კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიხადეს ელენა სატინემ და ტაისონ რიტერმა ფლორიდაში, ოკეანის სანაპიროზე ულამაზესი ქორწილი და ვინ შეკერა ელენას საქორწილო კაბა

ჟურნალი „თბილისელები” ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ექსკლუზიურად გიყვებოდათ ჰოლივუდში წარმატებული მსახიობის, ქართველი გოგონას, ელენა სატინესა (სხირტლაძე) და ცნობილი როკ-ჯგუფის „The All-American reject”-ის ვოკალისტისა და ბას-გიტარისტ როკ-ვარსკვლავის, ტაისონ რიტერის ნიშნობის შესახებ. შვიდთვიანი ურთიერთობის შემდეგ ტაისონმა საკმაოდ რომანტიკულ გარემოში სთხოვა ელენას ხელი – დილის 6 საათზე, როგორც კი ინათა, ტაისონმა  ელენას სთხოვა, სახლის სახურავზე აჰყოლოდა. იქ კი ელენას საოცარი სიურპრიზი დახვდა: წითელი ვარდის ფურცლებისგან გაკეთებული დიდი გული. ტაისონმა ელენას წინაშე ცალ მუხლზე დაიჩოქა და ასეთი ლამაზი სიტყვებით მიმართა: „აღარ მინდა შენ გარეშე შევხვდე არც ერთ განთიადს“. თანხმობის შემდეგ კი, ტაისონმა ელენა ბრილიანტისთვლიანი ულამაზესი ბეჭდით დანიშნა. ამის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ზუსტად 31 დეკემბერს, წყვილმა თავის ურთიერთობა ფლორიდაში დააკანონა და მეგობრების წრეში ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა. ამის შესახებ ექსკლუზიურად ელენას დედა, ქალბატონი მარინა სილაგაძე მოგვიყვება:

– ტაისონმა და ელენამ ქორწილი 31 დეკემბერს გადაიხადეს, რადგან უნდოდათ, 2014 წელს მეგობრებთან ერთად, ასეთი მნიშვნელოვანი სიახლით შეხვედროდნენ. ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაეწყოთ და მათი ქორწინების თარიღი არავის დავიწყებოდა. ტაისონს ფლორიდაში აქვს ძალიან ლამაზი სახლი, ულამაზეს ადგილას, ოკეანის პირას. იქ ისეთი თეთრი ქვიშაა, როდესაც ზედ დგები, გგონია თოვლზე დგახარ. ელენ აც და ტაისონიც ქრისტიანები არიან. ამიტომ ეცადნენ, ყველაფერი ქრისტიანული ტრადიციებით გაეკეთებინათ. ამერიკაში ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად არის: ეკლესიაში უნდა აიღო ქორწინების უფლება, დაგლოცონ და შემდეგ  შეიძლება, სხვა ადამიანმა დაგაქორწინოს, მღვდელი არ არის საჭირო. ტაისონის მეგობარმა, რომელიც პროფესორია, ისინი პატარა, ამერიკულ, ლამაზადმორთულ ეკლესიაში დააქორწინა. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ქრისტიანული ტრადიციებით ხდება: ჭიქებით ღვინო, ვერცხლის ფირფიტები, ტაისონმა ჭიქაც კი გატეხა. რადგან არც ერთს არ უნდოდა დიდი ქორწილის გადახდა, ამიტომ ქორწილში მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები დაპატიჟეს, დაახლოებით, 60 ადამიანი. 

– ელენა ულამაზესი პატარძალი იყო. არაჩვეულებრივი კაბა ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა და როგორც ცნობილი გახდა, დიზაინერმა „Inbal Dror”-მა შეუკერა. 

