კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– ეეჰ, ჩემო დაირა, – ამოიკვნესა სალამურამ, – გუშინ თვისუფალი ვიყავი და, ჩემს გემოზე, სადაც მინდოდა, იქ წავიდოდი, დღეს კი ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და გასაქანი არ მაქვს. ასე მგონია, გარეთ ვეღარასოდეს გავალ.

– ტყუილად გგონია ასე. მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ, ახლავე შეგვიძლია, გარეთ გაგიშვათ.

– ეგ როგორ?

– როგორ, ძმაო და, მართალია, დღეს მე ვარ მორიგე და ჩემი ჯერია, მაგრამ, შენ დაგითმობ.

– რას?

– ბაზარში წასვლას. კამერისთვის საჭმელ-სასმელია მოსატანი და რიგ-რიგობით ყველა დავდივართ ბაზარში, – უთხრა დაირამ ახალმოსულს და საკნის კუთხეში დადებულ უზარმაზარ კალათაზე მიანიშნა, – აი, ის კალათა უნდა გაავსო. მართალია, ცოტა დიდია და ოფლის დაღვრა მოგიწევს, მაგრამ, ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს. გაქაჩავ?

სალამურას სახე გაუბრწყინდა და დაირას მიუგო:

– ათ ამდენს გავქაჩავ, ოღონდ ცოტა ხნით მაინც გავიდე სუფთა ჰაერზე. 

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა შენ ოთხას მანეთს გაგატანთ და ბაზარში წადი. აი, იმ პროდუქტების სია, რაც უნდა იყიდო, – უთხრა დაირამ ახალმოსულს და ჯერ ოთხასი მანეთი ჩაუთვალა, შემდეგ პროდუქტების სია მისცა, ბოლოს კი უზარმაზარი კალათა შეაჩეჩა ხელში და დაამატა: – ერთ რჩევას მოგცემ და არ დაგავიწყდეს.

– გისმენ.

– ჰაერზე რომ დიდი ხნით ყოფნა გამოგივიდეს, დეზერტირების ბაზარში წადი, რადგან, უფრო შორსაა და გზაში მეტი დრო დაგჭირდება. ყიდვისას კი არ იჩქარო, გამყიდველებს ევაჭრე და დრო გაიყვანე. გასაგებია?

– გასაგებია. დიდი მადლობა, – უთხრა ახალმოსულმა დაირას.

– ახლა კი მიდი, მორიგეს დაუბრახუნე და უთხარი, კარი გაგიღოს და ბაზარში გაგიშვას, – უთხრა დაირამ ახალმოსულს. მთელი საკანი შოუს მოლოდინში გავისუსეთ. სალამურა „კარმუშკას“ მიუახლოვდა და კარებზე ოთხჯერ მაგრად დააბრახუნა, შემდეგ დაირას მიუბრუნდა და ჰკითხა:

– შემიძლია, რომ ეს ფული მთლიანად დავხარჯო?

– რა თქმა უნდა, – მიუგო დაირამ.

– ეს ფული რომ მთლიანად დავხარჯო, ვინმე პრეტენზიას ხომ არ წამომიყენებს? – გაიმეორა ახალმოსულმა. დაირამ კი უთხრა:

– არა, ძმაო, ატვეჩაი ვარ.

ამასობაში მორიგემ „კარმუშკა” გადასწია და იკითხა:

– რა გინდა?

– კარი გამიღე, უნდა გამოვიდე.

მორიგემ კარი გააღო. ბიჭი საკნიდან გავიდა და, სანამ ჩვენი პირდაღებული საკანი აზრზე მოვიდოდა, ახალმოსულმა დაირას უთხრა:

– დაირა, ძმაო, კაი კაცის სიტყვა თავანია და შენს ატვეჩაიზე ვხარჯავ ამ მაყუთს...

