კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

***

იმ ღამეს ისევ საშინლად ეჩხუბა ნანიტას. ისევ საშინელი სკანდალით დამთავრდა მათი ალერსი. თუმცა, რა ალერსი, იმის მერე, რაც ნანიტამ ვიღაც მეძავთან წაასწრო საკუთარ საწოლში, არანაირი ალერსი აღარ ჰქონიათ. ეს უფრო ძალადობა იყო, ვიდრე სექსი ცოლ-ქმარს შორის. მას შემდეგ, როგორც კი დიმიტრი მოფერებას დააპირებდა, ნანიტა ყველანაირად ცდილობდა, თვიდან აეცილებინა მისი სექსუალური აფეთქებები და, როცა ვერანაირი წინააღმდეგობის გაწევით ვეღარ იგერიებდა გახელებულ ქმარს, რომელიც გაკვირვებული და თან გაბრაზებული ეკითხებოდა უარის მიზეზს, მაშინვე იმას მიახლიდა პირში, წადი და შენს ლიზასა და მარინას ებღლარძუნეო (მარინას შესახებ ვიღაც „კეთილისმსურველმა“ დაურეკა ნანიტას, მერე კი მანქანაშიც დაინახა ერთად, მაგრამ, ქალების სახელები ვისგან გაიგო მისმა ცოლმა, დიმიტრის წარმოდგენა არ ჰქონდა). ყოველ შესაძლო შემთხვევაში ასეთი წამოძახება დიმიტრის ისე აცოფებდა, რომ მხეცად იქცეოდა ხოლმე და ცოლს ძალით იმორჩილებდა. შემდეგ კი, დამცირებულსა და აქვითინებულს, მიატოვებდა და სახლიდან გარბოდა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ახლაც ასე მოიქცა. გამთენიისას წამოხტა ლოგინიდან, სასწრაფოდ ჩაიცვა და კიბეებზე სირბილით დაეშვა. „მერსედესი“ ავტოფარეხიდან გამოიყვანა, კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. სიბრაზისგან მთელი სხეულით კანკალებდა. სახეზე მომსკდარი ოფლი ცხვირსახოცით მოიწმინდა და შუბლი ცივ მინას მიაყრდნო. ესიამოვნა მინის სიგრილე და გაირინდა. შეეცადა, დაწყნარებულიყო და კარგად მოეფიქრებინა, სად წასულიყო.

– ლიზასთან წავალ! – იყვირა მთელი ხმით, – ჯერ ლიზასთან, მერე კი მარინასთან! ვერ დავაჯერე, რომ მას შემდეგ არც ერთს აღარ შევხვედრივარ; ისიც კი არ ვიცი, სად არიან ან როგორ არიან. ჰოდა, ნუ სჯერა! ორივესთან მივალ მაგის ჯინაზე! ნერვებს მაინც არ ამიშლის არც ერთი! – ამ პატარა მონოლოგის შემდეგ დიმიტრიმ მანქანა დაქოქა და დიღმის მასივისკენ გასწია. ყოველი შემთხვევისთვის, მობილურით მაინც დაურეკა ლიზას, რომ გაეგო, სახლში იყო თუ არა.

დაახლოებით მეათე ზარის შემდეგ ყურმილში ოდნავ ჩახლეჩილი, ნამძინარევი და უკმაყოფილო ხმა გაისმა:

– გისმენთ!

– ლიზა, მე ვარ!

– ვინ შენ?

– დიმიტრი.

– რომელი დიმიტრი?

დიმიტრიმ იგრძნო, რომ, სადაცაა, გაგიჟდებოდა. ნერვები აღარ ჰყოფნიდა, ამ პუტანას სისულელეები მოესმინა, ძლივს მოთოკა თავი.

– სადმე გასვლას ხომ არ აპირებ?

– აბა, მთელ დღეს სახლში ხომ არ ვიჯდები? მერე შენ შემინახავ? – გამომწვევად უპასუხა ლიზამ.

– ენა დაიმოკლე და ფეხი არსად გაადგა, შენთან მოვდივარ! – დიმიტრიმ მობილური გათიშა და მასივისკენ გადაუხვია. ორიოდე წუთის შემდეგ ერთ-ერთ კორპუსთან გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა და ჭუჭყიან სადარბაზოში შევიდა.

– როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ასეთ სიბინძურეში, – ჩაილაპარაკა თავისთვის და ოდესღაც თეთრად შეღებილ კარს მიადგა. ზარის ღილაკიდან თითი არ ჰქონდა აშვებული, რომ კარი მაშინვე გაიღო. საკმაოდ ბნელ ჰოლში ლიზა იდგა – ნამძინარევი, გაწეწილი, მოუვლელი. გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს ჰგავდა, რომელსაც ჯერ ქალის ფორმებიც კი არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლიზა უაზროდ უყურებდა და საოცრად უსუსური და უმწეო ჩანდა.

