კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ნებისმიერ სხვა მოსწავლეს ან მასწავლებელს რომ ქეთევან მხეიძისთვის ამხელა „რეჩი“ „დაერტყა“, დირექტორისგან მრისხანება არ ასცდებოდა. ხუჭუჭა კი ვახტანგ ყიფიანის შვილი იყო. ამიტომ, დირექტორმა მას მშვიდად უთხრა:

– გარკვევით მითხარი, ზურაბ, რას გულისხმობ. თუ სწორად გავიგე, დამნაშავე თქვენი ფიზკულტურის მასწავლებელია, რადგან საავადმყოფოში ის წაიყვანეს.

– დიახ, ქალბატონო ქეთევან, სწორად გაიგეთ.

– მაშინ თქვი, რა მოხდა და რაში ადანაშაულებთ ფიზკულტურის მასწავლებელს.

– ფიზკულტურის მასწავლებელი მაგრად გაილახა, მაგრამ, ვინ სცემა და რისთვის, ამას ვერ გეტყვით.

– რატომ ვერ იტყვი, ზურაბ, რადგან დაიწყე, მაშინ, ბოლომდე უნდა თქვა სიმართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები, მილიცია გამოვიძახო და სიმართლის დასადგენად ამ საქმის გამოძიება დაიწყონ.

– დაიწყონ, ქალბატონო ქეთევან. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ. ამით, უპირველესად, თავად დამნაშავე დაზარალდება, შემდეგ კი სკოლის პრესტიჟი.

– ზურაბ, შენ სცემე ფიზკულტურის მასწავლებელი? – ჰკითხა დირექტორმა ხუჭუჭას. ამ დროს მე მწკრივიდან გამოვედი და დირექტორს ვუთხარი:

– მე ვცემე!

დირექტორმა ისე შემომხედა, როგორც წიწილას ქორმა და მრისხანე ხმით მკითხა:

– რას ერჩოდი, გველესიანო, რატომ სცემე ფიზკულტურის მასწავლებელი?

– ამას ვერ გეტყვით, მასწავლებელო, – მივუგე დირექტორს.

ქეთევან მხეიძე გამოცდილი პედაგოგი იყო და მიხვდა, რაში შეიძლებოდა, ყოფილიყო საქმე. ამიტომ, ბიჭები გარეთ გაგვისტუმრა და კაბინეტში გოგოები დაიტოვა. მათ კი სიმართლე უთხრეს დირექტორს. ქეთევან მხეიძე საავადმყოფოში წავიდა, ფიზკულტურის მასწავლებელი ნახა და ურჩია, ეს ამბავი არავისთვის გაემხილა, რადგან მის ინტერესებში არ იყო. თანაც, იქვე უთხრა, რომ მეორე დღეს მისთვის სკოლიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების განცხადება გაეგზავნა, რაც კუნთგანტელამ დაუყოვნებლივ შეასრულა... აი, ასე გადავიკიდე ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი და მართალია, მან მხოლოდ მე დამინახა გაქურდული მილიონერის სახლთან, მაგრამ, მილიციისთვის ესეც საკმარისი იყო. ადგილიდან რომ დავიძარით, ბერძენას ვუთხარი:

– მე მგონი, დავიწვით.

– დავიწვით? როგორ?

– კუნთგანტელამ დამინახა და დარწმუნებული ვარ, გაქურდვის ამბავს რომ გაიგებს, აუცილებლად შეატყობინებს მილიციას, იქ რომ მნახა.

– მაგარი ნაბოზარი ვინმეა, – მითხრა ბერძენამ, – მეხუთე კლასში რომ ვიყავი, ფიზკულტურის გაკვეთილზე პლასტმასის ჯოხი ისე მაგრად მომარტყა კანჭებში, რომ ერთი კვირა მეწვოდა.

– მერე შენ?

– მეორე დღეს რაგატკიდან უზარმაზარი წვეტიანი ქვა ვთხლიშე თავში და აბაროტი ავუღე. შუბლზე რომ დიდი შრამი აქვს, ჩემი ნახელავია.

– კაროჩე, ბერძენ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბოზი აუცილებლად ჩამიშვებს და ძაღლებმა შეიძლება, ამაგდონ. მე, რა თქმა უნდა, არაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, შეიძლება პაბეგშიც კი წავიდე.