დაირას ყბა გაუშეშდა. მორიგემ კი საკნის კარი მიაჯახუნა და მხოლოდ მაშინღა მივხვდით, რომ აქეთ გაგვიჩალიჩეს... ახალმოსული ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს „სალამურას” უწოდებდა, მომავალში ცნობილი თაღლითი გახდა, რომელიც „აზნაურის“ სახელითაა ცნობილი. სხვათა შორის, ის დღესაც ცოცხალია და ამერიკის კონტინენტზე მსხვილ ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს. მაშინ კი პირველ სროკზე იმყოფებოდა და იმის გამო დააპატიმრეს, რომ ჩვეულებრივი „ჟიგულევსკის“ ლუდი ჩეხურ ლუდად გაასაღა – „ცეკავშირს“ მიჰყიდა და თხუთმეტი ათასი მანეთი იშოვა, რაც იმ პერიოდში უზარმაზარი თანხა იყო. აზნაური ძალიან საზრიანი, მოხერხებული პიროვნება იყო და ჩვენი საკნიდან წაღებული ფულის ნახევარი ქურდებს უგრევა, ნახევარი კი სხვადასხვა პროდუქტისა და თამბაქოს სახით დააბრუნა უკან და პირადად მოგვიტანა იმ კალათით, რომელიც მას დაირამ გაატანა. მეორე დღეს ჩვენი საკნის კარი გაიღო, ზღურბლზე კალათიანი აზნაური გამოჩნდა, რომელსაც სავსე კალათა ეჭირა ხელში და იღიმებოდა.

– მიმიღებთ, ძმებო? – იკითხა აზნაურმა, – ბაზრიდან დავბრუნდი და გრევი მოვიტანე.

დაირა და აზნაური იქვე შერიგდნენ, უფრო სწორად კი, თქვეს, რომ ერთმანეთთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. აზნაური მაშინ სულ რაღაც ცხრამეტი წლის იყო და ერთ თვეში გაათავისუფლეს, რადგან საქმე ჩააწყო. გასვლის წინ ის საკანში გვეწვია, ყველას გამოგვემშვიდობა და გვითხრა:

– აბა, კარგად, ძმებო, სულ კარგ ამბებში შევხვედრილიყავით.

აზნაურს მრავალი წლის შემდეგ, მოსკოვში შევხვდი. ის უკვე ცნობილი თაღლითი იყო, მე კი – ქურდი. იმ მომენტში მთელი საბჭოთა მილიცია მეძებდა და პაბეგში ვიყავი. ერთმანეთს ქურდულ მალინაზე შევხვდით, სადაც ის ჩემს კოლეგას, თავის ახლობელს ამოჰყვა.

– კობრა, ძმაო, საერთოდ არ შეცვლილხარ, არადა, რამდენი წელი გავიდა, – მითხრა აზნაურმა, და გადამეხვია, – შენზე ბევრი რამ გამიგია და იმიტომ ამოვედი, რომ მომენახულებინე.

– შენც ძალიან ცნობილი ხარ და შენზეც ბევრი რამ გამიგია, – მივუგე აზნაურს და სუფრასთან მივიპატიჟე.

იმ საღამოს გემოზე მოვილხინეთ. აზნაური ჩვენთან დარჩა. დილით კი პახმელიაზე ერთად გამოვედით და აზნაურმა მითხრა:

– კობრა, ძმაო, ერთ გრანდიოზულ საქმეს ვჩარხავ და შენი ლეგენდარული კვალიფიკაია მჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა იქნები.

– რა საქმეა?

– ერთი იუველირია, რომელსაც უნიკალური კოლექცია აქვს სახლში და ის უნდა მოიპარო. შეძლებ?

– შევძლებ. კოლექცია რად გინდა, გასაყიდად?

– გრანდიოზული აფერისთვის. სამი ფანატიკოსი კოლექციონერი მყავს დათრეული, რომლებიც მზად არიან, ძალიან დიდი მაყუთი გადაიხადონ მის შეძენაში. კოლექცია კი ერთია და ორიგინალის გაყიდვას არც ვაპირებ. ერთი ახლობელი იუველირი მყავს. ის სამ ერთნაირ კოლექციას დაამზადებს და კოლექციონერებს სწორედ იმას შევტენი. ორიგინალი კოლექცია იმისთვის მინდა, რომ მისგან დუბლიკატები დამზადდეს და გაყიდვის წინ კოლექციონერების ექსპერტებს ვაჩვენო, შემდეგ კი მათ შევცვლი და ტრუხებს გავატან. რას იტყვი, დამეხმარები ამ აფერაში?

– მე ჩემი მივიღო და შენი საქმე შენ იცი.

– დიდ კუშს მიიღებ. შენ მხოლოდ კოლექცია მომიტანე და მაყუთი სამ დღეში იქნება.

– როდისთვის გინდა ტავარი?

– რაც უფრო ადრე, მით უკეთესი.

– მაქსიმუმ ერთ თვეში კოლექციას ჩაგაბარებ.

– მე კი, როგორც შეგპირდი, ტავარის მიღებიდან სამ დღეში მაყუთს ჩაგაბარებ.

– მოსულა, – ვუთხარი აზნაურს და ხელი ხელზე დავარტყით.