„ღმერთო ჩემო, სულ მთლად ბავშვია!“ – გაიფიქრა დიმიტრიმ და დაბნეულმა შეაბიჯა კოლოფისხელა ბინაში.

– მარტო ხარ? – რატომღაც, ჩუმად ჰკითხა და ეს „ღამის პეპელა“ უცნაური შიშით შეათვალიერა, – რა მოგივიდა?

ლიზამ დაამთქნარა და პირზე ხელის ზურგი აიფარა. მერე თმა გაისწორა და კარს უკან კედელზე უხეიროდ მიმაგრებულ ჩამრთველს დააჭირა თითი.

– აა, შენ ხარ? მეც არ მეგონა, ვინ დიმიტრი მირეკავდა ამ უთენია! – უთხრა ზმორებით და ოთახში შეუძღვა, – რადგან აქამდე მოხვედი, ბარემ, შიგნითაც შემოდი. ხომ მშვიდობაა?

დიმიტრიმ მექანიკურად დაიხედა მაჯაზე და მართლა გაოცდა, არ ეგონა, თუ ასე ადრე იყო – საათის ისრები რვის ნახევარს უჩვენებდა.

– მარტო ხარ? – გაუმეორა დიმიტრიმ კითხვა და გარშემო მიიხედ-მოიხედა.

– როგორც ყოველთვის, – ზმორებით უპასუხა ლიზამ, – ხომ იცი, სახლში არავის ვიღებ, შენ იყავი ერთადერთი გამონაკლისი, ისიც –  ხანდახან. თანაც, ამ ბოლო დროს კარგად ვერ ვგრძნობ თავს და არავის დანახვა არ მინდა, – ლიზამ წარბები აწკიპა, სავენებელი თითი ასწია, თვალები მოჭუტა და დამარცვლით წარმოთქვა: – პრედსტავ სებე, თვით მისი უდიდებულესობა დოლარების ფასადაც კი.

– ცუდად ხარ? რა გჭირს? – თავისდა გასაკვირად, დიმიტრის შეეცოდა ეს საბრალო ადამიანი.

– სხვათა შორის, რაც მჭირს, შენი წყალობით დამემართა, ყმაწვილო! – გაუთამამდა ლიზა და ეს „ყმაწვილო“ ისე დამამცირებლად გაისმა ამ გამსლეკილი გოგოს ბაგიდან, თითქოს მის წინ მამის ტოლი კაცი კი არა, მეხუთეკლასელი ლაწირაკი მდგარიყო.

– როგორ თუ ჩემი წყალობით?! – ისე გაბრაზდა დიმიტრი, რომ „ყმაწვილოსთვის“ დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია.

– როგორ და, ისე, მოი დარაგოი, აბა, გამოიცანი! როცა არ გაწყობთ, რა მიუხვედრელები ხართ ეს კაცები! – უცებ გაწიწმატდა ლიზა.

„ღმერთო, რას ჰგავს! – გაიფიქრა დიმიტრიმ, – ამასთან როგორ ვწვებოდი, ნამდვილი სადგურის კახპაა!“

– თქვენ რა გიჭირთ, – განაგრძობდა ლიზა, – ისიამოვნებთ, დროს გაატარებთ და მერე აითესებით! კაკ რაზ, კარგ დროს მობრძანდი, ვაჟბატონო! ის ორი კაპიკი, რაც ბოლოს მომეცი, ერთ ექიმსაც კი არ ეყო და შენ გამო ქვეყნის ვალი დავიდე. ამიტომ, ახლა ნება იბოძე და გაისტუმრე. სხვათა შორის, მკურნალობა ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია!

– რისი მკურნალობა? მე რა უნდა გადამედო შენთვის? – ფეხებში სისუსტე იგრძნო დიმიტრიმ, – რა დაგემართა? – მერე ლიზა ფანჯარასთან მიიყვანა და სახეზე დააკვირდა. ამ საცოდავ არსებას თვალები ჩაშავებოდა, ტუჩები გაფითრებოდა და უპატრონო ბავშვს ჰგავდა, მაგრამ, ერთი შეხედვით მიხვდებოდა კაცი, რომ მის წინ მსოფლიოში უძველესი პროფესიის წარმომადგენელი იდგა.

უყურებდა დიმიტრი უპატრონობით გზას აცდენილ, ჯერ კიდევ მთლად ახალგაზრდა გოგოს და, რატომღაც, სულაც აღარ აღიზიანებდა ამ პატარა მეძავის უტიფარი, თავხედური და გამომწვევი მზერა.

– შენ რა, კაიფი ხომ არ დაიწყე, რას გიგავს სიფათი? – ჰკითხა დიმიტრიმ დაეჭვებით.

