კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

პირველი ორი დღე დიმიტრის ძალიან გაუჭირდა ახალ სიტუაციასთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ ძმამ ყველანაირი კომფორტი შეუქმნა და მზიაც თან ჰყვებოდა, ყოველდღე რომ ვეღარ ხედავდა პროფესორ ქებაძეს, რაღაცნაირმა შიშმა შეიპყრო, მაგრამ, მერე თანდათან შეეჩვია ახალ გარემოს, მით უფრო, რომ მზია დღეში რამდენჯერმე ურეკავდა ქებაძეს და ლამის ყოველ წვრილმანს ეკითხებოდა. ერთ საღამოს, როცა მზიას თავისი პაციენტი თავიდან ბოლომდე მოვლილი ჰყავდა და შესთავაზა, ხომ არ გინდა, რამე წიგნი ან გაზეთი წაგიკითხოო, დიმიტრიმ უპასუხა.

– არანაირი წიგნის განწყობა არ მაქვს. ჩვენს გაზეთებში დაბეჭდილი პოლიტიკური თუ სოციალური „უჟასების“ მოსმენის ნერვები – მით უმეტეს. შენთან საუბარი მირჩევნია, თუ, რა თქმა უნდა, არ გეზარება.

– რას ამბობ, ბატონო დიმიტრი, როდის იყო, მე ლაპარაკი დამზარებოდა, მით უმეტეს – შენთან. ვერ გაუძლებ, თორემ, თუ გინდა მთელი ღამე ენას არ გავაჩერებ, – უთხრა მზიამ, მერე საწოლთან სავარძელი მიაჩოჩა, გემრიელად მოეწყო და მოლოდინით შეაჩერდა თავის „ობოლ ბიჭს“, რომელიც უკვე მხოლოდ თავის საკუთრებად მიაჩნდა და ამით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო, – აბა, რა გაინტერესებს, მითხარი და, პირობას გაძლევ, სანამ შენ თვითონ არ გამაჩერებ, არ გავჩუმდები.

– კარგი გოგო ხარ, მზია, ალალი, გულწრფელი, ერთგული. მიკვირს, ოჯახი რომ არ გაქვს. შენ ოჯახისთვის ხარ შექმნილი, დიდი ოჯახისთვის. უნდა გყავდეს ქმარი, ბევრი შვილი, დიდი სახლი, მეურნეობა. კაცისთვის, რომელიც თბილი, მყუდრო და მოვლილი ოჯახი უნდა, შენ ნამდვილი ნატვრისთვალი ხარ – საქმიანი, ყველაფრის მცოდნე, მარჯვე, მოხერხებული, მზრუნველი, ერთგული...

– ამდენსაც ნუ მაქებ, ბატონო დიმიტრი, თორემ, შემრცხვება და ისე დავიბნევი, ვერაფერზე ვეღარ დაგელაპარაკები. აი, ხომ ხედავ, უკვე როგორ გავწითლდი. თანაც, არაფრითაც არ ვარ განსაკუთრებული, ჩვეულებრივი სოფლელი გოგო ვარ, რომელიც ბავშვობიდან მიაჩვიეს ოჯახის მოვლას, ყველას მაგივრად საქმის კეთებას. მგონი, რაც ფეხი ავიდგი, არ გავჩერებულვარ, სულ საქმეს მაკეთებინებდნენ.

– რატომ, სხვა არავინ იყო სახლში, რომ პატარა ბავშვი არ დაეტვირთათ?

– ხალხის მეტი რა იყო, მაგრამ...

– მაგრამ?! – ჩაეკითხა დიმიტრი.

– მაგრამ, დედინაცვალი მყავდა და, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. იმას თავისი შვილი ჰყავდა, მამაჩემს – მე ვყავდი, მერე საერთო შვილებიც ეყოლათ და, რადგან ბავშვებში ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ძალაუნებურად, მე დამევალა მათი მოვლა. იმდენი საქმე მქონდა ხოლმე, რომ ხშირად სკოლასაც კი ვაცდენდი. არადა, ძალიან მომწონდა და მიყვარდა სწავლა. ლექსებსაც ვწერდი, ისე, ჩემთვის. არავის ვუკითხავდი – ეს მხოლოდ ჩემი სამყარო იყო. მეხუთე კლასში მამაჩემს მასწავლებელმა უთხრა, ბავშვს მათემატიკის ნიჭი აქვს და მიხედეთო...

– მერე, მოგხედეს?

– კი, ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ყველას მე ვამეცადინებდი, – გაეცინა მზიას, – და, ვაი ჩემი ბრალი, რომელიმეს „ხუთიანზე“ ნაკლები რომ მიეღო.

– შენ თუ მიიღებდი ნაკლებს?

– ეგ არავის აინტერესებდა.

– არც მამაშენს?

– არც მამაჩემს. ისიც თავისი ცოლის ჭკუაზე იყო გადასული.

– რატომ, შენ ხომ მისი ღვიძლი შვილი იყავი?

