კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ერგო ზაქარია ფალიაშვილის ერთადერთ შთამომავალს ბაბუისგან მემკვიდრეობით და რატომ ატარებს ის ორ გვარს

როგორც ამბობენ, ყველა ადამიანი დედამიწაზე თავისი  მისიით იბადება. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისაც ეს მისია გაორმაგებული აქვთ. სწორედ, ასეთი ადამიანია ვახტანგ გორდელი-ფალიაშვილი. ის ზაქარია ფალიაშვილის ერთადერთი შთამომავალია, და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა საპასუხისმგებლოა ეს მისთვის. ვახტანგი, რუსი პოეტის, მსახიობის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ვლადიმირ ვისოცკის შემოქმედების თაყვანისმცემელი და მისი სიმღერების უბადლო შემსრულებელია. 

ვახტანგ გორდელი-ფალიაშვილი: ჩემი აზრით, ყველა ქართველი ნიჭიერია. თუმცა, არსებობს მდგომარეობა, როცა ეს ნიჭიერება ოჯახიდან, გენეტიკურად მოგდგამს. ზაქარია ფალიაშვილის შვილიშვილობა, ჩემთვის უპირველესად, დიდი პასუხისმგებლობაა. გინდა თუ არა, ხალხმა იცის, ვისი შთამომავალი ხარ და უფლება არ გაქვს, სწორ გზას გადაუხვიო. ძალიან ემოციური და იმავდროულად,  კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, ჩემი საქმიანობით ეს პასუხისმგებლობა გავამართლო. არ დავმალავ, მეამაყება ასეთი წინაპარი რომ მყავდა. 

– ბაბუას შესახებ, ვინ გიყვებოდათ?

– ბაბუა, 1933 წელს გარდაიცვალა, ჭლექი ჰქონდა. მამა მასზე ბევრს მიყვებოდა. ბებიას კი მისი წერილების სახით დიდი არქივი ჰქონდა, რომლის წაკითხვისას, ზუსტად მიხვდებით, როგორი ბუნების ადამიანი იყო ზაქარია ფალიაშვილი, რა განცდები და გრძნობები გააჩნდა, როგორ უყვარდა და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ასე რომ, ამ წერილებიდან ბაბუას პიროვნების შესახებ ბევრი რამ შევიტყვე. ახლა ეს არქივი ჩემთან ინახება. ბაბუას პირველი მეუღლე გახლდათ ნადეჟდა უტკინა. ცნობილ, რუს არისტოკრატთა ოჯახიდან. სხვათა შორის, ბაბუას მასთან შვილი ჰყავდა, რომელიც ადრეულ ასაკში დაეღუპა. ამ დროს ზაქარია, თურმე ოპერა „აბესალომ და ეთერიზე” მუშაობდა. შვილის დაღუპვამ მასზე ისე იმოქმედა, რომ დაანება თავი მუშაობას, მოეშვა და სწორედ ამ პერიოდში მოხდა სასწაული. თავად წერს ამაზე: „დამესიზმრა გარდაცვლილი შვილი, რომელმაც მითხრა: მამა, გააგრძელე მუშაობა და დაასრულე ეს ნაწარმოებიო”. ამის შემდეგ, უფრო მეტი ენთუზიაზმით გაუგრძელებია მუშაობა და ამბობდა, ზებუნებრივმა ძალამ დამაწერინა „აბესალომ და ეთერი”, რაშიც ჩემი გარდაცვლილი შვილის სულიც მეხმარებოდაო. ბაბუა კათოლიკე გახლდათ, 17 დედმამიშვილი ჰყავდა. ბავშვობიდან გალობდა კათოლიკურ ეკლესიაში და ორღანზეც უკრავდა. საკმაოდ მორწმუნე ოჯახიდან იყო და ბავშვობიდან ეკლესიაში დადიოდა. წარმოიდგინეთ, ეს კათოლიკე კაცი პატრიარქის მართლმადიდებლური გუნდის რეგენტი იყო. ერთხელ თურმე, რუსი ეგზარქოსი შესულა ეკლესიაში, როცა ზაქარია თავის გუნდთან ერთად გალობდა და უბრძანებია, შეწყვიტეთ ქართულად გალობაო. გადარეულა ბაბუაჩემი, პრინციპულად გადადგომია წინ რუს ეგზარქოსს და ეკლესიიდან გაუძევებია. მამა მართლმადიდებლურად იყო მონათლული. პატრიარქმა მეც მომცა კურთხევა: მოიხსენიე ლოცვებში ზაქარია ფალიაშვილის სულიო.

