კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვითარებაშია წამგებიანი არჩევნის წინაშე ქმრის დაყენება და მასთან კატეგორიული ტონი

როგორ განვითარდება ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის მას შემდეგ, რაც ისინი ერთად დაიწყებენ ცხოვრებას? ამბობენ, რომ ეს მეტწილად ქალზეა დამოკიდებული. მან კაცს ოჯახში ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ მისი ცხოვრება კომფორტული გახადოს; არ დააკომპლექსოს, არ შეზღუდოს და გაქცევის სურვილი არ გაუჩინოს, მით უფრო, თუკი კაცს უკვე აქვს პირველი ოჯახის დანგრევით მიღებული მწარე გამოცდილება. ერთი სიტყვით, ქალს გათხოვებამდეც მართებს გონიერება სწორი არჩევნის გასაკეთებლად და ორმაგად მეტი უნდა იფიქროს გათხოვების მერეც... ზოგჯერ მამაკაცები საკუთარ პრინციპებზე უფრო ადვილად საყვარელ ადამიანს თმობენ.

 

თეიკო (31 წლის): მგონი, მთავარი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა ჩემი ცხოვრება ცოლთან გაყრილ მამაკაცს დავუკავშირე. რა ძალა მადგა, რა მჭირდა სამაგისო, რომ მოუგვარებელი პრობლემა ავიკიდე? ჩემი სისულელის ბრალია ეს ყველაფერი და მიამიტობის. არ უნდა დამეჯერებინა მისთვის და არც უნდა შემყვარებოდა.

– შეყვარება შეკვეთით ხდება?

– დიახ. არ შევხვდები ადამიანს, უარს ვიტყვი მასთან ყოველგვარ კონტაქტზე და არც შემიყვარდება – ეს მარტივია. ადამიანები პასუხისმგებლობას გაურბიან ან, უბრალოდ, სირაქლემებივით თავს მალავენ ქვიშაში, როცა ამტკიცებენ, რომ დანახვისთანავე გაგიჟდნენ და გადაირივნენ ვიღაცაზე. მე, რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდი, ჩემს თაყვანისმცემელს ყოფილი ცოლიც რომ ჰყავდა და შვილიც. გამოვიჩინე ინტელექტი და არ დამისვამს მისთვის ზედმეტი შეკითხვები, კერძოდ, არ გამოვიძიე, რა იყო მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. 

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პრევენცია იქნებოდა?

– არ ვიცი, იქნებოდა თუ არა, მაგრამ რაღაც წარმოდგენა შემექმნებოდა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე. ხომ იცი, როცა რაღაც ცოდნა გაქვს, პრობლემას უფრო მომზადებული ხვდები. მე თავიდანვე არასწორი პოზიცია ავირჩიე და შედეგიც სავალალო აღმოჩნდა. რადგან მითხრა, სამი წელია, გავშორდი და მასთან არაფერი მაკავშირებსო, მეც ბრმად დავუჯერე. შევეცადე, საერთოდ დამევიწყებინა ის, რომ ჩემს მომავალ ქმარს ოდესღაც ჰყავდა ცოლი. ჭკვიანი ქალები ასე არ იქცევიან. ფაქტია, რომ მე სულელი აღმოვჩნდი, ის „ყოფილი“ კი – გაცილებით ჭკვიანი. ეტყობა, იმას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმარი დაებრუნებინა, თანაც, ყველა საშუალებით.

– თუ ეს მართლაც ასე იყო, თქვენ რა უნდა გაგეკეთებინათ, რომ ხელი შეგეშალათ?

– მეტად მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი. იმან ყველაფერი ზუსტად გათვალა, მე კი ვერაფერი დავუპირისპირე. ჩემი ნერვების დაწყვეტა-დაგლეჯის ხარჯზე, იმის წისქვილზე ვასხი წყალი. ისიც ჩემს წინააღმდეგ „მუშაობდა“, რომ ჩემი ქმარი ზედმეტად პატიოსნად ცდილობდა თავისი მოვალეობების შესრულებას შვილის წინაშე. იმ შვილის წინაშე, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა. ჩვენ რომ დავქორწინდით, ის ბავშვი ექვსი წლის იყო.

– ცუდია, კაცი შვილის წინაშე თავის მოვალეობებს რომ ასრულებს? მგონი, ეს ნორმალურია.

