კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში იწვევს მარიხუანა შიზოფრენიას და რატომ არ არის დაზღვეული ეგრეთ წოდებული ბიოს არც ერთი მომხმარებელი მყისიერი სიკვდილისგან

– რამ გამოიწვია ეგრეთ წოდებული ბიოს მომხმარებლების სიკვდილიანობის გახშირება? 

– ამას  რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, რადგან ძალიან ხელმისაწვდომია, ამიტომ მსურველს შეუძლია, იყიდოს ნებისმიერი რაოდენობით. თანაც, მომხმარებელს ჰქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყო სწორი, რომ ბიოს აღმოჩენა ორგანიზმში ვერ ხდება, ამიტომ არ ისჯება არც ყიდვა და არც მოხმარება. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ უბედური შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს, ეგრეთ წოდებული ბიოები, რომლებიც წარმოადგენს ტეტრაჰიდროკანაბიოლის ანალოგსაც, რაც შედის მარიხუანის, ანაშას შემადგენლობაში, მზადდება წესების დაცვის გარეშე. ბიო დაუსჯელი იმიტომ იყო, რომ მაფიამ, რომელმაც დაიწყო მათი დამზადება, გაითვალისწინა, რომ ტეტრაჰიდროკანაბიოლის ფორმულა შეყვანილია გაეროს სიაში და, რადგან მარიხუანას გამოყენება ისჯება, გააკეთა ტეტრაჰიდროკანაბიოლის ანალოგი. მისი ფორმულა ოდნავ განსხვავდება ტეტრაჰიდროკანაბიოლის ფორმულისგან, მაგრამ აღარ შეესაბამება გაეროს ჩამონათვალში შეტანილ ფორმულას, ამიტომაც მისი მოხმარება არ ისჯება. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ბიოები, ანუ სპაისები მზადდება იატაკქვეშეთში, მაფიის მიერ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე. შესაბამისად, ერთი პარტია მეორეს არ ჰგავს, ამიტომ შესაძლებელია, დღეს ერთსა და იმავე ნარკოტიკულ ნივთიერებაში ნარკოტიკი იყოს 10 მილიგრამი, ხვალ –  100 მილიგრამი. ამას იქ არავინ ზომავს.

– არსად აისახება, იმიტომ რომ, არავინ იცის.

– არაფერში აისახება, გარდა სიკვდილისა. ეს არის დამზადების ცუდი ხარისხის შედეგი. არავინ აღრიცხავს ამ ნივთიერებაში ნარკოტიკის რაოდენობას, იყიდება ერთი და იმავე სახელწოდებით და შეიძლება, ერთ შემთხვევაში, მოიხმარო და არანაირი შედეგი არ გამოიღოს, მეორე შემთხვევაში კი, შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, კრუნჩხვა და სიკვდილიც კი.

– რა იყო სიკვდილის მიზეზი, დოზის გადამეტება?

– დადგენილი არ არის, ამას სჭირდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც, რამდენადაც მე ვიცი, არ ჩატარებულა.

– როდესაც ამბობთ, რომ ბიოს მოხმარება არ ისჯებოდა, მხოლოდ ჩვენთან თუ არსად არ ისჯებოდა?

– ყველგან დაუსჯელი იყო მთელ მსოფლიოში. შარშან ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონში შეიტანეს თერთმეტი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის გამოყენება დაისჯება. თუმცა ამ გადაწყვეტილების ასრულებას სჭირდება გამომვლენის არსებობა. ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად და კარგად იმუშავა და შეძლო, მოეპოვებინა ის ტესტები, რომლის მიხედვითაც ხდება გამოვლენა. პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ახლა მიდგა საკითხი სასჯელის ზომის განსაზღვრაზე. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ჩატარდა თათბირი, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით, კანონმდებლებთან ერთად, სასჯელის ხარისხის გადასაწყვეტად. მაქსიმალური სასჯელი ნარკოდანაშაულისთვის არის 11 წელი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თათბირზე დამსწრე საზოგადოებამ გაითვალისწინა, რომ ამ ტიპის ნარკოტიკს მაინც ძალიან ახალგაზრდები მოიხმარენ და გადაწყდა, მძიმე სასჯელი –  11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეცვლილიყო და მაქსიმალური ვადა განსაზღვრულიყო 5 წლით, რომ ახალგაზრდებს მეორე შანსი მივცეთ.

