კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ომების შედეგად დაგროვილი აგრესიის განმუხტვა ბავშვებზე ძალადობით და რით განსხვავდება ერაყელი და ქართველი მშობლების შვილებზე ძალადობის მეთოდები

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევით, რომლის მიზანიც საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის არსებობა-არარსებობის განსაზღვრა იყო, გაირკვა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა არც ჩვენთვისაა უცხო. გამოკითხულ მოზრდილთა 60 პროცენტი ამართლებს ბავშვის მიმართ ძალადობას და, ზოგადად, ოჯახში ბავშვზე ძალადობის საკმაოდ მაღალი დონეც გამოვლინდა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და, მართალია, უმნიშვნელო, მაგრამ სექსუალური ძალადობის ფაქტებიც. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვზე ძალადობა ოჯახში ქალზე ძალადობის პირდაპირპროპორციულია. კვლევებით კი, ჩვენს ქვეყანაში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ხელმძღვანელთან, ლია სარალიძესთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებსა და ისტორიაზე.

 

– რამ განაპირობა ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევის ჩატარების აუცილებლობა?

– ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა 2013 წელსაც ჩაატარა, მაგრამ პირველი კვლევა 2007-2008 წლებში ჩატარდა, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და განახორციელა ჩვენმა ორგანიზაციამ. ის იყო რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანიც იყო, დაედგინა, არსებობდა თუ არა საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის პრობლემა. შევიმუშავეთ სპეციალური კითხვარი, რომლითაც გამოვიკითხეთ ბავშვები და მშობლები და პირველად კვლევის საფუძველზე დადასტურდა, რომ არსებობს ბავშვებზე ძალადობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და სექსუალურიც. ანუ ყველა ფორმის ძალადობის არსებობა დაადასტურა კვლევამ.

– რა ტიპის ძალადობა იყო წამყვანი?

– ფსიქოლოგიური.

– გამოკითხულები ძალადობას უწოდებდნენ თავიანთ ან სხვის ძალადობრივ ქმედებას?

– იყო ძალიან მარტივად დასმული შეკითხვები: მოუქაჩავს თუ არა ვინმეს თმა, ყური, ბოლო წელს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ან საერთოდ. თითოეულ ასეთ თემასთან მიმართებაში იყო დასმული ასეთი შეკითხვები. არც ბავშვებისთვის და არც მოზრდილთათვის განკუთვნილ კითხვარში არ იყო გამოყენებული ტერმინი „ძალადობა“. უბრალოდ, დავითვალეთ ზემოქმედების ფორმები.

– და კვლევის მონაცემები ასახავს მთელ საქართველოში არსებულ მდგომარეობას?

– კვლევის მონაცემები ვალიდურია მთელი საქართველოსთვის, რადგან ამ კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობის ფაქტები არსებობს და, ყველამ, ვისაც ეს პრობლემა ეხება, უნდა მიიღოს მხედველობაში.

– რა გამოჩნდა, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ლოიალური?

– არა, უფრო ტოლერანტული, მთავარია, რომ არ არის ქმედითი. საზოგადოებამ იცის, რომ ბავშვებზე ძალადობა ცუდია, ის პრობლემაც არის, რომ მათ არ იციან, ვის მიმართონ, როდესაც სიახლოვეს ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ხედავენ. საერთო ჯამში, საზოგადოების პასიურობა, ალბათ, უფრო იმას მიუთითებს, რომ საზოგადოება მაინც ტოლერანტულია ბავშვების მიმართ ძალადობისადმი. აწუხებთ ეს ფაქტი, მაგრამ ვერ აბიჯებენ ბარეირს, იმიტომ რომ ეს ხდება ზოგჯერ ახლობლის, მეზობლის, ზოგჯერ საკუთარ ოჯახშიც, ანუ არსებობს რაღაც ბარეირები, რასაც ვერ ძლევენ.