– ნორმალურია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. იცით, რა გამოვიდა? – იმის მიმართ პასუხისმგებლობას ჩემ მიმართ და ჩვენი შვილის მიმართ პასუხისმგებლობა გადააყოლა. არ შეიძლებოდა ასე. საბოლოოდ, ის „წამებული“ გამოვიდა, მე კი – ეგოისტი. დამამარცხა ისე, რომ აზრზეც ვერ მოვედი. ყველაზე მგრძნობიარე წერტილებში მირტყა და გამანადგურა... ეს ყველაფერი ჩვენი დაქორწინებიდან ორი წლის თავზე დაიწყო. მანამდეც აკითხავდა თავის შვილს და სასეირნოდ დაჰყავდა, მაგრამ, ინტენსიური შემოტევა მისი ყოფილი ცოლის მხრიდან მას მერე დაიწყო, რაც მეც გავაჩინე ბავშვი. არ ვიცი, ეს რის ნიშნად ჩათვალა. შეიძლება, მანამდე ფიქრობდა, რომ მე მისი ყოფილი ქმრის ცხოვრებაში დროებითი და შემთხვევითი მოვლენა ვიყავი, მაგრამ, ბავშვი რომ შეგვეძინა, აშკარად შეშფოთდა და აქტიურ ქმედებებზე გადავიდა.

– კონკრეტულად?

– დაიწყო რეკვა და ჩემი ქმრის მიმართ რაღაც თხოვნებისა თუ მოთხოვნების წამოყენება. ყველაფერზე ეძახდა. საცოდავი, დაუცველი, უპატრონო ქალის როლი მოირგო. „უი, ონკანი გაფუჭდა“, „ვაი, გაყვანილობა მოიშალა“, „დივანია გადასადგმელი, რომ ბავშვს სამეცადინო კუთხე მოვუწყო“... ერთი სიტყვით, მიზეზები არ დაელია, რომ ჩემი ქმარი თავისთან მიეტყუებინა და, ფაქტობრივად, თითქმის ყოველ საღამოს, ეს ჩემი ვაჟბატონი მასთან გარბოდა. სამსახურიდან მინიმუმ სამი საათის დაგვიანებით ბრუნდებოდა. ყოველდღე თუ არა, კვირაში ხუთი დღე მაინც იქ იყო. როგორც გითხარით, მიზეზები არ დაელია ქალბატონს. თითქოს მე არ მჭირდებოდა დახმარება და მე არ მყავდა სახლში პატარა. იმ ქალბატონმა ჩემს მოთმინებაზე ითამაშა. ეტყობა, ზუსტად იცოდა, რომ საბოლოოდ მიზანს მიაღწევდა... ასეც მოხდა. ნელ-ნელა ყელში ამომივიდა ჩემი ქმრის ქველმოქმედება, დავიწყე წუწუნი და, საპასუხოდ, ქმრის მხრიდან საყვედურების სერიოზული ტალღა წამოვიდა. რა მოხდა, მათთან რომ მივდივარ, გინდა, შვილი უპატრონოდ მივაგდო? მაშინ მე რა კაცი ვიქნებიო. თანაც ისეთ ასაკშია, მამა ახლა სჭირდება, შენ კი ეს არ გესმისო. მოკლედ, მაგრად დამტუქსა და ისევ გაგრძელდა ძველ რეჟიმში: „ეს მოუტანე“, „ის წამოიღე“, „კარტოფილით სავსე ტომარა წამაღებინე ბაზრიდან – შენ მანქანა გყავს და ტაქსიში ფული რატომ უნდა გადავიხადო”– ... „ბავშვია ვარჯიშზე მისაყვანი... იქნებ მწვრთნელს შენ დაელაპარაკო, როგორც კაცი – კაცს“, „მშობელთა კრებაზე გიბარებენ და იქნებ მიხვიდე, დამრიგებელმა თქვა, მამები მოვიდნენო“... ვითმენდი, სანამდეც შემეძლო. ბოღმას დაქალთან ვანთხევდი და, არ უარვყოფ, ჩემს ქმარს დაუსრულებლად ვებუზღუნებოდი. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი. ერთი, მაჩვენეთ ქალი, რომელიც ქმრის ორ ოჯახად ცხოვრებას მშვიდად და მდუმარედ აიტანს. ჩემი დაქალიც მირჩევდა, იქნებ როგორმე დამშვიდდე და პოზიტიური კუთხით შეხედო ამ ამბავს: კარგი ქმარი გყავს, პასუხისმგებლობა აქვს – შვილზე რომ ზრუნავს და ყურადღებას აქცევს, ეს კარგია და ნუ გამოიჩენ ეგოიზმს, ნუ გაუბურღავ ტვინს. გაიზრდება მალე ის ბავშვი, კაცი გახდება და ნაკლებად დასჭირდება მამა. ნუ იგლეჯ ტყუილუბრალოდ ნერვებსო... ანუ, მინიმუმ ათი წელი უნდა მომეთმინა... წარმოგიდგენიათ?! ან, იმის იმედად უნდა მეცხოვრა, რომ ჩემი ქმრის „ყოფილი“ სხვა კაცს იპოვიდა და ჩემს ქმარს შეეშვებოდა, რასაც აშკარად არ აპირებდა. ნელ-ნელა მიმიყვანა სიგიჟის ზღვრამდე. ნერვიულობა  უკვე ყველაფერში მეტყობოდა, მუდმივად აგზნებული და გაღიზიანებული ვიყავი.

