კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოაწყვეს რუსმა ჯარისკაცებმა ამბოხება, როცა ქართველები მახობლიანი პურით გაუმასპინძლდნენ და როგორ დასრულდა ეს ამბოხი

ქართულ კულტურაში ბევრი საინტერესო საკითხია ეთნოგრაფიული საიდუმლოებების ასახსნელად. ჩვენი რესპონდენტი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოცირიძე დღევანდელ ინტერვიუში გვიამბობს, როდის დაიწყო მარცვლეული კულტურების მოყვანა და დამუშავება, რამდენი ქართული პურის ჯიში არსებობს და საქართველოს კუთხეებიდან რომელი კუთხე იყო ამ მხრივ ყველაზე მდიდარი. 

 

გიორგი გოცირიძე: ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის საკითხები ძირითადად სამი ნაწილისგან შედგება: მატერიალური კულტურა, ანუ, იგივე ნივთიერი მატერიალური ძეგლები; სულიერი კულტურა, ანუ, ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საგანძური და, მესამე – სოციალური ურთიერთობების სფერო, ანუ, საზოგადოებრივი ყოფა.

დავიწყოთ პირველით, მატერიალური კულტურით, რომელიც უშუალოდ ეფუძნება  ქართველი ხალხის დიდ სამეურნეო გამოცდილებას, ყოფითი პროცესების განვითარებას და ამ მხრივ იმ ფასეულობების შექმნას, რომლებიც დღემდე სიცოცხლისუნარიანია და, მიუხედავად საყოველთაო გლობალიზაციისა, სანამ ქართველი ხალხი იარსებებს, ეს მემკვიდრეობაც შენარჩუნებული იქნება. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ეროვნული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობისა და მენტალობის გამოხატულებაა. მასში ჩანს ქართველი ხალხის ხასიათი, ეთნოფსიქიკა, გონიერება, მიზანსწრაფვა და აზრი იმისა, რომ შექმნას ის, რაც მისია და ის, რაც მხოლოდ მას შეუძლია. მატერიალურ კულტურაში ეს პარადიგმა ძალიან ნათლად ჩანს სამეურნეო იარაღების, საცხოვრებელი ნაგებობების, საკულტო ღვთისმსახურებითი ძეგლების, საყოფაცხოვრებო პრაქტიკული დანიშნულების საგნების, სამოსელისა და სხვათა მაგალითზე. ყოველი ნიმუში მატერიალური კულტურისა ფენომენალურია თავისი არსითა და დანიშნულებით. მას, შეიძლება, რაღაც ზოგადი, მსგავსი სხვა კულტურული მემკვიდრეობისა ჰქონდეს, მაგრამ, მის ფორმაში, ფუნქციასა და დანიშნულებაში ეროვნული თავისებურება იკვეთება. მაგალითად, ქართული საცხოვრებელი უნიკალურია საქართველოს გეოგრაფიული ზონალობის, ადგილობრივი სამეურნეო პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთივე უნიკალურია სამეურნეო იარაღები – მარტივი, კავწერადან დაწყებული, რთული სახნისის ფორმებით, დიდი გუთნით, მისი ნაირსახეობებით დამთავრებული. მათი კლასიფიკაცია ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელმა გიორგი ჩიტაიამ შეიმუშავა და დღეს ამ კლასიფიკაციას ანალოგი არ მოეძებნება. 

მას შემდეგ, რაც ადამიანმა მარტივი სამეურნეო იარაღები შექმნა, დაიწყო საცხოვრისში ცხოვრება, ის ადგილობრივი გარემო აითვისა, სადაც ბინადრობდა და ხელი მიჰყო ინტენსიურ მეურნეობას: შემგროვებლობას, მონადირეობას, ხოლო მოგვიანებით – მესაქონლეობასა (რადგანაც, მოიშინაურა ცხოველი) და მიწათმოქმედებას, რომელიც მისთვის უპირველესი სასიცოცხლო პირობა გახდა. ტრადიციულმა მიწათმოქმედებამ, ვიდრე ის რთულ სისტემად ჩამოყალიბდებოდა, განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. არავინ იცის, ზუსტად როდის დაიწყო მან მარცვლეული კულტურების მოყვანა და დამუშავება, მაგრამ, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ეს პერიოდი ნეოლითური რევოლუციის ხანას უკავშირდება. ნეოლითი არის ის საფეხური, როცა ადამიანი თავისი კვების რაციონში ზრდის სახამებლისა და მცენარეული ცილების მოხმარების რაოდენობას და, ამავე დროს, აქტიურად იწყებს მცენარეული კულტურების სელექციას. საქართველოშიც დაახლოებით ამ პერიოდიდან უნდა გაჩენილიყო პირველი პურეული კულტურები. პური გახდა ადამიანისთვის ძირითადი საკვები და, ამავე დროს, წმინდა საკულტო საგანი, რომელსაც დღემდე პატივს სცემს და დღემდე გააზრებული აქვს როგორც არსებობის წყარო.

– პურეული ჯიშებიდან რამდენია ქართული?

