კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდებენ სინამდვილეში მონღოლების შთამომავლებს ყირიმელ თათრებს და აქვს თუ არა დღევანდელ თურქეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე პრეტენზიის გაცხადების უფლება

მართალია, რუსეთის პრეტენზიები ყირიმზე (გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, რომ უკრაინის რეალური დამოუკიდებლობის შემთხვევაში შავი ზღვის ფლოტის დასაყენებელი ადგილი აღარ რჩება), არაოფიციალურად, ძირითადად, ხრუშჩოვის მიერ 1954 წელს უკრაინისთვის ამ ნახევარკუნძულის ჩუქებას უკავშირება. თუმცა, მეორე მხრივ, ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ყირიმის ავტონომიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, მასზე პრეტენზიას თურქეთი განაცხადებს. როგორ მოხვდა ყირიმის ნახევარკუნძული თავის დროზე მეფის რუსეთის შემადგენლობაში და რა მოხდა ამ ტერიტორიაზე? – ამ ისტორიულ ექსკურსს ისტორიკოსი ვახტანგ გურული ჩაგვიტარებს.

 

– ის კი ვიცით, როგორ მოხვდა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ როგორ გახდა ის რუსეთის ნაწილი და იქნება თუ არა სამართლიანი თურქეთის პრეტენზია?

– მეცხრე საუკუნეში შეიქმნა ძველი რუსეთის სახელმწიფო, რომელსაც ეწოდებოდა კიევის რუსეთი, საიდანაც იწყება აღმოსავლეთ სლავების –  რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების –  სახელმწიფოებრიობის ისტორია. თუმცა მაშინ აღმოსავლეთ სლავები არ იყოფოდნენ რუსებად, უკრაინელებად და ბელორუსებად. მატიანემ ასეთი ცნებები არ იცის. მემატიანე ასახელებს 12 სლავურ ტომს და, თუ ამ 12 სლავური ტომის განსახლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს, დაახლოებით, ემთხვევა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიებს. კიევის რუსეთის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა ყირიმის ნახევარკუნძული, ისევე, როგორც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორია, უფრო მეტიც, არც დნეპრის ქვემო წელი. კიევის რუსეთი მეცამეტე საუკუნის 20-40-იან წლებში დაიპყრეს მონღოლებმა. მათ ტერიტორია მდინარე დუნაიდან დაწყებული ციმბირში, მდინარე ირტიშამდე, გააერთიანეს „ოქროს ურდოში“. მასში შედიოდა მთელი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი, ყირიმის ნახევარკუნძული, რუსეთი, ჩრდილოკავკასიაც, შუა აზიის ნაწილი და ციმბირის ნაწილიც, როგორც გითხარით, მდინარე ირტიშამდე. მაგრამ „ოქროს ურდომ“ დიდხანს ვერ იარსება და მეთხუთმეტე საუკუნეში ის დაიშალა ყირიმის, ასტრახანისა და ყაზანის სახანოებად. იყო კიდევ ერთი სახანო –  ურალის გადაღმა, მას ციმბირის სახანო ეწოდებოდა.

– როგორც ვხედავ, მონღოლებს ყველაზე მეტი პრეტენზია უნდა ჰქონდეთ ამ ტერიტორიაზე.

– მონღოლების „ოქროს ურდოს“ ტერიტორია ვრცელდებოდა რუსულ ქალაქ ნოვგოროდამდე, ლადოგის ტბამდე, დასავლეთით –  უნგრეთ-პოლონეთის საზღვრებამდე, ჩრდილოეთით –  ბალტიისპირეთის საზღვრებამდე. მონღოლების უღლის გადაგდების შემდეგ შეიქმნა მეორე რუსული სახელმწიფო ცენტრით მოსკოვში.

– ისევ კიევის გარშემო რატომ ვერ აღორძინდა?

