კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის აჯერებდა ბუბა კიკაბიძე, რომ დიდუბის რაიონი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩა

დედის დღე პირველი დღესასწაულია გაზაფხულისა. დღე, როდესაც ყველაზე უფრო გვიყვარს დედები... ხოლო, ვისაც უკვე აღარ გვყავს მისთვის ეს არის დღე, როდესაც ყველაზე ბევრი გვინდა ვისაუბროთ მათზე. ჩვენი რესპონდენტი ბუბა კიკაბიძე გვიამბობს:

 

– მეგონა, დედაჩემი სულ იქნებოდა. დედას კი ეგონა, რომ მე სულ პატარა ვარ. სანამ ცოცხალი იყო, არასდროს დამსიზმრებია. 2002 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ სულ მესიზმრება ხოლმე, სულ... 

დედაჩემი სხვანაირი ქალი იყო, მოფერება მაინცდამაინც არ იცოდა. მე „ოთარაანთ ქვრივს” ვეძახდი. ძალიან მენშევიკი ქალი იყო. ბრჭყალებში რომ ვთქვათ, არ უყვარდა ნამგალი და ურო. ბაგრატიონ-ამირეჯიბის ქალი გახლდათ... მე რომ გასტროლებზე მივდიოდი, ეგონა, რომ მარტო რუსებთან ვარ იქ. გასტროლებიდან ჩამოსულს ყოველთვის ერთი ფრაზით მომმართავდა: „აბა, მითხარი ბუბა, როგორ არიან იქ შენი რუსები?!” 

ძალიან ქართველი იყო. მას სულ წიგნი ეჭირა ხელში; ორმოც წელზე მეტხანს გალობდა სიონის ეკლესიაში. მისთვის ადამიანის სიმღერა და ხმა ბევრს ნიშნავდა. სულ მეუბნებოდა: არ გრცხვენია, შენი ხრინწიანი ხმით რომ გამოდიხარ და მღერიხარო?! (იცინის) ამას მთელი სერიოზულობით ამბობდა. ერთადერთი ადამიანი, კონცერტზე ვისი დასწრების დროსაც მე ვნერვიულობდი, იყო დედაჩემი. მერე მითხრა, გვიან, უკვე ხანში შესულმა: შვილო, რადგან ბილეთებს ყიდულობენ შენს კონცერტებზე დასასწრებად, ალბათ, მე რაღაცას ვერ ვიგებო.  ეტყობა, ჩემი სიმღერიდან და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩემზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში, სანამ საზოგადოება გამიცნობდა. ერთხელ, ერთი დადიანის ქალბატონი შეხვედრია, მეგობარი. მოუკითხავთ ერთმანეთი. მას უთქვამს: ჩემებიდან ერთი ფიზიკოსია, მოსკოვში მუშაობს; ის იქ არის, ისიც იქო. ბუბა რას საქმიანობსო? – ახლა მას უკითხავს. დედაჩემს უცებ, თურმე ლოყები ასწითლებია, თავი დაუხრია და ისე უპასუხია – ბარაბანზე უკრავსო (იცინის). ეს შემდეგ თვითონ ამ ქალბატონმა მიამბო.

– კინოროლების ნახვის შემდეგ როგორ შეგაფასათ?

– „შეხვედრა მთაში” იყო პირველი ფილმი. წავიყვანე, ვაჩვენე. ფილმის ნახვის შემდეგ მითხრა: „გიხდება, ხომ იცი, ჩოხა შენ.” ფილმებიდან ძალიან მოეწონა „არ დაიდარდო”, მერე „მიმინო”, მერე ყველაფერი მოსწონდა. 

– დედათქვენი, ქალბატონი მანანა და ჯანო ბაგრატიონი ხომ და-ძმანი იყვნენ?

– ოთხი დედმამიშვილი იყვნენ: სამი და და ერთი ძმა – ძია ჯანო. უფროსი იყო დეიდა თამარა, ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე. ვგიჟდებოდი დეიდა თამარაზე. ნიკო რომ დახვრიტეს, დეიდა თამარა გადაასახლეს. იგი ისეთი ლამაზი ქალბატონი იყო, რომ, ადრე ღია ბარათები გამოდიოდა, რუსულად „ატკრიტკებს” რომ ეძახდნენ და, ერთ-ერთ ქართულ „ატკრიტკაზე” თამარ მეფე იყო გამოსახული, ოღონდ, თამარს დეიდაჩემის სახე ჰქონდა. დეიდა თამარა გადასახლებიდან დაკოჭლებული ჩამოვიდა. ის ციმბირში ხე-ტყეზე მუშაობდა და იქ დაინვალიდდა. ჩემი მეორე დეიდა – ნატო – მოცეკვავე გახლდათ, მეოთხე დედმამიშვილი იყო დედაჩემი. მომიყოლია შენთვის, როდისმე, როგორ გათხოვდა დედაჩემი?

– არა. არადა, მაინტერესებდა...

