კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კრიტერიუმებით შემოწმდება ავტომანქანები ტექნიკურ გამართულობაზე და როგორ გამოჰყავს მწყობრიდან სავსებით ახალი ავტომანქანის კატალიზატორი ერთ საათში საქართველოს ბაზარზე არსებულ საწვავს

უკვე გადაწყდა, რომ საქართველოში ავტომანქანები ტექდათვალიერებას გაივლიან და ეს სიამოვნება თითოეულ მძღოლს ყოველწლიურად მომავალი წლის მარტიდან მოყოლებული 50-ლარამდე დაუჯდება. ერთი ისაა, რომ მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ გაარკვევთ, არის თუ არა ვარგისი თქვენი ავტომანქანა. როგორც აგვიხსნეს, ტექდათვალიერების მიზანი ჩვენი ბედნიერება და უსაფრთხოებაა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის გამართული ავტომანქანა აუცილებელი პირობაა. ასევე, გვპირდებიან, რომ შემოწმება „ლაითი“ იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში, ძირითადად, მეორადი ავტომანქანები მოძრაობენ (საქართველოში მოძრავი 900 000-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ 3-პროცენტია 5-წლამდე ასაკის ავტომანქანები, ნახევარზე მეტი კი – 20 და მეტი წლისაა), რთული სათქმელია, რა ჩაითვლება, ქართული სტანდარტებით, ნორმად. მეორე მხრივ, ჩვენთან მოძრავი ავტომანქანების გაუმართაობის მიზეზი უხარისხო საწვავი და არცთუ კარგად დაგებული გზებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური საწვავითა და გზებით პირველადი ავტომანქანაც კი ძალიან მალე გადაიქცევა მეორადად. რა შედეგს მოიტანს ტექდათვალიერება: რეალურად გააუმჯობესებს ავტოტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობას თუ მანქანების პატრონების ჯიბეებიდან დამატებითი თანხის ამოღებას მოემსახურება? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტთან, შალვა ოგბაიძესთან ერთად შევეცდებით.

 

– რა მდგომარეობაშია ავტომანქანები, რომლებიც მოძრაობენ საქართველოს გზებზე, მეტანკლებად ყველა უფრთხილდება საკუთარ უსაფრთხოებას და გაუმართავი ავტომანქანით არ მოძრაობს თუ ტექდათვალიერება ჰაერივითაა აუცილებელი, რადგან ჩვენებური მძღოლები უპასუხისმგებლობით ეკიდებიან უსაფრთხოების საკითხს?

– რამდენადმე კორექციას გავუკეთებდი თქვენს შეკითხვას: ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება, ეგრეთ წოდებული ტექდათვალირება არის ერთი მცირე ნაწილი იმ დიდი სფეროსი, რასაც ქვეყნის ავტომობილიზაცია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ადამიანების მობილობა, მოძრაობის ორგანიზაცია და ასე შემდეგ ეწოდება. ასე რომ, ერთი ნაწილის ამოგლეჯვით ვერ დავინახავთ სრულ სურათს. დამერწმუნებით, ტექდათვალიერება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააახალგაზრდავებს ქართულ ავტოპარკს. ტექდათვალიერება შეიძლება შევადაროთ თერმომეტრს, რომლის საშუალებითაც შეიძლება, გაიზომოს სხეულის ტემპერატურა და დადგინდეს, არის თუ არა ჯანმრთელი ადამიანი.

– მიუხედავად ასაკისა, რადგან ისეც ხდება, რომ ასაკოვანი ადამიანი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ახალგაზრდა.

