კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რომელი ეტაპი აღმოჩნდა თამთა ჭელიძისთვის ყველაზე რთულად გადასატანი და რის გამო იყო ის გაურკვევლობაში

მიუხედავად იმისა, რომ  თამთა ჭელიძე დიდი ხანია, არსად ჩანს, მის მუსიკალურ კარიერაში სიახლეებია: მომღერალი ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს და სამომავლოდ, ვიდეორგოლის გადაღებასაც აპირებს.

 

თამთა ჭელიძე: ამ ეტაპზე ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ. სიგარეტის მოწევას დავანებე თავი – უკვე ოთხი თვე ხდება, რაც არ მომიწევია. ზუსტად ოთხი თვის წინ ავარიაში მოვყევი, ძალიან ცუდად ვიყავი. ერთი თვე ვიწექი და იმ დღის მერე აღარ მომიწევია. ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა. ერთი თვე ვიწექი – ვიფიქრე, ვიფიქრე, რა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი და საბოლოოდ გადავწყვიტე, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყოლოდი და დავიწყე ვარჯიში. გარდა ამისა, ვფიქრობდი სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მალე განხორციელდება: ერთი სიმღერა ჩასაწერად მზად არის, მეორეზეც დავიწყებ მუშაობას. შემდეგ კი აუცილებლად გადავიღებ ვიდეორგოლს. იქნება განსხვავებული და საინტერესო – ყოველთვის, როცა მუსიკალურ ვიდეოს ვიღებდი, ვცდილობდი, განსხვავებული ყოფილიყო. რაც მთავარია, ამ ორი სიმღერიდან გადავიღებ იმას, რომელიც ვიდეოსთვის უკეთესი იქნება. თუმცა, ამაზე მოეწყობა საბჭო, ჩემთვის კომპეტენტური ადამიანები შეიკრიბებიან.

– ვინ არიან შენი საბჭოს წევრები? 

– ვერ ჩამოვთვლი მათ სახელებს. ჩემთან ყოველთვის ასე ხდება. ერთი ადამიანი არ წყვეტს ამას. ჩაწერაზე არავინ იყოს – ქართული რაღაცეები რომ იციან, ჩემთან პირიქითაა: ასი კაცი უნდა დაესწროს. 

– სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტადაც იკრიბება საბჭო? 

– მე მიყვარს მსჯელობა, სხვებისგან რჩევების მიღება. არ ვარ ისეთი, სხვის აზრს რომ არ ითვალისწინებენ. თუმცა, არის საკითხები, რაზეც, რაც უნდა მითხრა, მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდა. მაგრამ, რაც შეეხება საქმეს, აქ დამხმარება საჭიროა. ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანი, საღი აზრი – ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. 

– რას დაარქმევდი შენი ცხოვრების ამ ეტაპს? 

– ეს ალბათ, დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებაა, ოღონდ, როგორ დავბრუნდები, ეს არის საკითხავი – მოვეწონები ხალხს?! 

– ხმაურიანად, ალბათ, არ დაბრუნდები.

– არა. შოუ-ბიზნესში არიან ეპატაჟური ტიპები, რომელებიც სპეციალურად ქმნიან საკუთარი თავის გარშემო ხმაურს. მე არასდროს არაფერი გამიკეთებია იმისთვის, მერე ვიღაცას ელაპარაკა. უბრალოდ, ზოგჯერ თავისთავად მოჰყოლია ამას აჟიოტაჟი.

– შენ შესახებ ჭორებიც იშვიათად ვრცელდებოდა. 