– ელენას ძალიან ბევრმა დიზაინერმა შესთავაზა საქორწილო კაბა, მაგრამ არ მოეწონა. შემდეგ დაურეკა ახალგაზრდა დიზაინერმა, რომელსაც უკვე ბევერლი ჰილზზე აქვს საქორწილო კაბების მაღაზია და სთხოვა, მისი კოლექცია ენახა. ელენა მეგობრებთან ერთად წავიდა კაბის სანახავად. აქ, ამერიკაში ასეთი ტრადიციაა: დაქალებთან ერთად მიდიხარ საქორწილო კაბის მოსასინჯად. დიზაინერმა რომ გამოგიზავნოს კაბა, ეს ტრადიცია მაინც უნდა დაიცვა, რადგან საქორწილო ფართის შემადგენელი ნაწილია. მოკლედ, ყველანი წავიდნენ, ჩაიცვა ელენამ დიზაინერის ახალი კოლექციიდან ერთი კაბა და ყველას ისე მოეწონა, უთხრეს: აღარ გაიხადოო. ელენასაც ძალიან მოეწონა, აუღეს ზომები და შეუკერეს. კაბა 12 ათასი დოლარი ღირდა, ულამაზესი იყო, მარგალიტებით, მაქმანებით გაწყობილი. დიზაინერმა საჩუქრად გამოუგზავნა. ამერიკული ტრადიციის თანახმად, ქორწილის წინა დღეს სტუმრები რეპეტიციას გადიან, ერთმანეთს იცნობენ და ამის შემდეგ ეკლესიაში მისვლამდე სიძეს პატარძლის ნახვის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ტაისონს არც ელენა და არც მისი კაბა არ ჰქონდა ნანახი. წესით, საკურთხეველთან პატარძალი მამამ უნდა მიიყვანოს, მაგრამ, რადგან ელენას მამა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა, ამიტომ ჩემმა შვილმა, ანუ ელენას ძმამ – ირაკლიმ მიიყვანა საკურთხეველთან. მათ წინ კი ჩემი რძალი, პატარა შვილიშვილი მიდიოდნენ, თან ყვავილებს ისროდნენ. როდესაც ტაისონმა საკურთხეველთან დაინახა ელენა, ტირილი დაიწყო, სიხარულის ცრემლები მოსდიოდა, ელენა ამშვიდებდა. დაქორწინების შემდეგ ფოტოები გადაიღეს და სახლში წამოვედით, რომელიც ძალიან ლამაზად იყო მორთული: მაქმანებით და უამრავი სანთლით, ყვავილებით. ცნობილი შეფ-მზარეული, პერსონალთან ერთად იმყოფებოდა იქ, ხოლო ქორწილის ორგანიზატორი უწევდა ყველაფერს ორგანიზებას, ისე, როგორც ტაისონს და ელენას უნდოდათ. ამერიკაში ასეა: ქორწილამდე ყველა სტუმარს უგზავნიან მენიუს და ეკითხებიან, რა უნდათ. მხოლოდ ამის შემდეგ დგება საქორწილო მენიუ. გარდა ამისა, ყველა სტუმარს თავისი ადგილი ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული. რაც მთავარია, ყველას უნდა ეთქვა სადღეგრძელო, რამაც ცრემლების გარეშე არ ჩაიარა, ელენასაც წამოუვიდა ცრემლები. იმ დღეს ერთ-ერთი განსაკუთრებული სტუმარი ელენას ძაღლი, მიშკა იყო, ყელზე „ბაბოჩკით”, რომელიც ელენამ სახლში არ დატოვა – ის ჩვენი ოჯახის წევრია, ამიტომ აქ უნდა იყოსო. ასე რომ, მთელი ქორწილის განმავლობაში ელენასთან და ტაისონთან ერთად იჯდა ისიც. რომ დამთავრდა საქორწილო ვახშამი, პირველ სართულზე ჩამოვედით. ერთად გაჭრეს საქორწილო ტორტი და ერთმანეთს ტორტის კრემით სახე გაულამაზეს. პირველ სართულზე იყო კარაოკე, მათი მეგობრებიდან ყველა მღერის და საბოლოოდ, ლამაზი კონცერტი გამოვიდა. შემდეგ ტაისონმაც უმღერა ელენას და ელენამაც კი უმღერა ტაისონს. ეს იყო არაჩვეულებრივი. ამასობაში ახალი წელიც დადგა, ყველამ ფეხზე გავიხადეთ და ხის კიბით იქვე, ოკეანის სანაპიროზე ჩავედით, სადაც ფოიერვერკები გაუშვეს, ცეცხლოვანი ფანრები აანთეს და სურვილები ჩაიფიქრეს. ეს იყო ულამაზესი სანახაობა. ყველამ აღნიშნა, რომ ასეთ კარგ ქორწილში დიდი ხანია, არ ყოფილან. 

– ალბათ, ორივეს დატვირთული გრაფიკის გამო, თაფლობის თვის გასატარებლად სამოგზაუროდ ვერ წავიდნენ.

– თაფლობის თვე  არ ჰქონაით, რადგან ელენას 5 იანვარს უკვე დაეწყო გადაღებები. ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 3 მარტს – ავტორი) მთავარ არხზე აჩვენებნ ახალ შოუს „Agents of S.H.I.E.L.D”, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში ელენა თამაშობს. 11 მარტს აჩვენებენ მისი მონაწილეობით მეორე ეპიზოდს. ამიტომ მოუწია ასე უცებ ჩამოსვლა. ტაისონი კი თამაშობს Midnight Rider, მთავარ როლს – ახალგაზრდა გრეგ ალმენს, რომელიც შერის პირველი მეუღლე იყო და ლეგენდარული მუსიკოსია. ასე რომ, ქორწილიდან პირდაპირ სამუშაოდ მოუწიათ წასვლა, მაგრამ ზაფხულის დასაწყისში ალბათ, წავლენ სამოგზაუროდ. 

P.S. ჟურნალი „თბილისელები” ამ ულამაზეს, ნიჭიერ წყვილს ულოცავს დაქორწინებას – დიდ ბედნიერებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს!

 

скачать dle 11.3