ გაყრილები იყავით და, თანაც, ძალიან ცუდი ურთიერთობა გქონდათ, ვიფიქრე, ჯერ ცოტა გამოკეთდეს და მერე ვეტყვი ყველაფერს-მეთქი. ეტყობა, რაღაც ვერ გავთვალე სწორად. მოკლედ, ასეა თუ ისე, რადგან თქვენ ჩემს ელემენტარულ წესიერებაში შეგეპარათ ეჭვი, თქვენთან ვეღარ ვიმუშავებ. დღესვე ვეტყვი თქვენს ძმას, რომ სხვა მომვლელი იპოვოს, ერთ კვირაში კი მე აქედან წავალ. ეს საკითხი უკვე გადაწვეტილია და აღარ შეიცვლება. ფული კი, შეგიძლიათ, დაითვალოთ. კურსი ახლაც იგივეა, რაც მაშინ იყო და, წესით, მანდ ას სამოცდახუთი ლარი უნდა იყოს. წვრილი კუპიურებით, როგორც მაშინ თქვენმა ცოლმა თქვა.

დიმიტრი მზიას ასეთ რეაქციას ნამდვილად არ მოელოდა. მიხვდა, რომ ძალიან შეეშალა, უფრო სწორად, იმას მიხვდა, რომ, როგორც კი უკეთ იგრძნო თავი, მასში ისევ ძველმა დიმიტრიმ გაიღვიძა – უხეშმა და ძალაუფლების მოყვარულმა. ეს რომ გაიაზრა, ძალიან ინანა, რადგან, სინამდვილეში, ის კი არ იფიქრა, რომ მზიამ ფული მიითვისა, არამედ, იმაზე გაბრაზდა, რატომ დამიმალა ნანიტას მოსვლაო და ეს გაბრაზება უხეშად და უტაქტოდ გამოხატა. უყურებდა განაწყენებულ ექთანს და ფიქრობდა, ამანაც რომ მიმატოვოს, მთლად მარტო დავრჩებიო. თანაც, მზია ახლა უფრო სჭირდებოდა, ვიდრე მანამდე – ამ გულწრფელი, ერთგული და ჭკვიანი გოგოს დახმარებით აპირებდა რაღაცეების გარკვევას. ესეც რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ იგუებდა ვიღაც ახალ მომვლელს. ამიტომ, როგორმე უნდა მოეხერხებინა მზიას გულის მოგება, უფრო სწორად – გულის აჩვილება და გადაწყვიტა, ყველა ღონე ეხმარა მის შესარიგებლად.

– შენ რა, გეგონა, რომ შენში შემეპარა ეჭვი? გეგონა, რომ ფულს გამოვეკიდე? ეგ როგორ იფიქრე? ეგ როგორ მაკადრე?! მე შენ ჩემს სულიერ მეგობრად მიგიღე, ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლოს მოყოლას და დახმარების თხოვნას ვაპირებდი, შენ კი... – დიმიტრი გაჩუმდა და კედლისკენ გადაბრუნდა.

მზია კარგა ხანს ელოდა, როდის განაგრძობდა მისი პაციენტი ლაპარაკს, მაგრამ, რადგან თითქმის ათი წუთი ისე გავიდა, რომ მას ხმა აღარ ამოუღია, მზიამ გაბედა, ეთქვა, რასაც ფიქრობდა:

– მე არ ვიცი, გულში რას ფიქრობდით, ბატონო დიმიტრი, მაგრამ,  ისეთი ტონით დამისვით კითხვები, მეგონა, ჩემი დედინაცვალი მელაპარაკებოდა მამაკაცის ხმით.

დიმიტრიმ მაინც არ ამოიღო ხმა, არც კი გადმობრუნებულა გოგოსკენ.

