კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააყაჩაღა მამაკაცმა დეიდაშვილის ოჯახი და სად გადამალა მან გატაცებული ძვირფასეულობა

ყაჩაღური თავდასხმა კ-შვილების ოჯახზე გვიან ღამით მოხდა, როდესაც სოფლის მოსახლეობას უკვე ეძინა. სამი შეიარაღებული და ნიღბიანი მამაკაცი ბინაში ძალის გამოყენებით შევიდა, წიანააღმდეგობის გაწევას კი სასტიკი შურისძიება მოჰყვა. 

 სისხლის სამართლის საქმე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მას შემდეგ აღიძრა, რაც კ-შვილების  მეზობელმა სახლში მძიმედ დაჭრილი ერთი  მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე, ორი გაკოჭილი ქალი და ოჯახის უფროსი აღმოაჩინა. თვითმხილველმა ამის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა და პირველი ჩვენებაც გამოძიებას სწორედ ამ ქალბატონმა მისცა. 

ამონაწერი ლამზირა კ-ძის ჩვენებიდან: „კ-შვილები  ჩემი სახლის გვერდით ცხოვრობენ, ჩვენ ერთი ღობე გვყოფს და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მიკვირს, იმ ღამეს როგორ ვერაფერი გავიგეთ. ეჭვი იმან გამიჩინა, რომ დილის ათ საათზე ეზოში ვერავინ დავინახე. ოჯახის უფროსი გამთენიიდან ეზოში ტრიალებს ხოლმე, იმ დილით კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. მათ ბინას რკინის კარი აქვს, რომელიც ღია იყო დატოვებული. სახლში შევედი და ისეთი სურათი დამხვდა, ლამის გული გამისკდა. ტარიელის ვაჟი, 32 წლის კოტე, სისხლში ცურავდა. იქვე მამის სისხლში იწვა მისი 6 წლის შვილი – ლევანიც. ოთახში მათ გარდა  არავინ იყო, მაგრამ, სისხლის კვალი მეორე ოთახში გადიოდა. ქალები არსად ჩანდნენ.   კივილი ავტეხე და სახლში ჩვენი  მეზობლები მოცვივდნენ, პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც. მათ დაჭრილი ბავშვი და მისი მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს.”          

დაზარალებულმა ტარიელ კ-შვილმა გამოძიებას ყაჩაღური  თავდასხმის დეტალების შესახებ განუცხადა: „გვიანი ღამე იყო, სახლიდან ბუხრის შეშის შემოსატანად გავედი. ჩემს ცოლ-შვილსა და რძალს უკვე ეძინათ,  მე მისაღებ ოთახში ჩემს პატარა შვილიშვილთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი, რადგან, ბავშვმა გვიანობამდე არ დაიძინა. გარეთ რომ გავედი, მოულოდნელად, სიბნელეში, კეფაზე  დანის დადება ვიგრძენი.  ხმა არ ამოიღო, თორემ გაგათავებ – მითხრა ნიღაბაფარებულმა მამაკაცმა და სახლში შემათრია. კიდევ ორი მამაკაცი შემოგვყვა, ორივეს სახეები ნიღბით ჰქონდა დაფარული. შეშინებული 6 წლის  ბავშვი ყაჩაღების  დანახვაზე  მაგიდის ქვეშ შეძვრა. ხმაურზე მეორე ოთახიდან ჩემი ცოლი და შვილი გამოვიდნენ. ყაჩაღებს ხელით ვყავდი გაკავებული და პირდაპირ მთხოვდნენ, ფული და  ძვირფასეულობა მოგვეციო. ბავშვმა ტირილი დაიწყო. ეს რომ გაიგონეს, ერთ-ერთმა ყაჩაღმა ბავშვი მაგიდის ქვეშიდან გამოიყვანა და დანა მიადო. ამით გამწარებული ჩემი შვილი ერთ-ერთ ყაჩაღს მივარდა, რომელმაც პირდაპირ გაუყარა დანა ჩემს შვილს. ქალებმა კივილი ატეხეს. ორივე ქალი სამზარეულოში გაათრიეს და თოკით რკინის სვეტზე მიაბეს. სახლში ხუთი ათასი დოლარი გვქონდა. იმ თავდამსხმელს, რომელიც მე მაკავებდა, ვუთხარი: არაფერი დაგვიშავოთ, რაც მაქვს გამოგიტანთ-მეთქი. ჩემი შვილი ძირს ეგდო, თავდამსხმელი თავზე ადგა. კოტე სისხლისგან იცლებოდა. ხუთი ათასი დოლარი საკუთარი ხელით მივეცი თავდამსხმელს, რომელიც მეორე ოთახში არ გამომყვა. მე იმ დროს სანადირო თოფით გამოვედი და თავდამსხმელს, რომელიც ჩემს შვილს ადგა თავზე, დავუმიზნე. ამ დროს მეორე ყაჩაღმა ბავშვი აიყვანა ხელში და სახეზე დანა დაადო. მე იარაღი დავაგდე, რის შემდეგაც მეც დამესხნენ თავს და წიხლებით ცემა დამიწყეს. მერე მეორე ოთახში გამათრიეს და მეც ქალებთან ერთად დამაბეს. არ ვიცი, რა ხდებოდა მეორე ოთახში. სადაც დაჭრილი კოტე იწვა, ბავშვიც იმ ოთახში დატოვეს. მე ვცდილობდი თავის დაღწევას, მაგრამ, ხელებიც შეკრული გვქონდა, პირიც სკოჩით გვქონდა აკრული. დილით მეზობლებმა გვიპოვეს. ჩემს შვილს  ოთხი ჭრილობა  ჰქონდა ტანზე, ბავშვს კი სახეზე ჰქონდა ჭრილობა. კიდევ კარგი, ღრმა არ  იყო, თორემ, ბავშვი მთელი ღამე სისხლისგან დაიცლებოდა.”        