– რა გამოავლინა კვლევამ, რა არის ფიზიკური ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა, რომელსაც ჩვენთან მიმართავენ ბავშვების მიმართ და, ვთქვათ, ყველაზე მსუბუქი ფორმა?

– არც მიყვარს და არც არის მიღებული ძალადობის მსუბუქი და მძიმე ფორმების გამოყოფა, მაგალითად, მძიმე საგნის გამოყენებით ცემა, სხეულის დაზიანების მიყენების ჩათვლით. კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა მშობელი (90,8 პროცენტი) იყენებს შვილების ქცევის მართვისთვის დადებით მეთოდებს, თუმცა დისციპლინისთვის ისინი მთელ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სასჯელებსაც მიმართავენ. ისინი ბავშვების 79,8 პროცენტს ფიზიკურად სჯიდნენ და 82,3 პროცენტის მიმართ ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იყენებდნენ. მნიშვნელოვანი განსხვავება ვაჟებისა და გოგონების მიმართ დამოკიდებულებაში არ გამოვლენილა, მაგრამ სოფლად მცხოვრებმა მშობლებმა ქალაქში მცხოვრებლებთან შედარებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის უფრო მაღალი სიხშირე გამოაჟღავნეს.

– რა ასაკიდან იწყება ბავშვების დასჯა ჩვენთან?

– კვლევით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯა ადრეული ასაკიდან დაფიქსირდა. ერთი წლისა და უფრო დაბალი ასაკის ბავშვების 19 პროცენტი ფიზიკურად ისჯებოდა, 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 90 პროცენტამდე იზრდებოდა. ფსიქოლოგიური დასჯაც იმავე პროცენტულობით დაფიქსირდა. ფიზიკური დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო საჯდომზე ხელის დარტყმა (51,7 პროცენტი), შენჯღრევა (46,1 პროცენტი), თმის მოქაჩვა (43,7 პროცენტი) და ყურის აწევა (43,8 პროცენტი). ფსიქოლოგიური ზემოქმედების ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი წარმოადგენდა ყვირილი (75,1 პროცენტი), ბავშვისთვის დამცინავი სახელის დაძახება (31,2 პროცენტი), ბავშვის ლანძღვა (29,8 პროცენტი) ან ბავშვის დაშინება მიტოვებით (27,4) პროცენტი. განსაკუთრებული შეშფოთების საგანია, რომ რესპონდენტთა მეხუთედმა აღიარა ბავშვის სისტემატური ცემა, რვა რესპონდენტმა ბავშვის მოხრჩობის ან მოგუდვის, ხოლო ექვსმა –  ბავშვის დაწვის მცდელობა. სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვთა მხოლოდ 0,3 პროცენტი იყო, თუმცა ეს კითხვარი სქესობრივი ძალადობის ზუსტ სურათს არ იძლეოდა.

– საინტერესოა თვითონ ბავშვების პასუხები.  ისინი რას უწოდებდნენ ძალადობას, რა მოქმედებდა მათზე ყველაზე მეტად?

– ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიურ ძალადობად მშობლების მხრიდან ერთმანეთისთვის შიშის მომგვრელი ყვირილი დაასახელეს (15,5 პროცენტი), ბავშვების მხოლოდ 2,3 პროცენტმა დააფიქსირა უფროსებს შორის ოჯახში ფიზიკური ძალადობა. თუმცა გამოკითხული ბავშვების 54-მა პროცენტმა აღიარა, რომ ოჯახში უშუალო ფიზიკური ძალადობა განიცადა, ხოლო 60 პროცენტამდე მიუთითა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ვაჟებმა მნიშვნელოვნად მეტი ფსიქოლოგიური ძალადობა აღნიშნეს, ვიდრე გოგონებმა, თუმცა ფიზიკური ძალადობა ასაკის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ბავშვების 9 პროცენტმა აღიარა, რომ მათ ოჯახში სქესობრივი ძალადობის რამდენიმე ფორმა გამოვლინდა. უმეტესად ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვის ან ახალგაზრდა პირის მიერ ხორციელდებოდა, ზრდასრული ადამიანების მიერ სქესობრივი ძალადობა კი ბავშვთა, დაახლოებით, 3 პროცენტის მიმართ განხორციელდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საშინელი შედეგების მომტანი სწორედ სექსუალური ძალადობაა, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა უშუალო სქესობრივი კონტაქტი.