მზია მიხვდა, რომ დიმიტრის მართლა არ უნდოდა მისი წყენინება, თან, შეეშინდა, არ განერვიულდეს ან ისევ გაფიცვა არ გამომიცხადოსო და დათმობა ამჯობინა:

– კარგი, ბატონო დიმიტრი, შევრიგდეთ, დაივიწყეთ, რაც გითხარით.

– მართლა? – მაშინვე გადმობრუნდა გახარებული დიმიტრი, – თუ მირიგდები, ისევ თქვენობით რატომ მელაპარაკები?

– იმიტომ, რომ, როცა უხეშად მელაპარაკებიან, გაუცხოება მემართება ხოლმე, – არ დაუმალა მზიამ.

– რა ვქნა, ამის დედა ვატირე, ეგეთი დამპალი ხასიათი მაქვს! ისე, შენ რომ ადრე გცნობოდი, ახლა რომ უხეშობას ეძახი, ის ტონი და სიტყვები „იავნანად“ მოგეჩვენებოდა. შენ ხომ არ გგონია, რომ მართლა თაფლი და შაქარია შენი პაციენტი? ჩემი საშინელი ხასიათის გამო შემომეფანტნენ ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც...

– ტყუილია! – თავისდაუნებურად წამოსცდა მზიას.

– არ არის ტყუილი. ეს ავარიის შემდეგ შევიცვალე ასე, თორემ, იმდენი შეცდომა და იმდენი ცოდვა მაქვს ჩადენილი, რაც სიცოცხლე დამრჩენია, დილიდან საღამომდე მუხლებზე დაჩოქილმა რომ ვევედრო ღმერთს პატიება, მაინც არ მეყოფა. შენ რომ იცოდე, ვინ წევს ახლა შენ წინ, მართლა გაიქცეოდი აქედან. მაგრამ, ეს არ უნდა გააკეთო, რადგან, ძალიან მჭირდები, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცეების გარკვევაში დამეხმარო, რომ ჩემი ცოდვების მონანიება შევძლო. თანახმა ხარ?

– თანახმა ვარ, – მაშინვე დაეთანხმა გულაჩუყებული მზია.

– არ გეშინია ჩემი?

– რატომ უნდა მეშინოდეს, ხომ არ შემჭამ?

– უფრო სწორად, არ გეშინია ჩემისთანა ცუდი კაცის დახმარება?

– თუ ჩემი დახმარებით ცუდი კაცი ცოტათი მაინც უფრო კარგი კაცი გახდება, რა არის აქ საშიში? – თბილად გაუღიმა მზიამ.

– მაშ, ისევ მეგობრები ვართ? ისევ „შენობით“ დამელაპარაკები?

– ჰო, ოღონდ, ისევ ყველაფერს დამიჯერებ.

– თანახმა ვარ. ახლა კი დაწყებული საუბარი განვაგრძოთ: შენ წეღან მითხარი, რომ თანამშრომლებისა და მეგობრების გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემს სანახავად და ერთ-ერთი ნანიტა იყო, ჩემი ყოფილი ცოლი. დანარჩენები ვინ იყვნენ?

– ბატონო დიმიტრი, ხომ არ ჯობია, ცოტა დაისვენო და მერე განვაგრძოთ საუბარი?

– არა, ახლა მირჩევნია. მაშ, კიდევ ვინ მოვიდნენ?

– თქვენი შვილები და ვიღაც კაცი.

– ჩემი შვილები? ვიღაც კაცთან ერთად?! – გაოგნდა დიმიტრი.

– არა, სამივე ცალ-ცალკე და სხვადასხვა დღეს.

– შენ ელაპარაკე?

– მე მხოლოდ გოგოს ველაპარაკე, ნუცას.

– რა გითხრა?

– შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდა. რეანიმაციაში არ ვუშვებდი, მაგრამ, პრაქტიკულად, შემოიჭრა – მამაჩემს უნდა დავხედო, ამას ვერავინ ამიკრძალავსო. მერე კი ირაკლი ექიმს დავუძახე და იმან გაიყვანა თავის კაბინეტში, – რაღაცნაირი ამრეზით თქვა მზიამ.