– ჰო, მაგრამ, ცოლისთვის რომ ესიამოვნებინა, მის მოყოლილ შვილს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. სადღაც წავიკითხე თუ ვიღაცამ მითხრა, აღარ მახსოვს, როცა ობოლს ავი დედინაცვალი ჰყავს, იმ ობლისთვის მამაც მამინაცვალი ხდებაო და, მართალი ყოფილა.

– გცემდა შენი დედინაცვალი? – საშინლად გაბრაზდა დიმიტრი.

– არ მცემდა, მაგრამ, დასჯის თავისი მეთოდები ჰქონდა.

– მაგალითად?

– მაგალითად, ყველაზე მძიმე და რთულ საქმეს დამავალებდა და თან დროს დამინიშნავდა. თუ ამ დროში ვერ ჩავეტეოდი, სადილს ან ვახშამს არ მაჭმევდა.

– მერე, მამაშენი არაფერს ეუბნებოდა?

– მამამ არც იცოდა. მე ვერ ვბედავდი, მისთვის რამე მეთქვა, ალბათ, იმიტომ, რომ გამოსარჩლების იმედი არ მქონდა; ჩემი დედინაცვალი კი ისეთ საყვედურებს ეუბნებოდა ჩემზე, მამა აქეთ იყო ჩემზე გაბრაზებული და, რა აზრი ჰქონდა რამის თქმას? ასე რომ, ზღაპრებში რომაა გამოყვანილი დედინაცვალი და ღვიძლი მამა, თითქმის მართალია ყველაფერი.

– კი მაგრამ, ღმერთის მაინც არ ეშინოდა იმ ალქაჯს?

– აბა, რა გითხრა. ისე, ეკლესიაშიც დადიოდა, მარხვასაც ინახავდა, ჯვარიც ეკიდა გულზე.

– ეგ ხომ უარესია! – აღშფოთდა დიმიტრი, – ეგ ხომ ფარისევლობაა! მაგას ის ჯობია, საერთოდ არ იაროს ადამიანმა ეკლესიაში, არ დაიცვას  მარხვა და ისე მოიქცეს ქრისტიანულად.

– არ ვიცი, რა ჯობია, მაგრამ მოძღვარმა მითხრა, ნუ განიკითხავ, ყველა თვითონ აგებს პასუხს თავის ცოდვებზეო, მე კი ახლა განვიკითხე.

– კი არ განიკითხე, გული გადამიშალე, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მეგობრები ვართ.

– გმადლობთ, ბატონო დიმიტრი, – ცრემლი მოადგა მზიას.

– რისთვის მიხდი მადლობას? – გაუკვირდა დიმიტრის.

– იმისთვის, რომ ჩემნაირ უბრალო გოგოსთან მეგობრობას კადრულობთ.

– სისულელეებს თავი დაანებე, თორემ, მეწყინება, იცოდე.

– კარგი, აღარაფერს ვიტყვი.

– მზია, ერთი უტაქტო შეკითხვა უნდა მოგცე და არ გეწყინოს, – ცოტა არ იყოს, მორიდებით ჰკითხა დიმიტრიმ.

– რაც გინდა და რამდენიც გინდა, მკითხე, შენგან რა უნდა მეწყინოს? აკი თქვი, მეგობრები ვართო? – ისე გულწრფელად უთხრა მზიამ, რომ დიმიტრიმ საოცარი სითბო იგრძნო მისგან და ნასიამოვნებმა გაიღიმა.

– რამდენი წლის ხარ?

– ოცდათორმეტის. ესაა, ბატონო დიმიტრი, უხერხული კითხვა?

– შეყვარებული არ გყოლია? არასდროს გიოცნებია რამე განსაკუთრებულზე?

 – მიყვარდა ერთი ბიჭი და ძალიან ლამაზი ოცნებაც მქონდა, მაგრამ... – საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უპასუხა მზიამ.

– მაგრამ?!

– მაგრამ, ახლა ამის შესახებ ვერ მოგიყვები, ბატონო დიმიტრი, სხვა დროს იყოს.

– ახლა რატომ არა?

– იმიტომ, რომ, ისედაც გულაჩუყებული ვარ უკვე და, იმ ამბის მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ხმამაღლა ავღრიალდე.

– გულაჩუყებული რითი ხარ?

– შენი ყურადღებით, ბატონო დიმიტრი, – თქვა გაწითლებულმა მზიამ და ცრემლების დასამალად სამზარეულოში გავიდა.

***

დიმიტრის ისე აუჩუყა გული მზიას ნაამბობმა, კინაღამ აატირა. საერთოდ, ავარიის შემდეგ ისეთი გულჩვილი და მგრძნობიარე გახდა, თვითონაც უკვირდა. მანამდე, შეიძლება ითქვას, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ოღონდ კი თვითონ არ შეჰქმნოდა დისკომფორტი; ურთიერთობებშიც საკმაოდ ხისტი და უხეში იყო, განსაკუთრებით ქალებთან და მათ შორის – ცოლთანაც.