– მონღოლების გადაგდების შემდეგ, კიევის გარშემო ახალი რუსული სახელმწიფო აღარ შექმნილა, იმიტომ რომ, ის ტერიტორია გავერანებული იყო, მონღოლებმა ნაცარტუტად აქციეს. ამიტომ კიევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მონღოლებისგან შედარებით დაცულ ტერიტორიაზე, მოსკოვის გარშემო დაიწყო ახალი რუსული სახელმწიფოს შექმნა, თუმცა დინასტია იგივე იყო –  რიურიკების. მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეები ეს არის მოსკოვის რუსეთის გაძლიერების პერიოდი. ასე მოვიდა მეთექვსმეტე საუკუნე –  რუსეთის ცნობილი მეფის, ივანე მრისხანის, ეპოქა. ივანე მრისხანემ 1552 წელს დაიპყრო და გააუქმა ყაზანის სახანო,  შემდეგ დაიპყრო და გააუქმა ასტრახანის სახანო, მაგრამ ყირიმის სახანოს გაუქმება და შეერთება ვერ შეძლო.

– ვინ შეადგენდა ყირიმის სახანოს მოსახლეობას?

– ძველი რუსები იქ არ ცხოვრობდნენ. როგორც ასტრახანისა და ყაზანის, ისე ყირიმის სახანოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ მონღოლები. ისინი იყვნენ და დღესაც არიან დიდი მონღოლების შთამომავლები, მაგრამ მონღოლებს მემატიანე რუსეთში უწოდებდა „თათრებს“; მეტიც, სადაც რუსი მემატიანე იყენებს სიტყვა „თათარს“, სინამდვილეში ეს არის მონღოლი. მონღოლების ერთ-ერთ ტომს რქმევია „თათარი“, რაც შემდეგ განაზოგადა რუსულმა მატიანემ. იმდენად ძლიერი იყო ყირიმის სახანო, რომ პოლონეთის სახელმწიფოს ებრძოდა, როგორც თანასწორს და  ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა. უფრო დიდ პრობლემას უქმნიდა მოსკოვის რუსეთს: ყირიმის ხანი რამდენჯერმე მოსკოვამდეც მივიდა და მოსკოვის გარეუბნები გადაწვა. მას ჰყავდა უძლიერესი ცხენოსანი ჯარი: ერთი პერიოდი ყირიმის ხანს შეეძლო 100 000-120 000 ცხენოსანი ჯარი შეეკრიბა. ასე რომ, ყირიმის ხანს გართულებული ურთიერთობა ჰქონდა პოლონეთთან და მოსკოვის რუსეთთანაც. სწორედ იმ პერიოდში მდინარე დნეპრზე, სადაც დღეს ქალაქი ზაპოროჟიეა, ჩამოყალიბება დაიწყო ახალმა ძალამ  –  კაზაკობამ. ძირითადად, ისინი იყვნენ რუსეთიდან გაქცეული გლეხები. კაზაკები არ ყოფილან მხვნელ-მთესველი ხალხი, ისინი იყვნენ მეომრები, რომლებიც ძარცვა-გლეჯით ირჩენდნენ თავს. მათ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ყირიმის სახანოსთან. ფაქტობრივად, კაზაკები გადაეფარნენ რუსეთს, რადგან ყირიმის ხანს მუდმივად ეშინოდა იმის, რომ, თუ დაიძვრებოდა რუსეთისკენ, კაზაკები მის სახანოს აიკლებდნენ. კაზაკებმა ნაწილობრივ პოლონელებიც გადაარჩინეს. მაგრამ, როგორც არ გაძლიერდა მოსკოვის რუსეთი, ყირიმს მაინც ვერაფერი დააკლო.

– რატომ იყო ყირიმის სახანო ასეთი უძლეველი?

– ძალიან დიდი ტერიტორია ჰქონდა, ამიტომ რომ, როგორც კი რუსეთის ჯარი დაიძვრებოდა, მაშინვე სტეპს გადაწვავდნენ ყირიმელები და კვამლისგან შეწუხებული რუსის ჯარი წინ ვეღარ მიიწევდა. ბოლოს, ყირიმს სერიოზულად  შეუტიეს მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, თავდაპირველად, მცირეწლოვანი პეტრე პირველის დამ და მისმა ფავორიტმა ვასილ გოლიცინმა, თუმცა ეს ლაშქრობა ჩაიშალა. არადა, წელიწადი არ გავიდოდა ყირიმელებს ორ-სამჯერ არ ელაშქრათ პოლონეთსა და რუსეთზე. შეუფერხებლად მიდიოდნენ ტულამდე. მოგვიანებით, პეტრე პირველმაც ილაშქრა ყირიმის სახანოზე, როდესაც შავიზღვისპირეთში ფეხის მოკიდება გადაწყვიტა.