დიმიტრიმ შეამჩნია ექთნის არაკეთილგანწყობილი გამოხედვა და დასაზუსტებლად ჰკითხა:

– რით არ მოგეწონა, იუზრდელა?

– არა, მთლად მასეც არ იყო საქმე, უბრალოდ, ცოტა ზედმეტად თამამად მოიქცა, მაგრამ, ირაკლი ექიმი ელაპარაკა და მშვიდობიანად გაუშვა იქიდან.

 – თორნიკე არ გინახავს?

– მე არა, ირაკლი ექიმმა ნახა, მაგრამ, რა ილაპარაკეს, არ ვიცი.

– ის კაცი ვიღა იყო?

– ის ისე შემოგვეპარა, ყველა ადგილზე ვიყავით და მაინც ვერავინ დავინახეთ.

– შენ რა, პალატაში არ იყავი?

– არა, წამლების შემოსატანად თუ რაღაც ამდაგვარ საქმეზე გავედი და, ეტყობა, მაშინ იხელთა დრო.

– მერე, რაო, პროფესორმა, ვინ იყოო?

– ვიღაც ნარკომანი ყოფილა. შეშინებულმა სანიტრებმა პატრული გამოიძახეს და იმათ წაიყვანეს.

– გუგა.. გუგა იყო, – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ, – მერე, რა ქნეს, დააპატიმრეს?

– ჰო, მკვლელობის მცდელობის მოტივით.

– ჩემი მოკვლა უნდოდა? – გაუკვირდა დიმიტრის.

– თავიდან ეგონათ ასე, მაგრამ, მერე დადგინდა, რომ ასეთი რამ აზრადაც არ ჰქონია.

– რითი დაადგინეს?

– დაკითხვებზე გაირკვა, რომლებსაც ქებაძეც ესწრებოდა თურმე.

– აბა, რატომ შემოიპარა?

მზიას მოერიდა თქმა და თავი ჩაღუნა.

– თქვი, ნუ გერიდება, – გაამხნევა დიმიტრიმ, – იმაზე უარესი რა უნდა გავიგო, რაც უკვე გავიგე.

– ილანძღებოდა...

– ვის ლანძღავდა?

– შენც და საკუთარ თავსაც, თან სულ იმეორებდა, ერთით ერთიაო.

– რას გულისხმობდა?

– ვერავინ მიხვდა. როგორც ვიცი, არც დაკითხვაზე უთქვამს ამის შესახებ არაფერი.

– ერთით ერთიაო? – გაიმეორა დიმიტრიმ და გაჩუმდა. მერე თვალები დახუჭა და კარგა ხანს იყო ასე. მზია მიხვდა, რომ მისი პაციენტი რაღაცის გახსენებას ცდილობდა და ხელი აღარ შეუშალა, ჩუმად ჩამოჯდა ფანჯარასთან მდგარ სკამზე და დაელოდა, სანამ დიმიტრი თვითონ დაელაპარაკებოდა.

სრულ სიჩუმეში დაახლოებით თხუთმეტი-ოცი წუთი გავიდა. ის იყო, მზიამ გაიფიქრა, ხომ არ ჩაეძინაო, რომ დიმიტრიმ რაღაცნაირი არანორმალური ხმით იყვირა:

– წერილი! ის წერილი მაგან მომწერა, რომ ჩემთვის გული გაეხეთქა! ამით გადამიხადა სამაგიერო და იმიტომ გაიძახოდა, ერთით ერთიაო! კი, ნამდვილად ასეა! სხვა ამას ვერ გამიბედავდა! – მერე დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა და მზიას ვედრებით მიმართა: – შენ უნდა დამეხმარო!

– მითხარი, ბატონო დიმიტრი, რა გავაკეთო, – თითქმის ტირილით უთხრა გოგომ, რადგან, შეძრული იყო თავისი პაციენტის მდგომარეობით, – ხომ იცი, შენ გამო მთებს გადავდგამ.

