კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს ამერიკელი საზღვაო ქვეითების გამოჩენა კიევში ამერიკის საელჩოს დასაცავად და რა რიტუალური პოლიტიკური „ცეკვები“ შედგა ვაშინგტონში

ტრადიციულად, 1989 წლიდან მოყოლებული, თავდაპირველად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მოგვიანებით, დამოუკიდებელი საქართველო, როგორც წესი, მოვლენების ეპიცენტრში ხვდებოდა. 1989 წლის 9 აპრილის სახით საქართველომ გაიღო ლამის ყველაზე დიდი მსხვერპლი საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცესის დასაწყებად, საბოლოოდ კი თხუთმეტივე მოკავშირე რესპუბლიკა გათავისუფლდა. რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებისთვის ხარკად სამოქალაქო ომი და ორი ეთნიკური კონფლიქტი მივიღეთ, რაც, საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოს ომით და ამ ორის აღიარებით დასრულდა, იმას გარდა, რომ 2008 წელს საქართველომ თავის ტყავზე დაანახვა მსოფლიოსაც და პოსტსაბჭოთა სივრცესაც, რა საშუალებას მიმართავდა მოსკოვი „ნატოს“ გაფართოების წინააღმდეგ. თუმცა უახლოეს წარსულში მოვლენები ისე განვითარდა, რომ, შესაძლოა, ამჯერად ჩვენ ვიხეიროთ სხვების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინის მიერ გაკვალული გზებით. ამ პერსპექტივაზე აკაკი ასათიანს გავესაუბრეთ.

 

– შეიძლება, რაღაცნაირად ჩვენც ვიხეიროთ უკრაინის ბრძოლის შედეგით?

– მე ვფიქრობ, უკვე ვიხეირეთ, ხელშესახები არა, მაგრამ პოლიტიკურ-პროპაგანდისტულ-მორალური ხეირი ვნახეთ დასავლეთის წარმომადგენლების აქტიურობით: ჩამოსვლები, განცხადებები, რომ დააჩქარებენ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ასოცირების ხელშეკრულება თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ სიმბოლურადაა მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთმა თავი მოიქაჩლა, აგერ ობამამ შეიარა კაბინეტში ბაიდენთან. სხვათა შორის, ასეთი რიტუალური ცეკვები ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, თუმცა ჩვენთან, რატომღაც, ეს არ ესმოდათ ხოლმე.

– აქვე ვიტყვი, როდესაც პუტინმა მიანიშნა, რომ მზად არის, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრს შეუარა ამერიკის პრეზიდენტმა.

– ეს განცხადება პუტინმა ჯერ კიდევ ოლიმპიადის ფონზე გააკეთა, როდესაც უკრაინაში ისე ჩანდა, რომ რუსეთი ჯობდა, მაგრამ რუსეთი მაინც ძალიან ტლანქად მუშაობს ჯერ კიდევ, ვერაფრით აითვისა პოლიტიკური ტექნოლოგიები, იმიტომ რომ საბჭოეთში არ სჭირდებოდა და ვერც შემდეგ ისწავლა. მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში დაარსების დღიდან პოლიტიკოსი იძულებულია დაარწმუნოს, მოატყუოს, ყველა ხერხი გამოიყენოს, თუ უნდა, რომ აირჩიონ. ანუ გაიწაფა ეს ხალხი და ამიტომ სჯობნიან რუსებს. რუსეთიც ნაადრევად მიეცა განცხრომას უკრაინასთან მიმართებაში: ჩათვალა, რომ 15 მილიარდი, გაზის ფასის განახევრება, ღია ბაზარი საკმარისი იქნებოდა. დასავლეთმაც, ცოტა არ იყოს, მუქთად იფიქრა უკრაინის მიღება, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა: 35 მილიარდის გამოყოფაზე ლაპარაკობენ.

– თუმცა რუსეთმა შეაჩერა დაპირებული 20 მილიარდის გადარიცხვა.

– აზაროვის გადადგომისთანავე შეაჩერა, მხოლოდ 3 მილიარდი გადარიცხა. მთელი იმედები მყარდებოდა იანუკოვიჩზე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა, ისევე, როგორც, როდესაც შუა მოძრაობაში მკვეთრად გაუხვევ, ავარიას ვერ აიცდენ. თუმცა სიტუაციას განმუხტავდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რაც ლოგიკური იქნებოდა, რადგან, როდესაც ქვეყანა რადიკალურად იცვლის კურსს, ხალხს უნდა დაეკითხო. ეს არ გააკეთა იანუკოვიჩმა. დიდი ეჭვი მაქვს, პოლიტტექნოლოგები ურჩევდნენ, ბოლომდე მიაწექიო, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიდა. გამოსავალი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან რეპრესიებზეც რომ წასულიყო, რამდენ ხანს გაძლებდა შუაგულ ევროპაში?! 2-3 წელი არ შერჩებოდა.