მზიას აღსარებამ თვითონაც დააყენა გულახდილობის ხასიათზე, მაგრამ, რაღაცნაირად, ერიდებოდა, თავის პირად ცხოვრებაზე, გრძნობებსა და განცდებზე ერთი შეხედვით უბირ გოგოსთან ელაპარაკა, მაგრამ, დანამდვილებით იცოდა, რომ მზიას მეტი ვერავინ გაუგებდა, მისნაირ თანაგრძნობასა და თანადგომას ვერავინ გაუწევდა. გარდა ამისა, დაუძლეველ სურვილს გრძნობდა, ვინმესთვის გული გადაეშალა, უფრო სწორად, განდობოდა მთლიანად, ბოლომდე, შეულამაზებლად. ეკლესიურად არასდროს უცხოვრია და, აქედან გამომდინარე, მოძღვარიც არასდროს ჰყოლია, ამიტომ, ეს გზა მისთვის არ არსებობდა; თანაც, შინაურული, გულითადი საუბარი უნდოდა და არა სასულიერო პირთან ოფიციალური აღსარება. მოძღვართან გულითადობა არც გამოუვიდოდა, რადგან, ეს მისთვის უცხო ურთიერთობა იყო და, შესაბამისად, კომპლექსიც ჰქონდა. თავისი ნაცნობებიდან კი ამ საქმისთვის მზიაზე შესაფერისი კანდიდატურა ვერ მოძებნა. ამიტომ, გადაწყვიტა, შესაფერისი მომენტი შეერჩია.

სამზარეულოში გასული მზია ცოტა რომ დაწყნარდა, თვითონ დაბრუნდა ოთახში  და ავადმყოფს ვახშამი გამოუტანა.

– შენც თუ არ დამეწვევი, იცოდე, პირს არაფერს დავაკარებ, – დაემუქრა დიმიტრი.

– კარგი, დაგეწვევი, მაგრამ, ხომ იცი, ღამით არ ვჭამ ხოლმე, ამიტომ, მხოლოდ ჩაის დავლევ. შენ კი ყველაფერი უნდა შეჭამო, რაც ექიმმა დაგინიშნა.

– ჯერ ღამე არ არის, საღამოა.

– ჰო, მაგრამ, ექვსი საათის შემდეგ არაფერს ვჭამ.

– რატომ, მოდას მისდევ?

– არა, გახდომა მინდა, უნდა გავლამაზდე, – ჩაიკისკისა მზიამ.

– რომ ვიღაცას თავი მოაწონო? – დიმიტრი ეცადა, გოგო გულახდილობაში გამოეწვია, რომ მერე თვითონაც გაადვილებოდა თავისი ამბების მოყოლა.

– არ ვიცი... – გაწითლდა მზია და თავი ჩაღუნა.

– მზია, შეყვარებული არასდროს გყოლია? – ძალიან თბილად ჰკითხა დიმიტრიმ.

– არ მინდა, ბატონო დიმიტრი, ამ თემაზე ლაპარაკი, – ძლივს გასაგონი ხმით თქვა გოგომ.

– რატომ?

– მინდა, ყველაფერი სამუდამოდ დავივიწყო.

– მერე, გამოგდის?

– არა, არ გამომდის. ხანდახან ძილში კოშმარივით მესიზმრება და გულგახეთქილი ვიღვიძებ.

– არ გინდა, მომიყვე, რა მოხდა? დამიჯერე, მერე თანდათან დაივიწყებ და აღარც კოშმარები შეგაწუხებს.

– მართლა? მოგივებოდი, ბატონო დიმიტრი, მაგრამ, მრცხვენია.

– ჩემი გრცხვენია? მეც მინდა, მოგიყვე ჩემი ცხოვრების შესახებ, მაგრამ, შენ თუ არ მენდობი, მე როგორ გენდო?

– გინდა, რომ შენი ცხოვრების შესახებ მიამბო?! – გაუკვირდა მზიას.

– ჰო. არ გახსოვს, ერთხელ საავადმყოფოში რომ გითხარი ამის შესახებ? – შეახსენა დიმიტრიმ.

– ეგ კი მახსოვს, მაგრამ, მეგონა, რომ ისე მითხარი, სიტყვის მასალად.

– არა, მართლა გითხარი, მართლა მინდა, ყველაფერი მოგიყვე, ოღონდ...

– ოღონდ რა?

– ოღონდ, ჯერ შენ უნდა მიამბო შენი ამბები.

– კარგი... საიდან დავიწყო?

– ვინ იყო შენი შეყვარებული და ახლა სად არის?

– ახლა სად არის, არ ვიცი, – მზიამ ღრმად ამოისუნთქა, – ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩემზე შვიდი წლით უფროსი. ჩვენს სოფელში ცხოვრობდა. ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო, რომ გამიცნო. მაშინ პატარა გოგო ვიყავი, 14 წლის და ჯარმოვლილი ბიჭის ყურადღებამ გული ამიჩქროლა. ისე, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, შორიდან, როგორც თანასოფლელები, მაგრამ, ასაკში სხვაობის გამო არაფერი გვქონდა საერთო. სამი წელი მდევდა კუდში, მისი შიშით ვერც ერთი ბიჭი ვეღარ ბედავდა ჩემ გვერდით გავლას კი არა, უბრალოდ, დალაპარაკებასაც კი.