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა მაშინ. ძაღლები იმავე ღამეს დამადგნენ სახლში, მაგრამ საიდუმლო გვირაბით დავიმალე. მამაჩემი ღამის ცვლაში მუშაობდა. სახლში მხოლოდ დედაჩემი იყო და ძაღლებს უთხრა, ჯერ არ მოსულაო. მათ ეს არ დაიჯერეს, სახლში შემოვიდნენ, ოთახები გაჩხრიკეს და მხოლოდ მას მერე წავიდნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ სახლში არ ვიყავი. თუმცა, მილიცია არც თუ ისე შორს წავიდა, ჩემს ეზოსთან ჩასაფრდნენ და ლოდინი დამიწყეს.

– დედიკო, შვილო, რატომ გეძებს მილიცია? – მკითხა დედაჩემმა, როცა სამალავიდან გამოვედი.

– აბა, რა ვიცი, დედა, მაგათ ამბავს გაიგებ1 ერთხელ რომ ციხეში ვიჯექი, ახლა თუ სადმე რამე მოხდება, ნაციხრებს აკითხავენ, – მივუგე დედაჩემს.

– შვილო, ხომ შემპირდი, პატიოსნად ვიცხოვრებო. შენს ციხეში ჩაჯდომას ვეღარ გადავიტან და გული გამისკდება.

– კარგი რა, დედა! პატიოსნად ვცხოვრობ, აბა რა. კაცს მე არ ვკლავ და არავის ვჩაგრავ. გაგიგონია ვინმესგან, გოგიამ მაწყენიაო?

– არა.

– აბა, რატომ ნერვიულობ?

– იმიტომ, დედიკო, რომ შუაღამით მილიცია არავის აკითხავს სახლში ტყუილად. თანაც, დაიმალე.

– იმიტომ დავიმალე, რომ წამიყვანდნენ და რამე საქმეს ამკიდებდნენ ან მცემდნენ. ხვალ ან ზეგ კი, ყველაფერი გაირკვევა და თავს დამანებებენ. ახლა უნდა წავიდე და ორი-სამი დღე დავიმალო.

– უნდა დაიმალო?

– ჰო. დედი, უნდა დავიმალო.

– ესე იგი, რაღაც მოხდა და მიმალავ.

– არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ, უნდა მოვერიდო. მოკლედ, წავედი, არ ინერვიულო, – ვუთხარი დედაჩემს, კვლავ საიდუმლო გვირაბში შევედი და სახლიდან წავედი.

ძაღლები ბერძენასთანაც ყოფილან და მისი ბინაც გაუჩხრეკავთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვეს. მთელი ნაქურდალი „ტავარი“ საიმედო ადგილზე გვქონდა გადამალული. მეც სწორედ იქ ვიმალებოდი და მილიცია ვერ მპოულობდა. წასვლის წინ უფროს ოპერს ბერძენასთვის უთქვამს:

– ზუსტად ვიცით, რომ ოქროსანას ბაითი მაგის გატანილია და გადაეცი, დროზე დააბრუნოს ტავარი უკან, მილიციაში გამოცხადდეს და ჩაგვბარდეს. მაინც ვიპოვით, მიწიდან ამოვთხრით და მას და მის პაძელნიკებს, ძალიან ცუდი დღე დაადგებათო...

„ოქროსანა“ ცეხავიკი იყო. მისი ბინის გაქურდვის გამო ამხელა ამბავი იმიტომ ატყდა, ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავი იყო. ის ბობოლებსაც აჭმევდა და ასე გულმოდგინედ და თავგამოდებით იმიტომ იცავდნენ იმ ფაშისტს. ბერძენამ რომ ყველაფერი მომიყვა, ბოლოს მითხრა:

– რას იტყვი, როგორ მოვიქცეთ?

– ვფიქრობ, ვაზვრატი უარესია. შენ რას იტყვი?

– მეც შენნაირად ვფიქრობ.

– ჰო და ძალიან კარგი. მით უმეტეს, რომ მარტო ჩემზე აქვთ ეჭვი და შენ შესახებ არაფერი იციან. ბოლო-ბოლო, რუსეთში წავალ და მეძებონ. ოფიციალურ ძებნას ვერ გამოაცხადებენ და აქ, რამდენიც უნდა, იმდენი მეძებონ, – ვუთხარი ბერძენას.