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამიტომ ტექდათვალიერება თავისთავად ვერ გააახალგაზრდავებს ავტოპარკს, თუმცა, როგორც თქვენ ბრძანეთ, გვინახავს ჯანმრთელი, ფორმაში მყოფი 40 წლის მამაკაცი და უმოძრაობისგან და ცხოვრების არასწორი წესისგან მოდუნებული 20 წლის ახალგაზრდაც. ამიტომ, მაინცდამაინც, ასაკთან არ არის დაკავშირებული ავტომანქანის გამართულობა, მაგრამ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ავტოპარკის, დაახლოებით 900 000 ავტომანქანა, 90 პროცენტი 10 წელზე მეტი ასაკისაა. თუკი საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ავტოპარკი ახლდებოდა „გეგმიურად“ საბჭოთა მარკის ავტომანქანებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საავტომობილო ბაზარი ისე გათავისუფლდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს არანაირი პოლიტიკა, თუ როგორი ტიპის ავტომანქანების შემოყვანა უნდა იყოს წახალისებული, ამიტომ შედეგებიც აშკარაა: საქართველო, სამწუხაროდ, უკვე გადაიქცა რესურსამოწურული ან რესურსის ამოწურვის ზღვარზე მყოფი ავტომობილების სასაფლაო ქვეყნად. ამას ვერანაირი ტექდათვალიერება ვერ უშველის, თუ ეს პოლიტიკა არ შეიქმნა და მიმაჩნია, ეს უნდა გახდეს ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევა.

– არსებობს განბაჟების სქემა, რომელიც ძალიან ძველი ავტომანქანების შემოყვანის პრევენციაა, თუმცა ძალიან ძვირი ჯდება სრულიად ახალი ავტომანქანების განბაჟება. აქცენტი საშუალო ასაკის ავტომობილებზეა.

–  ავტომანქანების განბაჟების მოქმედმა სქემამ თავისი თავი ამოწურა. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მცირე ზომის, კომპაქტური ავტომანქანების შემოყვანას, რომლებიც ცოტა რაოდენობის საწვავს მოიხმარენ და არა დიდი ავტომანქანების, რომლებიც 100 კილომეტრზე 25 ლიტრ საწვავს წვავენ. ეს ორი ტიპის მანქანა ერთნაირად არ უნდა დაიბეგროს: ვინც მეტად აბინძურებს გარემოს, მან მეტიც უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, წახალისებული უნდა იქნეს ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანა, რომლებიც მუშაობენ როგორც ელექტროენერგიაზე, ისე ბენზინზე. აღარაფერს ვამბობ ელექტრომობილებზე, რომლებსაც 15-20 წელიწადში ალტერნატივა არ ექნება. ცხადია, ასეთი და ბენზინზე მომუშავე ავტომანქანები ერთნაირად ვერ დაიბეგრება, ამიტომ დღესვე უნდა მივხედოთ ამ საქმეს და, თუ ეს პოლიტიკა ვარ შემუშავდა, ვერანაირი ტექდათვალიერება ჩვენს ავტოპარკს ვერ უშველის.

–  არასამთავრობო ორგანიზაციები უჩივიან საწვავის ხარისხს საქართველოში და ფაქტია, რომ ეს არ არის ევროსტანდარტების საწვავი, ცნობილია, „სოკარი“ „ევრო-2-ს“ სტანდარტის საწვავს აწარმოებს და სავსებით ბუნებრივია, რომ არც დანარჩენები შემოიტანენ ქვეყანაში ამაზე მაღალი ხარისხის საწვავს იმავე ფასად. გამართავ ავტომანქანას, მაგრამ ჩაასხამ ბენზინს და ის ისევ დაზიანდება. 