– შენს ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე?

– საშინელი. მამაჩემი ლამის ხელით მეხებოდა – ალბათ, შენ აძლევ საბაბს და იმიტომ ბედავს ამდენსო.

– დედინაცვალი?

– დედინაცვალი ყველანაირად ცდილობდა, ეს ამბავი ჩაეშალა.

– რატომ, ბიჭი არ მოსწონდა თუ მისი ოჯახი?

– ჩემს დედინაცვალს ეგ არც აინტერესებდა. კატეგორიულად არ უნდოდა ჩემი გათხოვება, თანაც, ასე ადრე. ერთხელ პირდაპირ უთხრა მამაჩემს, მზია რომ გათხოვდეს, ამხელა ოჯახს მარტომ მივხედოო? მოკლედ, უფასო მონა არ უნდოდა, დაეკარგა. მაგრამ, იყო სხვა მიზეზიც: რომ გავთხოვილიყავი, რაღაც ელემენტარული მზითევი ხომ უნდა მოეცათ? ჩემს დედინაცვალს კი დედაჩემისეული ნივთებიც კი თავისი შვილებისთვის ჰქონდა გადანაწილებული და მე რას მარგუნებდა მამაჩემის ქონებიდან?

– შენ არავინ არაფერს გეკითხებოდა?

– სახლში არავინ. ერთი მამიდა მყავდა, ჩვენი სოფლის განაპირას ცხოვრობოდა ქმარ-შვილთან ერთად და მხოლოდ ის იყო ჩემი გულშემატკივარი. ძალიან რომ გამიჭირდებოდა ხოლმე, მასთან გავრბოდი.

– შენ გიყვარდა ის ბიჭი?

– ძალიან. მაგრამ, ეს არავის აინტერესებდა. ერთხელაც, იმ ბიჭმა მომიტაცა და მამაჩემს შეუთვალა: შენ მაიძულე, ასე მოვქცეულიყავი. მე შენი შვილი მიყვარს და უკვე ჩემი ცოლია. ამიტომ, ჯობია, შევრიგდეთო.

– მერე?

– მერე, გადარეულა მამაჩემი – ეს როგორ გამიბედესო და დაუწყია ჩვენი ძებნა. ისედაც ფიცხი და უჟმური ხასიათის კაცი იყო და ცოლმა სულ გააგიჟა თურმე – ქუჩის გოგოა შენი შვილი, მთელ სოფელში თავი მოგვჭრაო. მეოთხე დღეს მოგვაგნეს. გივიკოს დედულეთში ვიყავით, მის ნათესავებთან, იმერეთში. მამაჩემი პოლიციელებითა და ძმაკაცებით დაგვადგა თავს. რომ დამინახა, ჯერ სახეში გამარტყა, მერე ხელი ჩამავლო და მანქანისკენ წამათრია. ეს რომ გივიკომ დაინახა, მამაჩემს ხელი ჰკრა და ჩემი სახლში შეყვანა სცადა. მამაჩემმა ეს იუკადრისა, შეუსია პოლიციელები და თავისი ორი ძმაკაცი გივიკოს და სასტიკად აცემინა, თვითონ კი მე დამიწყო ცემა. იმდენი მირტყა, სანამ გონება არ დავკარგე.

– კი მაგრამ, არავინ შეაჩერა? – აღშფოთდა დიმიტრი.

– სცადეს მასპინძლებმა, მაგრამ, ვერ მოახერხეს, იმათაც ბევრი მოხვდათ. მერე მითხრეს, თავისი მოყვანილი ხალხიც კი ვერ მოერია, ისე იყო ჭკუიდან გადასული, თანაც, იარაღი ედო ჯიბეში და ყველას შეეშინდაო. რომ მცემდა, თან, მთელი ხმით, ბოზსა და უნამუსოს მეძახდა.

– როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?

– საშინლად. გივიკო ისეთი ნაცემი იყო, საავადმყოფოში წაუყვანიათ, მერე კი მამაჩემს საჩივარი დაუწერია პოლიციაში, შვილი მომტაცა და გააუპატიურა, მერე კი ისე სცემა, ჯანმრთელობა შეურყიაო.

– კი მაგრამ, ხომ ყველამ დაინახა, რომ თვითონ გცემდა?

– დაინახეს, მაგრამ, ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.

– შენ?