– მეცნიერები ფიქრობენ, რომ, ზოგადად კავკასია და კონკრეტულად საქართველო, ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კერაა. აქ დასტურდება 14-მდე ადგილობრივი ჯიში, რომლის ანალოგები სხვაგან თითქმის არ არსებობს. ამ მრავალი ჯიშიდან წლების განმავლობაში მოხდა მათი უნიფიცირება და ყოფამ თითქმის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე შემოინახა რამდენიმე, მათ შორის: დოლი, თავთუხი, დიკა, ყანა, პოშოლა, ზანდური, მახა, ხოზო და სხვა; აქედან, მახა და ზანდური ითვლება ველურიდან კულტურულზე გარდამავალ უძველეს სახეობებად. ისინი კოლხური ხორბლის ჯიშების რელუქტური ფორმებია. მაგალითად: დოლის პური იყო წითელიც და თეთრიც; თავთუხსაც ჰქონდა ლოკალური სახეობები, დიკა ძირითადად მთისა და მთისწინეთის კულტურაა. ამ ხორბლეულთან ერთად, დიდი ადგილი ეჭირა შვრიას, ქერსა და ჭვავს. ეს საკითხები ქართველი აგრობიოლოგების, ბოტანიკოსების მიერ კარგადაა შესწავლილი და, ასევე, კარგადაა შესწავლილი ის ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც – გამოვლენილია ეთნოგრაფიული სპეციფიკა ცალკეული კუთხეებისა. 

– მაგალითად?

– მაგალითად, პურის სამშობლოდ ითვლება ქართლი, განსაკუთრებით – მესხეთი. საინტერესო ჯიშები იყო განვითარებული რაჭაში, სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში და ასე შემდეგ. მესხეთში არსებობს ასეთი გამოთქმა: „მე ჯავახეთს რა მიშავდა, პური მქონდა ბზესავითა...” 

– პურის ცხობა როდის დიწყეს?

– ხორბლეული კულტურების ასეთმა სიმრავლემ განაპირობა პურის ცხობის მდიდარი ტრადიციებიც. პურს აცხობდნენ მთაშიც და ბარშიც, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ ბარში საფუვრიანმა ტექნოლოგიამ უფრო ადრე მოიკიდა ფეხი და გაჩნდა შესაბამისი საცხობი საშუალებებიც, მაგალითად – თონე, ხოლო მთაში უფრო ხმიად, ანუ უსაფუვრო პურებს აცხობდნენ და, ასევე, ამ რეგიონში გავრცელდა საცხობი ღუმელი – ფურნე, რომელშიც უფრო დიდი რაოდენობით პური ცხვებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ პურის ცხობა, ანუ, გამომცხვარი პური, უფრო გვიანდელია, ვიდრე ხორბლისაგან დამზადებული ფაფისებრი საკვები, რომელიც ჩვენში კორკოტისა და წანდილის სახით შემორჩა რიტუალურ კვებას. ძველი ეგვიპტელები, როცა დიდი რაოდენობით მონებს ამუშავებდნენ, მათ საკვებად ფაფას ურიგებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ქვაზე დატოვა ეს ფაფა და, მცხუნვარე მზის გამო ის გამოცხვა. ასეთი ლეგენდა, შეიძლება, რეალურიც იყოს. 

– საქართველოში როდიდან აცხობენ პურს?

– საქართველოში დოლის პური ყველაზე საუკეთესო კვებითი ღირებულებებით გამოირჩეოდა, მაგრამ მას ხალხი, მომჭირნეობით ხმარობდა და ყოველდღიურად არა განმტკიცულს ჭამდნენ, არამედ, უხეშად დაფქულს. დოლის ყანას ხშირად სარეველაც შეერეოდა. ერთ-ერთი ასეთი სარეველა იყო მახობელი (მახაობელი), რომელიც უფრო ქართლში ჭარბობდა და ის ისე შეერეოდა პურს, რომ მისგან გამომცხვარი პური მოლურჯო ფერის გამოდიოდა, მაგრამ, ძალიან რბილი, სურნელოვანი და გემრიელი. ამიტომ უყვარდათ მახობლიანი პური და ქართლის მოსახლეობას ეს დღესაც ახსოვს. 

რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წლებში, როცა ქართლში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრში საიმპერატორო ჯარის ნაწილები ჩაუყენებიათ, მათთვის მახობლიანი პური მიუტანიათ. ჯარისკაცები ამბოხებულად, – ჭუჭყიან, ტალახიან პურს გვაჭმევენო. ისინი მიჩვეულები იყვნენ რუსული თეთრი, ქათქათა „გედის ჯიშისაგან” გამომცხვარ პურს და ქართულ მოლურჯო მახობლიან პურს პროტესტი გამოუცხადეს. გამოიწვიეს კომისია, საიმპერატორო ხაზინიდან, რომელმაც ლაბორატორიულად შეამოწმა მახობლიანი პური და ვერავითარი მავნებლური მასში ვერ აღმოაჩინა. ასეთია ეს პატარა ისტორია მახობლიან პურთან დაკავშირებით.

მახობლიანი პური ქართლში თავისებური ფორმისა იყო – მას თონეში აკრავდნენ და ხელის მტევანს წააგავდა. ამ პურს „დედას პურს” უწოდებდნენ – სახელს, რომელიც შემდეგ ქართულ თონის პურზე გავრცელდა. 

დღეს პურის ფორმები და სახელწოდებები იმ რაოდენობით, როგორც ეს თუნდაც მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო, აღარ გვხვდება. მაგრამ, იმათგან რამდენიმეა შემონახული, მათ შორის: შოთი, რომელსაც სადღესასწაულოდ აცხობდნენ; ლავაში, რომელიც შეიძლება იყოს მრგვალიც და ოვალურიც; „გურგვალი”, ანუ მრგვალი პური; მესხური და ასე შემდეგ. ქართული პური დღესაც ერთ-ერთი გამოკვეთილი მარკერია ქართული ეროვნული კულტურისა და ის ძალიან უყვართ არა მარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ, დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელებშიც და ეს ფაქტი თავისთავად ძალიან ბევრზე მეტყველებს.

ქართულ კულტურაში კიდევ ძალიან ბევრი  საინტერესო საკითხია ეთნოგრაფიული საიდუმლოებების ასახსნელად, მაგრამ ამაზე შეიძლება შემდეგ ვისაუბროთ. 

 

скачать dle 11.3