კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თამამ ექსპერიმენტზე არ ამბობს უარს მარინე მიზანდარი და როგორი ქალების შურდა მას

მას შემდეგ, რაც მარინე მიზანდარისა და  კულტურის სამინისტროს ერთწლიანი  ეპოპეა  ხმაურიანი სკანდალით დასრულდა, მინისტრის ექსმოადგილემ ტაიმ-აუტი აიღო.  საყდრისის გახმაურებულ თემაზე, რასაც მისი პოსტი შეეწირა, ახლა მოქალაქის რანგიდან ზრუნავს. სამომავლოდ  არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს, მანამდე  კი  „საოცნებო სახლის”  სარემონტო სამუშაოებშია ჩართული, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და სადაც მინისტრის ექსმოადგილის „დაბანაკებას” კიდევ  ერთი აჟიოტაჟი მოჰყვა.     

 

– როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ იმ სკანდალის შემდეგ,  რომელშიც ცოტა ხნის წინ თქვენც აღმოჩნდით და კულტურის სამინისტროც გარიეთ?  

– მშვენივრად ვგრძნობ თავს; შემიძლია გითხრათ, დავისვენე კიდეც იმ მძიმე და დაძაბული გარემოსგან, რომელშიც წელიწადი და ორი თვე ვიყავი.  საქმეს ძალიან  სჭირდებოდა  ჩემი იქ ყოფნა – დღეს ყველაზე მეტად  ამაზე მწყდება გული. ალბათ, ბევრი ინიციატივა ან სულ გაჩერდება, ან წინ ვეღარ წავა. მე ბოლომდე დავრჩი როგორც უცხო სხეული მათთვის, ვისაც სხვა ღირებულებები ჰქონდა. პრობლემები ძირითადად  შემექმნა მენეჯმენტთან, სამინისტროს მმართველ გუნდთან,  თუმცა, დეპარტამენტების თანამშრომლების  დონეზე  საკმაოდ  ბევრი თანამოაზრე მყავდა.

– არ ნანობთ, რომ ასე კატეგორიულად და ღიად  დაუპირისპირდით მინისტრს და დაარღვიეთ თამაშის  მთავარი წესები? 

– არაფერს არ ვნანობ. სამინისტროში გატარებული პერიოდი ჩემთვის იყო  დიდი გამოცდილება. ვფიქრობ, რომ მაინც ბევრი რამ მოვახერხე და გავაკეთე, თუმცა, უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო რომ ყოფილიყო.  რაც შეეხება თამაშის წესებს, ვფიქრობ, რომ, როცა სახელმწიფო მოხელე ხარ, მით უფრო – მაღალი რანგის, ყველაზე მნიშვნელოვანია შენი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე  და პროფესიული პრინციპები.  ჩემი წარმოდგენით,   სახელმწიფო სამსახურში ამაზე მაღლა არაფერი არ დგას. სახელმწიფო სამსახურში ადრეც მიმუშავია, თუმცა მაშინ ძალიან შეკრულ გუნდში მიწევდა მუშაობა –   ვიყავი მეცნიერ-თანამშრომელი ქართული ხელოვნებისა და ისტორიის ინსტიტუტში,  შემდეგ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ბრიუსელში,  ევროკავშირის სათავო ოფისში, სადაც არის ძალიან ბიუროკრატიული სისტემა და  „ადმინისტრაციების ადმინისტრაცია”, მაგრამ,  როდესაც პირდაპირ ხარ ჩართული პროცესებში და  გადაწყვეტილებების მიღებაში,  ეს მაინც სხვა პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერაფრით ვერ გავექცეოდი.  ახლა, ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ საკუთარ ქმედებებზე.  ჩვენ ხომ ყველა ვუშვებთ შეცდომებს და მეც უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად უნდა ვყოფილიყავი ჩართული საკადრო პოლიტიკაში, თუმცა, ამას ბევრი დაბრკოლება მოჰყვებოდა.  არც მიძალადია ამ მიმართულებით – არ მიყვარს ჩემი წესების დამყარება.  მე ვეყრდნობოდი იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც სამინისტროს ირგვლივ არსებობდა. იმდენი საქმე იყო გასაკეთებელი, საკუთარ გუნდზე არც მიფიქრია (იცინის).          