– როგორც ვიცი, ბატონ ზაქარიას, მეორე ცოლისგან ჰყავდა ერთადერთი მემკვიდრე – მამათქვენი, რომელმაც მის გვარზე უარი თქვა. ასე რატომ მოხდა?

– ბაბუას მეორე მეუღლე გახლდათ ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლისა, რომელთანაც უდიდესი სიყვარული აკავშირებდა. მას პირველი ქმრისგან ჰყავდა ორი ვაჟი, მამა კი 1928 წელს შეეძინა. ბაბუას თურმე, პირველი შვილის დაღუპვის შემდეგ, დიდი სტრესი ჰქონდა, დეპრესიული გახდა და მეორე შვილის დაბადებით ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა. როცა ბაბუას ჭლექი შეეყარა, ძირითად დროს აბასთუმანში ატარებდა, სადაც დღეს მისი სახლ-მუზეუმია. სწორედ, იქიდან უგზავნიდა ბებიას იმ სასიყვარულო წერილებს, რომელიც  დღეს ჩემთან ინახება. ბაბუა რომ გარდაიცვალა, მამა ხუთი წლის იყო, ბებია ისევ გათხოვდა და მის პირველ მეუღლეს გაჰყვა ცოლად. მამა იხსენებდა, არაჩვეულებრივი მამობილი მყავდა, ძალიან დიდ პატივს მცემდა, ძალიან მიყვარდა და 18 წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე, მისთვის გული არ მეტკინა და არც დედა გამენაწყენებინა – დედა გორდიდან იყო და მის პატივსაცემად, გვარი გორდელი ჩავიწერეო. მამა, მანამდე დედის გვარს, ბუზოღლის ატარებდა. როგორც მიყვებოდა, ჩიტაძის 10 ნომერი, სადაც ის იზრდებოდა, საკმაოდ ცნობილი მისამართი ყოფილა იმ დროს. მათთან ხშირად მიდიოდენ შოსტაკოვიჩი, პასტერნაკი, ცნობილი ქართველი მწერლები და კომპოზიტორები. სხვათა შორის, მამას დიდი წარმატებები ჰქონდა მუსიკალურ დარგში. საბჭოთა კავშირის დროს, დაახლოებით 1942 წელს, საკავშირო კონკურსები იმართებოდა და საქართველოდან ერთ ადამიანს აგზავნიდნენ ამ კონკურსზე მოსკოვში. მაშინდელ კულტურის მინისტრს დაუბარებია ბებია და უთქვამს, გვინდა, თქვენი შვილი, ოთარი გავგზავნოთ მოსკოვში, საერთაშორისო კონკურსზე, მაგრამ გვარი უშლის ხელს, ის ფალიაშვილის ერთადერთი მემკვიდრეა და იქნებ მამის გვარი დაუბრუნოო. ბებიას უთქვამს, ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მამობილს ძალიან უყვარს და ბავშვიც შეჩვეულია იმ გვარს, რომელსაც ატარებსო. კულტურის მინისტრს კი უთქვამს, ნება თქვენია, მაგრამ იცოდეთ, საქართველოდან ბუზოღლის გვარით ის მოსკოვში ვერ წავაო. ბებია სოფელი გორდიდან იყო წარმოშობით, მამამ გადაწყვიტა, მაინც ყველამ იცის, რომ ზაქარიას შვილი ვარ და გორდელად დავეწერებიო. ასეც მოიქცა. მამა 1994 წელს გარდაიცვალა. 