ჩვენი გათვლები სწორი იყო, რადგან ჩემზე ძებნას ოფიციალურად ვერ გამოაცხადებდნენ და საბჭოეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე თავისუფლად შემეძლო დავმალულიყავი. რომ დავეჭირეთ, ვიტყოდი, რომ არ ვიცოდი, თუკი მილიცია მეძებდა... ეს ყველაფერი ოფიციალურად შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ, მანამდე ვინ მიიყვანდა საქმეს. მილიციას რომ დავეჭირე, ისინი პაძელნიკების ვინაობის დასახელებას მომთხოვდნენ, წამებით ამომხდიდნენ სულს – ისე მომიშორებდნენ თავიდან და გამაქრობდნენ, რომ ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა. ამიტომაც გადავწყვიტე დამალვა. ნაქურდალის წილები ქურდულად გავანაწილეთ. ყველამ თავისი მიიღო და უკვე რუსეთში გამგზავრებაზე ვჩალიჩობდი, რომ კინაღამ დამიჭირეს.

ბედის ირონიით, მეორედაც კუნთგანტელამ „დამწვა“, თანაც ისე, რომ ის დამპალი არც კი დამინახავს. ერთი პატიოსანი კაცი რომ არ დამხმარებოდა, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება, დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. ეს ამბავი ძველ ავტოსადგურზე, ელბაქიძის დაღმართზე მოხდა. საქართველოდან გასვლას ავტობუსით ვგეგმავდი. უკვე „თბილისი-მინვოდის” ავტობუსში ვიჯექი და თხუთმეტ წუთში უნდა დავძრულიყავით, როცა ერთი შუახნის კაცი სალონში ამოვიდა და მითხრა:

– თქვენ გვარად გველესიანი ხართ?

– დიახ, – მივუგე უცნობს.

– აი, ძმაო, იმ ნაძვთან რომ წითელი „ნოლშესტი“ დგას, იმის უკანა სალონში ჩაწექი, დამელოდე და ნურაფრის გეშინია. შენს დასაჭერად ერთი კაცი ახლა მილიციას მოიყვანს და თუ არ დაიმალე, შეიძლება, აგაგდონ.

გამორიცხული არ იყო, რომ უცნობი მატყუებდა და მას სატყუარად იყენებდნენ. თუმცა ინტუიცია საპირისპიროს მკარნახობდა. ამიტომ, დავუჯერე და მის მანქანაში დავიმალე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, თავად მანქანის პატრონიც მოვიდა, „ჟიგული“ ადგილიდან დაძრა და მითხრა:

– კიდევ ათი წუთიც გაძელი და შეგიძლია, ამოძვრე. ჩემს სახლში მიმყავხარ. ზემო ვერაზე, კერძო ეზო მაქვს და ამჟამად მარტო ვარ. ჩემები დასასვენებლად არიან. მე ოთარი მქვია.

ათი წუთის მერე ოთარის სახლში ვიმყოფებოდი. ზაფხულის ცხელი საღამო იყო. უკვე დაბნელდა და ნიავიც კი არ იძროდა.

– დიდი მადლობა, ბატონო ოთარ, – ვუთხარი ჩემს მხსნელს და ვთხოვე, – თუ შეიძლება, მომიყევით, რა მოხდა?

– მე, ძმაო, ცოტა შორიდან დავიწყებ და გეტყვი, რომ ყრუ-მუნჯი ძმა მყავს და მუნჯური ლაპარაკი ვიცი, თანაც ტუჩების მოძრაობითაც ვარკვევ, თუ ვინ რას ამბობს. ავტოსადგურზე ვტაქსაობ ხოლმე და როგორც მე მიცნობს ყველა, ასევე, მეც ყველას ვიცნობ. „ჩასნიკებს“ შორის ერთი თამაზაა, მაგარი ნაბოზარი ვინმეა, ძველი ნაძაღლარი. ისეთივე ნაბოზარი ძმაკაცი ჰყავს – ჟორენა. ისიც ტაქსაობს და მათთან არავინ ახლობლობს. ყველანი ვერიდებით. მოკლედ, ვზივარ ჩემს მანქანაში და იმ ორი არაკაცის ლაპარაკს ვშიფრავ ტუჩებით. თამაზამ იმ ჟორენას უთხრა:

– მინვოდის ავტობუსში ერთი პრისტუპნიკი ზის – გველესიანი. ახლა მე წავალ და მილიციას მოვიყვან, შენ კი თვალი არ მოაცილოო.

ის ჟორენა შებერტყილი ვინმეა და თამაზას მიუგო:

– კლიენტი მელოდება, ძმაო, უნდა გავიქცე, იზვინიო. შემდეგ დაქოქა მანქანა და იქაურობას გაეცალა. თამაზა ძაღლებთან გაიქცა, მე კი შენ გითხარი, რომ დამალულიყავი და ახლა კი ჩემთან ხარ, – მითხრა ოთარმა და მკითხა, – ღვინოს ხომ დალევ?