კოლექციის ქურდობამ და აზნაურის აფერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. შეპირებისამებრ, როგორც კი ტავარი მივიტანე, სამ დღეში აზნაურმა საკმაოდ დიდი ფული მომიტანა და მითხრა:

– ბოდიშს გიხდი, შენ ჩემგან არაფერი გესწავლება, მაგრამ, ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ჩვენ შორის უნდა დარჩეს და არავინ გაიგოს.

– ეს, არც ერთს არ გვაწყობს, – ვუთხარი აზნაურს და გამოვემშვიდობე.

როგორც უკვე ვთქვი, აზნაური დღესაც ცოცხალია და ამერიკის კონტინენტზე დიდი ბიზნესი აქვს. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ბიზნესი აზნაურმა ჩემ მიერ მოპარული ორიგინალური კოლექციის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულით დაიწყო და წარმატებით დაატრიალა. აზნაურს ბოლო სროკზე წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმალებოდი და კონსპირაციულ ბინაში არ ვცხოვრობდი, ჩემი გახსენება საკმაოდ რთული იყო. მე არავის ვეუბნებოდი ჩემს მისამართს, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, აზნაური თავზე წამომადგა. ჩემს დიასახლისს ხელზე ეამბორა და ვარდების თაიგული და ძვირფასი სერვიზი აჩუქა, მე კი გადამეხვია და მითხრა:

– არ იცვლები და ისევ პატარა ბიჭივით გამოიყურები. როგორ ხარ, კობრა?

– შენ როგორ ხარ, ძმაო?

– კარგად.

– როგორ მომაგენი?

– მე ეს გამიჭირდებოდა? – გაეცინა აზნაურს, – ერთხელ მეხიკოში საფულე მომპარეს და ის ვიპოვე და მოსკოვში კობრას ვეღარ ვიპოვიდი?

– ბევრი ფული გედო?

– დიდი არაფერი. სულ რაღაც ხუთი ათასი დოლარი, მაგრამ, ამის გამო არ მიძებნია ლაპატნიკი. იქ ერთი მაგარი ნაშის ვიზიტკა მედო და იმიტომ დავაყენე ფეხზე მეხიკოს მთელი პრისტუპნი მირი. კაროჩე, ეგ არაფერი. შენ ის მითხარი, როგორ ხარ?

– ძველებურად. შენ არ თქვი, არ შეცვლილხარო? ეს არც ჩემი ცხოვრების წესს შეეხო.

– გასაგებია, – თქვა აზნაურმა და მკითხა, – მერედა, არ გინდა, რომ ეს შენი ცხოვრების წესი ოდნავ შეცვალო?

– კონკრეტულად?

– ჩემთან ერთად იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში. არაფრის კეთება არ მოგიწევს, უბრალოდ, ჩემ გვერდით იყავი, თან, ვინც გინდა, ის წამოიყვანე. პატიოსანი პარტნიორი მჭირდება და შენზე კარგ კაცს, აბა, ვის ვიპოვი? საბუთებსა და ვიზას ერთ დღეში გაგიკეთებ და ჩიტივით თავისუფალი იქნები. იქ იფრინე, სადაც მოგესურვება და იცხოვრე შენს გემოზე. რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, ძმაო, დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ, მე ქურდი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ასე ვიცხოვრო.

– უარს მეუბნები?

– სამწუხაროდ, კი.

– არა, რა... მართლა არ შეცვლილხარ, – მითხრა აზნაურმა, სანამ წავიდოდა თავისი ძვირფასი სავიზიტო ბარათი მომცა და დაამატა: – მოსკოვში კიდევ სამი დღე გავჩერდები. „ინტერკონტინენტალის” ლუქსში ვცხოვრობ და, თუ გადაიფიქრებ, მომაკითხე ან დამირეკე. ისე კი, ნებისმიერ დროს შეგიძლია, დამირეკო, ჩემი მობილურის ნომერი ვიზიტკაზე წერია.

ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, არ შემიცვლია და აზნაურს არ შევხმიანებივარ, მაგრამ, ერთ ჩემს ახლობელს რაღაც დახმარება სჭირდებოდა და აზნაური მას დაეხმარა.

ჩემმა მეგობარმა, რომლის ბინაშიც მე ახლა ვიმალები, ამას წინათ მითხრა:

– ბიჭო, ამდენი სიკეთე გაქვს გაკეთებული და ასეთ დღეში უნდა იყო?

– სიკეთე რომ მაქვს გაკეთებული, იმიტომ ვარ ახლა შენთან, თორემ, ჩათლახი და სხვებივით სისხლისმსმელი რომ ვყოფილიყავი, კი არ შემიფარებდი.