– თქვენ როდის გადაწყვიტეთ დაგებრუნებინათ ბაბუის გვარი?

– ესევ უფლის ნება იყო, რომ მამის დასაფლავების დღეს, სამშობიაროში მომიწია წასვლა. ვაჟის მამა გავხდი. ჩემი შვილიც ერთადერთი ბიჭი გახლდათ გვარში. მისი დაბადების მოწმობას რომ ვიღებდი, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმდა თედო ნინიძემ დამიბარა და მითხრა: მესმის, რომ გორდელის გვარით გაიზარდე, მამაშენსაც თავისი მოსაზრება ჰქონდა ამ გვართან დაკავშირებით, მაგრამ ხომ არ ჯობია, შენს შვილს მაინც დაუბრუნო თავისი ნამდვილი გვარი და ფალიაშვილად ჩაწეროო.

– გამიგია, რომ ბატონ ზაქარიას ჰქონდა უიშვიათესი, შავი ბრილიანტი, რომელსაც ატარებდა. ეს ნივთიც დღეს თქვენთან ინახება?

– დიახ, ბაბუას ჰქონდა, მეჩვიდმეტე საუკუნის, კარატ-ნახევრიანი, შავი ბრილიანტი, მაგრამ ის გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. დღესაც არ ვიცით, სად არის. ეს ნივთი დედასთან ინახებოდა, მაგრამ არ ვიცი, სად გაქრა. თუმცა, ჩემთან ინახება ბაბუას ნაქონი, ულამაზესი ვაზა, რომელიც მელხიორის ფეხზე დგას და აქვს წარწერა: „ვუძღვნი „დაისის” პრემიერის აღსანიშნავად, ჩემს უსაყვარლეს  მეუღლეს, ნადეჟდას”. ბაბუას დანარჩენი, ძვირფასი ნივთები მუზეუმში ინახება. სხვათა შორის, ბებიამ  1977 წელს გადაწყვიტა, თავისი პირადი ცხოვრება სამსჯავროზე გამოეტანა და ბაბუას სასიყვარულო წერილები, მაშინდელ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა. ამბობდა, ეს შვილის გამო გავაკეთე, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ეს მე დავადასტურეო. ძალიან ბრძენი და შარმიანი ქალი იყო ბებია და ბევრ ადამიანთან მეგობრობდა. მაგალითად, მისი საუკეთესო მეგობარი იყო არაყიშვილი. ზაქარია კი, მისთვის მეგობარიც იყო, მეუღლეც და მესაიდუმლეც. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბაბუას მეგობრები ბებიას ხშირი სტუმრები იყვნენ. მამაჩემი კომპოზიტორი გახლდათ, ძალიან ნიჭიერი და კეთილშობილი კაცი. ამას იმიტომ არ ვამბობ, მამაჩემი რომ იყო. ბუნებით უბრალო კაცი იყო, მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და კონსერვატორიის პროფესორი იყო. 21 წლის განმავლობაში, თავმჯდომარეობდა კულტურის საზოგადოებას, რაც პრინციპში კულტურის მინისტრის დონის თანამდებობა იყო მაშინ. ბოლოს, როცა დაავადდა, მამის, ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი საფლეიტო ნაწარმოები დღესაც აქტიურად სრულდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ძირითადად, – ამერიკაში. 

– თავად, ზაქარია ფალიაშვილის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრეთ. როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგი მონაცემები გქონდათ მუსიკალური თვალსაზრისით. თუმცა, მაინც უარი თქვით მამისა და ბაბუის კვალს გაჰყოლოდით და სულ სხვა პროფესია აირჩიეთ. რატომ?