– ჭორები ადრე უფრო იყო, როცა ხშირად ვჩანდი. ახლა აღარ არის. თან, აღარც ვცხოვრობ ძველებურად. იშვიათად შეიძლება, გამოვჩნდე საზოგადოების შეკრების ადგილებში, კლუბებში. არადა, ძალიან მიყვარდა კლუბებში სიარული და უკვე ორი წელია, იშვიათად შევდივარ. ძალიან მინდა და მიყვარს. ჩემი ცხოვრება, ჩემი ხასიათია კლუბებში სიარული – ცეკვა, გართობა, ღამის ცხოვრება, მაგრამ აქ, საქართველოში, ეს ვეღარ მანიჭებს სიამოვნებას, აღარ მომწონს. ამიტომ, მირჩევნია, აღარ წავიდე, თუმცა არა იმიტომ, რომ არ მინდა. განსაკუთრებულად დღეს არც ერთი კლუბი არ მომწონს და არც იქაური საზოგადოება. 

– ლიზა უკვე დიდი გოგოა. 

– ახლა 8 წლისაა. ჯერჯერობით ყველაფერი მარტივად მიდის. ალბათ, 10-11 წლიდან დაიწყება მასში რაღაცეების შეცვლა. ჯერჯერობით კარგი ბავშვია და მერე რა იქნება, ვნახოთ. მამას ძალიან ჰგავს, გარეგნობითაც და ხასიათითაც. მე ჯაბა მჯობია ხასიათით – ამას ვაღიარებ და ჩემს შვილს ჩემზე უკეთესი ხასიათი აქვს, რადგან მამას ჰგავს. უფრო ხალისიანი, მარტივი და თავისუფალი ბავშვია. მარტივად უყურებს ცხოვრებას, მსუბუქი ტიპაჟია და შესაბამისად, ცხოვრებას უფრო კომფორტულად მორგებული. 

– რაში გამოიხატება შენი ხასიათის სირთულე? 

– მე არ ვარ ასეთი მსუბუქი, უფრო მძიმე ვარ და შესაბამისად, მსუბუქი ადამიანები მირჩევნია და მიხარია, რომ ლიზა ასეთია. მე ყველაფერს რთულად ვუყურებ, მძიმედ აღვიქვამ და ეს, რა თქმა უნდა, ქმნის დისკომფორტს. შესაბამისად, სირთულეებიც ძალიან მძიმედ გადამაქვს. თუმცა, ერთ რამეს დავაკვირდი: როცა ძალიან დიდია სირთულე, მაშინ შემიძლია, უფრო ძლიერად ვიდგე, პაჭა-პუჭა რაღაცეებზე უფრო ვნერვიულობ. მაგრამ, როცა მართლაც ცუდად ვარ, თუნდაც ავარიის ამბავი რომ ავიღო, ასეთ რაღაცეებს უფრო ვუძლებ. იმდენს ვითმენ, რომ მერე ერთიანად ვხდები ცუდად. 

– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი? 

– არაერთხელ... რამდენიმე ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში რთული და ძნელად გადასატანი, გარდამტეხი. ასეთ დროს გვერდში მიდგანან ისეთი ადამიანები – ჩემი მეგობრები, რომელთა აზრი და თანადგომა ჩემთვის აუცილებელია. თან, მეც დამჯერი პაციენტი ვარ, ვუჯერებ მათ. ბავშვის დაბადების შემდეგ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, დამენგრა ოჯახი – ეს ეტაპი იყო ჩემთვის რთულად გადასატანი: ერთდროულად, ყველაზე კარგიც და ცუდიც – ბედნიერი ვიყავი და თან, გაურკვეველ მდგომარეობაში.

– იმის მერე არც შენ გათხოვილხარ და არც ჯაბას შეუქმნია ოჯახი. 

– კი, არც მე და არც ჯაბას. ჯერ არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, მასთან ოჯახის შექმნის სურვილი რომ გამჩენოდა. 

– ამ შემთხვევაში გაითვალისწინებ ძველ გამოცდილებას? 