– მეც მაგას ვამბობ, რომ ჩემთან ხარ, თანაც პაბეგში და მთელი „სოდი” დაგეძებს. ჩემთან კი არა, აზნაურთან უნდა ყოფილიყავი და ვერც ვერავინ მოგჭამდა ფეხებს. მოსკოვში რომ გითხრა, ჩემი პარტნიორი გახდიო, უარი არ უნდა გეთქვა და უნდა წაჰყოლოდი.

უკვე წინასწარ ვიცოდი, როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი საუბარი, რაც ძალიან არ მინდოდა. ამიტომ, ასეთი მიმართულებისთვის რომ წერტილი დამესვა, ჩემს მასპინძელს ვუთხარი:

– თუ გაწუხებ, შემიძლია, ახლავე ავიკრა გუდანაბადი.

– ეეჰ, კობრა, კობრა, სწორს ამბობდა შენზე აზნაური, არ შეცვლილხარო, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, ხელი ჩაიქნია და გაჩუმდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მასპინძელი, ისევე, როგორც სხვა ჩემი ახლობლები, იმიტომ მთავაზობენ ცხოვრების წესის ოდნავ შეცვლას, რომ ჩემთვის კარგი უნდათ. მე კი ასე არ ვფიქრობ. მე ქურდი ვარ და ქურდად ვაპირებ ამქვეყნიდან წასვლას. ცხოვრების წესის ოდნავი შეცვლა კი უკვე არაქურდული საქციელი იქნება და მე ჩემს პრინციპებს ვერ ვუღალატებ.

„აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“, – აი, ჩემი ქურდული დევიზი და მარტინ ლუთერის ეს ფრთიანი ფრაზა სისხლში მაქვს გამჯდარი. არაერთხელ ვყოფილვარ სიკვდილის ზღვარზე და ფიზიკური განადგურების, სიგიჟისა თუ სხვა დაშვებული შეცდომისგან სწორედ ჩემს პრინციპულობასა და კრიტიკულ მომენტში სრული პიროვნული მობილიზაციის უნარს გადავურჩენივარ...

გაგანია კომუნიზმის ეპოქაა. ქურდის სტატუსი ჯერ არ მაქვს, მაგრამ, უახლოეს პერიოდში კურთხევას ველოდები და ვცდილობ, ქურდულ ცხოვრებას არაფერში გადავუხვიო. იმ პერიოდში მეორე სროკზე ვიმყოფებოდი. ჯერ ციხეზე ვიყავი, შემდეგ რუსთავში გამიშვეს, მერე ისევ ციხეზე დამაბრუნეს რეჟიმის დარღვევისთვის და გამაკრიტეს, მაგრამ, არც იქ მოვთვინიერებულვარ. ერთ მშვენიერ დღეს, რეჟიმის უფროსის კაბინეტში ამიყვანეს და მან მითხრა:

– გველესიანო, რეჟიმს რატომ არღვევ, ვის რას აჩვენებ ამით? გინდა თქვა, რომ ყველაზე მაგარი ხარ?

რეჟიმის უფროსი რეჟიმის დარღვევაში იმას გულისხმობდა, რომ ერთ-ერთ ჩემს თანასაკნელს, რომელსაც დიაბეტი სჭირდა, შეტევა დაემართა. ჩვენ ბრახუნი ავტეხეთ და მორიგეს ექიმის მოყვანა მოვთხოვეთ, მან კი კარმუშკიდან შემოგვიღრინა, გაჩუმდითო და ფეხებზე დაგვიკიდა. ამის გამო მთელმა კამერამ საშინელი ხმაური ატეხა, რაშიც მთელი კრიტი აგვყვა. ამის შემდეგ ადმინისტრაციამ იკადრა ექიმის მოყვანა და პატიმარი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ამის გამო მორიგეს უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე და, ხელის დარტყმა რომ ვერ მოვახერხე, სახეში შევაფურთხე, მორიგემ კი უფროსობასთან იჩივლა და სწორედ ამის გამო ამიყვანეს რეჟიმის უფროსთან, რომელსაც უკიდურესი ზიზღი ეხატა სახეზე. მისი სახე ფეხებზე დავიკიდე და მივუგე:

– რას ეძახით რეჟიმის დარღვევას, მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად რომ შუმოკი ავტეხეთ, იმას?

– შუმოკის ატეხვა რომ კანონით ისჯება, არ იცი?

– ადამიანის მკვლელობა რითი ისჯება? – მივაგებე პასუხი რეჟიმის უფროსს, რომელიც შეცბა და მითხრა:

– შენ პრისტუპნიკი ხარ თუ ინტრიგანი?