– დიახ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი მაქვს დამთავრებული, თუმცა მაინც უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ისეთი არეული პერიოდი დაემთხვა ჩემს აბიტურიენტობას, თან მამაც ავად გახლდათ და მოვლა უნდოდა. არც ბეჯითი სწავლით გამოვირჩეოდი მაინცდამაინც, ცოტა ზარმაციც ვიყავი. მთაწმინდაზე გავიზარდე და თინეიჯერობის პერიოდში, ცოტა ხულიგანი ბავშვიც ვიყავი (იცინის). ნიჭი მქონდა, ყველა აღიარებდა, რომ ფორტეპიანოზე კარგად ვუკრავდი. მაგრამ, ვიფიქრე, საერთაშორისო ურთიერთობები უფრო გამომადგება-მეთქი და ამ სპეციალობაზე გავაკეთე არჩევანი. ამ დროს, არც ნიჭზე ვფიქრობდი, არც პასუხისმგებლობაზე და არც გენეტიკურ ფაქტორზე. ანუ, ვალდებულებაზე წინაპართა წინაშე უარი ვთქვი და უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი.  იქაც სამი წელი ვისწავლე. მერე ოჯახური პრობლემების გამო სწავლას თავი დავანებე. სხვათა შორის, 14 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ვამჩნევდი, რომ ორგანიზატორული ნიჭიც მქონდა. ეს დამეხმარა, რომ მენეჯმენტში მეცადა ბედი და გარკვეული პერიოდი, მთელ რიგ ორგანიზაციებში საორგანიზაციო საკითხებს და ფინანსურ სფეროს განვაგებდი. დიპლომიანი ფინანსისტი არ ვარ, მაგრამ გამოცდილება, ყველაზე დიდი დიპლომი აღმოჩნდა ჩემთვის (იცინის). 

– ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ვლადიმირ ვისოცკის შემოქმედებას, ისე კარგად ვერავინ გადმოსცემს სცენიდან, როგორც თქვენ. მიჩნეულია, რომ ის თავისი ხმით, თითქოს საზოგადოებას ჰიპნოზს უკეთებდა და შოკში აგდებდა. თქვენ მისი სიმღერების ყველაზე კარგი შემსრულებელი ხართ. თუ გახსოვთ, პირველად სად მოუსმინეთ მას და რა რეაქცია გქონდათ?

– დაახლოვებით, 12-13 წლის ვიქნებოდი, როცა ვისოცკის შესრულება მოვისმინე. შოკში ჩავვარდი. მივხვდი, ამ ადამიანისთვის ცხოვრებისეული ჩარჩოები არ არსებობდა. აბსოლუტურად განსხვავებული იყო, არავის ჰგავდა და შინაგან პროტესტს სიმღერით გადმოსცემდა. მივხვდი, ეს ადამიანი ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ისეთი ენერგია მოდიოდა მისგან, მივხვდი, ის თავიდან ბოლომდე სიმართლეს ამბობდა და მასში სიყალბე გამორიცხული იყო. თემატიკურ-ფილოსოფიურად ჩემი იყო ვისოცკის შემოქმედება და უფრო ჩავუღრმავდი. მივხვდი, მის შემოქმედებაში რაღაც მაგიური იყო. 14-15 წლისამ გიტარაც ავიღე ხელში და თვითონვე ვისწავლე დაკვრა. საათობით ვიჯექი და ვაწყობდი აკორდებს. ხმამაც შემიწყო ხელი და დავიწყე ვისოცკის სიმღერების შესრულება გიტარის თანხლებით. წლები რომ გავიდა, მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება, იმღერო ვისოცკის სიმღერები, თუ მას ბოლომდე არ ჩაწვდები, მაგრამ შენეულსაც გაურევ. არის რაღაც ჩარჩო, რისი დარღვევაც მის შემოქმედებაში დაუშვებელია. თუმცა, არც ინდივიდუალიზმი უნდა დაკარგო კაცმა. საინტერესო იცით, რა არის? თავის დროზე, თურმე ბაბუა, დედაჩემის მამა კარგად იცნობდა ვისოცკის მამას. ბაბუა მწერალი და თარჯიმანი იყო და ბერიას დროს „კაგებეს” პარტკომი გახლდათ ხელოვნების დარგში. ის მიყვებოდა: ჩემი და ვისოცკის კორპუსები – მწერლების კორპუსებს რომ ეძახიან, ერთმანეთს უყურებდაო. ვლადი და მარინა რომ დაქორწინდნენ, სწორედ, ბაბუაჩემს გაუკეთებია საქორწინო სამოგზაურო საჩუქარი მათთვის გემ „შოთა რუსთაველზე”. ბაბუა 1995 წელს გარდაიცვალა. სხვათა შორის, მისგან გავიგე ის დეტალები, რომელიც ვიცი და მეამაყება, რომ ასეთი პიროვნების შთამომავალიც ვარ.

