კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შანტაჟი შანტაჟის წილ

რუთმა იატაკზე გაშხლართულ გვამს დახედა. მერე საათს შეხედა კედელზე. შუადღის სამი საათი სრულდებოდა. გაყიდვების აგენტის მოსვლის დრო იყო. ის და ჯონი სააგარაკო სახლს ყიდდნენ. თუმცა ჯონი ვერაფერს გაყიდდა. ზურგიდან დანაამოჩრილი მისი გვამი სამზარეულოში, სისხლის გუბეში ეგდო. რუთს მარტო იმაზე წყდებოდა გული, რომ ქმრის მკვლელობისთვის ციხეში ჩასვამდნენ. ჯონი კი, იმსახურებდა სიკვდილს – თავისი საზიზღარი ხასიათითა და ლოთობით, დიდი ხანია, თავი მოაბეზრა... ქალმა სისხლიანი იატაკი მოწმინდა. მაგიდაზე დაჭრილი კომბოსტოთი სავსე თასი იდგა... რუთი უწესრიგობას ვერ იტანდა. სალათას მაიონეზი მოასხა და მაცივარში შედგა. უკვე ფიქრობდა, პოლიციაში დაერეკა, რომ კარზე ზარი გაისმა. ქალი მიხვდა, ვინც იქნებოდა. სამზარეულოს კარი მჭიდროდ გამოხურა და ჰოლში გავიდა. ზღურბლზე ახალგაზრდა კაცი იდგა და იღიმებოდა.

– გამარჯობა, მისის გრინ, მე კელი ვარ სააგენტოდან.

– ვიცი. სამწუხაროდ, დღეს სახლს ვერ დაგათვალიერებინებთ. ჩემი ქმარი სასწრაფოდ გაემგზავრა საქმეზე. უნდა გადავდოთ ეს ამბავი.

კელი შეწუხებული გამომეტყველებით მარმარილოს ბუხართან მივიდა და თითქოს არც გაეგონოს, რა თქვა ქალმა, პათეტიკურად ჩაილაპარაკა.

– ბუხარი, რომლის მთავარი ღირსებაა... მე ის ძალიან მომწონს... ბარემ აქ ვარ და, იქნებ სხვა ოთახებიც მენახა, მისის გრინ? გარწმუნებთ, არეულობას ყურადღებას არ მივაქცევ. ფასზე კი მოგვიანებით დავილაპარაკოთ. როცა თქვენი ქმარი საქმეებს მორჩება და დაბრუნდება.

ქალი ბრაზისგან გაწითლდა.

– მისტერ კელი, მგონი, გასაგებად გითხარით. თუ შეიძლება, წაბრძანდით აქედან.

გაყიდვების აგენტს ყურადღება არ მიუქცევია დიასახლისის გაღიზიანებული ტონისთვის. გაიღიმა და იქვე, ბუხართან მდგარ სავარძელში მოიკალათა.

– თქვენ რა, ვერ გაიგონეთ, რა გითხარით? – გაცხარდა რუთი.

– დამშვიდდით, მისის გრინ. მე ყველაფერი ვიცი...

– იცით? მაინც რა იცით?

– ის, რომ თქვენი ქმარი სულაც არ არის გადაუდებელი საქმისთვის სადმე წასული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ზურგში დანაგაჩრილი ადამიანი, ვეჭვობ, ამას ახერხებდეს... 

მისის გრინს იმედგაცრუების შეძახილი აღმოხდა. კელიმ კი განაგრძო:

– ცნობისმოყვარე ვარ, ვაღიარებ. სანამ ზარს დავრეკავდი, სახლი გარედან დავათვალიერე და სამზარეულოს ფანჯარაშიც შევიჭყიტე. იმედია, არ მეტყვით, რომ ეს ყველაფერი მომელანდა.

რუთმა ამოიოხრა. აგენტმა თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– მესმის თქვენი, ალბათ, მასთან მძიმე ცხოვრება გქონდათ. ყოველთვის ვცდილობ, დაჩაგრული ქალის მხარეს ვიყო. დაგეხმარებით.

– როგორ? – განცვიფრებით შეხედა რუთმა.

– გვამს მოგაშორებთ. თითქოს არაფერი მომხდარა. ტყეში წავიღებ და დავმარხავ. მერე თქვენ იტყვით, რომ ქმარმა მიგატოვათ. ამ ასაკში მამაკაცები ხშირად სჩადიან სისულელეებს. არავის გაუკვირდება.

ქალმა გაოგნებისგან სიტყვაც ვერ დაძრა.

– კი მაგრამ, რისთვის გააკეთებთ ამას?

– ხომ გითხარით, თქვენი დახმარება მინდა. მებრალებით. ვერასდროს ვიტანდი მოძალადე კაცებს.

– მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ ეხმარებით სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ დილით, საერთოდ არ იცნობდით.

აგენტმა გაიცინა და თითები გაატკაცუნა.

