კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოჯამაგირედ მამის სახლში

ღირსი ალექსი ღვთისკაცი

ღირსი ალექსი ღვთისკაცი დაიბადა რომში, დიდებულის ოჯახში. მამამისი, ექვთიმიანე, სენატორი იყო და სიკეთითა და მოწყალებით გამოირჩეოდა. ყოველდღიურად მის სახლში სამი დიდი სუფრა იშლებოდა: ერთი – ბავშვებისთვის, მეორე – ობლებისა და ქვრივებისთვის, მესამე კი – მოგზაურებისა და მათხოვრებისთვის. ექვთიმიანესა და მის ცოლს, აგლიადას, დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, რაზეც მეტად წუხდნენ, მაგრამ, იმედს მაინც არ კარგავდნენ. მართლაც, უფალმა ისმინა მათი და ვაჟიშვილი აჩუქა. მას სახელად ალექსი (ბერძნული სიტყვაა, ქართულად „დამცველს” ნიშნავს) დაარქვეს. წმიდა ალექსი ჯანმრთელ ბავშვად იზრდებოდა, კარგად სწავლობდა. როდესაც სრულწლოვანი გახდა, გადაწყვიტეს, მისთვის ცოლი შეერთოთ. მშობლებმა ძალიან ლამაზი და მდიდარი საპატარძლო შეურჩიეს, რომელიც სამეფო ოჯახიდან იყო. ქორწინების შემდეგ, ახალგაზრდა ცოლთან მარტოდ დარჩენილმა წმიდა ალექსიმ მას ოქროს ბეჭედი და ქამრის ბალთა გადასცა და უთხრა: „შეინახე ეს. დაე, ჩემსა და შენ შორის უფალი იყოს, სანამ არ განგვაახლებს იგი თავისი მადლით!“ მოგვიანებით, ღამით, მან უჩუმრად დატოვა მამისეული სახლი და აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა. იგი სირიის ლაოდიკიაში ჩავიდა, სადაც სახედრების გადამრეკავს შეუერთდა და მასთან ერთად გაემგზავრა ედესაში, უფლის ხელთუქმნელი ხატის ქალაქში. წმიდა ალექსიმ ყველაფერი დაარიგა, რაც კი ჰქონდა შემორჩენილი, ფლასით შეიმოსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის სტოაში დაიწყო მათხოვრობა. ყოველ კვირას ეზიარებოდა, ღამღამობით მღვიძარებდა და ლოცულობდა, მხოლოდ პურითა და წყლით კმაყოფილდებოდა.

ამასობაში წმიდანის მშობლებმა და ცოლმა მსახურები დაგზავნეს მის მოსაძებნად. ისინი ედესაში ჩავიდნენ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში შევიდნენ, მოწყალებაც კი მისცეს ალექსის, მაგრამ, ვერ იცნეს. ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა, ოჯახის წევრები ღვთის ნებას დამორჩილდნენ და ალექსის ბედი უფალს მიანდეს.

ღირსმა ალექსიმ ტაძრის სტოაში 17 წელი იმარხულა. თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ტაძრის დარაჯს და უთხრა, რომ ალექსი ღვთის კაცი იყო. როდესაც ედესელებმა მისთვის პატივის მიგება დაიწყეს, ალექსი ჩუმად გაიპარა. თავიდან იგი სხვაგან აპირებდა წასვლას, მაგრამ, ძლიერმა ქარიშხალმა მათი გემი იტალიის სანაპიროს მიაყენა, რაშიც წმიდანმა უფლის განგება დაინახა. იგი მამის სახლში წავიდა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ ვერ იცნობდნენ. თავის სახლს მიადგა და მამას, ექვთიმიანეს, თავშესაფარი სთხოვა. ექვთიმიანემ გაიხარა მათხოვრის მიღებით და თავის თავლაში მისცა ადგილი. ბრძანება გასცა, რომ მისთვის საზრდელი პატრონის სუფრიდან მიეტანათ და მსახურიც კი დაუნიშნა დამხმარედ. სხვა მსახურებმა შურის გამო ფარულად დაიწყეს ალექსის შეურაცხყოფა, მაგრამ, ღირსმა ალექსიმ ამაში ეშმაკის მანქანება განჭვრიტა და ყოველგვარ შეურაცხყოფას თავმდაბლობითა და სიხარულით იღებდა. იგი კვლავ პურითა და წყლით იკვებებოდა, ხოლო ღამღამობით მღვიძარებდა და ლოცულობდა.

ასე გავიდა კიდევ 17 წელი. როდესაც მისი აღსასრულის ჟამი დადგა, ღირსმა ალექსიმ თავისი ცხოვრება აღწერა.

კვირა დღეს, წირვის შემდეგ, წმიდა პეტრეს სახელობის ტაძარში სასწაული მოხდა – წმიდა ტრაპეზიდან ხმა მოისმა: „ეძებეთ ღვთისკაცი რომში, რათა მან ილოცოს ჩვენი ხალხისთვის“. შეძრწუნებული და აღფრთოვანებული ხალხი ძირს დაეცა. ხუთშაბათს, საღამოს, ტაძარში მოციქულ პეტრეს ევედრებოდნენ, რომ უფალს ეუწყებინა მათთვის ღვთისკაცის სახელი. მართლაც, საკურთხევლის ტრაპეზიდან კვლავ გამოვიდა ხმა: „ექვთიმიანეს სახლში ღვთისკაცია, იქ ეძებეთ!“

ტაძარში იყვნენ რომის იმპერატორი ჰონორიუსი (395-423) და რომის პაპი, ინოკენტი პირველი (402-417). მათ მიმართეს ექვთიმიანეს, თუმცა, ვერაფერს მიხვდა. მაშინ მსახურმა, რომელიც წმიდა ალექსის მიუჩინეს, ყველაფერი უამბო მას. ექვთიმიანე სასწრაფოდ ალექსისთან გეშურა, მაგრამ, ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. გარდაცვლილის სახე არაამქვეყნიურ შუქს ასხივებდა. ხელში გრაგნილი მაგრად ეჭირა. წმიდა ალექსის სხეული შესაფერისი  პატივით გადააბრძანეს და სარეცელზე დაასვენეს. იმპერატორმა და რომის პაპმა მუხლი მოიყარეს მის წინაშე და სთხოვეს, გაეხსნა ხელი. წმიდა ალექსიმ შეუსრულა მათ თხოვნა. წმიდანის ცხოვრება ტაძრის მკითხველმა წმიდა პეტრეს ტაძარში ხმამაღლა წაიკითხა. წმიდა ალექსის დედ-მამა და მეუღლე ქვითინით მიეახლნენ მის ცხედარს და თაყვანი სცეს მას. ამის შემხედვარე მრავალი დამსწრეთაგანი ქვითინებდა. წმიდანის სხეული ცენტრალურ მოედანზე დაასვენეს. ხალხი დაიძრა, რათა მისგან მადლი მიეღო. მუნჯები ამეტყველდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, შეპყრობილები და სულიერად ავადმყოფები იკურნებოდნენ. ასეთი მადლის შემხედვარემ, იმპერატორმა ჰონორიუსმა და პაპმა ინოკენტი პირველმა, თავისი ხელით წააბრძანეს წმიდანის ცხედარი. წმიდა ალექსი წმიდა ბონიფანტეს სახელობის ტაძარში დაკრძალეს 411 წლის 30 მარტს. 1216 წელს მოხდა მისი წმიდა ნაწილების აღმოყვანება.

скачать dle 11.3