– მე სრულიად შეურიგებელი ვარ ნაკრომანების მიმართ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები იხდიან სასჯელს ნამდვილად თავიანთთვის შეძენილი ნარკოტიკების გამო, როგორც გამსაღებლები.

– კანონით განსაზღვრულია ნარკოტიკის რაოდენობა, რომლის ქონაც არ ისჯება. მესმის, რასაც ამბობთ: ერთი ადამიანი ყიდულობს 5 კაცის დოზას და გამოსდის დიდი რაოდენობა, მაგრამ ამ გარემოებას გაითვალისწინებს მოსამართლე  და დაადგენს, ნარკოტიკი თავისთვის უნდოდა თუ გასაყიდად. მით უფრო, რომ ეს დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს ნულიდან ხუთ წლამდე და მოსამართლეს აქვს ლავირების საშუალება.

– მაშინ რატომ შემცირდა მაქსიმალური სასჯელი, 11 წელი 5-მდე? პირადად მე, არ მენანება ნარკოტიკების რეალიზატორებისთვის ასეთი ხანგრძლივი სასჯელი. მათ რატომ დაენანათ ისინი?

– აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ მაინც გადაწყდა სასჯელის ვადის შემცირება, რადგან მომხმარებლები ძირითადად მოზარდები არიან. მაშინ გამოვიდოდა, რომ ერთ ადამიანს 11 წელს აძლევ, მეორეს –  2-ს ერთი და იმავე ნივთიერებისთვის.

– ფაქტია, რომ 2 წლის წინათ არ იყო ბიოს მოხმარების ასეთი ბუმი. რამ გამოიწვია ეს: ჩვენი სამართალდამცავები მუშაობდნენ სუსტად თუ ნარკომაფია ამუშავდა უფრო აქტიურად?

– ნარკომანია ეპიდემიასავით ვრცელდება. ერთმა უთხრა ორს, იმ ორმა –  ოთხს და ასე შემდეგ, რითაც გაირკვა, რომ არის რაღაც ნივთიერება, რომლის გადატანა-გამოყენება არ ისჯება. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გავრცელებაზე  ისიც მუშაობს, ვინც დაინტერესებულია ამ ნარკოტიკის გაყიდვით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება ამ ნარკოტიკის გამოწერა, ჯიბით ჩამოტანა. ვერავინ ადგენს მას. ასე რომ, ბუნებრივია, რომ გავრცელდა. თან, მხოლოდ ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოშია ასეთი ტალღა.

– რა ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში ბიოს მოხმარება, რამდენად მავნეა ის? 

– თეორიულად მისი მოქმედება ახლოს უნდა იყოს კანაფთან. კანაფი კი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ,  იწვევს დამოკიდებულებას. ევროპის ნაკროლოგიურ დაწესებულებებში ყველაზე მეტი პაციენტი მკურნალობს ჰეროინზე დამოკიდებულებას და ამის შემდეგ არიან კანაფის მომხმარებლები, ანუ, თავისთავად, კანაფიც მძიმე შედეგს იწვევს, მაგრამ ბიოს ემატება ის, რომ სხვადასხვა პარტიაში ნარკოტიკის რაოდენობა სხვადასხვაა. ამიტომ ერთ შემთხვევაში მისმა მოწევამ შეიძლება, გამოიწვიოს ნაკლებად ცუდი შედეგი, მეორე შემთხვევაში, იმავე დასახელებისა და იმავე რაოდენობის გამოყენებამ – სიკვდილი.

– მსუბუქი შედეგი რას ნიშნავს?

– ისეთივე შედეგი ექნება, როგორც კანაფის მოწევას და იმ მომენტში არავის მოკლავს.

– კანაფი საერთოდ კლავს?

