კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ითანხმებენ დათო გოგიჩაიშვილს გადაცემის წაყვანაზე და ვინ არის მის გუნდში იდეების გენერატორი

„ღამის შოუ სტუდიის” გენერალური მენეჯერი დათო გოგიჩაიშვილი წლების განმავლობაში აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და კარგად გამოსდის. მისი გუნდის არაერთი წარმატებული პროექტი უნახავს მაყურებელს. მას შემდეგ, რაც ტელესივრცეში „TV11” გამოჩნდა, ყველა მიხვდა, რომ „ღამის შოუ სტუდია” სრულიად განსხვავებული ფორმატის არხს სთავაზობდა მაყურებელს. ჩვენს რესპონდენტს ახალ სამუშაო ადგილზე ვესტუმრეთ და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დათოსთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მკითხველს მის შესახებ ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს, მისგან სულ სიახლეს ელიან, ის ხომ მართლაც იდეების გენერატორია.    

 

– „ღამის შოუ სტუდიის” იდეა იყო, „TV11-ის“ გაკეთება?

– ჩვენი სტუდიის ცხოვრება რამდენიმე ნაწილად იყოფა. 2003 წელს „რუსთავი 2-ში” გავაკეთეთ „ღამის შოუ,” 2007 წლიდან – „იმედზე” სერიალი „შუა ქალაქში” და ასე შემდეგ. დაახლოებით ერთი წელია, ვმუშაობთ „TV11-ზე” გასასვლელად. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაღებები: ანუ არხის კონცეფცია, შექმნა, როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. დიდი ხანი ველოდით პასუხს „იმედიდან,” მაგრამ ამ კონკრეტულ შეთავაზებაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მათთანაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას და „ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად” იმედზე დარჩება. სხვა პროექტებზე კი სხვა არხებთან გვაქვს მოლაპარაკება. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია „TV11”. განვითარების მხრივ კარგია პროექტები, რომელსაც ვაკეთებთ სხვა არხებისთვის. საკუთარი არხი კი უკვე სტუდიის განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიეთ.

– რატომ „TV11”?

– „გოგონა გარეუბნიდან” რომ გვქონდა სერიალი, იქ „TV11” ერქვა ტელევიზიას, სადაც ვითომ ხდებოდა მოქმედება. ჩვენთან ასოცირებულიც რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დავარქვით. „ღამის შოუ სტუდიის” არხი არ ჟღერდა ლამაზად. სიმართლე გითხრა, ჩვენთვის არხის სახელწოდებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არხის შინაარსია. 

– აკეთო პროექტები სხვადასხვა არხებისთვის, გასაგებია, მაგრამ, ალბათ, დიდი რისკი იყო საკუთარი არხის გაკეთება, რადგან ეთერის შევსება, თან ხარისხიანად, ძალიან რთულია.

– რისკი ნამდვილად იყო, მაგრამ თუ არ გარისკე, მაშინ საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთო. თითოეული პროექტიც ხომ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან წინასწარ არ იცი, ექნება თუ არა მას რეიტინგი. ჩვენი სტუდიის თანამშრომლების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ისაა, რომ არ ვფიქრობთ, რადგან ჩვენ ვაკეთებთ, ყველა ვარიანტში მაგარი გამოვაო. თუმცა, როცა ახალ რამეს ვიწყებთ, ირგვლივ ყველა გვეუბნება: ა, თქვენ აკეთებთ? მაშინ მაგარი იქნებაო. ამ დროს კი ჩვენ მაგრად ვნერვიულობთ. ჩვენ გარდა ყველას ჰგონია, რომ მაგარი გამოვა.   

– კიდევ რომელ არხთან თანამშრომლობს თქვენი სტუდია?

– „იმედთან” ვთანამშრომლობთ, ასევე ვითანამშრომლებთ „მაესტროსთან,” სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „რუსთავი 2-თანაც.” ანუ ჩვენი მიდგომა ამ შემთხვევაში სუფთა კომერციული და რეიტინგზე ორიენტირებულია. 

– „იმედზე” გადიოდა თქვენი სტუდიის სერიალი „ჩვენი ამბავი.” გაჩერდა ეს სერიალი თუ „TV11-ზე” გაგრძელდება?

– „იმედმა” დაიტოვა „ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად” ხოლო სხვა პროექტებზე გვითხრა, აღარ გვინდა კონტრაქტის განახლება ფინანსური შეზღუდვების გამოო. რაც შეეხება გავა თუ არა „ჩვენი ამბავი” „TV11-ზე”, არა, რადგან ეს სხვა ფორმატის და კონცეფციის არხია. შესაბამისად, „TV11-ის” განსხვავება სხვა არხებისგან სწორედ ისაა, რომ ერთსაათიანი გადაცემები არ გადის, რომელსაც შუაში სარეკლამო ბლოკები წყვეტს. სარეკლამო კუთხითაც სხვა კონცეფცია გვაქვს. კმაყოფილები იცი, რით ვართ? სარეკლამო ბაზარმა ეს კონცეფცია უკვე მიიღო. სარეკლამო კომპანიებს წინასწარ შევხვდით და გავუკეთეთ ნახევარსაათიანი პრეზენტაცია. შედეგად გარკვეული რეკლამები იმ ფორმატით, როგორი ფორმატითაც ჩვენ ვაპირებთ განვითარებას, წინასწარ გავყიდეთ. გარკვეული რისკი მათაც გასწიეს და იფიქრეს, რომ ეს გაამართლებს. 

– მგონი, ისევ შენმა სახელმა გაამართლა.