– მე მეძავი ვარ, ნარკომანი კი არა! – ისე ამაყად უთხრა ლიზამ, რომ დიმიტრის ხმამაღლა გაეცინა, – შეურაცხყოფას ნუ მაყენებ! ხომ იცი, ვერც „წამალს“ ვიტან და ვერც კაიფარიკებს!

– აბა, გისმენ! მითხარი, რას მკურნალობ და ყველა ხარჯს მე დავფარავ! ოღონდ, იცოდე, არ მომატყუო, თორემ, კაპიკსაც ვერ მიიღებ, – უთხრა დიმიტრიმ და თვითონაც გაუკვირდა თავისი სიტყვები, მაგრამ, ისეთი გულდამწვარი იყო ლიზას საცოდაობით, რომ ეს ფრაზა აბსოლუტურად გულწრფელად უთხრა.

– რატომ უნდა მოგატყუო? თუ არ გჯერა, წამომყევი ქალთა კონსულტაციაში და თვითონ ჰკითხე ექიმს! – ლიზა ფანჯარას მოშორდა და სავარძელში ჩაჯდა, – დაჯექი, ყველაფერს სიმართლეს გეტყვი.

დიმიტრი სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და ყველაზე უარესის მოსასმენად მოემზადა.

– ამ ორი თვის წინ, – დაიწყო ლიზამ, – ვიგრძენი, რომ თავბრუ მეხვეოდა. ეს რამდენჯერმე გამიმეორდა. თავს სუსტად ვგრძნობდი და მალე ვიღლებოდი. ერთი-ორჯერ გულიც წამივიდა. კიდევ კარგი, იმ ღამეს ჩემი დაქალი დარჩა ჩემთან. ის რომ არ ყოფილიყო, ერთი თვის შემდეგ მიპოვნიდნენ მკვდარს, რომ ავყროლდებოდი, მერე.

დიმიტრის გააჟრჟოლა. ცოტაც და, ლამის თვითონ წასვლოდა გული. ბოლოს, როგორც იქნა, თავი ხელში აიყვანა.

– მერე? – მოკლედ იკითხა.

– რა „მერე“? მერე ის, რომ ჩემს დაქალს კარის მეზობელი ჰყავს ექიმი, კეთილი ქალია და ის მოიყვანა ჩემს გასასინჯად. სანამ ექიმი მოვიდოდა, თავს ვიწყნარებდი, ალბათ, რამემ მაწყინა-მეთქი, მაგრამ…

– მაგრამ?! – სავარძლიდან წამოიწია დიმიტრი.

– მაგრამ ის, დარაგუშა, რომ თითქმის ოთხი თვის ფეხმძიმე ვყოფილვარ და არც ერთმა გინეკოლოგმა არ ითავა აბორტის გაკეთება. იძულებული გავხდი, თვითონ მეჩალიჩა რაღაცეები და, შედეგად ის მივიღე, რომ კინაღამ გაღმა გავედი მარილზე – სისხლი მომეწამლა, მერე რაღაც წამალზე ალერგია მომცა და, ერთი სიტყვით, ძლივს გადამარჩინეს. ოთხი დღის წინ გამომწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ, მკურნალობა კიდევ ორ-სამ თვეს გაგრძელდება. ამ პერიოდში, ცხადია, ვერც ჩემს კლიენტებს მივიღებ. ხომ არ მეტყვით, ბატონო დიმიტრი, ამ ხნის განმავლობაში რით უნდა ვირჩინო თავი? ხომ იცი, რომ, როგორც ცხონებული ფუფალა იტყოდა, ამ ქვეყანაზე მინდვრის თაგვივით მარტო ვარ?

– ანალიზები როგორი გაქვს? – მზრუნველად ჰკითხა დიმიტრიმ, თვითონაც არ იცოდა, ასე რატომ აუჩუყა გული ლიზას მდგომარეობამ.

ლიზამ უცნაური ტონი კი იგრძნო, თუმცა, ვერაფერს მიხვდა და მშვიდად უპასუხა:

– ახლა შედარებით უკეთესი. ყველაფერი ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას, მაგრამ, წამლები ღირს ძალიან ძვირი და, კიდევ… – ვითომ მოერიდა თქმა.

– რა „კიდევ“? – ჩაეკითხა დიმიტრი.

– კიდევ ის, რომ გაძლიერებული კვება გჭირდებაო, ექიმმა. ბევრი სისხლი დავკარგე და…

დიმიტრის ისიც კი არ უკითხავს, ვისგან დაორსულდა ლიზა – მისთვის ახლა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მას არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ლიზას ავადმყოფობაში.

– რამდენი დაგიჯდა მკურნალობა? – მოულოდნელად იკითხა დიმიტრიმ.

– საკმაოდ ბევრი, – გამომწვევად უპასუხა ლიზამ.

– მაინც რამდენი? ხუთასი? ათასი? ორი ათასი თუ უფრო მეტი?