– მართლა ვერ ხვდებით?  მოძალადე კაცებთან დაკავშირებით რაც ვთქვი, სიმართლეა. თან, გასამრჯელოზეც არ ვიტყოდი უარს.

ქალმა მხრები აიჩეჩა.

– სახლში მხოლოდ ასი დოლარი მაქვს. დაუნანებლად მოგცემთ.

აგენტმა ჩაიცინა.

– საკუთარი თავი ას დოლარზე მეტად არ გიღირთ? მე თქვენ ციხეს უნდა გადაგარჩინოთ. შესაბამისად, სახრჩობელასაც... ეს სახლი მინდა თუ არა....

– ეს შანტაჟია? – ჰკითხა ქალმა.

– როგორ გეკადრებათ. უბრალოდ, სამართლიანი იქნებოდა, თუ დამსახურებულად დავსაჩუქრდებოდი. დამპირდით, რომ ბინას გადმომიფორმებთ.

– არ ფიქრობთ, რომ გვამის გადამალვით დანაშაულის თანამონაწილე ხდებით? პირობა რომ არ შევასრულო, რას იზამთ? გვამი აღარ იარსებებს და როგორ დაამტკიცებთ, რომ ქმარი მე მოვკალი?

– მაგაზე ნუ ინერვიულებთ. იმ გვამს ეგრევე უკან მოგიტანთ, ერთ საათში. აბა, რას იტყვით.

ქალმა ცოტა ხანს იყოყმანა და თავი დაუქნია.

– რა გაეწყობა. თანახმა ვარ. რაში მჭირდება ეს სახლი, თუკი ციხეში ჩამსვამენ.

– დიახ, დიახ... გონივრულია. გონიერი ქალი ბრძანდებით. მოკლედ, დროს ნუღარ დავკარგავთ... 

რუთმა გვამიდან დანა ამოაძრო და იქვე მიაგდო... ქმრის უსულო სხეული, აგენტთან ერთად, ფარდაგში გაახვია და მანქანის საბარგულშიც ჩადეს...

***

პოლიციელებმა ფრთხილად დაათვალიერეს დანაშაულის ადგილი. ერთ-ერთმა ხელთათმანიანი ხელით გასისხლიანებული დანა აიღო და ცელოფნის პარკში ჩადო. მერე აქვითინებულ ქალს მიუბრუნდა.

– ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ შელაპარაკება გაყიდვების აგენტსა და თქვენს ქმარს შორის ამ სახლის ფასის გამო დაიწყო?

– დიახ. მართალია, ჩემი ქმარი ნასვამი იყო და ხმამაღლა იგინებოდა, მაგრამ ამისთვის ხომ არ უნდა მოეკლა? ფასზე ვერ შეთანხმდნენ. იმ ტიპს თითქმის მუქთად უნდოდა. ჩვენ კი ამ სახლის გარდა, სხვა არაფერი გვაბადია.

– თქვენ სად იყავით ამ დროს?

– სასტუმრო ოთახში. ჩემს ქმარს არ უყვარდა, როცა მე კაცურ საქმეებში ვერეოდი... მის ყვირილზე გამოვიქეცი და დავინახე, ჩემი ქმარი უკვე იატაკზე ეგდო და ფართხალებდა. დამემუქრა, რომ თუ ყვირილს ავტეხდი, ან იატაკზე დაღვრილ სისხლს არ მოვწმენდდი, მეც მომკლავდა. მერე მომთხოვა, გვამის მანქანაში ჩადებაში დავხმარებოდი... არ იცით, რა საშინელება იყო... – რუთმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. პოლიციელმა მხარზე დაადო ხელი და თანაგრძნობით ჩაილაპარაკა.

– მესმის თქვენი, ქალბატონო. კარგად მოიქეცით, რომ დაგვირეკეთ... ანუ, ის ისევ დაბრუნდება?

– დიახ. ასე თქვა, რომ ჩემი ქმრის გვამს ჩაფლავს ტყეში და მოვა, რომ სახლი მის სახელზე გადავაფორმო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციაში წასვლით დამემუქრა. ვიტყვი, რომ ქმარი შენ მოკალი. გვამს კი უკან მოვიტან, თუ ამ გარიგებაზე უარს იტყვიო...

ამ დროს სამზარეულოში მეორე პოლიციელი შემოვიდა ყვირილით.

– სახლს მანქანა უახლოვდება. ეს, ალბათ, ის არის... ადგილებზე, რომ სწრაფად და უხმაუროდ დავაკავოთ.

რამდენიმე წუთში მისტერ კელი გაოგნებული დასცქეროდა საკუთარ მაჯებზე დადებულ ხელბორკილებს.

– მისტერ კელი, თქვენ ბრალი გედებათ მისტერ გრინის განზრახ მკვლელობაში. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება... ახლა კი, პოლიციის განყოფილებაში ჩვენთან ერთად მოგიწევთ წამოსვლა...

ბოლოს, რაც რუთმა დაინახა, გაყიდვების აგენტის შიშისა და გაოცებისგან გაფართოებული თვალები იყო.

 

скачать dle 11.3