– მე უგონოდ ვიწექი, მაღალი სიცხით; პოლიციაში მისვლა კი არა, ლაპარაკი არ შემეძლო. რაღაც პერიოდი ცნობიერებაც კი დაკარგული მქონდა. არ ვიცი, როგორ მოახერხა მამაჩემმა, მაგრამ, ჩემი ჩვენების გარეშე დასდეს ბრალი გივიკოს და ციხეში ჩასვეს. მას მერე არაფერი გამიგია მასზე, გაკითხვასაც ვერ ვბედავდი. დედამისმა შემომითვალა, შენ დამიღუპე შვილი, შენ გააუბედურე ჩვენი ოჯახი და, არსად გადამეყარო, თორემ, რაც მამაშენმა დაგაკლო, მე შეგისრულებო.

– და, ამ ყველაფრის შემდეგ მაინც სახლში დარჩი?

– დავრჩი, სანამ ფეხზე დადგომას შევძლებდი.

– გივლიდნენ მაინც?

– ჰო, მივლიდნენ, რადგან, მამაჩემი მაგრად დაშინდა – რამე რომ მომსვლოდა, ციხეს ვერ ასცდებოდა. თანაც, რაში ვაწყობდი ჩემს დედინაცვალს მწოლიარე და მოსავლელი! სიარული რომ შევძელი, ცნობიერება და მეტყველების უნარი რომ დამიბრუნდა, ჩავალაგე ჩემი პირადი ნივთები და მამიდასთან გადავედი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, გიკივო ციხეში რომ იყო, იქ გავიგე მეზობლისგან და ხელახლა ჩავვარდი ლოგინად. ძლივს გადამარჩინეს. მამიდაჩემმა ჩემ გამო ერთადერთი ძმა დაკარგა – ჩემს სანახავად რომ მოვიდა, ეზოშიც კი არ შემოუშვა, ჭიშკარშივე გააგდო და უთხრა, ჩემი სახელი და ჩემი ოჯახი სამუდამოდ დაივიწყეო.

– მერე რა ქენი?

– მერე, საბოლოოდ რომ გამოვჯანმრთელდი და, ასე თუ ისე, ბედს რომ შევეგუე, მამიდაჩემმა და მისმა ქმარმა მირჩიეს, მეცადინეობა დამეწყო და სადმე ჩამებარებინა. ჯერ კატეგორიული უარი ვუთხარი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ მხოლოდ ეს გადამატანინებდა ჩემს უბედურებას და დავთანხმდი. მაგრამ, სოფელში, აბა, როგორ უნდა მოვმზადებულიყავი. ამიტომ, ჩამომიყვანეს თბილისში, დამაბინავეს ჩემს უფროს მამიდაშვილთან, რომელიც უკვე სტუდენტი იყო და ბინა ჰქონდათ მისთვის გირაოთი აღებული. მერე რეპეტიტორებიც მომიძებნეს და დავიწყე მეცადინეობა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, გამომძიებელი ან ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ, რადგან ვერც ერთს ვერ შევწვდებოდი რამდენიმეთვიანი მომზადებით (უკვე გაზაფხული იყო და გამოცდებამდე სულ რაღაც ოთხი თუ ხუთი თვე რჩებოდა), გადავწყვიტე, ჯერ სამედიცინო ტექნიკუმში ჩამებარებინა და მერე მეცადა ბედი უმაღლესში. ტექნიკუმში მაღალი ქულებით მოვეწყე, კარგადაც ვსწავლოდი და წითელ დიპლომზეც დავამთავრე, მაგრამ, ინსტიტუტში ჩაბარება აღარ მიცდია, რადგან, ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ბატონი ირაკლის კლინიკაში მოვხვდი და ისე კარგად ვგრძნობდი თავს, იქიდან წასვლა დამენანა. ხელფასსაც შედარებით ნორმალურად მიხდიდნენ და, თან, არაჩვეულებრივი ხალხი დამხვდა.

– ახლა რას შვრებიან მამაშენი და მისი ოჯახი?

– წესიერად არც კი ვიცი. სიმართლე გითხრა, ნაკლებად მაინტერესებს.

– შენთან შერიგება არ უცდიათ?

– მამას და დედინაცვალს – არა. ჩემი ნახევარძმა მირეკავს ხოლმე ხანდახან, ერთი-ორჯერ მოვიდა კიდეც ჩემთან საჩუქრებით. ყოველ დარეკვაზე ან მოსვლაზე სულ ბოდიშებს მიხდის და მეხვეწება, შენც დამირეკე ხოლმეო.

– და-ძმის მიმართ გაქვს რამე გრძნობა?

– დები არ მძულს, მაგრამ, უმაგათობას არ განვიცდი. ძმა კი მართლა მიყვარს. კეთილი ბიჭია, წესიერი. რა მაგის ბრალია, არანორმალური მშობლები რომ ჰყავს... უბრალოდ, იმის მეშინია, რომ, იმათი შემყურე, ესეც არ გაბოროტდეს. ამიტომ, მინდა, შევთავაზო, რომ ჩემთან გადმოვიდეს საცხოვრებლად. აქ უფრო იშოვის ნორმალურ სამსახურს.

– შენ ხომ არ გაბოროტდი, ის რატომ უნდა გაბოროტდეს?