– დაახლოებით ორი ათასი, პლუს, იძულებითი შვებულება, პლუს მორალური ზიანი, რომ აღარაფერი ვთქვა ფიზიკურზე! თან, ექიმმა მითხრა, შვილი აღარასოდეს გეყოლებაო… – ისევ სითავხედე შეეპარა ლიზას ხმას.

– აჰა, შენ, ათასი დოლარი, დანარჩენი კი იმან მოგცეს, ვისგანაც დაორსულდი! – ბოლო წუთს მეტის მიცემა დაენანა დიმიტრის. მე შენთან პრეზერვატივის გარეშე არასდროს ვწოლილვარ. ასე რომ, მამიკო სხვაგან ეძებე, დარაგუშა! – ბოლო სიტყვა დიმიტრიმ ხაზგასმით და ირონიით წარმოთქვა, მერე სავარძლიდან წამოდგა, ჯიბიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე დაყარა.

ლიზა ვერ მიხვდა, ასე რამ იმოქმედა დილაუთენია მოულოდნელად შემოჭრილ, რამდენიმე თვის უნახავ ყოფილ კლიენტზე, რომ, იმდენი ფული დააყრევინა, რამდენსაც ნახევარი წლის „მუშაობით“ ვერ იშოვიდა. აღელვებული დიმიტრი კი ერთმანეთზე აწყობდა ჟურნალების მაგიდაზე მოფანტულ ასდოლარიანებს და, ანგარიშმიუცემლად, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, ბურტყუნებდა:

– აჰა, შენ ფული! კიდევ მოგცემ, ყოველთვის მოგცემ, ოღონდ მაგ საქმეს დაანებე თავი, გესმის? რამე სხვა საქმე მოძებნე და ყოველთვის დაგეხმარები. სხვა საქმე მოძებნე და თავს გაუფრთხილდი, გაიგე? ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ სასიკვდილოდ, არადა, თუ ასე გააგრძელე, მალე მოკვდები! გამიგე? – იღრიალა ბოლოს და მაგიდას მთელი ძალით დასცხო მუშტი.

ლიზას შემდეგ დიმიტრიმ მარინასთან მისვლა გადაწყვიტა – ძალიან ჰქონდა ნერვები აშლილი და იფიქრა, მასთან ცოტა დავწყნარდებიო.

ვინ იყო მარინა დიმიტრისთვის? არც არავინ. შემთხვევითი ქალი, 40-ს გადაცილებული, საკმაოდ კარგად შენახული შინაბერა, რომელიც თანამშრომლის შვილის ქორწილში გაიცნო (სადაც ცოლის გარეშე იყო წასული) და მერე, რატომღაც, სახლამდე მიაცილა მანქანით. საკმაოდ შემთვრალმა ქალმა „კავალერი“ სახლში მიიპატიჟა ყავაზე, რაზეც დიმიტრიმ ზრდილობის გამო ვერ უთხრა უარი (საერთოდ, ასეთ სიტუაციებში ძალიან „ზრდილობიანი“ იყო ხოლმე). მერე ყავას კონიაკი მოჰყვა, მერე – კარგი „ბლუზი“, მერე – ცეკვა, მერე – კოცნა და… მერე, რატომღაც, მარინამ გადაწყვიტა, რომ სწორედ იმ ღამეს და სწორედ დიმიტრისთვის ჩაებარებინა წლების განმავლობაში საკმაოდ მყარად და საიმედოდ შენახული ქალწულობა… შემდეგ  შეხვედრები გაგრძელდა, მაგრამ, დიმიტრის უკვე აღიზიანებდა მტკიცედ გამჯდარი შინაბერული „ზამაშკები“, განსაკუთრებით კი ტრადიციებისა და მორალის დამცველი ლოზუნგებით ლაპარაკი უშლიდა ნერვებს და, ისედაც აპირებდა მასთან დაშორებას, მაგრამ, ვერ მოასწრო – გაიგო ნანიტამ მათი ურთიერთობის შესახებ და…

უკვე 9 საათი სრულდებოდა.

„დღეს შაბათია, სახლში იქნება. თუ სძინავს, არა უშავს, გავაღვიძებ!“ – გაიფიქრა და საბურთალოსკენ გადაუხვია.

ვაჟა-ფშაველაზე რომ გავიდა, მობილურით მარინას დაურეკა, მაგრამ, ყურმილი არავინ აიღო.

– ნეტა სად წავიდა ამ უთენია? მობილური მაინც ჰქონდეს ამ ჩემისას! – გაბრაზდა დიმიტრი.

ბედად, ლიფტი მუშაობდა. მეშვიდე სართულზე ავიდა და შუა კარის ზარს დააჭირა თითი. დიდხანს რეკა, მაგრამ, არავინ გამოეხმაურა. ის იყო, დააპირა, მეზობელთან დაეკაკუნებინა, რომ უცებ გვერდითა საკეტმა გაიტკაცუნა და ოდნავ შეღებული კარიდან მოხუცი ქალის ცნობისმოყვარე თვალები  გამოჩნდა.