– დავლევ.

– ჰო და, ძალიან კარგი. მე ახლა სუფრას გავშლი და ცოტა წავიქეიფოთ.

ოთარს ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი:

– ეს დამპალი ვცემე, სკოლიდან პედოფილიისთვის გაუშვეს და ჩემი ზუბი აქვს. მე, მართალია, ქურდი ვარ, მაგრამ პატიოსანი ადამიანი არასოდეს შემიწუხებია. ასეთ რამეს არც არასდროს ჩავიდენ.

– ყველა კაი კაცს თავისი გზით გაუმარჯოს: ქურდს ქურდულად, მუშას მუშურად, შოფერს კი შოფრულად, – მითხრა მასპინძელმა და დალია.

ოთართან ხუთი დღე დავყავი. შემდეგ მან თავად ჩამიყვანა „მინერალურ წყლებში“, წარმატება მისურვა და თბილისში დაბრუნდა. მე ათასი მანეთი ვუგრევე. ოთარი ფულის აღებას უარობდა, მაგრამ ვუთხარი:

– ხომ არ გგონიათ, რომ მგზავრობის ფულს გიხდით. უბრალოდ, ძმურ გრევს გიკეთებ.

– კარგი რა, კობრა. კაცი პაბეგში ხარ. მაყუთს იქით უნდა გაძლევდე და როგორ გამოგართვა? – ეუხერხულა ოთარს.

– რომ არ მქონდეს, სხვაა, მაგრამ მაქვს და მინდა, პატივი გცეთ. ამიტომ, უარს ნუ მეტყვით და გამომართვით, – ვუთხარი ჩემს მხსნელს, ფული ბარდაჩოკში ჩავუდე, გამოვემშვიდობე და ჩემს გზაზე წავედი.

რუსეთში ერთი წელი დავყავი და თბილისში რომ ჩამოვედი, ოქროსანას ბაითის ქურდობაზე არავის შევუწუხებივარ, იმიტომ, რომ მისი მფარველი ბობოლა ფუნქციონერი „კაგებემ“ დააპატიმრა და მას უკვე არანაირი გავლენა არ ჰქონდა, რომ მილიციას ჩემი არაოფიციალური დევნა დაეწყო. მაშინ ბესარიონ აბრალავა ჯერ კიდევ ჩვენი რაიონის მილიციის უფროსი იყო.  ქუჩაში მანქანა გამიჩერა, მიხმო და რომ ჩავუჯექი, მითხრა:

– ბედი გაქვს, კობრა, რომ იტყვიან, პერანგში დაიბადე.

– რას გულისხმობთ, ძია ბესო? – თავი გავიშტერე მე.

– ვითომ არ იცი.

– არა. მართლა არ ვიცი.

– ოქროსანას ბაითის დაბომბვა რომ ასე, ხახვივით შეგრჩა, იმას.

– არა, ძია ბესო, ეს ტყუილია.

– თუ ტყუილია, რუსეთში რატომ იმალებოდი?

– არ ვიმალებოდი. უბრალოდ, იქ ვიყავი.

– რაღა მაშინ ჩამოხვედი, როდესაც საფრთხე განეიტრალდა?

– რა საფრთხე, ძია ბესო. თბილისი მომენატრა და ჩამოვედი.

– კარგი. ახლა, რას აპირებ?

– რას უნდა ვაპირებდე? ხომ იცით, რომ მშობლიურ უბანსა და ქალაქში არ ვჩალიჩობ?

– კარგი. წადი. თავისუფალი ხარ. მაგრამ იცოდე, რომ ნაცნობობა და ახლობლობა არ გიშველის და თუკი დააშავებ, არც სასჯელს აგაცდენ.

– გასაგებია. ნახვამდის, ძია ბესო, – ვუთხარი აბრალავას და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, მან კი მითხრა:

– კობრა, მოიცადე.

– დიახ. გისმენ, ძია ბესო.

– კობრა, ოქროსანას ბაითი შენი და ბერძენას დაბომბილია და ეს მე ზუსტად ვიცი, – ნიშნის მოგებით მითხრა აბრალავამ.

– საიდან მოიტანეთ, ძია ბესო?

– ხელწერა ვიცანი, კობრა.

– რა ხელწერა?

– რა და ისე სუფთად გააკეთეთ, კვალი არ დაგიტოვებიათ. გარდა ამისა, ინფორმაცია მოვიდა, რომ ოქროსანას ბაითის გაქურდვის დროს იქ იყავი.

– მტრები მყავს, ძია ბესო, მტრები.