– ინტრიგნების დედაც, იმ ხალხთან ერთად, ვისაც ავადმყოფი პატიმრის ბედი ფეხებზე ჰკიდია.

– შენ რა, დედას მაგინებ?

– თქვენ რა, აღიარებთ, რომ დიაბეტიან პატიმარს კლავდით?

– არა.

– აბა, რატომ მეუბნებით, დედას მაგინებო?

რეჟიმის უფროსი ჩიხში მოექცა, რადგან საპასუხო არაფერი ჰქონდა, მაგრამ, ბოღმა ახრჩობდა და პაუზის მერე მითხრა:

– იცი, რას გეტყვი? ახლა შენ სამოთხეში ხარ და იმიტომ ჭიკჭიკებ ასე. მაგრამ, სულ მალე ჯოჯოხეთსაც მოგანატრებ, რადგან, ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთში გიკრავ თავს. მაქსიმუმ ერთ კვირაში რუსეთში წახვალ ეტაპით და ნახავ, რა დღეშიც ჩავარდები!

– გული არ გამიხეთქო, რა, – დამცინავად მივუგე რეჟიმის უფროსს და დავამატე: – იყოს რუსეთი. იქ წასვლა ფარჩაკებსა და ჩათლახებს ეშინოდეთ, მე კი ამით ვერ შემაშინებ.

– კარგი, კარგი, – ირონიით მითხრა რეჟიმის უფროსმა, – დაბრუნდი ახლა კამერაში და დატკბი სამოთხეში ცხოვრებით. სულ მალე ჯოჯოხეთში გაისეირნებ და უკან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ მოგეჭრება.

მართალია, სულ რაღაც ცხრა თვე მქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე, მაგრამ, ზამთარში რომ გაგაციმბირებენ, თანაც, ცხოვრებაში პირველად, ეს ყველაფერი მართლაც ჯოჯოხეთად მოგეჩვენება... საეტაპო მანქანამდე პირადად რეჟიმის უფროსმა მიმაცილა და, სანამ კარს მომიხურავდნენ, მითხრა:

– მშვიდობით, გველესიანო. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ტრაკი დაგეყენებინა, აქ დაგტოვებდი, ახლა კი სამუდამოდ მიდიხარ.

მანქანა ადგილიდან დაიძრა. მე გისოსებს ავეკარი და რეჟიმის უფროსს მივაძახე:

– შენს ტრაკს გაუფრთხილდი და ნახვამდის! მე აუცილებლად დავბრუნდები და მერე ვილაპარაკოთ.

საქართველოში რომ დავბრუნდი, რეჟიმის უფროსი, მართალია, ცოცხალი იყო, მაგრამ, უკვე ციხეში არ მუშაობდა და ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის მხრივ. როგორც გავიგე, პატიმრები კაბინეტში შეუცვივდნენ და ჯერ სიკვდილის პირამდე სცემეს, ბოლოს კი უკანალში უზარმაზარი ბოთლი შესტენეს და ჩაამტვრიეს... ასე კი იმიტომ მოექცნენ იმ დამპალს, რომ მან ერთ-ერთი ქურდის ცოლს, რომელიც პაემანზე იყო მისული თავის ქმართან, შეურაცხყოფა მიაყენა... ეს ყველაფერი თბილისში დაბრუნების შემდეგ შევიტყვე, მანამდე კი ცხრა თვე მართლაც ჯოჯოხეთში გავატარე.

ჯერ ერთი, ციმბირამდე ათი დღე მატარებლით ვიარეთ და ბოლო ერთი კვირა თოვლიანი პეიზაჟის მეტი არაფერი მინახავს. დანიშნულების ადგილზე რომ მივედით, ეტაპის უფროსმა გვაცნობა:

– მოვედით, მოემზადეთ გადასასხდომად!

დეკემბრის მიწურული იდგა. ციმბირის ერთ-ერთ პატარა სადგურზე ასიოდე პატიმარი დაგვამწკრივეს. მართალია, თბილად გვეცვა, მაგრამ, ისე ციოდა, ძვალ-რბილში ატანდა. შემაჟრჟოლა. ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც ჩემ გვერდით იდგა, გადმომიჩურჩულა:

– სიცივეს არ აჰყვე, გაუძელი. ეს კიდევ არაფერია. სიცივე შენ მაშინ უნდა ნახო, თოვლში რომ ქარი დაუბერავს და გასაქანს არ მოგცემს. ამ დროს თბილ ბარაკშიც კი ცივა და, თუ ერთხელ შეგცივდა, ვეღარ გათბები. გამაგრდი, ქართველო, აქ გასატეხად გამოგიშვეს და არ გატყდე!