– მარინა სახლში არ არის, ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ? – ჰკითხა მოხუცმა ოდნავ ბოხი ხმით და დიმიტრი თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

„ჭორის მამიდა!“ – გაიფიქრა დიმიტრიმ, თუმცა, რატომღაც, მაშინვე კეთილად განეწყო მის მიმართ და უცებ სურვილი გაუჩნდა, ამ ქალს მოსწონებოდა და მისი ნდობა დაემსახურებინა, რადგან, მიხვდა, რომ მას არა ვიღაც ცნობისმოყვარე მოხუცი, არამედ, საკუთარ ღირსებებში დარწმუნებული ძველი არისტოკრატი ესაუბრებოდა, აი, ისეთი, ძველ ფოტოებზე რომ ჰყავდა ნანახი.

– მომიტევეთ, ქალბატონო! – თავისდაუნებურად მაღალფარდოვნად მიმართა დიმიტრიმ, – ხომ ვერ მეტყვით, მარინა სად არის?

– თქვენ ვინ ბრძანდებით? – ისევ ჰკითხა მოხუცმა. როგორც ჩანს, დიმიტრის მაღალფარდოვანმა მიმართვამ მართლაც გამოიწვია ნდობა, რადგან, კარი ბოლომდე გააღო. 

– მე… მე ამხანაგი ვარ, თანამშრომელი. რაღაც საქმე მქონდა და… – დაიბნა დიმიტრი.

– რატომ ნერვიულობთ, ყმაწვილო, რამ დაგაბნიათ? რა გქვიათ?

– დიმიტრი, – უპასუხა პატარა ბიჭივით მორჩილად, მაგრამ, უცებ სახე აელეწა და ძლივს შეიკავა თავი, რომ რამე უხეშად არ ეთქვა.

„ამის ყმაწვილიც გავხდი! გაგიჟდება კაცი! თვრამეტი წლის მეძავისთვისაც და ოთხმოცი წლის არისტოკრატისთვისაც ყმაწვილი რომ იქნები, რაღა მოგკლავს!“ – გაიფიქრა გაღიზიანებულმა და ისევ დააპირა რამე მწარე სიტყვის თქმა, მაგრამ, უცნაური მოხუცის ჭკვიანმა თვალებმა და საოცრად ძველებურმა, კდემამოსილმა გარეგნობამ, უნებური მოწიწება გამოიწვია: სადად დავარცხნილი თეთრი თმა, ძალიან თეთრი, წვრილად დანაოჭებული სახე, დიდი ცისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები, მაღალი ყელი და, რაღაცნაირი, ძალიან ქალური, ყველა ასაკს რომ უხდება, ისეთი კეკლუცი გამოხედვა; თეთრი, ჟაბოებიანი ძველებური ბლუზა და გრძელი, სწორი ქვედაბოლო ისე საოცრად უხდებოდა მარჯვენა ხელში მომარჯვებულ პენსნესა და მარცხენა ხელის თითებში მოხდენილად გარჭობილ ქარვის გრძელ მუნდშტუკს, რომ მოხიბლულმა დიმიტრიმ გაიფიქრა: „ალბათ, ასეთი იქნებოდა მერი შერვაშიძე სიბერეში“, თქმით კი ის უთხრა, რაც იმ წუთში მართლა იგრძნო:

– თქვენმა მშვენიერებამ დამაბნია, მოწყალეო ქალბატონო. ნება მიბოძეთ, ხელზე გეამბოროთ!

მოხუცმა ნება დართო და მოწყალედაც გაუღიმა. სადარბაზოდან გამოსული დიმიტრი კი მთელი გზა იმას იხსენებდა, რომელი წიგნიდან ახსოვდა ის ფრაზა, რომლითაც მოხუცს მიმართა, მაგრამ, ვერაფრით ვერ გაიხსენა.

გარდა ხელზე ამბორისა, მოხუცმა პატივი დასდო დიმიტრის და აცნობა, რომ მარინა თავს კარგად გრძნობდა, ორი კვირის წინ კი რაიონში წავიდა, რადგან, მამა გარდაეცვალა და ორმოცამდე არ ჩამოვიდოდა.

დიმიტრი გაღიზიანდა, რომ ნანიტას სამაგიერო ვერ გადაუხადა – ვერც ერთ „ნაშასთან“ ვერ დარჩა იმ ღამით, უცხო ქალის ძებნის ნერვები კი არ ჰქონდა. თან, მაინცდამაინც ქალთან ყოფნის მოთხოვნილება კი არ ჰქონდა, უნდოდა, ნანიტას ჯინაზე სწორედ ლიზასთან ან მარინასთან გაეტარებინა ის ღამე, მაგრამ, ეს ჩანაფიქრი ჩაეშალა და აღარ იცოდა, რა ექნა. სახლში დაბრუნება გამორიცხული იყო – იცოდა, ცოლთან ისევ უსიამოვნება მოუვიდოდა და არ იყო ამის განწყობაზე. ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ ძმაკაცს დაურეკა:

– დათკა, დიმიტრი ვარ. სახლში ხარ?

