კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყვანა მოთმინებიდან „ჩეკა” პავლე ინგოროყვამ

„...პალიასტომი. შორს, შუა ტბაში – ნავი. ნავში პატარა ბიჭი, წიგნით ხელში. იესე უჯავრდებოდა: ამდენ კითხვას, ხანდახან მომეხმარეო. ხელი რომ არავის შეეშალა, პავლე გაიპარებოდა სახლიდან, გავიდოდა ნავით კაპარჭინიდან პალიასტომში, ნიჩბებს ხელს უშვებდა და კითხულობდა მზის ჩასვლამდე... იესე მამა გახლდათ ბატონი პავლესი. როცა ის უკვე დავაჟკაცებულ შვილს თბილისში ესტუმრა, თვალი გადაუვლია ქუჩაში უსაქმურად მოხეტიალე ხალხისთვის და უკითხავს: ამათ ყანები სადა აქვთ? შენ რომ თოხნი ისაა ამათი ყანებიო, – უპასუხნია პავლეს... სწორედ მაშინ, იქ, კაპარჭინაში ეყრებოდა საფუძველი დიდ ალექსანდრიელს, რომელმაც 20 წლისამ უკვე გამოსცა ქართული სასულიერო პოეზიის ანთოლოგია. „ალექსანდრიელი” მას გურამ ასათიანმა უწოდა... 

ეს არის პირველი ცდა იმის ჩაწერისა, რისი მომსწრეც ვარ, რაც გადმოცემით ვიცი, რაც ზეპირად მახსოვს, რაც უცებ მაგონდება დიდი მეცნიერის, პავლე ინგოროყვას ცხოვრებიდან... მინდა, ყველაფერი დოკუმენტური სიმართლით გიამბოთ, რაც წლების მანძილზე აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში...” – ასე იხსენებს გუგული მგელაძე სიმამრს, პავლე ინგოროყვას, წიგნში – „მე ვარ ჯარისკაცი ჩემი ერისა” და, ჩვენც სწორედ იმიტომ, რომ დღეს წიგნმა ასე დაკარგა თავისი ფასი და ახალი თაობისთვის ძალიან ბევრი რამ უცნობია ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, პერიოდულად შემოგთავაზებთ როგორც პავლე ინგოროყვას, ასევე სხვა ღვაწლმოსილი ადამიანების ცხოვრების დღიურებს, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ჩვენი მკითხველისთვის, 

ულამაზესი აქცია მეგობრისთვის, აკრძალული როიალი და საბედისწერო გასროლა             

...იყო თავმდაბალი, მოწყალე, სულგრძელი, ყველას ყველაფერს მიუტევებდა, მაგრამ, არავის აპატიებდა აუგს თავის ქვეყანაზე. არავის! როცა მისი წიგნი იბეჭდებოდა, ოცდაოთხი საათი სტამბაში იყო, მაშინაც კი, როდესაც სისხლს ანთხევდა. მთელი თავისი ცხოვრება ტუბერკულოზით იყო ავად. მაშინ ეს სენი ჯერ კიდევ განუკურნავად ითვლებოდა... ოციან წლებში ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, პავლეს ძმადნაფიცი, მოსკოვის „ბუტირსკის” ციხეში იჯდა (ერთკაციან საკანში). ბატონ პავლეს მოუხერხებია და პატარა ბარათი შეუგზავნია ტუსაღისათვის: ამა და ამ დროს შავი ჩოხით ჩავივლი, ისე, რომ შენი საკნის ფანჯრიდან ვჩანდეო (სულის სიმხნევისთვის – როგორც თვითონ ამბობდა)! ზუსტად ბარათში ნახსენებ დროს ჩაუვლია ციხის წინ, შავ ჩოხაში გამოწყობილ კონსტანტინეს ძმადნაფიცს, პავლე ინგოროყვას (ისინი ოთხნი იყვნენ, ძმადნაფიცები: პ. ინგოროყვა, კ. გამსახურდია, ა. აბაშელი და ვ. კოტეტიშვილი. არსებობს ფოტო: ოთხი აშოლტილი ახალგაზრდა კაცი შავ ჩოხებში). რა იყო ეს? ჩემი აზრით, ენით გამოუთქმელი ულამაზესი აქცია მეგობრისა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პავლემ კონსტანტინეს შეუგზავნა პირსახოცი, რომელზეც ამოქარგული იყო სიტყვები: „დილა მშვიდობისა!” ეს სიტყვები პავლეს მეუღლეს, ქ-ნ ქეთინო ბაქრაძეს ამოუქარგავს თავისი ხელით. პირსახოცი პატიმარს ისეთ ადგილას დაუკიდია, რომ გაღვიძებისთანავე თვალში მოხვედროდა. ყოველ დილას, როცა გავიღვიძებდი, – ამბობდა თურმე მერე ბატონი კონსტანტინე, – თითქოს მთელი ჩემი ერი მესალმებოდაო!.. კონსტანტინე გამსახურდიას გათავისუფლების საკითხზე იმდენჯერ ჩავიდა მოსკოვში და ისე მოაბეზრა თურმე თავი „ჩეკას” მაშინდელ უფროსს, რომ მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: „ილი ორესტუიტე ეტოვო ინგოროყვა, ილი ოსვობოდიტე გამსახურდია!” გასაკვირია, მაგრამ, ბედმა არ გაწირა ერის შვილი – გამსახურდია გაათავისუფლეს... პავლეს მეუღლე, ქეთევან ბაქრაძე-ინგოროყვა, რომლის ნათელ ხსოვნას უძღვნა პავლემ თავისი „გიორგი მერჩულე”, ენციკლოპედიური განათლების ქალი გახლდათ... პავლე ინგოროყვას მეუღლე და მეგობარი, ბევრ ღირსებასთან ერთად შესანიშნავი პიანისტიც ყოფილა. ერთ დღეს პავლეს უთქვამს – ხელი მეშლება მუშაობაში, ნუ დაუკრავო. ის დღე იყო და ის, ქეთო როიალს აღარ გაჰკარებია... ახალგაზრდობაში ბა-ნი პავლე ისე თავდავიწყებით ყოფილა შეყვარებული ქალბატონ ქეთოზე, რომ ერთხელ სასოწარკვეთილს თავის მოკვლის მიზნით ტყვია უსვრია. მერე ეს ტყვია ექიმებს სხეულიდან არ ამოაღებინა – საფლავში ჩაიტანა...  