– მე დროულად გამოვასწარი იქიდან, თორემ, აუცილებლად გავბოროტდებოდი.

– ამას თუ დროულად ჰქვია... – თქვა დიმიტრიმ და უკვე გაცივებული ჩაი მოსვა.

– ბატონო დიმიტრი, თან ჭამე, თორემ, ამ ქაქანში სულ დამავიწყდა, ყურადღება მომექცია.

– ისეთი რამეები მიამბე, ჭამა კი არა, თავი დამავიწყე, – დიმიტრიმ კიდევ მოსვა ჩაი და ყველიანი ბუტერბროდი მოკბიჩა.

– გინდა, ჩაი გაგიცხელო? ცივ ჩაის რა გემო აქვს? – ჭიქას წაატანა ხელი მზიამ.

– არ მინდა, იყოს, ცივი უფრო მესიამოვნა ამ გახურებულ გულზე, – თქვა დიმიტრიმ და მზიას თანაგრძნობით შეხედა, – მგონი, ვნანობ, რომ ამ კოშმარის გახსენება გაიძულე.

– არა, პირიქით, ცოტა მომეშვა. არასდროს არავისთვის არ მომიყოლია ჩემი ამბები და თითქოს გულზე მაჯლაჯუნასავით მაწვა, ახლა კი რაღაცნაირ სიმსუბუქეს ვგრძნობ. ამიტომ, მადლობელიც კი ვარ შენი.

– მზია, იმის შემდეგ, რაც თბილისში ჩამოხვედი, არავინ გყოლია სერიოზული თაყვანისმცემელი?

– მყავდა, სერიოზულიც და არასერიოზულიც, არშიყობის ან „ისე“ ურთიერთობის დონეზე, – გაეცინა მზიას, – მაგრამ, არც ერთი არ ყოფილა ისეთი, რომ ჩემი ყურადღება ან ინტერესი დაემსახურებინა.

– ანუ, არც ერთი არ შეგიყვარდა?

– ჰო, ასეც შეიძლება ითქვას.

– ესე იგი, უსიყვარულოდ გათხოვებას არ აპირებ... რომ არავინ აღარ შეგიყვარდეს, მაშინ?

– არ გეწყინოს, მაგრამ, აღარ მინდა ამაზე საუბარი, ბატონო დიმიტრი, – აწრიალდა გოგო.

– სოფელში რაზე მუშაობს შენი ძმა? – თემა შეცვალა დიმიტრიმ.

– პროგრამისტია, თანაც, საკმაოდ ჭკვიანი. იქ რაიონულ ცენტრში დაიწყო მუშაობა რაღაც დაწესებულებაში და ყოველდღე უწევს სოფლიდან ავტობუსით სიარული, თანაც, აქაოდა უარს არაფერზე ამბობსო, ყველაფერს მას აკეთებინებენ და რაღაც კაპიკებს უხდიან.

– კეთილი გოგო ხარ, მზია. სხვა, შენს ადგილას, ახლოს არ გაიკარებდა იმათგან არავის, შენ კი...

– ჩემს ძმას ჩემთვის არაფერი დაუშავებია. მაშინაც იმიტომ ვერ გამომექომაგა, რომ ძალიან პატარა იყო. ახლა კი სულ ბოდიშებს მიხდის თავისი მშობლების გამო და ცდილობს, ძმობა გამიწიოს. ვიცი, რომ მართლა ვუყვარვარ. სხვა თუ არაფერი, თითქმის ჩემი გაზრდილია.

– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, მიტევება და ცუდის დავიწყება ყველაზე სწორი საქციელია.

– არ დამცინო, ბატონო დიმიტრი, მაგრამ, მიტევება და ცუდის დავიწყება, ჩემი აზრით, გონებით არ ხდება.

– აბა, რითი? 

– რითი და, გულით. გონებით, შეიძლება, ბევრი რამ ვიცოდეთ, მაგალითად, რა არის სწორი საქციელი და რა – არასწორი; შესაძლოა, ძალიანაც ვეცადოთ, რომ სწორად მოვიქცეთ, მაგრამ, თუ გულმა არ თქვა „ჰო“, მარტო გონება სწორ გზაზე ვარ დაგაყენებს.

– ანუ?

– ანუ, მხოლოდ გონების კარნახით გაკეთებული კარგი საქმე, თუ ამას გულის კარნახი თუ სურვილი არ უდევს საფუძვლად, რაღაცნაირი მშრალია, უმადლო, სოფლურად რომ გითხრა – უჯიგრო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რაღაც გამორჩენას ელის ამის გამკეთებელი, ან, სულ მცირე, ტაშის დაკვრას საზოგადოებისგან – ნახეთ, რა კეთილი, გულუხვი ან ჭკვიანი კაცი ყოფილაო. სიმართლე გითხრა, მე ასეთი სიკეთის არ მწამს.

– მგონი, მართალი ხარ, ხომ იცი! – დაეთანხმა დიმიტრი, – მაგრამ, უნდა გამოგიტყდე, რომ შენგან ასეთ ფილოსოფოსობას არ მოველოდი. ეტყობა, გიყვარდა წიგნების კითხვა.