– ჰო, ცოლ-შვილი სიდედრთან გავუშვი შაბათ-კვირას და ჯერჯერობით მარტო ვნებივრობ, საღამოსთვის კი, შეიძლება, რამე კარგი ვარიანტი გავაჩალიჩო. არ გინდა, შემოგვიერთდე? კარგად გავერთობით.

– მოვდივარ. რამე წამოვიღო?

– თუ გინდა, ქალებისთვის ნაყინი წამოაყოლე, დანარჩვენი ყველაფერი მაქვს.

– კარგი, თხუთმეტ-ოც წუთში მანდ ვიქნები, – დიმიტრიმ „მერსედესი“ დაქოქა და კმაყოფილმა ჩაიხედა მანქანის სარკეში – იცოდა, რომ იმ ღამეს მხიარულ საზოგადოებაში გაატარებდა, თან კარგად გაერთობოდა და ცოლსაც გადაუხდიდა სამაგიეროს.

***

დიმიტრი უკვე იმ დონეზე მომჯობინდა, რომ ექიმმა პალატაში გავლის უფლება მისცა. რა თქმა უნდა, მზია არავის ანებებდა თავისი „ობოლი ბიჭის“ რამდენიმენაბიჯიან „გასეირნებას“ – ამოუდგებოდა გვერდით, მის დასუსტებულ ხელს მხარზე გადაიდებდა, თვითონ წელზე მოხვევდა თავის გამოცდილ და ძლიერ მკლავს და ხელახლა ასწავლიდა სიარულს.

– აბა, ბატონო დიმიტრი, ჯერ მარჯვენა ფეხი გადადგი და მარცხენას დაეყრდენი, ნელა, ნელა, ნუ ჩქარობ და ნურც ნერვიულობ. პატარა ნაბიჯი, პატარა, თორემ, წონასწორობას დაკარგავ, – როგორც პატარა ბავშვს, ისე ელაპარაკებოდა ექთანი დიმიტრის, თან სახეზე ალმური ასდიოდა და ტანში ბედნიერი ჟრუანტელი უვლიდა, რადგან, თავის მხარზე გადადებული მოდუნებული ხელიდან წამოსულ საოცარ სითბოს გრძნობდა. მართალია, მზია ხვდებოდა, რომ დიმიტრის მის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა (ცხადია, როგორც ქალის მიმართ), მაგრამ, თავისი უკვე სათაყვანებელი მამაკაცის ოდნავი შეხებაც კი ლამის გონებას აკარგვინებდა.

დაახლოებით ერთი კვირის თავზე, როცა დიმიტრიმ თითქმის დამოუკიდებლად შეძლო ტუალეტამდე მისვლა და საწოლამდე დაბრუნება, ქებაძემ მის ძმას, გიორგის დაურეკა და საავადმყოფოში მისვლა სთხოვა.

– ბატონო გიორგი, დიდხანს აღარ მოგაცდენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ, – უთხრა პროფესორმა მისალმების შემდეგ, – მე თვითონაც გაოცებული ვარ შედეგით. როგორც ჩანს, სასწაულები მართლაც ხდება. ყველაფერი იმ დონეზე კარგად მიდის, რომ, სიმართლე გითხრათ, ცოტათი მეშინია კიდეც.

– თქვენ და მთელი თქვენი პერსონალი ისე თან გადაჰყევით ჩემს ძმას, ალბათ, მკვდარიც რომ ყოფილიყო, მაინც გააცოცხლებდით. სასწაულები არ ხდება, ბატონო ირაკლი, სასწაულებს ადამიანები ახდენენ.

– სასწაულებს ღმერთი ახდენს, ჩემო კარგო.

– დიახ, მაგრამ, ადამიანების მეშვეობით. რომ არა სწორი მკურნალობა და კარგი მოვლა, ეს შედეგი, ალბათ, არ გვექნებოდა.

– ჰო, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნივშნელოვანია, მაგრამ, ერთი რამ მაინც უმთავრესია... – პროფესორმა ღიმილით შეხედა გიორგის.

– რა არის ის უმთავრესი რამ? – ვერ მოითმინა გიორგიმ.

– სიცოცხლის წყურვილი, ჩემო კარგო, გადარჩენის სურვილი და იმედი. თუ ავადმყოფმა ხელი ჩაიქნია, შეიძლება, ყველაზე მარტივი დაავადებით გარდაიცვალოს და, პირიქით – როცა ძლიერია სიცოცხლის სურვილი, ის აუცილებლად გადარჩება.

– აუცილებლად?! – გაუკვირდა გიორგის.