– ლუკაშენკო ახერხებს.

– იმიტომ რომ არავის კლავს. იქ სხვა განწყობაა: ის დიქტატურა სხვა ტიპისაა, აგებულია კმაყოფაზე, არ არის კორუფცია და არის კეთილდღეობა. უკრაინაში კი კატასტროფული სიტუაციაა: დემოკრატები იქნებიან, პრორუსები თუ პროდასავლელები, ძარცვავენ ქვეყანას. მაგალითად, არავინ კამათობს, რომ ტიმოშენკომ ქვეყანას ფული მოჰპარა, უბრალოდ, იანუკოვიჩს ეუბნებოდნენ, მაინც უნდა გამოუშვაო. ნახეთ, რომ ხალხიც დიდი აღტაცებით არ შეხვედრია. საერთოდ, უკრაინაში დიდი აღფრთოვანება არ იგრძნობა არც დემოკრატებით, არც ტიმოშენკოთი და არც არავის მიმართ. ქვეყანა დადგა გახლეჩის ზღვარზე. თუმცა უკვე ჩვენს მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად ხელშესახებ შედეგებად ვაქცევთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, სხვათა შორის, იმავე რუსებთანაც მიმართებაში, იმიტომ რომ მათ ერთხანს, თუ მთლად არ გაგიჟდნენ, ჩვენთვის არ ეცლებათ, იმიტომ რომ უკრაინაში ქვეყნის დაყოფაზეა ლაპარაკი. უკრაინის ეკონომიკას ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ექნება. არც ერთ ქვეყანაში არ უყვართ პოლიტიკოსები და ჩვენი ხალხიც უკმაყოფილოა თავისი პოლიტიკოსებით, მაგრამ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ვიდრე უკრაინისას. კუჩმა იყო, ალბათ, ყველაზე პასუხისმგებლიანი მმართველი, ისე გააკეთა კონსტიტუციური ცვლილებები, რომ ქვეყანა კარგი გზით წავიდა. სწორედ იმ, 2004 წლის კონსტიტუციას ითხოვენ ახლა.

– ოღონდ ლიდერი არ ჩანს გამოკვეთილი.

–  დიახ. ხედავთ, რაც ხდება: არც ქარიზმატული ლიდერია და არც უქარიზმო, საერთოდ არანაირი ლიდერი არ არის ქვეყანაში და ეს გაგრძელდება დიდხანს. იანუკოვიჩი რომ გამოწეულიყო აღმოსავლეთ ოლქებში, აღმოსავლეთ ოლქები დადგებოდნენ მის გვერდით, მაგრამ ახლა იქ ხალხი დაბნეულია. ამიტომ რუსეთი იძულებული გახდება, ოლქები გამოაცალოს უკრაინას და არა მთელი მარცხენა სანაპირო. გავიმეორებ, პროცესი გაჭიანურდება. ასე რომ, მინიმუმ, აგვისტომდე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე დრო გვაქვს, მაგრამ არ უნდა მოგვიცვას აღტკინებამ –  არიქა, საფრთხე აღარ გვემუქრებაო. ისევ მშვიდად უნდა განვაგრძოთ რუსეთთან დაჟინებული ურთიერთობა.

– რომელმაც ისევ დაიწყო, ასევე, მშვიდად და დაჟინებით მავთულხლართების გავლება.

– თვთიონაც არ იციან, რა თავში იხლიან ამ მავთულხლართებს. რა თქმა უნდა, პრობლემაა, როდესაც არ იცი, შენ რა გინდა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, როდესაც მეორე მხარემაც არ იცის, რა უნდა.

– ჩვენ ხომ ვიცით, რაც უნდა. აგროვებს წევრებს საბაჟო კავშირისთვის. თუმცა უკრაინა თუ დაუსხლტა ხელიდან, რთული სათქმელია, რა თავში იხლის სომხეთსა და საქართველოს.

– მაინც იხლის. უხეში სიტყვაა, მაგრამ მგონია, ჩვენ შეგვიძლია, ვივაჭროთ. მშვიდად ვილაპარაკოთ, შეხვედრა უნდა შედგეს, ნიშნის მოგების დრო არ არის. თქვენ მართალი ხართ, ერთხელ, ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინის ხარჯზე, მაგრამ იქნებ ჩვენც ვისარგებლოთ ვითარებით. მენშევიკებსაც მოუწიათ თავის დროზე ვითარებით სარგებლობა, თუმცა 3 წელს სარგებლობა არ ჰქვია, მართალია, დემოკრატიული ქვეყანა იყო, მაგრამ, ვიცით, რა კატასტროფით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა ნამდვილად ისარგებლა ჯვაროსნული ლაშქრობებით და ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება, ისარგებლო საერთაშორისო ვითარებით. ახლაც ძალიან საინტერესო ვითარება იქმნება. არჩევნის სიმრავლე არის ჩვენი ქვეყნის შანსი, რაც სხვებს არ აქვთ. მაგალითად, ჩვენს უძველეს მეზობელ სომხეთს არჩევანი უბრალოდ არ აქვს გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს შანსი, ვიყოთ ყველაზე დამოუკიდებლები სწორედ ამ არჩევნის სიმრავლის გამო, თუმცა ისე გავიხადეთ საქმე, რომ ყველაზე დამოკიდებული გავხდით.