– კულტურის სამინისტროში, ცოტა არ იყოს,  უცნაურად მოხვდით – თავად შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა მინისტრს, მაგრამ, წამოსვლა იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ თქვენი იქ მისვლის  დროს დაწყებული ეიფორია გადაფარა.    

– მიმაჩნია, რომ ნორმალური იყო ურთიერთობის  დაწყების ასეთი  ფორმატი – ეს  ბევრად უფრო ჯანსაღი ფორმაა, ვიდრე უამრავი რეკომენდატორი, თუმცა, მეც მიწევდა რეკომენდაციას ადამიანთა ჯგუფი. რაც შეეხება ჩემს სკანდალურ წამოსვლას, ისეთი არაფერი მითქვამს, რასაც არ ვეუბნებოდი მინისტრს იმ წელიწადისა და ორი თვის განმავლობაში, რაც მე სამინისტროში გავატარე. ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის თემა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხი ჩემთვის ორგანულად ძვირფასი იყო. მამაჩემი ცნობილი მოქანდაკე იყო, ბაბუაჩემი – ალოიზ მიზანდარი კონსერვატორიის ერთ-ერთი დამაარსებელი; ასე რომ, უპრინციპო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებზე ნამდვილად ვერ დავთანხმდებოდი ვერავის. 

– ჯერ კიდევ მუშაობის დროს იყავით ეპატაჟური სახე – თქვენი ჩაცმის სტილიც კი, არაერთხელ იქცა საზოგადოების საუბრების თემად. 

– ეს დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია. როდესაც იყო ოფიციალური შეხვედრები, მე ვიცავდი დრეს-კოდს, მაგრამ, ხანდახან ისეც ყოფილა, რომ მოულოდნელად ვხვდებოდი შეხვედრებზე პრესის წარმომადგენლებთან ერთად.  მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ერთნაირად არ უნდა გვეცვას. თუ ადამიანი კარგად გრძნობს თავს ამა თუ იმ სამოსში, რატომ უნდა თქვას მასზე უარი?! მე მიყვარს ფერები, პატივს ვცემ  ქართველ დიზაინერებს და ხშირად ვიცვამ მათ სამოსს, თუმცა, საკუთარი თავის დიზაინერი  მაინც თავად ვარ. ვისაც ვახსოვარ, იცის, რომ ბავშვობიდან და სტუდენტობიდან  ვიცვავდი იმას, რაც მომწონდა. სტუდენტი ვიყავი, როცა ჩავიცვი ქოქლო, რაც ყველას ძალიან უკვირდა. მინისტრის მოადგილეობის პერიოდშიც  მეცვა ქოქლო და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. მე საკმაოდ თამამი და რადიკალურად თანამედროვეობის მომხრე ვარ, თუმცა, ამასთან ერთად,  ძალიან მიყვარს სიძველეები,  ოღონდ, ნამდვილი და არა ფალსიფიცირებული. 

– ახლა  რას საქმიანობთ და რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?

– დღეს მე კვლავ აქტიურ რეჟიმში ვარ –   ახლა ძირითადად საყდრისის თემაზე ვიბრძვი მოქალაქის რანგში, რაც, ჩემი აზრით,  თითქოს მარტივი, მაგრამ,  ყველაზე  საპატიო  რანგია. მოქალაქეობრივი განცდა, სამწუხაროდ, ძალიან აკლია ჩვენს ერს. მაქვს სხვა გეგმებიც – ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც კულტურის საკითხების  რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.   აუცილებლად განვაახლებ მუშაობას საერთაშორისო ექსპერტად – ეს ჩემი საყვარელი საქმეა. წლების განმავლობაში ხომ ამ საქმით ვცხოვრობდი.