– გრძნობების აყოლა ვიცი და ასეთ დროს, არაფერს ვითვალისწინებ. ალბათ, რაღაცეებს გავითვალისწინებ, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან უტვინო ვარ. ასეთ დროს ტვინი, ძირითადად, გათიშული მაქვს. თან, ეს მერე და მერე უფრო მემართება, რადგან ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ზოგადად, სიყვარულში თავდავიწყება არ არის კარგი – ძალიან ცუდია, ჩემი აზრით. ცივი გონებით რომ შეხედავ რაღაცეებს და თავშეკავებულად  მოიქცევი უკეთესია. საკმაოდ თავშეკავებული და ცივი ვარ ნებისმიერ ურთიერთობაში, მაგრამ,  ჩემი პრობლემა ის არის, რომ ფიქრებში, ოცნებებში წარმოსახული ტიპები მიყვარს. ანუ, ის ასეთი არ არის, მაგრამ მე ვსახავ ასეთად, რადგან ასე მინდა. სინამდვილეში კი, არ არის ასეთი, მერე ვცდილობ, შევცვალო და ვერასდროს ვცვლი – ეს შეუძლებელია და ურთიერთობას აფუჭებს. მე კი ჩემი იდეალებით ვცხოვრობ, ასეთი კი, მგონი, არც არსებობს. ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ვარ აბსოლუტურად ყველაფერში. მგონი, საკუთარი თავის მიმართ ვარ ნაკლებად მომთხოვნი, ყველა დანარჩენისგან კი ძალიან ბევრს მოვითხოვ. თუმცა, ფაქტია, ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ჩემი ცხოვრება რომ დავუკავშირო. 

– ასეთი ადამიანი, რომ გამოჩნდეს, ალბათ, არ იტყვი ოჯახის შექმნაზე უარს?!

– არც ადრე და არც ახლა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად მონდომებული არ ვყოფილვარ. ვისაც უნდა, ის თხოვდება. ვიღაცას შეიძლება უნდა,  მაგრამ ქვეცნობიერად, ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული, რა უნდა, ამიტომ, ის ვერც გათხოვდება. მე რომ გათხოვება მდომებოდა, აუცილებლად გავთხოვდებოდი და არაერთხელ. უბრალოდ, მე ამდენი წლის განმავლობაში ეს არ მდომებია და ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.

– მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, არ ჩანხარ, როგორც აქტიური მომღერალი, საზოგადოებას მაინც ახსოვს თამთა ჭელიძე. 

– ხანგრძლივი პაუზები მაქვს ხოლმე. თუმცა, ახალ წელს მე, ვერიკომ და ნინომ ჩავწერეთ ახალი სიმღერა. ჩვენ ხომ მეგობრული ტრიო გვაქვს – ტრიო „მეგობრობა“. როცა პირველად გავხდი პოპულარული, ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა. მერე კი, ვეღარ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვშრომობდი – ვფუქსავატობდი რაღაცეების გამო: ხან ოჯახური პრობლემა იყო, ხან – ფინანსური. ჩავარდნები მქონდა და ამიტომ, საკუთარ თავზე ვერ ვმუშაობდი. ის პირველი წარმატება იყო ჩემი შრომისა და დედაჩემის გვერდში დგომის შედეგი. 

– როგორც მსახიობი, არსად ჩანხარ. ამ კუთხით არ არის სიახლე? 

– მსახიობობა საერთოდ დავივიწყე. ერთ-ერთი სერიალიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ გაიწელა, შემდეგ ეროტიკული სცენები იყო და ამიტომ უარი ვთქვი. ასეთ რამეზე ნამდვილად არ დავთანხმდები, თუ სერიოზული რეჟისორი არ იქნება და არ გაგიჟდება ჩემზე: ოღონდ ჩემი ფილმის ეროტიკულ სცენაში მიიღე მონაწილეობაო. თეატრშიც აღარ ვარ, უკვე დიდი ხანია. ეს სფერო დავივიწყე. აქტიური ტიპი არ ვარ. თუ სხვამ არ იაქტიურა, მე ნაკლებად ვიაქტიურებ და ასეა აბსოლუტურად ყველაფერში. ძალიან მენატრება ის პერიოდი, როცა მსახიობი ვიყავი, მაგრამ ახლა, მგონია, ყველაფერი დამავიწყდა. ასე მგონია, ტრენინგები უნდა გავიარო. 

 

скачать dle 11.3