– მხოლოდ რუსეთი ცდილობდა ყირიმის სახანოს ხელში ჩაგდებას? რას აკეთებდა ამ დროს ოსმალეთის იმპერია, ანუ თურქეთი?

– როდესაც ოსმალეთის იმპერია, თურქეთი გაძლიერდა,  ყირიმის ხანი გახდა ოსმალეთის სულთნის ვასალი, შინაურ საქმეებში ის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, მაგრამ აღიარებდა ოსმალეთის სულთნის უზენაესობას. თუმცა ეს მაინც არაფერს ნიშნავდა, რადგან ყირიმის ხანი დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას. ასე რომ, როდესაც პეტრე პირველმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის დაუფლებისთვის დაიწყო ზრუნვა, ბრძოლა დაიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, უშუალოდ ყირიმს პეტრემ ვერ შეუტია, მას აინტერესებდა აზოვის ციხე-სიმაგრე, სადაც დონი ჩაედინება აზოვის ზღვაში და 1700 წლის ზავით აზოვი დარჩა კიდეც რუსეთს. ეს იყო წარმატების მაქსიმუმი. პეტრემ ვერ შეძლო ყირიმის სახანოს ლიკვიდაცია, თუმცა ეს მისი გეგმა არც ყოფილა. მას მაშინ აინტერესებდა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე, სადაც უნდა დაემარცხებინა შვედეთი და შავი ზღვა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა შვედეთთან ომის დროს, რომელიც 21 წელს გაგრძელდა, პეტრემ სცადა შავიზღვისპირეთში დასავლეთიდან შეჭრა, მაგრამ ეს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამდენად, მისი ეს მცდელობაც მარცხით დასრულდა და პეტრეს ყირიმის სახანოს დაპყრობის მცდელობა აღარ ჰქონია. პეტრეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთში სახელმწიფოებრივი ცხოვრების კრიზისი დაიწყო, რაც გრძელდებოდა მანამ, სანამ რუსეთის იმპერატორი არ გახდა ეკატერინე მეორე. მან სერიოზულად სცადა შავიზღვისპირეთში ფეხის მოკიდება, მაგრამ ეს უკვე იყო ბრძოლა არა ყირიმის სახანოს, არამედ –  თურქეთის წინააღმდეგ, რადგან ყირიმის ხანი ოსმალეთის სულთნის ვასალი იყო.

1768-1774 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი, რომლის მთავარი ფრონტი გადიოდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთზე და არა ყირიმის სახანოს ტერიტორიაზე, ყირიმიდან დასავლეთით. რუსეთმა თურქეთი დაამარცხა და თურქეთმა დათმო პოზიციები: 1774 წელს, რუსეთ-თურქეთის ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, ყირიმის სახანო გამოცხადდა დამოუკიდებლად, ანუ მიიღო იგივე სტატუსი, რაც ჰქონდა თურქეთის ვასლად გახდომამდე. ეს თურქეთისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან რუსეთის მომავალი ბრძოლა ყირიმის სახანოსთან აღარ ნიშნავდა ომს თურქეთის წინააღმდეგ, ეს ნიშნავდა ომს ყირიმის ხანთან, რომელიც რუსეთთან მარტო რჩებოდა.

– თურქეთი ვერ მიეშველებოდა ყირიმის სახანოს ამ ზავის შემდეგ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში?