– კარგი, წადი ახლა და ჭკვიანად იყავი, – მითხრა აბრალავამ და მისი მანქანიდან რომ გადმოვედი, წავიდა.

კუნთგანტელას ისეთი ზუბი მქონდა, შემეძლო, შუაზე გამეხია, მაგრამ ქურდული გაგება არ მაძლევდა მისი მოკვლის ნებას. თანაც,  არსად შემხვედრია, და არც მე მიძებნია. რაც შეეხება ჩემს გადამრჩენ, ზემოვერელ ოთარს, ის მეორედაც შემხვდა, თანაც ზონაში.

იმ ამბიდან ხუთი წელი იყო გასული. მე მეორე სროკზე ვიყავი და თბილისის ციხეში ვიჯექი, როცა ოთარი მოიყვანეს. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა, პრაგულკის დროს ჩავეხუტე და ვუთხარი:

– ბატონო ოთარ, ვერ მიცანით?

– კობრა, ძმაო, შენ ხარ?

– მე ვარ. აქ, როგორ მოხვდით?

– როგორ და, კუნთგანტელას გამო. აი, იმ ნაბოზრის გულისთვის, შენ რომ ჩაგიშვა.

– რას ამბობთ, რა შეგემთხვათ?

– ჩვენ ხომ ავტოვაგზალზე ვტაქსაობდით. ჰოდა, კლიენტის წაყვანის გამო ჩხუბი მოგვივიდა. ის ნაბოზარი ჩემზე ბევრად ჯანიანია და მუშტით წამოიწია. რომ არ ვეცემე, მანტიროვკა ჩავარტყი და თავი გავუტეხე. მან კი მიჩივლა და ხულიგნობისთვის ორი წლით გამსროკეს.

– ფუ, მაგის ნაბოზარი დედაც, – ვუთხარი ზემოვერელ ოთარს, – ნუ გეშინია. ორი წელი არაფერია. თანაც, დრო ისე სწრაფად გადის, ვერც კი გაიგებ. ახლა კი ვიჩალიჩებ, რომ ჩვენს კამერაში გადმოგიყვანონ და ჩიტის რძეც არ მოგაკლდება.

ზემოვერელი ოთარი, ჩვენთან შემოასახლეს და ისევე კარგად იყო ციხის პირობაზე, როგორც ჩვენ. ოთხი თვის შემდეგ, ციხეში კუნთგანტელა მოიყვანეს. როგორც გაირკვა, ის ნაბოზარი პედოფილიის მცდელობისთვის დააპატიმრეს. თურმე, თავისი პაძელნიკის, ჟორენას შვილიშვილს უფათურებდა ხელებს. ჟორენამ მილიციაში უჩივლა და დააჭერინა. კუნთგანტელას, რა თქმა უნდა, საქათმე არ ასცდა და ის უბედური ისეთ დღეში ჩააგდეს ქათმებმა, შეიძლება, მტერსაც კი არ უსურვო. შავი კალგოტკები ჩააცვეს გაპარსულ ფეხებზე და სასამართლოზე ასე მიიყვანეს...

– კობრა, ძმაო, ამ ნაბოზრის ცხოვრებას, ახლა რა აზრი აქვს. ჯობია, თავი მოიკლას, – მითხრა ოთარმა, როცა კალგოტკების ამბავი შეიტყო.

– ასეთები თავს არ იკლავენ – მივუგე.