– ის წერილი უნდა მოძებნო და მომიტანო.

– სად უნდა ვეძებო?

– ჩემს კაბინეტში! ახლა გამახსენდა: წაკითხვისთანავე ისე ცუდად გავხდი, რომ დივანზე თუ მაგიდაზე მოვისროლე. თან ნამდვილად არ წამომიღია.

– კი მივალ, მაგრამ, მე იქ ვინ შემიშვებს?

– მე დავურეკავ ჩემს მდივანს და ის გაგიღებს კარს.

– მაგრამ, ბატონო დიმიტრი, იმ დღის მერე ორ თვეზე მეტი გავიდა. ვინ იცის, ის წერილი ვინმემ აიღო, ან, სულაც, დამლაგებელმა გადააგდო ოთახის დალაგების დროს...

– არა, დამლაგებელმა, შეიძლება, მხოლოდ წაიკითხა, გადაგდებით კი არ გადააგდებდა – გაფრთხილებული მყავს, რომ ქაღალდის ნახევსაც კი არ უნდა ახლოს ხელი, თუ სანაგვეში არ არის ჩაგდებული.

– სხვები? სხვები არ აიღებდნენ?

– ვინ სხვები?

– მაგალითად, შენი მოადგილეები ან კომპანიონები.

– არ მგონია. იმათ თავიანთი კაბინეტები აქვთ, თანაც, ჩვენ ერთმანეთის ოთახებში დაუკითხავად არ შევდივართ – ეს ყველასთვის წესია. მოკლედ, როგორმე ის ფურცელი უნდა იპოვო და მომიტანო, ისე ვერაფერს გავარკვევ.

– არ გამიბრაზდე, რომ გეკითხები, მაგრამ, ამისთანა რა ეწერა იმ ფურცელზე?

– იმ ფურცელზე ეწერა, რომ თორნიკე ჩემი შვილი არ არის... – ჩურჩულით თქვა დიმიტრიმ, – და რომ იმ წერილის ავტორი არ უნდა ვეძებო, ის თვითონ მომაკითხავს, როცა საჭირო იქნება...

– ვინ ვარო, მინიშნებითაც არ დაუწერია?

– კი, დაწერა, ქალებისთვის შურისმაძიებელიო, – დიმიტრის თვითონაც გაუკვირდა, რომ მთლიანად აღიდგინა იმ წერილის შინაარსი, რომელიც საერთოდ დავიწყებული და გონებიდან ამოვარდნილი ჰქონდა.

– მერე, ბატონო დიმიტრი, ასე ადვილად დაიჯერე ცოლზე ასეთი ცილისწამება?

– არ ვიცი, არ ვიცი... მაშინაც, ლოგიკურად რომ ვიფიქრე, გულში გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი არის ბოროტი ტყუილი, მაგრამ, ჩემი და თორნიკეს ურთიერთობა რომ მახსენდება... ერთი  სიტყვით, გამორიცხული არაფერია – ქალი ისეთი ამოუცნობი არსებაა, წარმოდგენაც არ გაქვს, სად დაგიდებს ფეხს და როდის გადაგიხდის სამაგიეროს.

– ასე თქმა არ შეიძლება. რისი სამაგიერო უნდა გადაეხადა შენს ცოლს შენთვის?

– ძალიან ბევრი რამის. ადრეც ხომ მითქვამს შენთვის, სულაც არ ვარ ისეთი, შენ რომ გგონია-მეთქი. ნანიტასთან ძალიან ბევრი მაქვს მიქარული. გამწარებული მყავდა... მოკლედ, შენ ბევრი რამ არ იცი და, მინდა, ყველაფერი მოგიყვე.