– თურქეთში კარგად გაიაზრეს, რომ ყირიმის სახანო გაიწირა და 1787 წელს თურქეთმა ყირიმის უკან დაბრუნება მოითხოვა, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა და დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. თურქეთი სასტიკად დამარცხდა და 1791 წლის იასის ზავით, თურქეთმა ყირიმის სახანო რუსეთის ტერიტორიად ცნო. ამის შემდეგ უკვე რუსეთმა ამ ტერიტორიების ათვისება დაიწყო და მთელ შავიზღვისპირეთს ოფიციალურად ეწოდა მალოროსია. აქ აღმოცენდა ქალაქები: ეკატერინოსლავი, ხერსონი, ნიკოლაევი, ეკატერინოდარი, ოდესა და სევასტოპოლიც ამ პერიოდში იქცა დიდ ქალაქად. ეს ტერიტორია იყო რუსეთის ტერიტორია, სანამ რუსეთის იმპერია არ აღესრულა. შემდეგაც ის იყო რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში, მაგრამ მოხდა ასეთი მოულოდნელი რამ: სტალინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის პირველი პირი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვი. სხვათა შორის, მასზე ამბობდნენ, რომ უკრაინელი იყო. ის დაიბადა კურსკის ოლქში, ანუ რუსეთში, თუმცა ახლოს უკრაინასთან და შეიძლებოდა, მართლაც ყოფილიყო წარმოშობით უკრაინელი, მაგრამ მაშინ ხაზი არ ესმებოდა ეროვნებას. იცით, რომ 1654 წელს უკრაინა კაზაკების ჰეტმანის, ბოგდან ხმელნიცკის ინიციატივით შეუერთდა რუსეთს.

– თუმცა დოკუმენტი არ არსებობს.

– ისეთი დოკუმენტი, მაგალითად, როგორიც გეორგიევსკის ტრაქტატია, არ არსებობს, მაგრამ მატიანეში ეს ფაქტი აღწერილია. 1954 წელს  ამ თარიღიდან სამასი წელი  სრულდებოდა და სრულიად მოულოდნელად, საზოგადოებრივი აზრის დამუშავების გარეშე, გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება: უკრაინის რუსეთთან შეერთების სამას წლისთავთან დაკავშირებით ყირიმი გადაეცეს უკრაინას. არანაირი დასაბუთება ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია, თუმცა მაშინ არანაირი დასაბუთება არც კეთდებოდა.

არსებობს ორი მოსაზრება: ხრუშჩოვი იყო უკრაინელი და ამიტომ აჩუქა ეს ტერიტორია უკრაინას, რაც პირადად ჩემთვის არ არის დასაბუთებული ვერსია და მეორე, ჩემი აზრით, უფრო მყარი ვერსია: ეს იყო ჩაფიქრებული იმისთვის, რომ, რადგან ყირიმის მოსახლეობა თავისი ორიენტაციით რუსული იყო, ამით გარკვეული ფორფოსტი შეექმნათ უკრაინაში, რომ რუსული გავლენა უფრო გაძლიერებულიყო. თუმცა ეს ვერსიაც არ არის ბოლომდე დასაბუთებული, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ამ ჟესტში რაღაც ფარული აზრი იყო ჩადებული.

– ყოველი შემთხვევისთვის, დავაზუსტებ: ყირიმის ავტონომიის მოსახლეობის 24 პროცენტი, ყირიმელი თათრები, არიან მონღოლების შთამომავლები, რუსული მოსახლეობა კი ეკატერინეს დროს ჩაასახლეს ყირიმის ნახევარკუნძულზე?