არ შევმცდარვარ, რადგან კუნთგანტელა თავისუფლად შეეგუა კალგოტკიანი პეტუხის როლს და საქათმის მთავარი დიასახლისი გახდა. ეს ისტორია, რა თქმა უნდა, შემზარავია, მაგრამ ციხეში ყველაფერი ხდება. რამდენი ასეთი კუნთგანტელასთვის გამოუტანიათ პატიმრებს უსასტიკესი განაჩენი. დახურული სისტემის მიუხედავად, ციხეში არაფერი იმალება და არც საზღაური აყოვნებს. ბუნებით სასტიკი და სადისტი არ ვარ და არც ჯალათი ვყოფილვარ, მაგრამ სასჯელის აღსრულების პროცესს, ციხეში, არაერთხელ დავსწრებივარ. დღესაც თვალწინ მიდგას, თუ როგორ მოახერხეს თავი „დრუჟბით“ ერთ პატიმარს, რომელიც ჩაშვებაში ამხილეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და იქვე აღასრულეს. ზამთარი იდგა. პატიმრები ხის ჭრაზე ვიყავით გასულები. ქურდები კოცონთან ვთბებოდით და ვსაუბრობდით. ამ დროს ოთხმა პატიმარმა ჩამშვები კოლეგა შეიპყრეს და კუნძზე დაადებინეს თავი. მეხუთე პატიმარმა კი „დრუჟბა“ დაქოქა და სიკვდილმისჯილს თავი მოახერხა... ადმინისტრაციამ აგენტი დაკარგა, მაგრამ მის მკვლელებს ვერ მიაგნეს, რადგან ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა და ჩვენება არავის მიუცია. რა თქმა უნდა, არავინ ისურვა თავმოხერხილის ბედის გაზიარება და ყველა გაჩუმდა. რუსული ანდაზაა: „დუმილი ოქროაო.“ დუმილი და გაუთქმელობა, ანუ, როგორც კლასიკურად იტყვიან: „წრიული თავდებობა“, შავი სამყაროს ერთ-ერთი ქვაკურთხედია. ყბედსა და ენაჭარტალას ჩვენს რიგებში ადგილი არ აქვს და ასეთ ადამიანს სერიოზულად არავინ უყურებს. მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ქურდობაზე ვოცნებობდით, როცა ხუჭუჭამ ყბედალოს უთხრა:

– ყბედალო, ერთი იდეა მაქვს და შენი აზრი მაინტერესებს, რას იტყვი?

– რა იდეა? – ყურები ცქვიტა ყბედალომ, მე კი ხუჭუჭას შევხედე და მივხვდი, რომ ეშაყირებოდა.

– ჯერ ის მითხარი, ქურდობა ხომ არ გადაიფიქრე?

– არა, რას ამბობ, რატომ მეკითხები? – გაიკვირვა ყბედალომ.

– ბიჭო, ქურდულ სამყაროში ყბედობა და ენის ჭარტალი არ მოსულა. შენ კი ყბედალო გქვია და ტეხავს, რომ ქურდს ასეთი სახელით მიმართო.

– აბა, რა ვქნა? – ვერ მიუხვდა ხუმრობას ყბედალო.

– რა და კლიჩკა უნდა შეიცვალო.

– კლიჩკა შევიცვალო?

– ჰო, რა მოხდა მერე? ხალხი სახელსა და გვარს, ეროვნებას იცვლის და დიდი ამბავი, თუ სხვა მეტსახელი დაირქვი.

– სხვა რა? რას მთავაზობ?

 – რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ მე, ყველაზე მეტად ერთი მომწონს.

– აბა, თქვი.

– „ზურიკო მუნჯი“! – სერიოზულად თქვა ხუჭუჭამ და დაამატა, – ჩემი აზრით, სუფთა ქურდული კლიჩკაა.

– ზურიკო მუნჯი? – ხელები გაშალა ყბედალომ და შემომხედა. ხუჭუჭამ კი თვალი ჩამიკრა და მანიშნა, ამყევიო.

– ჰო, ზურიკო მუნჯი, ან, უბრალოდ, მუნჯი, – ვუთხარი ყბედალოს, – სუფთა ქურდული კლიჩკაა და ვფიქრობ, ძალიან მოგიხდება.

– რას იტყვი, – ჩაერთო ხუჭუჭა, – თუ მართლა გინდა ქურდობა, მაშინ შესაბამისი კლიჩკაც უნდა გქონდეს.

– რა გაეწყობა, – ამოიოხრა ყბედალომ, – თუ სხვაგვარად არ გამოდის, მაშინ, მუნჯი დამიძახეთ.

– ზურიკო მუნჯი! – თქვა ხუჭუჭამ, – მარტო მუნჯი არ ივარგებს. რას იტყვი, კობრა?

მე სიცილს ძლივს ვიკავებდი. ამიტომ პაუზა გავაკეთე, ამოვისუნთქე და ვთქვი:

– კი. ზურიკო მუნჯი ჯობია. მაგრამ თითქმის არ უნდა ილაპარაკო.

– არ ვილაპარაკო? – მკითხა ყბედალომ.

– თითქმის, – თავი დავუქნიე ყბედალოს და პირზე ხელები ავიფარე, რომ არ გამცინებოდა.

– მოკლედ, გადაწყდა, ძმაო. დღეიდან შენ ახალი კლიჩკა გაქვს და ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ყბედალო აღარ დაგიძახონ, – უთხრა ხუჭუჭამ ყბედალოს და დაამატა, – გაიგე, ზურიკო მუნჯო?

– გავიგე, ხუჭუჭ, გავიგე, – თქვა დაღონებულმა ყბედალომ, – ქურდულ საქმეს რომ არ სჭირდებოდეს, კლიჩკას ნაღდად არ შევიცვლიდი.