– არ არის საჭირო, ბატონო დიმიტრი, ისედაც დაგეხმარები, რითაც შემიძლია. შენ რომ ახლა წარსული ცოდვების გახსენება დაიწყო, შეიძლება, ცუდად გახდე. უკეთ კი ხარ, მაგრამ შენს გულს ძალიან დიდი მოფრთხილება სჭირდება.

– არა, ყველაფერი უნდა გიამბო. თუ ყველაფერი არ გეცოდინება, ისე ვერ დამეხმარები. თანაც, ახლა სულ ამაზე მომიწევს ფიქრი და, ვინმეს თუ არ მოვუყევი, მართლა გამისკდება გული. ასე მგონია... მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, როცა თავიდან ბოლომდე ყველაფერს მოგიყვები, უფრო მომეშვება.

– კარგი, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ირაკლი ექიმს უნდა დავეკითხო, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება... – მზიამ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

– ნეტავ ვინ უნდა იყოს? – გაუკვირდა დიმიტრის, – ძლივს მოვემზადე სალაპარაკოდ და მაინცდამაინც ახლა გავახსენდით ვიღაცას. მიდი, გაუღე კარი... არა, მანამდე ჰკითხე, ვინ არის და რა უნდა. უცხო არავინ შემოუშვა, არავის ნერვები არ მაქვს.

მზია კარისკენ გაიქცა და ნახევარი წუთის შემდეგ ოთახში ირაკლი ქებაძეს შემოუძღვა გახარებული სახით.

– ბატონო ირაკლი, სულ რაღაც ორიოდე წუთის წინ გახსენეთ. რა კარგია, რომ მობრძანდით, როგორ მინდოდა თქვენი ნახვა, – გაუხარდა დიმიტრის ექიმის დანახვა.

– ჰო, ეტყობა, გულმა მიგრძნო. თან, გადავწყვიტე, პირადად შემემოწმებინა თქვენი მდგომარეობა, – გაუღიმა პროფესორმა და მერე მზიას მიუბრუნდა: – აბა, როგორ არის საქმე, ხომ ყველაფერს გიჯერებს?

– თითქმის, ყველაფერს თქვენი მითითებების მიხედვით ვუკეთებ და ყველაფერს ვიწერ. აი, ინებეთ, – მზიამ ექიმს თაბახის ფურცელი გაუწოდა, რომელზეც შესაშური აკურატულობით იყო ჩამოწერილი რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველა მონაცემი. ქებაძემ თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხა ჩანაწერი და კმაყოფილმა დააქნია თავი, მერე კი დიმიტრის მიმართა:

– როგორც ჩანს, გამოჯანმრთელების პროცესი ნორმალურად მიდის, მაგრამ, რადგან მოვედი, ბარემ გაგსინჯავთ კიდეც.

– ბატონო ირაკლი, გეჩქარებათ? – ჰკითხა დიმიტრიმ და მკერდზე მაისური აიწია, რადგან ირაკლიმ ფონედოსკოპი ამოიღო ჩანთიდან.

– დღეს დრო საკმაოზე მეტი მაქვს – დაახლოებით ორი-სამი საათი. რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?

– მეტ-ნაკლებად. მოკლედ, რაღაცის მოყოლა მინდოდა მზიასთვის და, რადგანაც მოხვედით, გადავწყვიტე, რომ ორივეს მოგიყვეთ.

– კი ბატონო, მაგრამ, ჯერ გაგსინჯავთ, მზიას ახალ მითითებებს ჩამოვუწერ და მერე რამდენ ხანსაც გინდათ, მოგისმენთ. თანახმა ხართ?

– თანახმა ვარ, – გაუხარდა დიმიტრის და ექიმს დამჯერი ბავშვივით დაემორჩილა.

– რაიმე მნიშვნელოვანი გადახრები არ გვაქვს, პრინციპში, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ, პულსი გაქვთ აჩქარებული. რამეზე ხომ არ ინერვიულეთ?