ვინ ვის რა აპატია?

1938 წელი. თითქოს ყველა საშინელებამ ჩაიარა, მაგრამ, არა! პავლე ინგოროყვა ერთ ოფიციალურ დაწესებულებაშია დაბარებული. სანამ კაბინეტში შევა, კარებში კაცი შეეფეთება. ეს კაცი სიმონ ყაუხჩიშვილია. შუბლზე ოფლი. შეხედეს ერთმანეთს!.. ერთი უკვე იყო იმ კაბინეტში! ჯოჯოხეთი ახლა მეორეს ელის... სიბნელეში მუშტად შეკრული სატანა ზის. მხოლოდ პენსნეს შუშებმა გაიელვა რამდენჯერმე... „სტალინს მოხსენდა თქვენი მოღვაწეობის შესახებ. სტალინმა თქვენ გაპატიათ!..” – გაისმა ამაზრზენად. ეს ზუსტი სიტყვებია პავლე ინგოროყვას მიერ რამდენჯერმე გაგონილი. „სტალინმა თქვენ გაპატიათ!” ვინ ვის რა აპატია!? 

„კი მეუბნები, მაგრამ, მაინც რომ მიკბინოს?!.” 

...თბილისში შემოდგომა იდგა, ბარაქიანი და გულუხვი. ბატონი კონსტანტინე გვესტუმრა. უკვე ხანში იყო, მაგრამ, სპორტული ტყავის ქურთუკი ეცვა, ცალი ხელი ახალგაზრდულად გვერდულად ჰქონდა ჯიბეში, მეორე ხელით ულამაზესი დობერმანი ეჭირა შესაბმელით. გაწი ეგ ძაღლი, – შემოსასვლელშივე უთხრა პავლემ. ნუ გეშინია, არ გიკბენს, – დაამშვიდა კონსტანტინემ. რომ მიკბინოს? არ გიკბენს! კი მაგრამ, რომ მიკბინოს? – არ ეშვებოდა პავლე. გეუბნები, არ გიკბენს-მეთქი, – ოდნავ გაბრაზდა კონსტანტინე. კი მეუბნები, მაგრამ, მაინც რომ მიკბინოს?! მოკლედ, ისეთი საყურებლები იყვნენ... დასხდნენ ტაბლასთან, დაბალ სკამებზე. მეც გავბედე და მათ მივუჯექი... თუ არავინ მიწყენს, იმასაც ვიტყვი, რომ პავლე ინგოროყვა იყო, ალბათ, ერთადერთი კაცი, რომელსაც ბატონი კონსტანტინე ბევრ რამეში ეთათბირებოდა. ღმერთო, სად იყო მაგნიტოფონი, ამ ორი ტკბილმოუბარი მეგობრის ლაპარაკი რომ ჩაეწერა კაცს!.. ცოტა ღვინოც მიირთვეს ვახშამთან ერთად, ბევრი რამ მიგონეს და კარგა გულიანადაც იცინეს... ბატონი პავლეს არქივში წავაწყდი ერთ ბეწო ქაღალდს, სადაც ისტორიული მნიშვნელობის რამდენიმე სიტყვა წერია: „პავლე! ჩემთან მოსვლა უკვე საშიში აღარაა. შენი ექვთიმე.” ამას თარიღი არ აწერია. მას თარიღი არ სჭირდება. არც ახსნა. ჯარისკაცი, თავის დროზე რომ გუშაგად გაჰყვა საქართველოს აურაცხელ ქონებას, მის საგანძურს, სულს, მის ისტორიას, რათა ათეული წლები  ეშიმშილა უცხო მხარეში და შემდეგ ღრმად მოხუცებულს კიდევ უფრო გამდიდრებული დაებრუნებინა ეს განძი თავისი ქვეყნისთვის, ეს კაცი სწერდა პავლე ინგოროყვას, რომ მასთან მისვლა უკვე საშიში აღარ არის, რომ ამისთვის მას აღარ დაიჭერდნენ, არ აწამებდნენ, სიკვდილით არ დასჯიდნენ!..