უცნობი პატიმრის მხარდაჭერამ სიმხნევე შემმატა. მთელი ძალები მოვიკრიბე და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არავის და არაფერს დავნებდებოდი, დარჩენილ ცხრა თვეს, ყოველგვარ გაჭირვებას გავუძლებდი და თბილისში ღირსეულად დავბრუნდებოდი. ეტაპის უფროსმა ოფიცერმა ირონიული მზერა მოგვავლო და დაიღრიალა:

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ ახლა პირველ ნაბიჯებს დგამთ ჯოჯოხეთში. ბევრი თქვენგანი აქ კისერს მოიტეხს. იქნებიან ისეთებიც, ვინც აქედან ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან, განსაკუთრებით ეს სამხრეთელებს ეხებათ. მორჩა სითბო და მანდარინები და თქვენთვის ახლა მუდმივი სიცივე იწყება.

შესავალი სიტყვის შემდეგ ყველანი მანქანებში გაგვანაწილეს და ზონებში წაგვიყვანეს. მე განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გამამწესეს, რომელიც მთელ იმ მხარეში ყველაზე ცუდი საპყრობილე იყო და იქ მოხვედრა არავის უნდოდა. ზონა გალავარეზებით იყო სავსე და, მართალია, იქ ქურდებიც ისხდნენ, მაგრამ, თავიანთი ძალაუფლების პატიმრებზე გავრცელება ძალიან უჭირდათ. დიდსროკიან, დაკუნთულ პატიმრებს არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, ვინმეს დამორჩილებოდნენ და მზად იყვნენ, ქურდებსაც კი დასტაკებოდნენ და არაფერი დაეთმოთ მათთვის. მე, რა თქმა უნდა, თავიდანვე ქურდებთან მივედი და ერთგულად ვედექი გვერდით, რაც არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. დიდსროკიანი ბეზპრეძელშჩიკები ხშირად გვესხმოდნენ თავს. მათ მოგერიებას კი საკმაოდ ბევრი ენერგია მიჰქონდა, რადგან, არცთუ იშვიათად, საქმე სისხლისღვრამდე მიდიოდა. ამგვარად, იმ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ციმბირის ამ საშინელ ზონაში ვიჯექი, ერთი წუთითაც არ მოვდუნებულვარ და მთელი ეს დრო უკიდურეს დაძაბულობაში გავატარე. ძილშიაც კი ვფხიზლობდი და სწორედ ამან გადამარჩინა მეც და ქურდებიც სიკვდილს, თუმცა, სხეულზე იარა დამიტოვა. მარტის დასაწყისი იდგა, მაგრამ, ისევ ძალიან ციოდა. ერთ საღამოს, როდესაც ყველას ჩაგვეძინა, რაღაც ფხაკუნმა გამომაღვიძა. ფრთხილად წამოვდექი, სიბნელეში დავაკვირდი და რამდენიმე სილუეტი დავლანდე, რომლებიც ბარაკში იყვნენ შემოპარულები და ხელში შტირები ეკავათ. ბარაკის კართან ყოველღამე ორი ადამიანი მორიგეობდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი დაშტირეს. მე მთელი ძალები მოვიკრიბე, საწოლიდან დიდი დრინი ავიღე, ერთ-ერთ შემოპარულს თავში ჩავცხე და დავაგდე, თან ვიღრიალე:

– ძმებო! ბოზები შემოგვიცვივდნენ!

მთელი ბარაკი წამოიშალა. შტირიანი პატიმრები ალყაში მოვაქციეთ, შუქი აინთო და მათ დავცხეთ. საბოლოოდ ექვსივე ჩავქოლეთ, მაგრამ, მანამდე ერთ-ერთმა შტირი უხუცეს ქურდს – „მესაათეს“ მოუქნია და, მე რომ არ გადავფარებოდი, მას გულს განუგმირავდა. შტირმა მე მარცხენა მხარში გამიარა და ასე შტირგაჩხერილი დავრჩი. შტირი მხოლოდ მას შემდეგ ამომაძრეს, როდესაც ჩხუბი დასრულდა და სანჩასტში წამიყვანეს. მეორე დღეს პალატაში 73 წლის მესაათე მეწვია, რომელმაც გამიღიმა და მითხრა:

– შენთან ვალში ვარ. ჩემს თვალში უკვე ქურდი ხარ და, როცა შენს კურთხევაზე მიდგება საქმე, ვიჩალიჩებ, რომ დავესწრო და ჩემი სიტყვა ვთქვა.