დიმიტრიმ არ იცოდა, როგორ დაეწყო საუბარი და რაღაცნაირად უმწეოდ მიაჩერდა ექიმს, მერე კი მზიას შეხედა – მომეხმარეო. გოგო შინაგანად უკვე მზად იყო ამ საუბრისთვის, ამიტომ, არ გასჭირვებია თავისი პაციენტის თხოვნის შესრულება და თამამად მიმართა ქებაძეს:

– ირაკლი ექიმო, ბატონ დიმიტრის ძალიან სერიოზული პირადი პრობლემები აქვს და მათ გასარკვევად და მოსაგვარებლად ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ, დარწმუნებულია, რომ, ისე ვერ დავეხმარებით, თუ ყველაფერი არ გვეცოდინება. ამიტომ, გადაწყვიტა, მე და თქვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გვიამბოს და მერე უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ.

– ნამდვილი დედა ტერეზა ხარ, მზია, – გაეღიმა პროფესორს, – შენი სტიქიაა სხვების დახმარება.

– რა ვქნა, ეგეთი ვარ, – დაიმორცხვა მზიამ.

– ნუ გაწითლდი, კარგი გოგო ხარ, კარგი ექთანი და, რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანი, – გულწრფელად შეაქო ქებაძემ და პაციენტის გვერდით, სავარძელში მოკალათდა, – ასე უფრო კარგად მოვისმენ, როგორც ვხვდები, ძალიან სერიოზულ და საინტერესო ისტორიას.

– ბატონო ირაკლი, სანამ ჩემს ამბავს მოგიყვებით, ერთი რაღაც უნდა გკითხოთ.

– ყურადღებით გისმენთ.

– იმ ავარიის შემდეგ ამნეზია დამემართა?

– საიდან მოიტანეთ? – გაუკვირდა პროფესორს, – როგორც კი კომიდან გამოხვედით, იმ წუთიდან გახსოვდათ ყველაფერი, დაწყებული თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სახელებითა და გვარებით, დამთავრებული თქვენი საქმიანობით. გარდა ამისა, აბსოლუტურად ადეკვატური იყავით. რატომ მეკითხებით ამას?

– შეიძლება, რომ ტრავმის შემდეგ ადამიანს ახსოვდეს ყველაფერი, გარდა ერთი, უფრო სწორად, ერთადერთი მომენტისა?

– მაგალითად?

– მაგალითად, ავარიის წინ სამსახურში მივიღე საშინელი წერილი, რომლის გამოც მომივიდა ავარია. მე კი ეს წერილი მხოლოდ გუშინ გამახსენდა, ისიც მაშინ, როცა მზია რაღაცას მიყვებოდა და სიტყვა „წერილი“ და ერთი პატარა ფრაზა ახსენა. ანუ, მზიას სიტყვებმა ასოციაციურად გამახსენა ის, რაც დავიწყებული მქონდა, თუმცა, მთელი ავადმყოფობის განმავლობაში სულ მაწვალებდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც უნდა გამეხსენებინა, მაგრამ, ვერ ვიხსენებდი, რა იყო ეს „რაღაც“.

– ანუ, თქვენ გაინტერესებთ, რადგან ყველაფერი გახსოვდათ ერთი ეპიზოდის გარდა, დაგემართათ თუ არა ნაწილობრივი ამნეზია?

– დიახ, სწორად მიმიხვდით.

– საერთოდ, ნაწილობრივი ამნეზიის შემთხვევები არსებობს, მაგრამ, თქვენს სიტუაციაში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. როგორც ვხვდები, წერილი მძიმე, მტკივნეული შინაარსის იყო.

– დიახ, საშინელი...

– სწორედ ამიტომ, ტრავმის შემდეგ თქვენმა ტვინმა, თქვენგან დაუკითხავად, გარკვეული ვადით „ამოაგდო“ მეხსიერებიდან ის წერილი და ამით დაგიცვათ კიდეც. ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია, ასე ხშირად ხდება ხოლმე. ეს ელემენტარულად, თავდაცვის ინსტინქტია.