– ქმართანაც, ალბათ, ჩხუბობდით.

– თანაც, საკმაოდ ხშირად. მეუბნებოდა, ჩემს ყოფილ ცოლზე ეჭვიანობ და იმიტომაც ხარ ასეთ დღეშიო.

– არ ეჭვიანობდით?

– როგორ არ ვეჭვიანობდი. გიჟს ვგავდი ეჭვებისგან. მე რა ვიცი, იქ ერთად რას აკეთებდნენ? მაგალითად, დივანის გადადგმას, რა, სამი საათი სჭირდება?! ეს რომ ვუთხარი ჩემს ქმარს,  მიპასუხა, სულელი ხარო. ჩემს შვილთან ვიყავი. დიდი საქმე, თუ ერთი საათი დაველაპარაკე ბავშვს. ხომ უნდა ვიცოდე, რითი სუნთქავს, რას აკეთებს... ბიჭია და მამის ყურადღება ორმაგად სჭირდება. ან, რატომ უნდა იყოს ის ქალი შენთვის პრობლემა, ჩემი ცოლი იყო და, რომ მდომოდა მასთან მუდმივად ცხოვრება, იმასთან ვიქნებოდი, შენ კი არ მოგიყვანდი ცოლადო.

– პრინციპში, ლოგიკურია...

– ცივი გონებით თუ შეხედავთ, არის ლოგიკური, მაგრამ, ეს ყველაფერი შენ რომ შეგეხება, ცივსისხლიანი ვერ იქნები, დამიჯერეთ. იქამდე მივედი, რომ, გადავწყვიტე, საბოლოოდ დამეყენებინა მისთვის საკითხი: ან ისინი, ან – ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა.

– ფაქტობრივად, არჩევნის წინაშე აყენებდით.

– დიახ, ასე გამოვიდა. თუმცა, მე მხოლოდ იმას ვთხოვდი, შეეზღუდა ყოფილ ცოლთან ვიზიტები. ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ეს ვიზიტები კარგს არაფერს მიქადდა და მართალიც აღმოვჩნდი. როგორც კი ვუთხარი ჩემს ქმარს, იქნებ, შვილის სანახავად ერთი დღე გამოყო, აქ მოიყვანო და ერთად გავატაროთ შაბათ-კვირა-მეთქი, ეგრევე იფეთქა – შენ მე ულტიმატუმებს ნუ მიყენებ. პატარა ბავშვი არ ვარ, რომ მიმითითო. დედაჩემსაც არ მივცემ უფლებას, მიკარნახოს, რა როგორ ვაკეთო. რადგან ასეა, საერთოდ გიკრძალავ ამ თემაზე ლაპარაკსო. ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ გამიმეტებდა. ვიტირე. რამდენიმე დღე ხმას არ ვცემდი, ერთ დღეს კი გამომიცხადა, ჩემი შვილისთვის ახლა ჩემი გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია – მყესის ოპერაცია უნდა გაუკეთონ. ამიტომ, მასთან მაქსიმალურად მეტი დრო უნდა გავატარო. შენ რომ ისტერიკები არ მოაწყო, ცოტა ხნით იმათთან გადავდივარ საცხოვრებლად. ოღონდ, ჩემსა და ჩემს ყოფილ ცოლს შორის არაფერი ხდებაო. იდიოტი ვგონივარ, მთლად შტერი და სულელი. ფაქტობრივად, იმას დაუბრუნდა.

– თქვენც ხომ გყავთ საერთო შვილი?

– რა თქმა უნდა. მოდის და ნახულობს, ეთამაშება... სასეირნოდაც დაჰყავს და ფულსაც გვიტოვებს, მაგრამ ეს ხომ ოჯახი არ არის. მე ოჯახი დამენგრა. რა ჯანდაბად მინდა, ახლა ჩემთან ირბინოს კანონიერი სიყვარულით? თუ, ახლა მე „დავაწერო“ ჩემი ქმარი იმ ქალბატონს? ღირსი არ იქნება?!

 

скачать dle 11.3