– ყვებოდა: დადიანებთან ვიყავი რაღაც წვეულებაზე. იქ, სუფრასთან, ერთი სათვალეებიანი ახალგაზრდა კაცი მეპრანჭებოდაო. შეიძლება ნახევარს იგონებდა, მაგრამ კარგად კი ყვებოდა: ჰოდა, ამ მამაკაცმა მკითხა – მანანა, რა უნდა გავაკეთო, რომ ყურადღება მომაქციოთო. მე ვუთხარი, ამ ხუთ წიწაკას თუ შეჭამ, მოგაქცევ-მეთქი. მამაჩემი ამდგარა და ეს ხუთივე წიწაკა არ ჩაუდია პირში?! ცუდად გამხდარა, სიცხე მიუცია, იწვის, თურმე. გამოუძახიათ სასწრაფო. სასწრაფოს მოსვლამდე დედას თავისი ხელსახოცი დაუსველებია და შუბლზე დაუფენია მისთვის. თბილისი ხომ პატარა ქალაქია. ამას იმიტომ ვამბობ, დედა სახლში რომ მისულა, პაპას უკვე სცოდნია ეს ამბავი. მანანა, ვინ იყო დადიანებში ის ბიჭი, შენ რომ გეპრანჭებოდაო, – უკითხავს. ჟურნალისტია, გვარად კიკაბიძეო, – უპასუხია. ხელი მოჰკიდე? შეეხეო? – დაინტერესებულა პაპა. დედას მოუყოლია – ასე და ასე იყო და შუბლზე საფენები ვადეო. ო, რადგან ხელი მოჰკიდე და შეეხე, მაშინ, ცოლად უნდა გაჰყვეო (იცინის). ასე იხსენებდა თავისი გათხოვების ამბავს დედა.

ჩემი თაობა, თითქმის 95 პროცენტი, სულ უმამოდ გაზრდილები ვიყავით. ჩემს ეზოში, მაგალითად, არც ერთ ბავშვს მამა არ ჰყავდა. დედები იყვნენ ოჯახში ლუკმაპურის შემომტანებიც და დიასახლისებიც. მე ჯერ მესამე კლასში დამტოვეს, მერე – მეექვსეში, მერე – მერვეში, 2 წელი მგლის ბილეთით გაგდებული ვიყავი, ამ მხრივ ვერ ვახარებდი დედას, მაგრამ, კითხვა მიყვარდა. ჩვენი მეზობელი, რუსი ებრაელის ქალი ჩამოვიდა სადღაციდან – დეიდა რაია. იმან შემაყვარა კითხვა. პატარა ოთახში ცხოვრობდა. არისტოკრატი ქალი იყო, „გენერალშას” ეძახდნენ. ერთი საწოლი ედგა ოთახში, მაგიდა, ორი სკამი და დანარჩენი – წიგნები. იმან მიმაჩვია კითხვას. სიარული უჭირდა, პენსიის ასაღებად რომ მიდიოდა, მთხოვდა და მივყვებოდი ხოლმე და ისიც წიგნებით მანებივრებდა. მეორე ქალბატონი იყო კიდევ ჩვენი ეზოს ბინადარი – ტიოტია ვალია ლევანდოვსკაია, პოლონელი, ბრმა იყო. მას როიალი ჰქონდა სახლში. რბილი ნაჭერი ედო როიალზე, მე მიმიშვებდა, რომ გამეწმინდა და ვაბრახუნებდი ხოლმე კლავიშებზე. გვყავდა კიდევ დეიდა ნინა, მისი სახლის ჭერის თავზე, სხვენზე, შტაბი გვქონდა ბავშვებს. 6-7 წლისანი რომ ვიყავით, შევიკრიბებოდით და ვაწყობდით გეგმებს, გერმანელები თუ თბილისში შემოიჭრებოდნენ, როგორ უნდა დაგვეცვა ჩვენი ქალაქი. ამ მიზნით ბოთლებს ვაგროვებდით, ვითომ ტანკების ასაფეთქებლების დასამზადებლად. ჩვენი კრებების დროს დეიდა ნინას ჭერიდან კირი ცვიოდა. ერთხელ ამოვიდა და დაგვადგა თავზე. ჩვენს გეგმებს უსმენს თურმე და, რომ დავინახეთ ჯოხით ხელში, ვიფიქრეთ, გავილახებოდით... მან კი გვითხრა: მომწონს, როგორ ზრუნავთ თქვენს ქალაქზე. ბუბა, კრებას რომ დაამთავრებთ, ჩამომიარე, სამი ცალი ცარიელი ბოთლი მაქვს და გამოგადგებათო. 

– კიდევ რას გაიხსენებთ?

– მძღოლი მყავდა ვერელი, ბოცმანა. ოჯახის წევრივით იყო. ერთ დღეს ვეკითხები, ბოცმან, როგორ ფიქრობ, რომ მოვკვდები სად უნდა დავიმარხო-მეთქი. ცენტრში, კანსტანტინოვიჩ, თბილისელი კაცი ხარო. ავედით ვერის სასაფლაოზე, რომელიც უკვე დახურული იყო. მივედით. რაშია საქმე, ბატონო ბუბაო. ადგილი მინდა ჩემთვის-მეთქი. რამდენი იქნებითო? (იცინის) ოთხნი-მეთქი. ხვალ 11 საათზე მოდითო. მართლაც, მეორე დღეს მივედი და შესასვლელთან, ხელმარცხნივ, მაჩვენებენ დაახლოებით 8 კაცის დამარხვა რომ შეიძლება, იმხელა ადგილს. მე ვუთხარი, მე ხომ ოთხი ადგილი გთხოვეთ-მეთქი. ბატონო ბუბა, 4 კაცი სტუმარი აღარ მოგივათ, დავიჯეროთო?....