– ასე მარტივადაა ყველაფერი?

– მარტივად და მისახვედრად მე აგიხსენით, სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა, – გაეღიმა პროფესორს, – ახლა კი დაიწყეთ თქვენი  ამბის თხრობა, თორემ, დრო ცოტა დაგვრჩა და ვეღარ მოასწრებთ. ოღონდ, შემპირდით, რომ არ იღელვებთ და არ განერვიულდებით.

– გპირდებით. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები, – თქვა დიმიტრიმ, მერე მზიას სთხოვა, სასთუმალი წამომიწიეო და გულის გადასაშლელად მოემზადა.

დიმიტრიმ ყველაფერი შეულამაზებლად უამბო თავის ორკაციან აუდიტორიას: როგორ წაართვა ბავშვობის ძმაკაცს საცოლე; როგორ ღალატობდა და როგორ სცემდა ცოლს; როგორი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, განსაკუთრებით – თორნიკესთან; როგორ შეიძულა მამა ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭმა; როგორ წაასწრო ცოლმა მეძავთან; როგორ გადაეკიდა თორნიკე მტრად; როგორ აიყვანა სამსახურში გუგა, მერე როგორ მოექცა და, თავისი ისტორია იმ საბედისწერო წერილის ამბით დაასრულა. ერთი სიტყვით, რაც ახსოვდა, არაფერი გამოუტოვებია. ყვებოდა სვენებ-სვენებით, მკაფიოდ, დინჯად. პროფესორი გაოგნებული უსმენდა ამ საოცარ აღსარებას და ლამის თვითონ გაუხდა გული ცუდად. იმისიც ეშინოდა, ზედმეტ მღელვარებას მისი პაციენტისთვის გამოუსწორებელი ზიანი არ მიეყენებინა, მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდარა. დიმიტრის ისე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მოეყოლა მათთვის, რომ, პრაქტიკულად, პულსიც კი არ ასჩქარებია. ერთადერთი, იმით გამოხატავდა მცირეოდენ ემოციას, რომ ყოველი თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ, რამდენიმე ყლუპ წყალს სვამდა, რომ გამშრალი ყელი გაესველებინა.

თხრობა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. დიმიტრიმ ბოლო ფრაზა წარმოთქვა, გაჩუმდა და თვალები დახუჭა – ძალიან უმძიმდა, რომელიმესთვის სახეში შეეხედა. რაღაც მომენტში, თითქოს ინანა კიდეც – ხომ არ შევცდი, ყველაფერი რომ მოვყევიო. მაგრამ, მაშინვე გაიფიქრა, რომ სწორად მოიქცა, რადგან აღარ შეეძლო თავის ცოდვებთან მარტოდ დარჩენა და, საერთოდ, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ასე ცხოვრება.

პროფესორი და მზია ჩუმად ისხდნენ და ხმას ვერ იღებდნენ. რომ არა ექიმის პროფესია, ყველაზე ცოტას, რასაც ირაკლი ქებაძე გააკეთებდა, ის იქნებოდა, რომ დიმიტრისკენ ცხოვრებაში აღარ გაიხედავდა, თუნდაც მისი ღვიძლი ძმა ყოფილიყო. მაგრამ, პროფესია არ აძლევდა ამის უფლებას – უნდოდა თუ არ უნდოდა, მოსწონდა, თუ არ მოსწონდა თავისი პაციენტი, იყო თუ არ იყო ის ამის ღირსი, უნდა ემკურნალა, შეძლებისდაგვარად, გამოეჯანსაღებინა და ფეხზე დაეყენებინა. თანაც ისე, რომ ოდნავი უხეშობაც კი არ გამოემჟღავნებინა მის მიმართ. ეს კი ძალიან ძნელი იყო. ამიტომ, ექიმი ქებაძე ებრძოდა ადამიან ქებაძეს და ეს ბრძოლა აუცილებლად ექიმ ქებაძის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3