– ვლად ვისოცკის და მარინა ვლადის ქორწილი თბილისშიც გადაუხადეს. ამ ქორწილის დეტალების შესახებ თუ იცით რამე?  

– როგორ არა. ბაბუა ყვებოდა: ვლადი და მარინა ჩამოვიდნენ თბილისში და ზურა წერეთელმა მათ ქორწილი, ფარაჯანოვის ბინაში გადაუხადაო. ძალიან უყვარდა ქართველები, ზოგადად, საქართველო და აქ ჩამოსვლა ვისოცკისო. მე ვთვლი, ის იყო ეპოქიალური პიროვნება, რომელმაც ბევრი რამ დაგვიტოვა, მისი შემოქმედების სახით. ბევრი რამ გვითხრა სიმღერებით. კერძოდ, ის, რომ უფალი სულ ჩვენთანაა – მისი სიყვარული და შიში ადამიანებში დევს; რომ არ უნდა გაჩერდე და მიზნისთვის იბრძოლო. დამიჯერეთ, მისი ენერგია, რომელიც მისსავე შემოქმედებიდან მოდის, ქართველებს დღეს, ნამდვილად გვჭირდება. ამით სიამოვნებასაც იღებ და ცხოვრების გზასაც გააზრებულად ხედავ.

– მის შვილს, ნიკიტა ვისოცკის თუ იცნობთ და თუ აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში მამამისის შემოქმედებას თქვენი სახით, შეუდარებელი მიმდევარი ჰყავს.

– დიახ, მის ვაჟს ვიცნობ. ჩემს შესახებაც იცის და ურთიერთობაც გვაქვს. მოსკოვში გავიცანი წლების წინ. ნიკიტა ვისოცკი პროფესიით რეჟისორია. ძალიან თბილი და კარგი ადამიანია, მაგრამ მამისგან ძალიან განსხვავდება. 

– როგორც ვიცი, ამერიკიდან გქონდათ შემოთავაზება და თუ არ ვცდები, საკმაოდ კარგი კონტრაქტის პირობებითაც. დავიჯერო, უარი მხოლოდ იმის გამო თქვით, რომ სამშობლოს პატრიოტი ხართ?

– დამიჯერეთ, მართლა არ მინდა სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრება. თუმცა, თუ მექნება კონცერტები, დიდი სიამოვნებით ჩავატარებ. ლევან შენგელიამ, ჩემმა მეგობარმა გააცნო ჩემი შემოქმედება ამერიკაში პროდიუსერებს და დაინტერესდნენ. შინაგანად, მართლა არ მინდა, უცხო მხარეში დიდი ხნით ყოფნა. თუმცა, ვადასტურებ, კონკრეტულ შეთანხმებაზე მიდის საუბარი. კი ბატონი, მე ზაქარია ფალიაშვილის შვილიშვილი ვარ, ოთარ გორდელის შვილი, მაგრამ მე ვახტანგ გორდელი-ფალიაშვილი ვარ და ჩემი ცხოვრება, მიზნები მაქვს. ვცდილობ, სიკეთე ვაკეთო. რასაკვირველია, მაქვს ჩემი მინუს-პლუსებიც, მიყვარს ჩემი ოჯახი, მეგობრები, გარემო, სადაც ვცხოვრობ და ფასეულობები, რის გარემოცვაშიც გავიზარდე. 

 

скачать dle 11.3