– მარტო კანაფი თუ მოწიე, არა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კანაფში ნარკოტიკის შემცველობა 2 პროცენტია, კანაფის ახალ ფორმაში კი –  18 პროცენტი. ამიტომ ჩვენს „საყვარელ“ ჰოლანდიაში ასეთი კანაფი კოკაინს გაუთანაბრეს. ასე რომ, არავინ იცის, რა კანაფია ბიოში და რას მოწევ. ერთადერთი, რაც ასი პროცენტით ვიცით, არის ის, რომ კანაფის ერთი მოწევაც კი, დაახლოებით, 10 000 ადამიანიდან ერთში იწვევს შიზოფრენიის მსგავს რეაქციას. დღემდე არ არის ცნობილი, ეს შიზოფრენიის მსგავსი რეაქცია იმის შედეგია, რომ პიროვნებას ეს დაავადება მიძინებული ფორმით ჰქონდა და კანაფმა გამოავლინა, თუ თვითონ კანაფი 10 000-დან ერთ შემთხვევაში არის შიზოფრენიის გამომწვევი.

– და შევახსენოთ მკითხველს, რაკი, რატომღაც, მიიჩნევა, რომ მოსაწევი ნარკოტიკი მსუბუქია და უვნებელი, რომ კანაფი ყველაზე დიდხანს რჩება ორგანიზმში და ილექება თავის ტვინში.

– ის ძალიან კარგად იხსნება ცხიმებში. იცით, რომ თავის ტვინის უჯრედებში ძალიან ბევრი ცხიმია. ამიტომ იქაც რჩება და ორგანიზმშიც –  თავისთავად.

– თუ არის ცნობილი, მეტწილად რა ფორმით შემოჰქონდათ და შემოაქვთ ბიო?

– ძირითადად, მაინც იწერდნენ. უამრავი მისამართი იყო ინტერნეტში. არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. ახლა მიდის მუშაობა, რომ უახლოესი მომავლიდან ინტერნეტით ნებისმიერი გამოწერა აიკრძალოს, თუ არადა დაისჯება შეძენა-შენახვა, მაშინ ფოსტა უბრალოდ ვეღარ გაატარებს ასეთ ამანათს. ასე რომ, ეს მავნე პრაქტიკა მალე დასრულდება.

– მე აქტიურად ვიყენებ ინტერნეტით გამოწერის მომსახურებას. სუნამოს ვერ გამოიწერ, რადგან აკრძალული ნივთების ნუსხაშია და ყველა ამანათი იხსნება, იმიტომ რომ, გადაიფუთება. ამიტომ მიკვირს, როგორ შეიძლება, ფოსტით იღებდეს მოქალაქე ნარკოტიკს და ეს ვერ გააკონტროლოს სახელმწიფომ ჩვენს პირობებში?

– ვთქვათ, გახსნა და ნახა, რომ არის ეგრეთ წოდებული ბიო, გინდა, მჭადის ფქვილი ყოფილიყო, იმიტომ რომ, ბიოს შენახვა, მოხმარება, გასაღება არ ისჯებოდა. ამის  არანაირი საწინააღმდეგო ნორმა არ არსებობდა კანონში. ამიტომ რეაგირების არანაირი საშუალება არ ჰქონდა არც ერთ ორგანოს, რადგან დასჯის მექანიზმი არ არსებობდა.

– პოსტსაბჭოთა სივრცეში როგორი ვითარებაა ნარკომანიის გავრცელების მხრივ?

– დღეს მსოფლიოში ჰეროინით დაღუპული ყოველი მეოთხე ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე. უმძიმესი ვითარებაა რუსეთში. ჩვენთან მძიმე ნარკომანთა რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობის 1,1-1,2 პროცენტია, იქ –  სამ პროცენტზე მეტია. ევროპაში ერთ პროცენტამდეც არ არის. მაგალითად, გერმანიაში 230 000 მძიმე ნარკომანია, ჩვენთან –  45 000, ანუ ჩვენთან უმძიმესი მდგომარეობაა, თუ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შევედრებით.

– თუმცა, როგორც ვიცი, ნარკოტიკების ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია.

– ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა 400 მილიონამდეა, მაგრამ იქ, ძირითადად, ფერადკანიანი მოსახლეობაა ნარკოტიკის მომხმარებელი. ეს არის მარგინალური ჯგუფები, ღარიბი ფენის წარმომადგენლები, რომლებსაც სამუშაო ნაკლებად აქვთ, განათლების დონე დაბალია.