დედაჩემი იქ დავკრძალე. რადგან მამაჩემის არაფერი ვიცით იმ ავად სახსენებელი უწყების გარდა, მამაჩემის სურათიც ჩავაყოლე – ვითომ ერთად არიან და წარწერაც შესაბამისი გავუკეთე. მეც, ალბათ, იქ ჩავწვები და, ნელა-ნელა, ალბათ, ისევ ერთმანეთს მოვძებნით.

ერთხელ, სახლში მოვედი, მაშინ ხილიანზე ვცხოვრობდით. დედაჩემი მოდიოდა ხოლმე. აბაზანაში პატარა სარეცხის გასარეცხი კუთხე იყო, იქ ვითომ ეხმარებოდა ხოლმე ჩემს მეუღლეს – თეთრ და შავ პერანგებს ერთად რეცხავდა, არ იცოდა ეგეთი რამეები. ბავშვი მეკითხება: მამა, ლაფატკას რა ჰქვია ქართულადო? ჩემთვის გავიფიქრე, ბარი და ნიჩაბია, მაგრამ, რომელი რომელია?... მერე გამოსავალი მოვძებნე – არა, გრცხვენია, ბებიაშენი აქ არის და ეგეთ რამეებს მე მეკითხები-მეთქი? ბავშვმა დაუძახა და იგივე კითხვა დაუსვა. დედაჩემი ძალიან ნაკითხი ქალი იყო, „ვეფხისტაოსანს” თავიდან ბოლომდე წაგიკითხავდა ზეპირად, მეც ველოდები სამზარეულოდან, რას უპასუხებს და, ვხვდები, რომ მანაც პაუზა გააკეთა. რამდენიმე წამის შემდეგ გამოსძახა: ბაგრატიონებმა არ უნდა იცოდნენ რა ჰქვია ლაფატკას ქართულად! რა ჩვენი საქმეაო (იცინის).

– გამოხატავდა, რომ მოსწონდა, თუ როგორ ზრუნავდით მასზე?

– ვითომ არ იმჩნევდა, მაგრამ, ვატყობდი, რომ ძალიან სიამოვნებდა. ყოველი თვის პირველი რიცხვში, მე თუ ქალაქში არ ვიყავი, ჩემი ძმაკაცი მიდიოდა მასთან და მიჰქონდა ჩემ მიერ წინასწარ დატოვებული ფული – დეიდა მანანა, ეს ბუბასგანო. იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობდა, სადაც გავიზარდე, არ გადმოდიოდა. ერთი ოთახი იყო, 8 კვადრატული მეტრი, ყოფილი კორიდორი იყო ამოჭედილი კარებებით. ის პერიოდი ვინც არ იცის, შეიძლება ვერ გაიგოს. მაშინ ხომ მეზობელი მეზობლით ცხოვრობდა. დედაც ძალიან იყო მიჩვეული სამეზობლოს. კუპონები რომ შემოვიდა, ამ ქალმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, ყველში რომ გადაიხადა მილიონ-ნახევარი კუპონი. მე დავაწყნარე: დედა, ერთადერთი, დიდუბის რაიონი დარჩა საბჭოთა კავშირის მეურვეობის ქვეშ, იქ ისევ ძველი ფასებია, იქაური რაიკომის მდივანი (სადღა იყვნენ მაშინ რაიკომის მდივნები) ჩემი ძმაკაცია-მეთქი და, მოვუზიდე ერთი ტომარა კარტოფილი, ხორცი, რაღაცეები... ამან რომ გაიგო, რომ ძველებური ფასებია და ბუბას ძმაკაცებიო, მთელ ეზოს ურიგებდა ამ სურსათს. 

– ერთად გიმღერიათ?

– კი. ჩემზე რაღაც გადაცემა იყო, მოსკოვმა გადაიღო. დედას მოსწონდა ის სიმღერა: „არჩევანი შენა, არადანი – მე”... იქ ვიმღერეთ მაშინ. დედა, კალისტრატე ცინცაძე რომ იყო პატრიარქი, იმ დროიდან გალობდა სიონის ტაძარში. მეც იმ პერიოდიდან დავდიოდი ეკლესიაში. სკოლის შემდეგ მივდიოდი ხოლმე. მერე სახლში ერთად ვბრუნდებოდით. თურმე, სულ პატარა ვარ და მიკითხავს: დედა, ღმერთი გინახავს-მეთქი? როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, – უპასუხია. ვინ არის, როგორია-მეთქი. შენ ხარო... ყველა ადამიანში არის ღმერთი, როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო. სწორია!

 

скачать dle 11.3