– ყირიმის მიერთების შემდეგ რუსები მასობრივად შევიდნენ ყირიმში და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. კაზაკები ძალიან მერყევი პოლიტიკური ორიენტაციის ხალხი იყო: ხან პოლონეთის მხარეს იყვნენ, ხან –  რუსეთის. მაგალითად, ბოგდან ხმელნიცკი, მართლია, დიდი როლი შეასრულა უკრაინის რუსეთთან მიერთებაში, მაგრამ შემდეგ განუდგა მათ. თან, კაზაკებს არ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ეკატერინეს ეშინოდა, რადგან არ იცოდა, საით გადაიხრებოდნენ. შესაბამისად, როდესაც 1768-1774 წლების ომის დროს კაზაკები გაიწვიეს ომში, ეკატერინემ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში დაბრუნებულ რუსეთის ჯარს ვერაგულად უბრძანა, აეყარათ კაზაკების ოჯახები ზაპოროჟიეს მიდამოებიდან და გადაესახლებინათ ყუბანში. როდესაც კაზაკთა ჯარი დაბრუნდა და ნახა, რომ დაცლილია მათი საცხოვრებელი ადგილი, თვითონაც წავიდნენ ყუბანში, ვინც არ წავიდა, ძალით გარეკეს. ასე რომ, ზაპოროჟიეს ტერიტორიაც გათავისუფლდა და იქაც მასობრივად შეუშვეს რუსული მოსახლეობა. უამრავ შეღავათს აძლევდნენ: მიწას უფასოდ ურიგებდნენ, სახელმწიფო აძლევდა მრავალწლიან კრედიტს. ყირიმის იმ ახალი ქალაქების მოსახლეობა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, სულ რუსები იყვნენ. შემდეგ იქ ფაბრიკა-ქარხნები ამუშავდა, სადაც ისევ და ისევ რუსები მუშაობდნენ. შემდეგ საფორტიფიკაციო ნაგებობები აიგო, სამხედრო ფლოტი ჩადგა, რომლის მოსამსახურეებიც, ძირითადად, რუსები იყვნენ და თადარიგში გასული ოფიცრები, როგორც წესი, იქვე რჩებოდნენ საცხოვრებლად.

– თქვით, რომ ყირიმი სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით გადაეცა უკრაინას. ეს იურიდიულად გამართული აქტია თუ სადავოა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ რუსეთმა სსრკ-ის დაშლის შემდეგ უკრაინა ყირიმთან ერთად ცნო.

– ყველა ამ საზღვრებში აღიარებს უკრაინას, არა მხოლოდ რუსეთი, მაგრამ აქ არის ორი მომენტი: თუ ჩვენ მაშინდელი კანონმდებლობით ვიხელმძღვანელებთ, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იყო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. უფრო ზუსტად, უმაღლესი ორგანო იყო უმაღლესი საბჭო, მაგრამ ის იკრიბებოდა სესიაზე და ამიტომ სესიიდან სესიამდე უმაღლესი ორგანოს როლს ასრულებდა პრეზიდიუმი. შესაბამისად, კონსტიტუციურად მას ჰქონდა ასეთი აქტის გამოცემის უფლება, მაგრამ უკრაინა და რუსეთი ხომ ორივე სუვერენული სახელმწიფო იყო 1922 წლის 30 დეკემბრის დეკლარაციით?! ესე იგი, მათი მორიგების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ტერიტორიის გადაცემა, რა შუაში იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი?! იყო მეორე გზა –  რეფერენდუმი ჩატარებულიყო ყირიმში, მაგრამ არც ეს გაკეთებულა. თვითონ ამ დოკუმენტს, როგორც გითხარით, არანაირი დასაბუთება და მოტივაცია არ ჰქონია, არის ერთი ფარატინა ფურცელი. ასეთი რამეები ხდებოდა მაშინ. თუ ცოტა უფრო ღრმად ჩავხედავთ საკითხს: იმ დროს გამოცემული ყველა ბრძანება უკანონოა, რადგან თვითონ კონსტიტუცია ისე იყო დაწერილი, რომ იძლეოდა უკანონო ბრძანებების გამოცემის უფლებას. რაც შეეხება რუსეთის დღევანდელ პრეტენზიას: არც დაისმებოდა ყირიმში ეს საკითხი, რომ არ მომხდარიყო, რაც მოხდა. ყირიმი შესანიშნავი ანკლავი იყო და არის რუსეთისთვის, თუ მას რამე ცუდის გაკეთება უნდა უკრაინისთვის. ამდენად, რუსეთი ვეღარ დასვამს საკითხს კანონიერია თუ უკანონო 1954 წლის აქტი, რადგან 1954 წლის შემდეგ რუსეთს მრავალგზის შეეძლო ამ აქტის გადახედვა, შეეძლო, ოფიციალურად დაეყენებინა ეს საკითხი  როგორც სსრკ-ის დაშლამდე, ისე დაშლის შემდეგაც, რაც მას არ გაუკეთებია.

 

скачать dle 11.3