– როგორც ვხედავ, ტაიმაუტს ახალი  ბინის რემონტში ატარებთ. საოცრად ლამაზ ადგილას  „დაბანაკებულხართ”, ამ სახლზე ბევრ „ამბებს” წერენ.

–  ნებისმიერ ადგილას შემიძლია დავამტკიცო, რომ არანაირი ქონება არ დამიმალავს არც ერთ დეკლარაციაში და, არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რაც ერთ-ერთ გამოცემაში დაიწერა. ეს ჩემი ოცნების სახლია. როდესაც ბრიუსელიდან თბილისში დავბრუნდი, აქ სახლი არ მქონდა და დროებით მეგობართან ვიყავი შეხიზნული. მერე დავიწყე ბინის ძებნა და გასულ წელს კრედიტით შევიძინე.  ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მინდოდა სახლი  ძველ თბილისში. მაქვს აივანი, საიდანაც მთაწმინდის ულამაზესი ფერდი მოჩანს. საუკუნე-ნახევრის  ბინაა, ძველისძველი.

– კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა.

– დიახ, მართლაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფასადი ცუდ დღეშია, ბინაც ავარიული, მაგრამ, ადგილისა და ამ სივრცის გამო ძალიან მომწონს. აქ ადრე სერგეი ესენინიც ცხოვრობდა, თუმცა, ბინის შერჩევისას ეს არ იყო მთავარი – კოჯრის ქუჩაზე რომ ვიყავი შეყვარებული, ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. 

– თქვენ ბელგიაშიც გაქვთ სახლი?

– დიახ, იქ მუშაობის დროს შევიძინე კრედიტით. მაშინ ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა და კრედიტს არ შევუშინდი.  ის სახლიც ძალიან კარგ ადგილას,  მშვიდ გარემოში დგას. დღეს იმ ბინაში ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ამ ბინის გარდა, მაქვს სამი  ბინა გუდაურში – მთელი ჩემი ინვესტიცია ბინებში  ჩავდე.  ვფიქრობ,  სწორად მოვიქეცი. ხან ჩემი შვილები ადიან იქ მეგობრებთან ერთად, ხან – მე, დროდადრო ვაქირავებ ხოლმე.     

– შვილები თქვენთან ერთად ცხოვრობენ?

– გოგონა გადმოვიდა ჩემთან, ბიჭი – ჯერ არა. დიდები არიან და დამოუკიდებლობას მიეჩვივნენ.  ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს,  შეიძლება ითქვას, 6 წლის ასაკიდან ძირითადად მარტომ გავზარდე ისინი. ხანდახან ვფიქრობ, რომ  ყურადღებით ისე ვერ გავანებივრე შვილები, როგორც მე მანებივრებდნენ ჩემი მშობლები.  მე დიდ სიყვარულსა და ზრუნვაში გავიზარდე, დღემდე თან მდევს მამას დატოვებული სითბო, სიყვარული.  მან ძალიან ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში და დღემდე მეხმარება.  მერე, რატომღაც, ისე მოხდა, რომ ცხოვრების ბევრ ეტაპზე მომიწია ბრძოლა არსებობისთვის,  სულ ვმუშაობდი და არ მრჩებოდა დრო შვილებისთვის. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მშვიდ, მოსიყვარულე ოჯახზე.  მშურდა  იმ ქალების ბედი, ვინც სახლში არიან, საოჯახო საზრუნავით ცხოვრობენ და საღამოს მეუღლეს ელოდებიან. მე  ასეთი ცხოვრება არ  მქონია, არც  არასდროს მივლია  იოლი  გზით,  მით უფრო – პირად ცხოვრებაში. პროფესიაში კიდევ უფრო მიმართლებდა, სადაც რთული, მაგრამ, საინტერესო გზა გავიარე, თუმცა, ეს  ჩემი არჩევანი იყო. პატარ-პატარა  რევოლუციები უფრო პირად ცხოვრებაში მქონდა, ვიდრე საქმეში, თუმცა, არც  საქმეში შევუშინებივარ  არასდროს სირთულეებს, მარტივი გამოსავალი და კომპრომისი  არ მიძებნია (იცინის).     

 

скачать dle 11.3