– დათო გოგიჩაიშვილი და ირაკლი კაკაბაძე – მარტო სახელები და გვარები ხომ არ არის? –  ბეგრაუნდიც აქვს. კაკაბაძე იდეების გენერატორია. სხვათა შორის „შუა ქალაქი” ირაკლის აჩემებაა. 

– როგორი გამოხმაურება აქვს „TV11-ს”?

– სუპერი. ძირითადი გამოხმაურება ასეთია: ძალიან მაგარია, მაგრამ ხშირად გადის ერთი და იგივე. ხომ შეიძლება, ეთქვათ: აუ, რა უაზრობაა, ვერ გავიგე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ყველაფერი მოსწონთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენთვისაც ხომ საცდელია ეს ყველაფერი. 

– ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ისინი დათო გოგიჩაიშვილის შეცდომებზე სწავლობენ. როგორ ფიქრობ, იყო შეცდომა „შუა ქალაქიდან” ღლონტებისა და სხვა მსახიობების გაშვება?

– ეს შეცდომა ნამდვილად არ იყო, რადგან ფიზიკურად აღარ იწერებოდა სცენარი. პერსონაჟები იმდენად ამოიწურნენ, ფოკუსჯგუფები გვეუბნებოდნენ: ღლონტები, დათო, ირაკლი ჩხეიძე ახალ სიტუაციაში რომ არიან, უკვე ვხვდებით, რას იტყვიანო. ფაქტობრივად, ისეთ რაღაცას ვეღარ აკეთებ, მაყურებელი რომ გააკვირვო. შესაბამისად, ბოლოს ისე მობეზრდება მაყურებელს ამის ყურება, რომ იტყვის: უი, რა უნიჭო მსახიობია, რა ცუდი სცენარისტია და ასე შემდეგ. ამიტომ, ფიზიკურად ვეღარ ვწერდით სცენარს. ბიზნესში ყველაფერს აქვს სიცოცხლის ციკლი. სიტუაციური კომედიის ციკლი საშუალოდ 3 სეზონია. „შუა ქალაქი” კი გაცილებით დიდხანს იყო ეთერში – 10 სეზონი. 

– მაგრამ, ამ გადაწყვეტილებით მსახიობები გაანაწყენეთ.

– მსახიობები, ალბათ, დარჩებოდნენ განაწყენებული. ინტერვიუში იმასაც ამბობდნენ, რომ სერიალის დატოვება მოულოდნელი იყო მათთვის. არადა, კარგად მახსოვს, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ახალი სიცოცხლე სჭირდებოდა სერიალს. შესაბამისად, სეზონი რომ დავამთავრეთ, მსახიობებს ვუთხარით: გამორიცხული არ არის, ქასთინგი ჩავატაროთ; არც ის არის გამორიცხული, მსახიობები შევცვალოთ; ან საერთოდ დავხუროთ და ასე შემდეგ. როცა ეთერში ახალი მსახიობებით, განახლებული სერიალი გავიდა ინტერვიუებში დაწერეს, რომ მოულოდნელად გავუშვით თუ რაღაც ასეთი. ვფიქრობ, ამით შეცდომა არ დაგვიშვია. ერთი პერიოდი, ღლონტების შემობრუნებაზეც ვფიქრობდით სერიალში „ჩვენი ამბავი,” მაგრამ თვითონ გვითხრეს უარი, „რუსთავი 2-თან” გვაქვს კონტრაქტიო. იმ პერიოდში „ნათია და ნათიას” აკეთებდნენ, რომელიც მერე დაიხურა. ასე რომ, ურთიერთობა ჩვეულებრივი გვაქვს და არა ისეთი, როგორც მე და „კომედი შოუს,” რომლებთანაც ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილები. 

– წლების წინ, მახსოვს, ინტერვიუში თქვი, რომ მათ არ აქვთ, უფლება, აკეთონ „ღამის შოუ.”

– არც ახლა აქვთ ამის უფლება. როცა გავიყავით, „რუსთავი 2-ის” მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ასეთი შეთანხმება იყო, რომ უნდა შეეცვალათ გადაცემის სახელი და ფორმატიც. შეცვალეს მხოლოდ სახელები. მათ ადგილზე, მე მოვიფიქრებდი რაიმე სხვა პროექტს. ჩავლილი ამბავია და რა ვქნათ, ყველას გვაქვს ადამიანური გულისტკივილი, რომელიც, ალბათ, უნდა გამოსცადო. ბოლომდე ბედნიერი არავინაა. პირადად ჩემთვის, ის ამბავი დაკავშირებულია ძალიან დიდ გულისტკენასთან, რომელსაც როგორც კი ვიხსენებ, სტრესი მემართება. 

– დათო, ხომ არ გეგმავ რომელიმე პროექტით ეკრანზე გამოჩენას? 

– არა! არ განელდა ეს თემა და დღემდე მეუბნებიან: ე, ბიჭო, შენ დაჯექი ეთერშიო. არ არსებობს ტელეკომპანია, რომელიც ამ თხოვნით არ მოსულიყო ჩემთან. ყველას ვაფასებ, ვინც ამას მეუბნება, მაგრამ ჩემი მთავარი სპეციალობა მენეჯმენტია. ამერიკიდან რომ ჩამოვედი, შვილივით ისეთი პროექტი („ღამის შოუ”) მომქონდა, რომ სხვას ვერ ვანდობდი. მერე კი ვანდე სხვას და შედეგიც სახეზეა.

– ვფიქრობ, რომ „TV11-მა” ქართულ ტელესივრცეში ახალი სიტყვა თქვა.

– ასეთი ფორმა სხვას არავის ჰქონია. ახლა კი ვნახოთ, შინაარსი როგორ გაქაჩავს. 

 

скачать dle 11.3