– საკმაოდ მცირე იყოო სექსუალური ძალადობის პროცენტი, თუ არც ისე მცირე?

– საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი მოგვცა კვლევამ, მოლოდინიც ნაკლები გვქონდა იმის, რომ უფრო ზუსტ სურათს მივიღებდით. არც გვქონია პრეტენზია, რომ იდეალურად ამოვიღებდით სურათს. ეს უნდა თქვას უშუალოდ ბავშვმა, რადგან ძალიან იშვიათია, ვიღაც შეესწროს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანს, რომელიც ამას შეესწრო, თქმას გაჩუმება ურჩევნია. ბევრი ბარიერი და მიზეზია. ისიცაა, რომ ასეთი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ხშირად ამ მიზეზების გამო თავს იკავებენ.

– 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიზანი რა იყო?

– გვენახა, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ის ღონისძიებები, რომლებიც პირველი კვლევის შედეგების მიხედვით აისახა. სამუშაო კიდევ ბევრია, თუმცა გარკვეული შედეგებიც არის, იმის გამო, რომ შეიქმნა რეფერირების სისტემა, უამრავმა პროფესიონალმა გაირა სემინარები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორიდან. მაგრამ მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. უკვე ხდება ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, ადამიანებმა დაიწყეს მომართვა.

– აქვე ვეტყვი მკითხველს, რომ თქვენი ცხელი ხაზის ნომერია 2116-111 და, თუ შეესწრებიან ბავშვის მიმართ ძალადობას,  შეუძლიათ, მოგაწოდონ ინფორმაცია.

– შეუძლიათ, დაგვირეკონ ჩვენ, დარეკონ სოციალური მომსახურების სააგენტოში და, რა თქმა უნდა, პოლიციაში.

– როგორ უნდა დადასტურდეს ბავშვის მიმართ ძალადობა? რომ დავინახე, ეს საკმარისია? ამას გარდა, ბავშვისთვის დამახასიათებელია გაბუქება და მოგონება იმის, რაც არ ყოფილა.

– დიდი წილი ინფორმაციის მოდის იმ მოწმისგან, ვინც ეს დაინახა, მაგრამ მთავარი ფიგურა მაინც არის ბავშვი. თუ სამხილები კარგად არის მოპოვებული და დასტურდება ძალადობის ფაქტი, მოძალადე იოლად ისჯება და ბავშვიც გადის რეაბილიტაციის გარკვეულ კომპონენტებს, თუმცა სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია. მართალია, რეგიონული ცენტრები არის, მაგრამ, თუ ბავშვი რაიონიდანაა, უჭირს რეგიონულ ცენტრში ჩასვლა. ერთი სიტყვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ლიმიტირებულია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს.

– სექსუალური ძალადობისას მოძალადე უფრო ხშირად ვინ არის?

– როდესაც ბავშვების სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, უმეტეს შემთხვევაში მოძალადეები ოჯახთან დაკავშირებული პირები არიან, ხანდახან –   ბაბუაც. თუმცა ჩვენთან განსაკუთრებული არაფერი ხდება, იგივე ტენდენციებია, რაც სხვაგან. უბრალოდ, ჩვენთან ნაკლებად ხდება იდენტიფიცირება, მსხვერპლიც ორივეა –  გოგონებიც და ვაჟებიც. ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი ვაჟების იდენტიფიცირება ვერ ხდება.

– არის მოსაზრება, რომ სწორედ ძალადობის მსხვერპლი დედები ძალადობენ, ძირითადად, შვილების მიმართ.