– ჯიგარი ხარ, ზურიკო მუნჯო! შენგან ნაღდი ქურდი დადგება. რაღა დარჩა, ქურდული კლიჩკა უკვე გაქვს და ქურდად კურთხევაღა გინდა, – უთხრა ხუჭუჭამ და მე მომიბრუნდა:

– ხედავ, კობრა? ზურიკო მუნჯმა რამხელა ნაბიჯი გადადგა ქურდობისკენ?

– ვხედავ, – მივუგე ხუჭუჭას, შემდეგ კი სიგარეტს მოვუკიდე, რომ არ გამცინებოდა.

ყბედალო ჩვენს დაცინვას ვერ ხვდებოდა. ხუჭუჭა კი შაყირს აგრძელებდა და მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ ყბედალოსთვის ზურიკო მუნჯი არ ეწოდებინა. ყბედალო კი, თითქოს მეტსახელს მოერგოო, ხმას არ იღებდა, დუმდა და მოწყენილი გვიყურებდა.

– ზურიკო მუნჯო, წარმოიდგინე, უკვე ქურდი ხარ, დიდ ქურდულ სხოდკას ესწრები და ამ დროს აცხადებენ: „სიტყვით გამოვა ზურიკო მუნჯი“, შენ დგები, პირს აღებ, რომ ქურდული სიტყვა თქვა, მაგრამ ხმას ვერ იღებ, – უთხრა ყბედალოს ხუჭუჭამ.

– ხმას ვერ ვიღებ? – თქვა ყბედალომ.

– ჰო. ხმას ვერ იღებ, – მიუგო ხუჭუჭამ.

– კი მაგრამ, რატომ ვერ ვიღებ ხმას? 

– იმიტომ, რომ ზურიკო მუნჯი ხარ და შენი ახალი კლიჩკა არ გაძლევს ამის საშუალებას, – სერიოზულად თქვა ხუჭუჭამ და მკითხა:

– შენ რას იტყვი, კობრა?

– რა უნდა ვთქვა, მართალი ხარ, – ვთქვი მე და ხველება დავიწყე, რომ სიცილი გადამეფარა.

ყბედალო ისე იყო „დაბოლებული“, რომ ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა და გვითხრა:

– მასე არ მაწყობს, ძმებო! კლიჩკა კი ნაღდად ქურდულია, მაგრამ ქურდული სიტყვის თქმაში თუ შემიშლის ხელს და დამაბრკოლებს, მაშინ რად მინდა? მიდი რა, ხუჭუჭ, სხვა კლიჩკა მოიფიქრე.

– მხოლოდ ზურიკო მუნჯი! სხვა კლიჩკა შენ არ მოგიხდება. შეიძლებოდა, ნიკო მუნჯიც, მაგრამ ზურიკო მუნჯი ჯობია. ზურიკო გქვია და იმიტომ. გაიგე, ზურიკო მუნჯო? – უთხრა ყბედალოს ხუჭუჭამ.

– გავიგე, ძმებო, გავიგე, – მორჩილად თქვა დაღონებულმა ყბედალომ, – უბრალოდ, ყბედალოს შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ზურიკო მუნჯსაც შევეჩვევი.

ყბედალოს ბოლო ფრაზაზე, უკვე სიცილი ვეღარ შევიკავეთ და მე და ხუჭუჭა ისე ავხარხარდით, ჩვენი ხმა ალბათ რუსთაველზეც ისმოდა. ყბედალომ ორიოდე წუთი გვიყურა, ვერ ხვდებოდა, რა დაგვემართა. ბოლოს ყველაფერს მიხვდა. თავში ხელი შემოირტყა და სანამ ქვევით დაეშვებოდა, გვითხრა:

– მეკაიფეთ, ხომ, თქვე უნამუსოებო.

ყბედალო ისე გაგვინაწყენდა მე და ხუჭუჭას, რომ სამი დღე ხმა არ გაუცია. როცა შევრიგდით, მითხრა:

– ხუჭუჭასგან ასეთი რამ არ მიკვირს, მაგრამ შენგან ნამდვილად არ მოველოდი და „ზურიკო მუნჯი“ იმიტომ ვჭამეო...