სამწუხაროდ, მესაათე ჩემს ქურდად კურთხევამდე გარდაიცვალა და ის უდიდესი პატივით დაკრძალეს ლენინგრადში, რადგან ის წარმოშობით იქიდან იყო.

სანიტარულ ნაწილში ერთი კვირა დავყავი და, როცა გამომწერეს, ჭრილობა ჯერ კიდევ ღია მქონდა, ხოლო, ზონიდან რომ გავთავისუფლდი, მკერდზე უზარმაზარი იარა მაჩნდა და სიცივეში ტკივილები მეწყებოდა. თბილისში რომ დავბრუნდი, ჩემი დედ-მამის საფლავზე ავედი, ყვავილები ავიტანე და მხოლოდ შებინდებისას წამოვედი იქიდან. მოვდიოდი რუსთაველზე და ბოღმა მახრჩობდა, რადგან, საშინელ მარტოსულად ვგრძნობდი თავს. ტირილი მინდოდა. გული ყელში მქონდა მობჯენილი და სუნთქვა მიჭირდა. ცოტაც და ავტირდებოდი. ოფიცერთა სახლთან შევჩერდი, ცხვირსახოცი ამოვიღე, იქვე მდგარ პატარა შადრევანთან მივედი, დავასველე და სახე მოვიწმინდე. შემდეგ ხარბად დავეწაფე წყალს, მერე კი მთაწმინდისკენ ავუყევი. ძერჟინსკის კლუბთან რომ მოვედი, შემხვედრმა „პობედამ“ შემიჩერა, იქიდან ბერძენა გადმოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– სად ხარ, კობრა, ამდენ ხანს? დილიდან გელოდები და, რომ არ გამოჩნდი, შენს საძებნელად წამოვედი.

– ჩემს საძებნელად? მე ხომ ამ დილით ჩამოვედი? – ცოტა არ იყოს, დაბნეულად მივუგე ბერძენას, მან კი მითხრა:

– ეგ ვიცი და იმიტომ გელოდებოდი დილიდან. ვიცოდი, რომ შენების საფლავზე ახვიდოდი პირველად და სწორედ კუკიაზე მივდიოდი ახლა. კიდევ კარგი, გიპოვე.

– როგორ ხარ, ბერძენ? – ვკითხე.

– არა მიშავს. შენ?

– ჩემები ცოცხლები აღარ არიან და კარგად როგორ ვიქნები.

ბერძენამ მხარზე მომითათუნა ხელი, „პობედა“ გაუშვა და მითხრა:

– წამოდი „დარიალში“ ჩავიდეთ და თითო ჭიქა წავუქციოთ შენებს, თან შენი დაბრუნებაც აღვნიშნოთ.

მე და ბერძენა კვლავ რუსთაველზე დავეშვით და რესტორან „დარიალში“ ჩავედით, რომელიც სარდაფში მდებარეობდა. ჩვენ კუთხეში მოვსხედით, რომ არავის შევეწუხებინეთ და ოფიციანტს შეკვეთა მივეცით. ცოტა რომ შევზარხოშდით, ბერძენას ვკითხე:

– ჩემებმა ბევრი იწვალეს?

– დედაშენი უფრო ყოჩაღად იყო და მამაშენსაც უვლიდა. თუმცა, ერთმანეთს მიჰყვნენ და სიკვდილის წინ შენი სახელი ეკერათ პირზე. ეეჰ, მათი ხსოვნა იყოს. ვერ გამოვდექით მე და შენ კარგი შვილები, – თქვა ბერძენამ, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა და უხმოდ დალია.

რესტორნიდან საკმაოდ გვიან გამოვედით და ფეხით ავუყევით მთაწმინდას. ბერძენამ ჯერ სახლამდე მიმაცილა და მხოლოდ ამის მერე წავიდა სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღვინო მქონდა დალეული, მთვრალი საერთოდ არ ვიყავი. საწოლზე ვიწექი და მთვარის შუქით განათებულ კედელს ვუყურებდი, რომელზეც ჩემი მშობლების სურათები ეკიდა. ისინი თითქოს მსაყვედურობდნენ და მეუბნებოდნენ – გამოსწორდიო. მე ერთხანს ვუყურე მათ, შემდეგ საწოლიდან ავდექი, მშობლების სურათის წინ მტირალმა დავიჩოქე და პატიებას ვთხოვდი მათ... მეორე დღეს უკვე მთელმა თბილისმა იცოდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი და ბევრი ნაცნობ-მეგობარი მოვიდა ჩემს სანახავად. მათ კარგად იცოდნენ, სადაც გავატარე ცხრა თვე და აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი.