– ეს ჩვენ მოვახერხეთ.

– დიახ. ჩვენ მოვახერხეთ და ნურავის დავაბრალებთ, იმიტომ რომ ობიექტური სირთულეები ყველას აქვს, ამერიკასაც კი, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, უბრალოდ, სუბიექტური არ უნდა დაამატო ადამიანმა.

– მთელი უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის ყირიმია, შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ადგილი აღარ რჩება შავ ზღვაში…

– არათუ მნიშვნელოვანი, პეტრე პირველამდე დროში ბრუნდება, თუ ყირიმი არ ექნა რუსეთს.

– ნოვოროსიისკის პორტი არ ვარგა, არც აფხაზეთის სანაპირო, იმას გარდა, რომ იქ შავი ზღვის ფლოტის განთავსება პოლიტიკურ პრობლემებსაც შეუქმნის. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სასიკვდილოდ ჩაეჭიდება ყირიმს.

– ვარაუდი არ უნდა, ჩაეჭიდა და ეს არის.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ თავისი სამხედრო გემებიდან, რომლებიც შავ ზღვაში ოლიმპიადისთვის შემოიყვანა, გადასხა საზღვაო ქვეითები კიევში თავისი საელჩოს დასაცავად. ეს ჟესტი როგორ შეიძლება გავიგოთ? მაგალითად, 2008 წელს ომი იყო, მაგრამ თავისი საელჩოს დასაცავად ქვეითები არ გამოუგზავნია.

– თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს მნიშვნელოვანია. სამხედრო თვალსაზრისით, მხარეები ჯერ კიდევ ჩარჩენილები არიან დაპირისპირების იმ ეტაპზე, თუ რამდენ ხანს იფრენს რაკეტა მათ დედაქალაქამდე. რუსები ფიქრობენ, თუ უკრაინიდან გამოფრინდება, დაფიქსირება მოესწრება, ჩამოგდება –  ვერა, მაგრამ, თუ უკრაინის გარედან გამოფრინდება, ჩამოგდება მოესწრება. ასევე ფიქრობს დასავლეთი. ანუ ისინი იმავე მდგომარეობაში ბრუნდებიან, რაც იყო. ჩვენს შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ იყო, ახლა შუაგულ ევროპაზეა ლაპარაკი და ეს ქვეყანა, უკრაინა, მენტალურად გაყოფილია. უკიდურეს შემთხვევაში, რუსეთიც და დასავლეთიც წავლენ მის დაყოფაზე.

– საზღვაო ქვეითების გადასხმა მანიშნებელია, რომ იმათაც იშიშვლეს ხმლები?

– დიახ, მინიმუმ, ეს მე და ის –  შენ, დანარჩენი ვნახოთ. ორივე იბრძოდა მთლიანად გადასაყლაპავად, ეს არ გამოვიდა და ახლა რატომ არ გაყოფენ?! 200-300 კილომეტრი ჯობია ნულოვან ვარიანტს. სინამდვილეში ძალიან ხშირად ამ დონემდე დაიყვანება ყველაფერი. მაგალითად, ლვოვი და ივანო-ფრანკო არასდროს შევა რუსეთში, ყირიმი კი არასდროს იქნება დასავლეთისკენ. ბანდერა მათთვის მოღალატე და ფაშისტია, მეორე ნაწილისთვის –  გმირი და პატრიოტი. ამას აღარაფერი ეშველება. რუსეთში დენიკინი ან კოლჩაკი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას –  არა, მაგრამ ეს მოწონება-არმოწონება არ არის ტერიტორიულად განსაზღვრული. ჩვენთან ერთეულებისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეიძლება, მიუღებელი იყოს, მაგრამ ამის გამო ქვეყანა არ იყოფა ტერიტორიის მიხედვით. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, სხვა პრობლემები გვაწუხებს, თორემ ერთობის ცნობიერება ძალიან მაღალია ამ ქვეყანაში და ათასწლეულები უდევს საფუძვლად, იქ ასეთი საფუძველი არ არის. ასეთი დიდი და ხანგრძლივი კულტურა უკრაინაში არ არსებობს. ყველას ესმის, რომ თითქმის არ არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ვარიანტი. ასეთი ლიდერი არ ჩანს; ასეთი პოლიტიკური ჯგუფები არ ჩანს; ხალხის განწყობა გაყოფილია; არც ერთი გარე ძალა არ არის, რომელიც საბჭოეთის მსგავსად შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიას. სტალინმა შექმნა უკრაინა იმ სახით, რაც დღეს არის და ხრუშჩოვმა დაუმატა ყირიმი. დასავლეთსაც და რუსეთსაც მთლიანად ენდომება უკრაინა, მაგრამ ამ მთლიანობისთვის თავს არც ერთი არ გამოიდებს.

