კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძიეს შური ქართველებმა მუსლიმანური კოალიციის წინააღმდეგ ჯერ ბრძოლაში, გამარჯვების შემდეგ კი – ქეიფში

ბრძნული და ღვთისნიერი ქმედებებით თამარ მეფემ შიდაქართული დაპირისპირებები ჩააცხრო და ერთ მუშტად შეკრა ქართველობა. ამან მთელი ქართული სამხედრო რესურსი საქართველოს იმპერიის გავლენის გავრცელებისკენ მიმართა. ქართველებმა შეუტიეს მეზობელ სახელმწიფოებს და ყველგან იცავდნენ ქრისტიანთა უფლებებს. ალაფით აივსო ქართველთა მხედრობა, ხოლო საქართველოს მტრები მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

მუსლიმანთა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, ტანსაცმელი და პირი შავად შეიღებეს, მივიდნენ მუსლიმანთა სულიერ ლიდერთან – ხალიფასთან და  დახმარება სთხოვეს. მან გახსნა თავისი საგანძური, იდუმალად გაგზავნა შიკრიკები ყველა მუსლიმანურ სამფლობელოში და ბრძანება გასცა, ვინც არ წამოვიდოდა საქართველოს წინააღმდეგ საომრად, თავად მისი ქვეყანა აეოხრებინათ.

ამ დროისთვის, ირანის აზერბაიჯანის (ძველი აზერბაიჯანის) ადარბადაგანის გასულთნებული ათაბაგი ყიზილ-არსლანი უძეოდ იყო გარდაცვლილი. მემკვიდრეობით მისი სამფლობელო ერგოთ მისი ძმის, ფეჰლევანდის (ფალავანდის) შვილებს. უფროსმა, ხუტლუინანჩიმ, საკუთრებად მიიღო ტერიტორია ერაყიდან ხორასნამდე; აბუბექრმა (ამირ-ბუბაქარმა) ადარბადაგანი სომხეთამდე; ამირ-მირმანმა –  ერანი კასპიის ზღვიდან გელაქუნის (სევანის) ზღვამდე, მაგრამ, ძმებს შორის ომი გაჩაღდა პირველობისთვის. აბუბექრმა დაამარცხა უფროსი ძმა – ხუტლუინანჩი, გააქცია და თვითონ დაჯდა ათაბაგად. ამირ-მირმანი კი საქართველოს ვასალის – შარვან-შაჰის სიძე გახდა. აბუბექრი „ბელაქნის კარს“ სიძე-სიმამარს თავს დაესხა და ისინიც გააქცია. შირვან-შაჰს სტიქიური უბედურებაც დაატყდა თავს. მიწისძვრამ დაანგრია შირვანის დედაქალაქი – შამახია, რის შდეგადაც შირვანშას ცოლი და შვილები დაიღუპნენ.

გაუბედურებულ შირვანშას, აღსართანს (ახსითან პირველი), როგორც ქვეყნაზე პასუხისმგებელს, აბუბექრისგან ქვეყნის აოხრების საშიშროება მაინც ადარდებდა. მან წერილი მისწერა თავის სუზერენებს – თამარსა და დავითს და შველა სთხოვა.

საქართველო ვალდებული იყო დახმარებოდა ყმადნაფიცს. თამარ მეფემ ბრძანება გასცა ლაშქრის შეკრებისა. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თამარი, დავითი და ძე მათი – გიორგი-ლაშა. ტფილისში დიდის პატივით მიიღეს აღსართანი, ამირ-მირმანი და მათი თანმხლებნი. მერე გამოვიდნენ ტფილისიდან აღლუმზე და მეფესა და დიდებულებს მიეგებნენ საქართველოს სამსახურში მყოფი ოსები და ყივჩაღები. მაშინ ყივჩაღთა მეფის, სევინჯის ძმა – სავალათი საქართველოს სამხედრო სამსახურში იყო. საქართველო ქირაობდა ხოლმე ყივჩაღებს, ოსებს და სხვებს „როქის სპად“. სტუმრებს მიეგება ქართული არმიაც: მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭველები, თაკვერელნი და მარგველნი, იქვე იყო სომეხთა რაზმებიც.

სტუმრებისთვის ჯერ პურობა გაიმართა, შემდეგ – ნადიმი. თამარ მეფის ნატიფმა, დახვეწილმა ქცევამ და სილამაზემ, ასევე, ქართული სამხედრო ძალის დემონსტრირებამ, აღაფრთოვანა დახმარების სათხოვნელად მოსულნი და გამარჯვების იმედი მისცა.

სტუმრების პატივსაცემად მთელი კვირის განმავლობაში ნადირობდნენ, პოეტები გამოთქვამდნენ ლექსებს, მუშაითები აწყობდნენ სანახაობებს, იმართებოდა ბურთაობა. 

ამირ-მირმანი და მისი ამალა ერაყში, ერანსა და ადარბადაგანში საუკეთესო მობურთალებად ითვლებოდნენ. დავით სოსლანი თავისი მოყმეებით გაეჯიბრა მათ. თამარ მეფეც დაესწრო თამაშს. ქართველებმა მსწრაფლ სძლიეს ბურთაობაში სტუმრებს.

ამასობაში საქართველოს სამეფო კარი საომრად ემზადებოდა. ათ დღეში შეიკრიბა ქართული არმია.

წმიდა მეფემ საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა, დღედაღამ შეუწყვეტლად ელოცათ; გასცა უამრავი მოწყალება გლახაკთათვის.

შეკრებილ ლაშქარს მეფეთმეფემ მიმართა: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს...“ 

წმიდა დედოფალმა დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს და წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა, თვითონ კი ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაუცხრომლად ლოცულობდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვებას.