„საქართველოს მოუარე, საქართველოს!..”

...დაგვირეკეს, ედუარდ შევარდნაძეს სურს თქვენთან მოსვლაო... ბატონ ედუარდს ბატონი პავლესთვის საიუბილეო თარიღი უნდა მიელოცა. დღე-დღეზე ველოდით. ჩემი მეუღლე, ლეილა ინგოროყვა, რამდენჯერაც საჭმელს შეუტანდა ბატონ პავლეს, იმდენჯერ ეუბნებოდა (მისი მეხსიერების იმედი მაინცდამაინც არ ჰქონდა – 85 წელი ხუმრობაა!?): შენთან უნდა მოვიდეს ედუარდ შევარდნაძე, მოგიკითხავს, გაგესაუბრება. ბოლოს, ალბათ გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირს, ხომ არ დაგეხმაროო. შენ უნდა უთხრა: ჩემს შვილიშვილს, გათხოვილს, ბინა არა აქვს და, თუ შეიძლება, დაგვეხმარეთ-თქო! გაიგე? შემდეგ შესვლაზე ლეილა ეკითხება: ხომ იცი, შევარდნაძეს რა უნდა უთხრა? რა უნდა ვუთხრა? – აქეთ ეკითხება პავლე. ადამიანო, წეღან არ გითხარი?.. – და ლეილა უმეორებდა „წეღან” ნათქვამს – ჩემს შვილიშვილს ბინა არა აქვსო. მოკლედ, ასე გაგრძელდა შვიდი თუ რვა დღე. ლეილა ეუბნება: აბა, ახლა გენერალური რეპეტიცია გავიაროთ. ვითომ მოვიდა შევარდნაძე. შევარდნაძის მაგივრად ბ-ნი პავლეს ოთახში შევდივარ მე. იწყება გენერალური რეპეტიცია. მე: როგორ ბრძანდებით, ბატონო პავლე? პავლე  (შეშინებულია): გამარჯობა!.. რომელი ხარ? მე:  მე ვარ, შევარდნაძე, ვერ მიცანით? პავლე:  გიცანით! მე: როგორ ბრძანდებით, ბატონო პავლე? პავლე – არა  მიჭირს. მე: ხომ არაფერი გნებავთ? სათხოვარი ხომ არაფერი გაქვთ? პავლე:  კი. ბრძანეთ, – ვეუბნები. პავლემ გახედა ლეილასა და ქეთინოს (ჩემს ქალიშვილს), მერე მე (შევარდნაძეს) შემომხედა და წაიჩურჩულა: „საქართველოს მოუარე, საქართველოს!..” „საქართველოს მოუარეო” – ეს იყო მისი ყველაზე დიდი სათხოვარი. არც „ვოლგა”, არც სახლი, არც ჩაცმა, არც ჭამა. მხოლოდ პური და წყალი, ჭერი, საწერი მაგიდა, წიგნები, წიგნები და ხელნაწერები... სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა: დედაჩემს კარგი სხეული მოუციაო. მხოლოდ ერთი რამისა ეშინოდა ცხოვრებაში – ორპირი ქარის (ალბათ, ორპირი ხალხისაც). სულ იძახდა: კარი დაკეტეთ, კაცო, ფანჯარა დაკეტეთ!.. თვალები მე დავუხუჭე. ცუდად გავხდი. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვხედავდი ადამიანის გარდაცვალებას; არა სიკვდილს, სწორედ გარდაცვალებას. არც ახლა დაუკვნესია – გარდაცვალების წინ. გამონათქვამები, რომელთაც ხშირად იმეორებდა: „დაჟე ბოგი ნუჟდაიუცა ვ რეკლამე... ვ კოლოკოლნომ ავონე”... მიუხედავად იმისა, რომ ტიტანური შრომა შეეძლო და ზოგჯერ ფრაზას საათობით ხვეწდა და სრულყოფდა, უყვარდა თქმა: წერტილის დროზე დასმა უნდა იცოდეო...  