შაყირი და უბოროტო დაგოიმება ჩვეულებრივი მოვლენაა პატიმრებს შორის და ასეთი რამ ციხეებსა და ზონებში გართობის ერთ-ერთი ფორმაა. ასეთ რამეს ძირითადად ახალბედა, გამოუცდელ პატიმრებს უკეთებენ და ხალისობენ. თუმცა, ზოგჯერ საპირისპიროც ხდება და ერთი „შებერტყილი“ პატიმარი აბითურებს ყველას. პირველ სროკზე რომ წავედი, მსგავსი რაღაცეების თეორიული გამოცდილება მქონდა, თანაც ქურდებმა ქსივაც შემოუშვეს და ჩემი გაშაყირება არავის უცდია. წინასწარი პატიმრობის დროს, სანამ ქურდულ „კამერაში“ გადავიდოდი, „ობშჩიში“ მომათავსეს. იქ ორმოცი პატიმარი ვიმყოფებოდით და ძირითადად სხვადასხვა ოხუნჯობით ვერთობოდით. ხშირად ეს ბაზარში გაგზავნა იყო. მოძველებული და თითქმის ყველასთვის ნაცნობი ტრიუკი. მისი არსი კი ის არის, რომ კამერაში ახალმოყვანილ ახალბედა პატიმრებს, თანასაკნელები ფულს უგროვებდნენ, უზარმაზარ კალათას აძლევდნენ და ბაზარში უშვებდნენ პროდუქტების მოსატანად. დაბოლებული პატიმარი ვერ იაზრებდა, რომ „სვაბოდაზე“ მას არავინ გაუშვებდა და საკნის კარზე იწყებდა ბრახუნს:  მორიგეს ბაზარში გაშვებას სთხოვდა. როცა გაბრაზებული მორიგე აბეზარ ახალბედას შემოუწყრებოდა ხოლმე, საკნის ყველა პატიმარი ერთდროულად ხარხარებდა და მხოლოდ ამის მერე ხვდებოდა ახალბედა, რომ გააბითურეს... ჩვენს საკანში მსგავსი საქმის ორგანიზატორი იყო ოთხჯერ ნასამართლევი, რეციდივისტი, მეტსახელად „დაირა.“ სწორედ ის ააგდებდა ხოლმე ბაზრის „პონტს“ და შოუც იწყებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს საკანში ოციოდე წლის ბიჭი შემოგვისახლეს, რომელიც ძალიან დაბნეული ჩანდა და თითქმის ხმას არ იღებდა. „დაირამ“ თვალი ჩაგვიკრა, რაც იმას ნიშნავდა, ბაზარში გავუშვათო. შემდეგ ახალმოსულთან მივიდა და უთხრა:

– მე დაირა ვარ. შენი სახელი, ძმაო?

– სალამურა, ძმაო, – მიუგო ახალმოსულმა.

– სალამურა? – ჰკითხა დაირამ.

– ჰო. ასეთი უცნაური სახელი მქვია. დედაჩემს სალომე ჰქვია, მამაჩემს – ამური. ეს სახელები შეაერთეს და გამოვიდა სალამური. ყველას უკვირს და ეცინებათ.

– ვისი რა საქმეა, ძმაო, სალამურა გერქმევა თუ საქსოფონი. მთავარია, კარგი კაცი იყო. რისთვის დაგიჭირეს.

– სახელის გამო.

– ეგ როგორ?

– როგორ და, ღამით სახლში ვბრუნდებოდი მუსიკალური სასწავლებლიდან. სადირიჟოროზე ვსწავლობ და ოპერაში პრაქტიკებზე ვიყავი. მილიციის რეიდში მოვყევი. პასპორტი თან არ მქონდა და სახელი რომ მკითხეს და ვუთხარი, სალამურა მქვია-მეთქი, მილიციელმა ჯერ დამცინა, შემდეგ მითხრა, ნამდვილი სახელი მითხარიო. რომ ვუპასუხე, მართლა სალამურა მქვია-მეთქი, მილიციელმა შემაგინა. ვერ მოვითმინე და მეც შევაგინე. იმათმა კი დამცხეს და მეც ხელი შევუბრუნე. შემდეგ განყოფილებაში წამიყვანეს და ხულიგნობა გამიფორმეს. როდესაც გაიგეს, მართლა სალამურა მერქვა, ოქმი სხვანაირად შეადგინეს. მოკლედ, ჩემმა სახელმა დამღუპა.

ახალმოსულის სევდიანმა ისტორიამ დაირასაც კი გული მოულბო და შევატყვე, ყოყმანობდა, გაეშვა თუ არა სალამურა ბაზარში. ბოლოს, მაინც გაშვება გადაწყვიტა და უთხრა:

– გულს ნუ გაიტეხ. ყველაფერი კარგად იქნება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3