დავით სოსლანმა წაიმძღვარა ძელი ცხოვრებისა და სვიანი დროშა „გორგასლიან-ბაგრატოანური“.

ქართული ჯარი, რომელსაც თავი მოეყარა მტკვრის, ალგეთის, ქციისა და ქურდვაჭრის (ქციის შენაკადი, მდინარე დებედა) ხეობებში, დაიძრა შამქორისკენ.

ამასობაში აბუბექრი თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით ქალაქ შამქორსა და მის მიდამოებში გამაგრდა. მზვერავებმა დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ.

მეფე დავითი მტრის რიცხვმრავლობას არ შეუშინდა, პირიქით, მსწრაფლ მოქმედებაზე გადავიდა: ჯარი ორად გაყო. ერთ, უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს თავად უთავა, მარჯვნივ შემოუარა შამქორს, გადალახა შამქორ-ჩაის მდინარე, რათა შამქორისთვის ზურგიდან დაერტყა, ჩაეკეტა შამქორისა და განძის გზები. 

ასეთი მანევრი დააბნევდა მტერს, რომელიც მინდობილი იყო თავის მრავალრიცხოვნობას, შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობას და, აიძულებდა, დაეტოვებინა განძისა და არანის გამაგრებული ადგილები. შამქორ-ჩაის გარდა, მოწინააღმდეგე გამაგრებული იყო მტკვარში ჩამავალი მდინარეების – კოშკა-ჩაისა და განჯა-ჩაის ხეობებში.

ქართველთა მეწინავე რაზმის მებრძოლები ჩამოხტნენ ცხენებიდან, თაყვანი სცეს ღმერთს და მტერს ეკვეთნენ.

მეწინავე, მარჯვენა ფრთის სამოქმედო არეალი ვიწრო იყო, მხოლოდ წინა რიგები თუ ებრძოდნენ ერთმანეთს. დავით სოსლანის რაზმს, ცუდი გზის გამო, მანევრი შეუყოვნდა. მეწინავე ქართველებს ცხენები გამოუკლეს და, ის იყო, გაუჭირდათ ქართველებს, რომ გამოჩნდა დროშა გორგასლიანი, რაც მეფის მოახლოებას ნიშნავდა.

მეფის მოსვლამდე უძლებდა ათაბაგის ჯარი, მაგრამ, რა იხილეს სოსლანი, თავზარი დაეცათ მუსლიმანებს. 

ქართველთა ჯარმა არ მისცა მტერს მანევრირების საშუალება. მდევარმა ერთი მხრივ განძის მხარისკენ, მეორე მხრივ კი გელაქუნისკენ მოუჭრა გზა მაჰმადიანებს. 

მემატიანის თქმით, ქართველები ქათმებივით იპყრობდნენ დამარცხებულ მტრებს – დიდ  ამირებსა და დიდებულებს ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან, ადარბადაგანიდან და წვერებით მიათრევდნენ დავით მეფის წინაშე. თავად აბუბექრ ათაბაგი შეშინებული გაიქცა.

სწორუპოვარმა გმირმა შალვა ახალციხელმა ხალიფას დროშა წაართვა მუსლიმანებს. მტრის დევნის შემდეგ მობრუნებულ მეფე დავითს შეეგება ანტონ მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, რომელმაც, მართალია, ბრძოლაში ხმალი არ ამოიღო, რადგან ბერი იყო, მაგრამ, სამი მსახურის მეშვეობით, ხელთ ჩაიგდო სამასი ჯორი და აქლემი.

დავით მეფესთან გამოცხადდნენ შირვანშა და ამირმირმან, ასევე, ქართველი სარდლები, ჩამოხტნენ ცხენებიდან და თაყვანი სცეს მას, აღმართეს სამლოცველოები და ადიდებდნენ უფალს.

ეს მოხდა 1195 წლის 1 ივნისს. მეორე დღეს, დილით, შამქორელებმა მეფეს მიართვეს ქალაქის კლიტენი. დავით სოსლანმა შამქორი ამირმირმანს უბოძა, თვითონ კი განძას გაემართა. იქ გამოეგებნენ დიდებულები, დიდვაჭარნი, ყადი და მოლები, დაეცნენ მიწაზე და ცრემლით შეავედრეს თავი და ცოლ-შვილი. გაუღეს ქალაქის კარი, დაუფინეს სტავრა და დიდი პატივით გაუძღვნენ სულთნის სასახლემდე, შეიყვანეს სასახლეში და სულთნის ტახტზე დასვეს. შეიქნა დარბაზობა. იჯდა დავით მეფე-სულთანი ტახტზე, ათაბაგის ძე, შირვან-შაჰი და სხვა ყმები, ძველი და ახალი ქვეშევრდომები კი ეთაყვანებოდნენ. 

დავით სოსლანს სულთნის შესაბამისი საზეიმო თაყვანისცემა გაუმართეს დოლებისა და ლიტავრების დაკვრით, ქართველებმა კი, მუსლიმანების წესის საწინააღმდეგოდ, ღორის ხორცითა და ღვინით კარგად იქეიფეს. 

ტფილისში დაბრუნების შემდეგ, თამარ მეფისა და მოქალაქეებისთვის საჩვენებლად, ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა ტყვეები და ალაფი ქალაქგარეთ გამოფინეს. დიდუბის ველზე ავჭალამდე და გლდანის ხევამდე დააყენეს ტყვე ამირები საკუთარი დროშებით, პირველ რიგში იყო ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა თამარს მიუძღვნა; მერე – ათაბაგის დროშა, მერე ტყვეები – თორმეტი ათასი კაცი; ასევე, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი, ხოლო ოქრო, ვერცხლი, ჭურჭელი, ლარი და სხვა ალაფი იმდენი იყო, დაიღლებოდა კაცი დათვალიერებით.

 

скачать dle 11.3