ერეკლე მეფე, აღა-მაჰმად-ხანი და განრისხებული პავლე ინგოროყვა 

ერთხელ იყო მდგომარეობიდან გამოსული, მხოლოდ ერთხელ! ვინმე ქართველ პოეტს დაეწერა ლექსში: „ჩემთვის ერთია მეფე ერეკლე და აღა-მაჰმად-ხანი, სადაც კი წავალ, მე სამშობლოს ყველგან ვიშოვი” ... – ეს რამ დააწერინა? როგორ შეადარა მეფე ერეკლე და აღა-მაჰმად-ხანი ერთმანეთს!? ერეკლე, რომელმაც 34 ჭრილობა ჩაიტანა სამარეში, ვის შეადარა?! 

ისიც მახსოვს, ერთ მეგობარს რომ „ყური აუწია” (აპოლოგიური ლექსების წერა შეამჩნია): „მომეცი ერთი, კალმის წვერი უნდა გადაგიტეხო,” – უთხრა. ერთხელ მისი ოთახიდან გავიგონეთ: „შენ, დიდად-დიდო, მაგრამ, საოცრად საცოდაო კაცო... რამდენი რამ გადაგხდენია თავს... რამდენი გიწვალია, გიბოგინია! როგორ გაუძელ ამდენ ტანჯვას, ამდენ წამებას?.. შენ ხომ ყველაფერი ეს გამოიარე, სხვანაირად ხომ ვერ დაწერდი „ვეფხისტყაოსანს”... ოთახში ციოდა და პავლე მაგიდას პალტოჩაცმული უჯდა, წინ „ვეფხისტყაოსანი” ედო და სულმნათ შოთა რუსთაველს ესაუბრებოდა. ჩვენ მეტად აღარ შეგვინიშნავს, მაგრამ, ალბათ, ხშირად ეცახდებოდნენ ბატონ პავლეს ჩახრუხაძე, გრიგოლ ხანძთელი თუ გიორგი მერჩულე, ან, „შარავანდედით მოსილი სახე” ილია ჭავჭავაძისა თუ სხვა სულიერნი მისი წინაპარნი!.. ხშირად იყო ჩვენს ოჯახში საუბარი ექვთიმე თაყაიშვილზე. ბ-ნ პავლესა და ექვთიმეს ახალგაზრდობაში დიდი მეგობრობა ჰქონიათ... აწ განსვენებულმა, მაშინ საფრანგეთიდან ახლად ჩამოსულმა სერგი წულაძემ ჩვენთან სტუმრობის დროს გვიამბო, თუ როგორ გაიღო ფრანგმა მეცენატმა ქალმა თანხა, რათა ექვთიმე თაყაიშვილის თვალებისათვის ემკურნალა (სინათლეს კარგავდა), ექვთიმემ კი ამ თანხით პარიზის ბუკინისტებში წინასწარ გადანახული ქართული მანუსკრიპტები შეიძინა. კიდევ ბევრი რამ ითქვა მაშინ. ბ-ნი პავლე დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა ექვთიმე თაყაიშვილზე, მაგრამ, ისიც მინდა გითხრათ, რომ მას სრულებით ნორმალურად მიაჩნდა მისი საქციელი. ერთხელ გაკვირვებით თქვა კიდეც: „აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო?!.” მე ფილმის გადაღებას ვაპირებდი ექვთიმე თაყაიშვილზე და თავის დროზე ბევრი მასალაც შევისწავლე, რაც მის პიროვნებას ეხება, ამიტომ, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს ორი პიროვნება საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. ჰგავდა მთავარში: მათი ცხოვრების კრედო ერთი იყო – ყველაზე მაღლა, პირადულზე მაღლა, ისინი ეროვნულს აყენებდნენ. არ ვიცი, რა საოცარმა ციურმა ძალამ ინება, რომ მათი საფლავები ერთმანეთის გვერდითაა (დიდუბის პანთეონში). ეს არც არავის ჩაუფიქრია, უბრალოდ, ასე მოხდა, სულ რაღაც სანტიმეტრები ყოფს ერთმანეთისგან. სადა, უბრალო საფლავებში განისვენებს ეს ორი ბერმუხა... 