– ძალიან, – გაეღიმა მზიას, – განსაკუთრებით კი – დეტექტივების. იქიდან გავიგე, რა არის დედუქციის მეთოდი და კიდევ სხვა რაღაც-რაღაცეები. რა თქმა უნდა, სისულელეა ამის თქმა, მაგრამ, ახლაც სიამოვნებით ვიმუშავებდი თუნდაც გამომძიებლის თანაშემწედ. სხვათა შორის, ახლობლებმა მითხრეს, რომ გამომძიებლური ალღო მაქვს.

– ეგ საიდანღა დაასკვნეს?

– იყო ერთი-ორი შემთხვევა და, მხოლოდ მე გამოვიცანი, სინამდვილეში რა მოხდა.

– რა შემთხვევები იყო? – დაინტერესდა დიმიტრი.

– ჩემს მეგობარს სახლიდან ბებიასეული ძვირფასი ბეჭედი დაეკარგა და მე მივხვდი, ვინც წაიღო. ჩემს მეგობარს კი ეგონა, ქუჩაში თითიდან მომძვრა და ისე დავკარგეო.

– შენ როგორ მიხვდი? – გაეღიმა დიმიტრის.

– წერილით. ჩემს დაქალს შეყვარებულმა დაუტოვა წერილი – ქალაქიდან მივდივარ და არ მეძებო, როცა საჭირო იქნება, მე თვითონ დავბრუნდებიო.

– წერილით?! – იყვირა  დიმიტრიმ, – წერილი! ღმერთო ჩემო, წერილი!

– რა მოხდა, რა დაგემართა? – შეეშინდა მზიას.

– გამახსენდა! მეც წერილი მომივიდა ავარიის წინ, საშინელი წერილი და იქაც ის ეწერა, არ მეძებოო! ღმერთო, როგორ ამომივარდა თავიდან! იმიტომ ვიტანჯებოდი, რომ ვერ ვიხსენებდი ძალიან მნიშვნელოვანს, მთავარს... მზია, რამე დამაწყნარებელი მომეცი, ცოტა უკეთ რომ გავხდები, ყველაფერს მოგიყვები და შენ უნდა დამეხმარო... დამეხმარები? მპირდები?

– ოღონდ დაწყნარდი, ბატონო დიმიტრი და, დაგეხმარები კი არა, შენთვის შეუძლებელს შევძლებ. გემუდარები, ბატონო დიმიტრი, ძლივს ამქვეყნისკენ მოგაბრუნეთ და ნუ ჩაგვიყრი ამაგს წყალში! – ლამის ქვითინებდა მზია და დიმიტრის ხელებზე ეფერებოდა.

– აბა, როგორ არიან ჩემი ახალი მობინადრეები? – კარიდანვე იკითხა გიორგიმ და ოთახში პარკებით დატვირთულმა შემოაბიჯა, მაგრამ, ისეთ სურათს წააწყდა, დაიბნა და ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში.

„მგონი, ცუდ დროს დავადექი თავზე. ამ ჩემი ძმის გამოსწორება ხომ შეუძლებელია! ლამის მომაკვდავიც კი არ კარგავს დროს უქმად“, – გაიფიქრა გიორგიმ და პარკები მაგიდაზე დააწყო. ის იყო, პროდუქტები უნდა ამოელაგებინა, რომ სამზარეულოში სახეაწითლებული მზია შემოვიდა და უხერხულად გაჩერდა.

– მოდი, მომეხმარე, თორემ, მე ყველაფერს ავურ-დავურევ. ისე გაგიწკრიალებია აქაურობა, რამეზე ხელის ხლების მეშინია, – გაამხნევა გიორგიმ კართან აწურული ექთანი და ისე განაგრძო ლაპარაკი, თითქოს არაფერი დაუნახავს.

– ბატონო გიორგი... – ძლივს ამოღერღა მზიამ, – თქვენ რამე ისეთი არ იფიქროთ... უბრალოდ, რაღაცაზე განერვიულდა და ვეხვეწებოდი, დამშვიდდი-მეთქი, მეტი არაფერი.

– არც არაფერი მიფიქრია, ჩემო კარგო. მოდი, მომეხმარე-მეთქი, ხომ გთხოვე. დიმიტრისთვის ყველაფერი მოვიტანე, რაც ექიმმა ჩამაწერინა და ცოტა ჩვენთვისაც წამოვიყოლე სასუნავები. ამ ხნის კაცი ვარ და, პატარა ბავშვივით მიყვარს კანფეტი, ჩიპსები და ასეთი სისულელეები.

– თქვენ დაისვენეთ, ბატონო გიორგი. ბატონ დიმიტრისაც ჩაეძინა და ყველაფერს მივხედავ. ვახშამსაც მოგიმზადებთ და ხვალისთვის სადილის თადარიგსაც დავიჭერ.