– ყოველ შემთხვევაში, რაღაც დროით მაინც გაუხანგრძლივდება სიცოცხლე, თუ, რა თქმა უნდა, რამე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, – თქვა პროფესორმა და სტუმარს სავარძელზე მიუთითა, – დაბრძანდით, ბატონო გიორგი. ლაპარაკს შევყევით და დაჯდომაც კი არ შემოგთავაზეთ.

– არა უშავს, – გიორგი სავარძელში ჩაჯდა და ქებაძეს მიაჩერდა, – ბატონო ირაკლი, რატომ დამიბარეთ, ხომ მშვიდობაა?

– დიახ, როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი კარგადაა. აქ მოსვლა კი იმიტომ გთხოვეთ, რომ კვირის ბოლოს საავადმყოფო რემონტის გამო იკეტება. თუ გახსოვთ, თავიდანვე გითხარით, რომ ასე მოხდებოდა.

– დიახ, მახსოვს. ესე იგი, კვირის ბოლოს დიმიტრი უნდა წავიყვანოთ. მაგრამ, უკვე არის იმ მდგომარეობაში, რომ სახლში მივხედოთ?

– ბატონო გიორგი, ოდნავ საეჭვოდაც რომ იყოს საქმე, სახლში კი არ გაგატანდით, სხვა კლინიკაში გადავიყვანდი. მაგრამ, თქვენს ძმას ახლა შინაური გარემო უფრო მოუხდება. მკურნალობასა და ვარჯიშებს სახლში განაგრძობთ. დანიშნულებას, ცხადია, გაგატანთ და ყოველ დილა-საღამოს მექნება თქვენთან კონტაქტი. დაახლოებით კვირაში ერთხელ კი, მე თუ არა, ჩემი ასისტენტი მოინახულებს. ასე რომ, ნუ ღელავთ, ყველაფერი უშუალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ იქნება.

– მაგრამ, მე როგორ უნდა ჩავუტარო პროცედურები?

– რატომ თქვენ, ბატონო გიორგი, ჩვენი ექთანი გამოგყვებათ. ხომ გახსოვთ, მზია ჰქვია. მოყვანის დღიდან წუთით არ შორდება, ყველაფერს თავისი ხელით უკეთებს. ის კი არა, ხანდახან ლამის მეც გამაკონტროლოს, რამე ხომ არ შემეშალა, – გაეცინა ქებაძეს, – რომ შევთავაზე, დიმიტრის სახლში ხომ არ მოუვლი-მეთქი, ისე ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი, ისიც კი არ უკითხავს, რა რეჟიმით უნდა იმუშაოს თქვენთან ან რამდენს გადაუხდით.

– კარგია, რომ კიდევ არსებობენ საქმის ასეთი ერთგული და პროფესიონალი კადრები, – გაუხარდა გიორგის, – ანაზღაურებას კი იმდენს მიიღებს, რამდენსაც მოითხოვს, გულს ნამდვილად არ დავწყვეტ.

– მზია ნამდვილად საქმის ერთგული და პროფესიონალი ექთანია, მაგრამ, აქ, თქვენი ძმის შემთხვევაში, მარტო ეს არ უნდა იყოს მისი ასეთი საქციელის მიზეზი.

– თუ ფულით დაინტერესებას  გულისხმობთ, ბატონო ირაკლი, ცდებით. სულ თავიდან, პირველ დღეებში რომ ვთხოვე, კარგად მიმიხედე და უპატივცემულოდ არ დაგტოვებთ-მეთქი, ისეთი დღე მაყარა, მთელი საათი ბოდიშებს ვუხდიდი. ისიც კი ვეღარ გავუბედე, ყვავილები მიმერთმია.

– არა, ფულს სულაც არ ვგულისხმობ, პირიქით,  დარწმუნებული ვარ, მზია თქვენ არანაირ თანხას არ დაგისახელებთ. ამიტომ, ჯობია, თავად დაუნიშნოთ ხელფასი და ისეთი ფორმით მისცეთ, რომ უხერხულობა არ იგრძნოს.

– აბა, სხვა რა მიზეზია? – დაინტერესდა გიორგი.

– რა და, ჩემო კარგო, გაუმხელელი სიყვარული.

– სიყვარული?! 

– დიახ, სიყვარული. მართალია, მზიას არავისთვის გადაუშლია გული, მაგრამ, მთელი კლინიკა მაინც მის სიყვარულზე ჭორაობს. ავადმყოფებმაც კი იციან ეს ამბავი და, ვისაც სიარული შეუძლია, ყველა ცდილობს, ერთხელ მაინც შეიჭყიტოს პალატაში და თვალი შეავლოს მზიას „ტარიელს“, – ღიმილით თქვა ქებაძემ, – ამიტომ, მორალური უფლებაც არ მქონდა, ეს საქმე სხვისთვის შემეთავაზებინა. ეს რომ მექნა, საწყალ გოგოს, ალბათ, გული გაუსკდებოდა.