– გასაგებია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის არავინ იბრძოლებს: არც დასავლეთი და არც რუსეთი.

– „ევრონიუსი“ იმთავითვე აწერდა თავის რეპორტაჟებს: „გაყოფილი ქვეყანა“, რუსები საერთოდ აშკარად ლაპარაკობდნენ ამაზე, დასავლეთში კომენტირებისას ამბობდნენ, ქვეყანა იყოფა. პროპაგანდის თვალსაზრისით, რატომ უნდა იყოს მათთვის ხელსაყრელი ყირიმის რუსული გამოსვლების ჩვენება? დროშა რუსული ფრიალებს, უკრაინულს წვავენ, მაგრამ არჩევენ ვიღაცას, რომ აი, რა მძიმე ვითარებაა ყირიმში. რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტს: ის რუსეთს უღირს ძვირად, თორემ, სტრატეგიული თვალსაზრისით, დასავლეთისთვის დიდს არაფერს წარმოადგენს. იმიტომ რომ შავი ზღვა ჩაკეტილია, არ გადის ოკეანეებზე.

– ვინც შავი ზღვის სანაპიროზე ვართ, მათ გვიქმნის საფრთხეს.

– ჩვენთვის, თურქებისთვის, ბულგარელებისთვის, რუმინელებისთვის არის პრობლემა და, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის.

– ჯვარი სწერია, მაგრამ ყირიმიც თუ დაადგა ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გზას, კოსოვოსაც თუ დავუმატებთ, ძალიან ბევრი პრეცედენტია, რომელიც, შესაძლოა, უკვე ნორმად იქცეს.

– აი, ეს არის ჩვენთვის საფრთხე, ანუ მარტო კი ხეირი არა, საფრთხეც გველის უკრაინის მოვლენებიდან. თუ ყირიმიც გამოეყო უკრაინას, მაშინ ეს უკვე წესად გადაიქცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ, თუ ვინმეა დაინტერესებული უკრაინის მთლიანობით, ჩვენ ვართ, ოღონდ, ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ პროცესებზე.

– იმის თქმა მინდოდა, რომ ეს წესი, ადრე თუ გვიან, რუსეთზეც გავრცელდება. თუ ყირიმისთვის შეიძლება, თათარსტანისა და სხვებისთვის რატომ არ შეიძლება?

– პრობლემაა რუსეთის იმპერიული ნოსტალგია. იქ ჭკვიანი ხალხი ამას ხვდება, მაგრამ მათ არ აკარებენ ხელისუფლებას. გახსოვთ, შევარდნაძემ თქვა აფხაზეთის ომის დროს, რუსეთს ეს ბუმერანგივით დაუბრუნდებაო, მაგრამ შეისმინა ვინმემ?! რუსეთი ეპოტინება შეუძლებელს და ის ეკარგება, რაც აქვს. უკრაინის მოვლენები დააჩქარებს ამ პროცესს რუსეთში. ამას გარდა, რუსეთის ყველა მოკავშირე კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ რაღაც შარშია. პუტინი თავიდან მიიჩნეოდა ლიდერად, რომლის ქცევის გამოცნობა შესაძლებელი იყო, ამიტომ დასავლეთი თვალებს ხუჭავდა მის ავტორიტარიზმზე, მაგრამ დღეს დასავლეთი არ აპატიებს მას სირიის ასეთ გამოსარჩლებას, იმას, რომ შტატებს უკან დახევა მოუწია. ამიტომ მის ცხვირწინ განვითარდა უკრაინის მოვლენები. რუსეთს გარანტირებული აქვს დაშლა. თუ იუგოსლავია დაიშალა, თუ სერბეთს მოჰგლიჯეს ტერიტორია, თუ ჩვენთვის შეიძლებოდა ტერიტორიების წართმევა, უკრაინისთვის ყირიმის ჩამოჭრა, რაღა გააჩერებს ამ პროცესს?! ოღონდ, ის კი არ ვიცი, ჩვენ რას მოვიგებთ ამით.

 

скачать dle 11.3