  გამოძიების მასალებით, ორი დანითა და  ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კ-შვილების ბინიდან ხუთი ათასი დოლარი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  წინააღმდეგობის გაწევის დროს თავდამსხმელმა დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა კოტე კ-შვილს,  რომელთაგან ორი ჭრილობა საკმაოდ მძიმე იყო და სწორედ ეს ორი ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საქმეში იდო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი გახდა მწვავე სისხნაკლებობა. მოკლულს დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი და ელენთა.   

 ოპერატიულმა სამძებრო სამსახურმა დანაშაულში  ეჭვმიტანილი პირების ძებნა დაიწყო. მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებებით ცნობილი გახდა, რომ ტარიელ კ-შვილის ოჯახს მეზობელ სოფელში მცხოვრები, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი  მალხაზ გ-შვილი დაესხა თავს, რომელიც კოტე კ-შვილს დეიდაშვილად ერგებოდა. გამოძიებას მის წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება ჰქონდა, მათ შორის იყო ანაბეჭდები, რომლებიც მალხაზ გ-შვილის შემთხვევის ადგილზე ყოფნას ამტკიცებდა. გამოძიებისთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ მალხაზ გ-შვილს  წარსულში დაპირისპირება მოუხდა კოტე კ-შვილთან, რომელიც კერძო ბიზნესის მფლობელი იყო. სამართალდამცველებმა მალხაზ გ-შვილი დააკავეს. ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, შემდეგ აღიარა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ინიციატორი თავად გახლდათ – სწორედ მან დაგეგმა  ყაჩაღური თავდასხმის ყველა დეტალი.     

განსასჯელმა მალხაზ გ-შვილმა  სასამართლო პროცესზე ყაჩაღური თავდასხმის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ფულისა და სამკაულების გატაცება ჰქონდათ განზრახული და კოტე კ-შვილი წინააღმდეგობის გაწევის დროს შემოაკვდათ. „როდესაც ბინაში შევედით, არავის მოკვლა ან დაჭრა არ გვქონია დაგეგმილი, მაგრამ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ  სიტუაციაზე კონტროლი  დავკარგეთ. ტარიელმა წინააღმდეგობა გაგვიწია, ასევე, წინააღმდეგობის გაწევა სცადა მისმა შვილმა, ქალები კი სასოწარკვეთილები გაჰკიოდნენ. ბავშვი ხან ნუგზარს ჰყავდა გაკავებული, ხან – ლექსოს.  საკუთარი თვალით დავინახე, რომ ბავშვმა სახე თვითონ დაიზიანა დანაზე. ამის შემდეგ ვუთხარი ბიჭებს, აქაურობა სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ-მეთქი. შემთხვევის ადგილიდან ჩემი მეგობარი გოგონას სახლში წავედით, რომელიც მარტო ცხოვრობს. ფული იქ გავიყავით, ძვირფასეულობა კი დროებით მის ბინაში დავმალეთ”.   

  განსასაჯელი მალხაზ გ-შვილი და მისი ადვოკატი სასამართლოზე კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ და მიიჩნევდნენ, რომ სახეზე იყო იძულებითი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილი დანაშაული. პროკურორმა განსასჯელისთვის, მალხაზ გ-შვილისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ მას 10 წელი მიუსაჯა.  9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეორე წევრს,  ნუგზარ პ-ძეს, ლექსო მ-იას კი, რომელმაც მცირეწლოვან ბავშვს სახეზე დაზიანება მიაყენა, სასამართლომ 10 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. 

 

скачать dle 11.3