ერთკვირიანი „დათვალიერების“ შემდეგ, ბერძენამ დამიმარტოხელა და მითხრა:

– ერთი საქმეა და, რას იტყვი, მზად ხარ გასაკეთებლად?

– რა საქმეა?

– ბათუმში ერთი კბილის ტექნიკია. დიდი წურბელა და საზიზღარი ვინმეა. თანაც ოთხი ცოლი ჰყავს.

– ოთხი ცოლი? ეგ როგორ? კანონით რომ ეს აკრძალულია?

– მერე რა, რომ აკრძალულია, კანონს ვინ უყურებს? მას იმდენი ფული და ოქრო აქვს, ყველას მოისყიდის. თანაც, ისინი სახლში ჰყავს გამოკეტილი, – მითხრა ბერძენამ და დაამატა, – თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მთავარ თემას დავუბრუნდეთ. კაროჩე, იმ ტიპს კერძო სახლი აქვს, ოთხი ნაგაზი ჰყავს და სახლში მუდმივად ვიღაცაა – მინიმუმ, მისი სამი ცოლი. მთავარია, რომ სახლი დავაცარიელოთ და ვიჩალიჩოთ. აბა, სავსე ბაითს ხომ არ დავბომბავთ?

– სულ ესაა?

– მეტი რა გინდა რო?! ცოტაა?

– ცოტა არაა. ადგილზე უნდა ჩავიდეთ და ვითარებას გავეცნოთ. შენი მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, ეს საქმე თითქმის შეუსრულებელია. არ გინდა, კაცს ოთხი ცოლი გამოაყვანინო სახლიდან და ძაღლები გაანეიტრალო?

– თანაც, არ დაგავიწყდეს, ოთხივე ნაგაზი ისეა გამოწვრთნილი, სხვისი ხელიდან საკვებს არ იღებენ, – მითხრა ბერძენამ.

კბილის ტექნიკოსის ბაითის დაბომბვაში ტელეფონი და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დაგვეხმარა. საბედნიეროდ, მას კბილი ჰქონდა გასაკეთებელი და ტექნიკოსთან მივიდა. მკურნალობის პარალელურად, მსახიობი ტექნიკოსის ლაპარაკის მანერასა და ხმას სწავლობდა და ერთი თვის მერე უკვე მზად იყო, რომ დაგვხმარებოდა. დანიშნულ დღეს ჩვენი ორეტაპიანი ოპერაცია დაიწყო: დილით მას უშიშროების უფროსის სახელით დავურეკეთ და ქუთაისში დავიბარეთ. ნახევარ საათში კი ტექნიკოსის სახლში ჩვენმა მსახიობმა დარეკა და მისი ხმით ეგრეთ წოდებულ უფროს ცოლს უბრძანა, რომ დანარჩენი ცოლები და ყველა ნაგაზი ქუთაისში წამოეყვანა.

– გრუზავიკი მოგაკითხავთ და მზად იყავით, – უთხრა ტექნიკოსის უფროს ცოლს მსახიობმა, – იცოდეთ, უცხო კაცია მძღოლი და სახეზე პირბადეები ჩამოიფარეთ...

სატვირთო მანქანის მძღოლი დაქირავებული გვყავდა და ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ. ეს ერთი შეხედვით შეუსრულებელი საქმე ძალიან ადვილად შევასრულეთ და დღისით, მზისით, კბილის ტექნიკოსის სახლიდან ბევრი ფული და ოქრო გამოვზიდეთ. მსგავსი იმპროვიზაციებისთვის მე და ბერძენას არაერთხელ მიგვიმართავს – რომ იტყვიან, ჩვენს პროფესიას შემოქმედებითად ვუდგებოდით.

– მარტო ქურდობა არ კმარა, თუ ნამდვილი შემოქმედი არ ხარ, შენი ფასი კაპიკია, – იტყოდა ხოლმე ნეპმანური ყაიდის ძველი ოდესელი ქურდი „ოქროსფრჩხილა“, რომელიც უმაღლესი კვალიფიკაციის ჯიბგირი იყო და ნამდვილი სპექტაკლის დადგმა იცოდა. მას შეეძლო, დიდი აუდიტორია ისე „დაებოლებინა” თავისი მჭევრმეტყველებით, რომ ყველასთვის ჯიბეები ამოესუფთავებინა და ეს არავის გაეგო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3