–  ამიტომ ამ ყველაფერს აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს სახელმწიფოს მხრიდან საწვავის ხარისხის კონტროლის განახლება. მე ძალიან კარგად ვიცი საკანონმდებლო მოთხოვნები საწვავში მძიმე მეტალებისა და გოგირდის შემცველობის შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორ საწვავს მოვიხმართ. ჩვენი ცოდნა ამ საკითხში გამოიხატება მხოლოდ სუბეიქტური შეგრძნებით, იმისდა მიხედვით, როგორ დადის ჩვენი ავტომობილი. სხვა მხრივ, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი ვართ ნავთობიმპორტიორების კეთილსინდისიერებაზე, იმიტომ რომ მათ არავინ აკონტროლებს. მით უმეტეს, როდესაც 100 პროცენტით კარგი ხარისხის საწვავიც კი, როდესაც ქსელში გადის, ვერავინ დადებს თავს, რა მოხდება ადგილებზე. თანაც, დაბალი ხარისხის საწვავის მაღალი ხარისხის საწვავად გასაღების არა ერთი შემთხვევა ყოფილა დაფიქსირებული. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან საწვავის კონტროლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება აუცილებელია. ეს წინ უნდა უსწრებდეს ტექდათვალიერებას, იმიტომ რომ საკმარისია, ტყვიის შემცველ საწვავზე, თუნდაც, ერთ საათს იმუშაოს სრულიად ახალმა ავტომანქანამ, რომ ავტომანქანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი – სამკომპონენტიანი კატალიტური კომპონენტი – მაშინვე გამოვა მწყობრიდან.

– ჯერჯერობით არაფერს ამბობენ საწვავის ხარისხის კონტროლსა და გაუმჯობესებაზე, გამოდის, რომ მანამდე ტექდათვალიერების აღდგენა კატალიზატორების ბიზნესის ხელშესაწყობი ღონისძიება იქნება?

–  მე ვამბობ იმას, როგორ წარმომიდგენია, თორემ გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა იყოს. ჩემი ხედვა ასეთია: საწვავის ხარისხის კონტროლის განახლება წინ უნდა უსწრებდეს ტექდათვალიერების პროცედურების ამოქმედებას. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

– მთავრობის წარმომადგენლები ამშვიდებენ მძღოლებს, რომ ეს არ იქნება მკაცრი შემოწმება. შესაძლებელია, მსუბუქად შემოწმდეს ავტომანქანის გამართულობა?

– ჩემი დაკვირვებით, ადამიანს აშინებს არა ექიმთან მისვლა, არამედ დიაგნოზი, რასაც ეტყვის ექიმი და ამიტომ ხშირად პრევენციის მიზნით ექიმთან მისვლის ხალისი ეკარგებათ. ტექდათვალიერება გეუბნება, რომ ავტომანქანას აქვს ესა და ეს პრობლემა. არსებობს ჩამონათვალი, რაზეც მოწმდება ავტომანქანა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს მსუბუქად შემომწება: რომ მუხრუჭი ან იჭერს, ან არ იჭერს. ეს, ალბათ მას უნდა ჰკითხოთ, ვინც ეს თქვა. მე, როგორც სპეციალისტი, როგორც ავტოინჟინერი, გეტყვით, რომ ტექდათვალიერების დროს მანქანის მუხრუჭი უნდა იჭერდეს.

– თუ ტექდათვალიერებისას ხარვეზი აღმოაჩნდა ავტომანქანას ის ხელმეორედ გაივლის უახლოეს მომავალში?

– ეს წარსულშიც ასე იყო. რადგან ტექდათვალიერება კორუფციით საკმაოდ დაზიანებული სფერო იყო, იმიტომაც შეჩერდა თავის დროზე მსუბუქი ავტომანქანების ნაწილში. ევროპული გამოცდილება ასეთია: თუ ავტომანქანას აღმოუჩინეს, რომ არ აქვს წესრიგში სამუხრუჭე ხუნდები, მას მიეცემა გონივრული ვადა: ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში შეაკეთოს და ხელმეორედ სწორედ ამ ხარვეზზე შეამოწმოს ავტომანქანა. ეს არის ევროპული სტანდარტი. ჩვენ ხომ ხშირად ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ევროპისკენ სიარული არ არის მხოლოდ სიხარულის ყიჟინა ამის გამო, ევროპელობა ნიშნავს მკაცრი თამაშის წესების მიღებას. ევროპული წესი ამბობს: გაქვს ხარვეზი? გონივრულ ვადაში აღმოფხვერი და გზა მშვიდობისა. ახალ ავტომანქანებს 4 წელიწადში ერთხელ სჭირდებათ ტექდათვალიერების გავლა. ხაზს ვუსვამ: პროცედურაა ევროპული, თორემ სტანდარტები და ციფრები სხვა თემაა.