„გიორგი მერჩულე”, ფაეტონი და სახლი ძერჟინსკის ქუჩაზე     

გამომცემლობას აჩუქა „გოირგი მერჩულის” – 100-გვერდიანი წიგნის თითქმის მთელი ჰონორარი... გამომცემლობაში უთხრეს: ამ თანხას რომ მიიღებთ, ჩვენი გამომცემლობა უნდა დაიხუროს, „ვკოტრდებითო”. მომეცით ფურცელიო, – უთხოვნია პავლეს. მისცეს. რაღაც დაწერა. რომ წავიდა, წაიკითხეს: „რადგანაც თქვენს გამომცემლობას უჭირს, ამ წიგნში ასაღებ ჰონორარს მთლიანად გიტოვებთ.” ეს მაშინ, როდესაც თვითონ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. კარგა ხანს პენსია 120 მანეთი ჰქონდა (ჩამოსახლებულ გენერლების ქვრივებს 160 მანეთს აძლევდნენ). ბოლო ხანებში, თითქმის 90 წელს მიღწეულმა, შვილიშვილს, გიორგის უხმო და უთხრა: – ბიჭო, შენ იცი, მგონი, ჩემს სახლში არა ვარ! პეტრე დიდის ქუჩაზე წამიყვანე (ასე ერქვა ძერჟინსკის ქუჩას უწინ, სადაც ბ-ნი პავლე ახალგაზრდობაში ცხოვრობდა)! კი, ბაბუა, – იმ წუთებში დაეთანხმა გიორგი, – მე წაგიყვან შენს სახლში. პავლემ შეხედა შვილიშვილს. – შენ რომელ გიმნაზიაში სწავლობ? – ჰკითხა. გიორგი არ დაიბნა: პირველ გიმნაზიაში. აბა, წავიდეთ! გიორგიმ ლოგინიდან წამოაყენა. ფაეტონი მომგვარეთ! – უთხრა მერე პავლემ. კი, ბაბუა... ჯერ ჩავიცვათ. ჩააცვა პალტო, დაახურა ქუდი, ხელი ხელში გაუყარა და სხვა ოთახის გავლით, მეორე კარიდან, ისევ იმ ოთახში შეიყვანა. აგაშენოს ღმერთმა! – უთხრა პავლემ და ბიჭს  გაუღიმა. რა არის სიბერე!? – ვამბობდით ჩვენ მეორე ოთახში. ცოტა ხანში პავლემ მიხმო, თვალებაცრემლებულმა მითხრა: ძალიან კეთილშობილი და ჭკვიანი ბიჭი გვეზრდებაო, და, ცოტა ეშმაკიცო (ის ყველაფერს მიმხვდარიყო). 

მე ვარ ჯარისკაცი ჩემი ერისა!

...მიმდინარეობდა საქართველოს მოსახლეობის აღწერა. ეს მოხუცი, ავადმყოფი კაცი გოგებაშვილის ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის ბოლომდე ფეხით მიდიოდა სტატისტიკურ სამმართველოში, განუყრელი პორტფელით ხელში. დადიოდა ყოველდღე აღმართ-დაღმართ და დაუღალავად. სულ იმას დაჰკანკალებდა, არც ერთი ქართველი არ დაჰკარგვოდა საქართველოს. ერთ დღესაც, მივიდა და ნახა კაცი, რომელიც გარკვეული იყო იმ საკითხში, რაც მას აინტერესებდა. დიდხანს ისაუბრეს. თანამშრომელი ბოლოს დაიღალა, მოთმინებიდან გამოვიდა და ჰკითხა: „ბატონო, თქვენ რა, ყველაფერი გაინტერესებთ?” პავლემ მიუგო: „დიახ, მე ის კაცი ვარ, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, რაც საქართველოს ეხება.” „თქვენ რა, პავლე ინგოროყვა ბრძანდებით?!” – ირონიულად ჰკითხა თანამოსაუბრემ. „დიახ, მე პავლე ინგოროყვა გახლავართ!” „ბატონო პავლე!” – ესღა აღმოხდა თანამშრომელს. პავლეს გაეღიმა: „მე ვარ ჯარისკაცი, მეგობარო! ერის ჯარისკაცი” – ხშირად უყვარდა ამის თქმა... 

 

скачать dle 11.3