– კი ბატონო. სამზარეულოში და დიმიტრის ოთახში შენ ხარ მბრძანებელი, მაგრამ, ერთი თხოვნა მაქვს: სახლის დალაგება, სარეცხი და ასეთი საქმეები შენ არ გეხება, ამისთვის ქალი მყავს აყვანილი.

–– არ გეწყინოთ, ბატონო გიორგი, მაგრამ ვერანაირ საქმეში ვერავის ვერ ვენდობი. თანაც, სულაც არ მიჭირს, პირიქით, მეხალისება კიდეც. როცა თქვენს ძმას სძინავს, რა უნდა ვაკეთო? ჰოდა, საქმით ვირთობ თავს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ მეკამათებით.

– კარგი, ბატონო, რადგან ასე კატეგორიულად მოითხოვ... ოღონდ, მადლობა მაინც უნდა გითხრა.

– რისთვის?

– შენს მოსვლამდე ყოველ მეორე დღეს მოდიოდა ქალი და ყველაფერს ალაგებდა და ასუფთავებდა, მაგრამ, აქ შემომსვლელი უცხო ადამიანი მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს უქალო სახლი იყო, ანუ, მარტოხელა კაცის კომფორტულად მოწყობილი სადგომი. ამიტომ, მე თვითონვე არ მიყვარდა სახლში დიდხანს გაჩერება, სულ ვცდილობდი, სადმე წავსულიყავი; ახლა კი, ერთი სული მაქვს, როდის მოვალ შინ, ვივახშმებ და როდის მოვკალათდები გემრიელად ჩემს სავარძელში ტელევიზორის საყურებლად ან პრესის გასაცნობად.

– მე არაფერ შუაში ვარ, ბატონო გიორგი. თქვენ, უბრალოდ, მარტო ყოფნა გთრგუნავდათ, რადგან, ხმის გამცემი არ გყავდათ, ახლა კი, ასეა თუ ისე, ორი ადამიანი ვართ, რომლებთანაც, ელემენტარულად, დალაპარაკება შეგიძლიათ.

– არა, შენ ვერ გამიგე. არც სისუფთავეში და არც დალაპარაკებაში არ არის საქმე. შენ თვითონაც არ იცი, რომ გაქვს უცნაური, ჯადოსნური ძალა, ყველა და ყველაფერი გაათბო, შეუქმნა შენ გარშემო მყოფ ადამიანებს საოცარი სიმყუდროვე და სულიერი კომფორტი – აი, ამას ვგულისხმობ.

– გეყოფათ, ბატონო გიორგი, თორემ, დავიჯერებ, თავში ამივარდება და... – დაიმორცხვა მზიამ, მაგრამ, სახეზე შეეტყო, რომ ძალიან ესიამოვნა გიორგის ნათქვამი, – თანაც, ჩემს სიცოცხლეში არავის არასდროს შევუქივარ და არ დამცადოს.

– კარგი, კარგი, ნუ გაწითლდი. რასაც ვგრძნობ, იმას გეუბნები, მაგრამ, რადგან ასე უხერხულობ, აღარ ვიტყვი. მე ახლა ჩემს ოთახში გავალ და ტელევიზორს ჩავრთავ. დიმიტრი რომ გაიღვიძებს, დამიძახე, კარგი?

– კარგი, ბატონო გიორგი, მაგრამ, არ ჯობდა, ჯერ გევახშმათ? ხორციანი ბლინები გავაკეთე თქვენთვის და ძალიან გემრიელი სალათა. მეწყინება, რომ არ მიირთვათ. თუ გნებავთ, სინით შემოვიტან თქვენს ოთახში. ხილის წვენიც მაქვს, ნამდვილი ჩაიც...

– არ მშია, მაგრამ, რომ არ გეწყინოს, ძალიან ცოტ-ცოტა გადმომიღე თეფშზე და ისე შემომიტანე. ჩაი არ მინდა, წვენი დამისხი.

– ახლავე, ბატონო გიორგი, – გაუხარდა მზიას, – ხუთ წუთში ყველაფერი მზად იქნება!

მართლაც, ხუთი წუთის შემდეგ მზია დაზვინული სინით მიადგა გიორგის ოთახს და მორიდებით დააკაკუნა.

– შემოდი, შემოდი! – გამოსძახა გიორგიმ და მისახმარებლად წამოდგა.

მზიამ კოხტად გაუწყო პატარა მაგიდა და გასვლა დააპირა, რომ უცებ გიორგიმ ჰკითხა:

– მზია, რატომ განერვიულდა დიმიტრი, რამე გაახსენდა?

– დიახ, რაღაც წერილს ახსენებდა.

– რა წერილს?

– არ ვიცი, რაღაც წერილი მიუღია ავარიამდე ცოტა ხნით ადრე და...

– მეტი არაფერი უთქვამს?

– მეტი არაფერი. მერე დამაწყნარებელი ნემსი გავუკეთე და ჩაეძინა. რომ გაიღვიძებს, ალბათ, გვეტყვის, რა ეწერა იმ წერილში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3