– და დამატებით თანხას ვიხდი ხარვეზის გამოსწორების შემდეგ ტესტირებისას?

– უცხოეთში, მაგალითად, გერმანიაში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ტექდათვალიერება, საშუალოდ, ღირს 60-80 ევრო და, თუ რამე ხარვეზს დაუდგენენ ავტომანქანას, ხელმეორედ მისვლის დროს მეპატრონე ან არ იხდის, ან იხდის მინიმალურ თანხას. ეს ასე უნდა იყოს ჩვენთანაც.

– როგორც წინასწარ გვითხრეს, ავტომანქანებს შეგვიმოწმებს უცხოური ფირმა.

– როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ქართულ-გერმანული ფირმა. გერმანული ფირმა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია და მეორე მხრივ, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ დაფუძნებული ერთობრივი ქართულ-გერმანული ორგანიზაცია.

– ჩვენ საკუთარი ძალებით ვერ მოვახერხებდით? იმის გასარკვევად, მუხრუჭი იჭერს თუ არა ან შუშის საწმენდი წმენდს თუ არა შუშას, გერმანიიდან რატომ ჩამოგვყავს ფირმა?

– ამ თემაზე საუბარი დაიწყო შარშან და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მიმიწვიეს იმ კომისიაში, რომელიც იხილავდა არა რომელიმე ფირმის შემოყვანას, არამედ ზოგადად ტექდათვალიერების დასაწყებად საჭირო პროცედურებს. უცხოური ფირმის ოპერატორის შემოსვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ბაზარზე მოქმედი ბიზნესსუბიექტების ინტერესები, მით უმეტეს, დღესვე რომ ამუშავდეს ეს ნორმა, ტექდათვალიერების დღეს არსებული 22 სადგურის სიმძლავრეები ნამდვილად არ ეყოფა. მეორე მხრივ, რატომ უნდა მოხდეს ზედმეტი ინვესტირება, როდესაც ეს ბიზნესსუბიექტები არსებობენ?! უპრიანი იქნება, ბიზნესი დაელაპარაკოს ბიზნესს. ამ საწარმოების უმეტესობას აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია ტექნიკურ კომპეტენტურობაზე, რის გაუქმება ნამდვილად ანიტიკონსტიტუციური იქნება. ისინი ელოდნენ, როდის ამოქმედდებოდა სრულფასოვნად მსუბუქი ავტომობილების ნაწილში ტექდათვალიერება, საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ ყოველ წელიწადს აკრედიტაციისთვის და მათ დაიმსახურეს, რომ მათი ინტერესიც გაითვალისწინონ.

– ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოსაც ჰქონია მოსამზადებელი სამუშაოები ჩასატარებელი, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რა დამატებითი სიმძლავრეებია საჭირო, რომ მომავალი წლის მარტიდან ამოქმედდეს ტექდათვალიერება მსუბუქი ავტომანქანებისთვის?

– აუცილებლად დასჭირდება დამატება. მაგალითად, თბილისში არსებული 6 სადგურიდან, მსუბუქი ავტომანქანების ტესტირების ხაზი აქვს მხოლოდ ოთხს. თითოეულს წელიწადში მხოლოდ 10 000 ავტომანქანის შემოწმება შეუძლია. თუ დღეში 30-40 ავტომანქანაზე მეტს ვერ მოემსახურება თითოეული, დადგება რიგი, რაც ამ პროცესის დისკრედიტაციას გამოიწვევს. წესით, როდესაც მიხვალ დათქმულ დროს, მაშინვე უნდა გაგატარონ პროცედურა, რომ ზედმეტი დრო არ დაკარგო. ვიმეორებ, თბილისში დღესვე რომ ამოქმედდეს ტექდათვალიერების ნორმა, არსებული სადგურების გამტარუნარიანობა ნამდვილად არ ეყოფა ამ პროცედურის სრულყოფილად და ხარისხიანად ჩატარებას. ასე რომ, სიმძლავრეების დამატება გარდაუვალი პროცესია.

 

скачать dle 11.3