– არსებობს ასეთი ფორმულირება. მექანიზმი ასეთია: უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მოძალადეში ვეძებთ მსხვერპლს. როდესაც ბავშვთან ვმუშაობთ, ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გამოცდილება აქვთ მათ მშობლებს. „იუნისეფის“ ბოლო კვლევამ საინტერესო მომენტებიც აჩვენა: მაგალითად, თავად აქვს გამოცდილი ძალადობა, მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ აქვს გამოცდილი, არ არის მოძალადე. სექსუალური ძალადობა ბავშვების მიმართ ისჯება პატიმრობით, თუმცა არის გამაოგნებელი შემთხვევები, როდესაც მოძალადე გამოდის საპროცესო შეთანხმებით.

– შველის დასჯის ეს ფორმა, პატიმრობა, ბავშვებზე მოძალადეს?

– ბავშვისთვისაა მნიშვნელოვანი მოძალადის დასჯა. ბავშვის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ, ვინც ტანჯვა მიაყენა, დაუსჯელი არ არის.

– მოძალადე ყოველთვის პედოფილია?

– არა, გასარკვევია, მოძალადეებისგან რომელია პედოფილი და რომელი სხვა მიზეზებით აკეთებს ამას. ვერ გეტყვით, პატიმრობა, როგორც დასჯის ფორმა, შველის თუ არა მას, ვინც ისჯება, მაგრამ სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობებსა და მენტალურ ცვლილებებს. პედოფილებთან მიმართებაში კასტრაციაც ყოფილა გამოყენებული, თუმცა ეს ამით არ იკურნება. სისტემა უნდა ეცადოს, იმუშაოს მოძალადესთან. ისიცაა, რომ ადამიანს სამუდამოდ ვერ დატოვებ ციხეში, მაგრამ უნდა არსებობდეს შემდგომი მონიტორინგის საშუალებები. ასეთი სასჯელისთვის გასამართლებულ პირებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ ამნისტია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ამნისტირებულები ხელმეორედ სჩადიან იმავე დანაშაულს. ერთი სიტყვით, მონიტორინგია აუცილებელი, მეთვალყურეობა. შეიძლება, მათ გაუკეთდეთ სამაჯური, რომ ცნობილი იყოს გადაადგილების მარშრუტი. 

– მე არ ვიცი დაზუსტებით, რადგან არსად არ არის ჩამოწერილი, რა პუნქტებისგან შედგება აღზრდის ქართული სისტემა, თუმცა ზოგადად ყველას გვაქვს წარმოდგენა. ჩვენებური აღზრდის ყოფითი კულტურა, მათ შორის, უფროსის მორჩილება, ახალისებს თუ პირიქით, თრგუნავს ძალადობის გამოვლენას ბავშვების მიმართ?

– რთული სათქმელია, როდიდან შემოვიდა მორჩილების მომენტი. ჩვენ გამოვიარეთ სტალინიზმის პერიოდი და დღემდე ვხედავთ იმ პერიოდის ხალხს. ნაკლებად ვიცით, რა ხდებოდა უფრო ადრინდელ პერიოდში. საერთოდ, ძალადობის დიდი აქტები, ომები, დაპირისპირებები ადამიანებს ხდის უფრო აგრესიულს და ეს განიმუხტება ბავშვებზე. ამავე მეთოდოლოგიით ჩატარებულმა კვლევამ ერაყში აჩვენა ბავშვზე ძალადობის შემდეგი ფორმები: მუქარა –   დაგხვრეტ, შუბლზე იარაღის დადება, ანუ დასჯის მექანიზმებად გამოყენებულია რეალობა. მართალია, არ ესვრის, მაგრამ აშინებს.

– ჩვენი „გუდიანი კაცის” არ იყოს.

– დიახ. ბევრ ქვეყანას აქვს გამოკვლეული საკუთარი ტრადიციები. აღზრდა კიდევ უფრო სხვა რამაა. მაგალითად, სვანეთში, მიუხედავად იმისა, რომ დასჯის უმკაცრესი ფორმებია, ტრადიციულია ბავშვის შემოსვლისას ფეხზე ადგომა და მისთვის პატივისცემით მიმართვა.

 

скачать dle 11.3