– ესე იგი, შემიძლია, პარასკევს წავიყვანო?

– დიახ, პარასკევს გაწერის საბუთებიც მზად გვექნება და შემდგომი დანიშნულებაც. სავარაუდოდ, მზიაც თავისი ჩემოდნიანად აქ დაგხვდებათ.

– ბატონო ირაკლი, დასაზუსტებლად გეკითხებით: ესე იგი, ჩემს ძმას არანაირი საშიშროება აღარ ემუქრება? ანუ, სიცოცხლის დღეები დათვლილი აღარ აქვს?

– როგორ გითხრათ... ამჟამად ჩვენთვის მოულოდნელ რემისიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ეს არ გვაძლევს ყურადღების მოდუნების უფლებას. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნამდვილად გაიზარდა, თუ, რა თქმა უნდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ მის ზედმეტად განერვიულებას ან აღელვებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ. ხომ იცით, გული სახუმარო არ არის.

– გასაგებია, ბატონო ირაკლი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მაშ, პარასკევამდე... თუმცა, მანამდე კიდევ მოვალ ძმის სანახავად, – გიორგიმ ხელი ჩამოართვა პროფესორს და კარისკენ გაეშურა, მაგრამ კართან შეჩერდა და ჰკითხა: – ახლა შეიძლება, მოვინახულო? თან, გავახარებდი ახალი ამბებით.

– ახლა ბატონ დიმიტრის სძინავს. თანაც, ახალმა ამბავმა, თუნდაც სასიხარულომ, შესაძლოა, ააღელვოს. მე თვითონ დაველაპარაკები საღამოს ამ თემაზე, რომ ზედმეტი ემოციები ავარიდოთ, მერე კი ესაუბრეთ რამდენიც გნებავთ.

– კი ბატონო, როგორც თქვენ ბრძანებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, – გიორგიმ კაბინეტის კარი გამოაღო და გასვლა დააპირა.

– სამადლობელო არაფერია. ბატონო გიორგი. მერიდება, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: მის ცოლ-შვილს, ალბათ, თქვენ შეატყობინებთ...

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. ალბათ, სიტუაცია მიჩვენებს, – გიორგიმ მხრები უხერხულად აიჩეჩა, მერე პროფესორს თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა.

***

მზიას ძალიან გაუხარდა, როცა პროფესორმა ქებაძემ დიმიტრის სახლში მოვლა და მკურნალობის გაგრძელაბა შესთავაზა.

– ჯერ ერთი, მინიმუმ ორი-სამი თვე ჩვენი კლინიკა დაკეტილი იქნება და, უმუშევარი ხომ არ დარჩები. მართალია, შენისთანა ექთანი სანთლითაა საძებარი, მაგრამ, ხვალვე რომ გადახვიდე სხვა კლინიკაში, კაპიკების გამო უნდა ათენო ღამეები და რამდენიმე ავადმყოფს უარო, აქ კი მხოლოდ დიმიტრი გეყოლება მისახედი, გარდა ამისა, მისი ძმა ძუნწი კაცი ნამდვილად არ ჩანს, გულს არ დაგწყვეტს. თან, რაც მთავარია, შენ მეტს ვერავის ვენდობი, მით უმეტეს, რომ პირველივე დღიდან შენ უკეთებ ყველაფერს.

– ფული არაფერ შუაშია, ირაკლი ექიმო, უბრალოდ, მეშინია, ვაითუ სხვამ ისე ვერ მიხედოს, – დაიმორცხვა მზიამ.

– რა თქმა უნდა, ეგეც მთავარია, მაგრამ, არც ფულია უმნიშვნელო საკითხი.

– მე ამათ ფულს არ გამოვართმევ, ირაკლი ექიმო, – გაწითლდა ექთანი.

– ძალიან კარგადაც გამოართმევ. რა, ბევრი გაქვს და თავზე გადაგდის?

– არა, მაგრამ, არის რაღაც, რასაც ვერ გადააბიჯებ.

– აქ გადასაბიჯებელი არაფერია. შენ, გარდა იმისა, რომ ექთანი ხარ, თან სადღეღამისო მომვლელიც უნდა იყო, ასე რომ, ამ თემაზე აღარ მალაპარაკო, გასაგებია?

– გასაგებია, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“. მოკლედ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, ახლა წადი და შენს „ობოლ ბიჭს“ მიხედე, – გაეხუმრა ქებაძე.

– თქვენ... თქვენ საიდან იცით? – თვალებზე ცრემლი მოადგა მზიას.

ქებაძეს უნდოდა, ეთქვა, მე კი არა, ლამის მთელმა საავადმყოფომ იცისო, მაგრამ, შეეცოდა გოგო, შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და ავადმყოფების სანახავად წავიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3