– რუსეთში ნარკომანიის მომძლავრება უკონტროლობითაა გამოწვეული?

– რუსეთს ორი დიდი პრობლემა აქვს: ჯერ ერთი, აღმოჩნდა, რომ რუსეთის საზღვრები დაუცველია შუა აზიიდან, ამიტომ ავღანეთის ჰეროინი თავისუფლად შეედინება. შუა აზია ამაზე მუშაობს, ძალიან დიდი პარტიები შეაქვთ რუსეთში და ეს მათი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მეორე –  რუსეთში სამედიცინო ღონისძიებები, რომლებიც უნდა ტარდებოდეს, ძალიან დაბალ დონეზეა. ამას დიდი ფული სჭირდება და ამ ფულის დახარჯვა რუსეთს არ უნდა. მესამე –  არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთში ნარკომანიაზე არანაკლებ დიდი პრობლემაა ალკოჰოლიზმი. ეს ორივე ერთად კი უდიდეს პრობლემას ქმნის და კიდევ, იქ არის უამრავი ტერიტორია, სადაც, ფაქტობრივად, ვერ წვდება სამართალდამცავი ორგანოები. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ მძიმე მდგომარეობაა პეტერბურგში: იქ ყველაფერს მოიხმარენ ნარკოტიკად. თუკი ადრე რუსეთში არსებობდა ველიკოდერჟავული იდეა, რითაც იკვებებოდა მოსახლეობა, ახლა ესეც აღარ არის. არც კომუნიზმის იმედი აქვთ, არც სოციალიზმის, ამიტომ ცხოვრობენ ყოველგვარი საცხოვრებელი საზრისის გარეშე. საზრისის უქონლობა საქართველოშიც უწყობს ხელს ნარკომანიას, მაგრამ ჩვენ ნათესავიც გვყავს, მეზობელიც, მეგობარიც, ვიღაცის გვერიდება, რუსეთში კი სირცხვილის მექანიზმი არ მუშაობს, მკურნალობის მექანიზმი არ მუშაობს, ნარკოტიკები თავისუფლად მოძრაობს და ეს ქმნის მძიმე მდგომარეობას.

– რით აიხსნება ის, რომ სომხეთში არ არიან ნარკომანები?

– იქ ტარდება სპეციალური კვლევები ყოველწლიურად და აცხადებენ, რომ ნარკომანია არანაირი პრობლემა არ არის.

– რა უცნაურია, არადა, ერთ-ერთი ნარკოტრასა სწორედ სომხეთზე გადის.

– ეს ამოცანაა, რომელშიც ვცდილობ, გავერკვიო და ვერ გავრკვეულვარ.

– აზერბაიჯანში რა მდგომარეობაა?

– ჩვეულებრივ დონეზეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობას მაინც ჰქონდა მოწევის ტრადიცია და ამიტომ ნარკომანიის პრობლემა სერიოზულად არ დგას.

– ჩრდილოეთ კავკასიას აქვს ნარკომანიის პრობლემა?

– ჩეჩნეთი იყო მარიხუანის ერთ-ერთი გამავრცელებელი. სახელმწიფოს მოჰყავდა მარიხუანა, იმიტომ რომ, მისგან ძალიან კარგი ხარისხის ზეთებს ამზადებდნენ. ამდენად, იყო პერიოდი, როდესაც ჩრდილოეთ კავკასია იყო მარიუხანის გამავრცელებელი რეგიონი და ჩვენთაც იქიდან შემოდიოდა. არ მაქვს მონაცემი, რომ ჩრდილოეთ კავკასია ნარკომანიით დაზიანებული რეგიონია.

– ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ, თუკი აზერბაიჯანელებს, რადგან მუსლიმანები არიან, აქვთ ტრადიცია მოწევის, ჩრდილოკავკასიელებსაც უნდა ჰქონდეთ.

– იქაც იყო ტრადიცია, მაგრამ ახლა, მგონია, იმის გამო, რომ ჩეჩნეთსა და ალბათ, დაღესტანშიც შედარებით ავტოკრატიული მმართველობაა, შესაძლოა, ეს გარკვეულ შემაკავებელ მექანიზმად მოქმედებს.

 

скачать dle 11.3