კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდა თუ არა ანუკი არეშიძის ქმრის პოლიტიკოსობა მისი და ბიჭოლას დაშლის მიზეზი

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ანუკი არეშიძისა და ბიჭოლა თეთრაძის კომპანიის – „ანუკი ბიჭოლას“ დაშლის შესახებ, რომელიც მოგვიანებით, ანუკი არეშიძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზეც დაადასტურა. ორი დიზაინერის კოლაბორაციის შედეგად ჩვენ რამდენიმე ულამაზესი კოლექცია ვნახეთ, მათ შეძლეს უკრაინული ბაზრის დაპყრობა და შერეული მაღაზიის გახსნა კიევის ცენტრში. დუეტი დაიშალა, თუმცა ოფიციალურად პრესასთან ამის შესახებ დიზაინერებს არ უსაუბრიათ. ექსკლუზიურად „თბილისელებისთვის,“ ბიჭოლა კიევში ჩავწერეთ. ის ზაფხულს აქტიურად ატარებს, საცხოვრებლად ისევ უკრაინაში რჩება და შემოდგომისთვის უკვე სერიოზული გეგმები აქვს.

 

ბიჭოლა თეთრაძე: მე და ანუკიმ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება დაშლის შესახებ და ერთადვე გავახმაურეთ ეს ფაქტი. ანუკიმ პოსტი ქართულ, ხოლო მე, რუსულ ენაზე დავდე და „ფეისბუქის“ ჩვენი გვერდებიდან ვთხოვეთ ხალხს, დაშლასთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვებით ნუღარ შეგვაწუხებთო. ამ ამბავს პრესის, ჩვენი გულშემატკივრებისა და უბრალო ცნობისმოყვარეების მხრიდან იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ ყველასთვის ცალ-ცალკე რომ გვეპასუხა, სიგიჟე იქნებოდა. ამიტომაც, არანაირი კომენტარი არ გაგვიკეთებია არსად და პირველი ხარ, ვისაც ამის შესახებ ვუყვები. იმდენი ზარი იყო, იმდენი ხალხი ურეკავდა ჩვენს მენეჯერს... ყველას რაღაც სკანდალის აგორება უნდა. ამ ამბით კი სკანდალის აგორება მარტივი იყო, მაგრამ ამის საშუალება არავის მივეცით.

– რა მოხდა რეალურად?

– დგება მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ხვდები, მუშაობა დამოუკიდებლად უნდა გააგრძელო. გარდა ამისა, ორი ადამიანის თანამშრომლობის დროს ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომ, ჩვენ საღად და ძალიან მეგობრულად გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე გავაგრძელოთ საქმიანობა და კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. 

– ამდენწლიანი შეთანხმებული მუშაობის შემდეგ, ერთ ფაქტორში აზრთა სხვადასხვაობამ მიიყვანა „ანუკი ბიჭოლას“ ბრენდი დაშლამდე?

– რა თქმა უნდა, ეს ერთი, კონკრეტული კაბის გამო არ მომხდარა. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეში იყო. ამას გარემო პირობებიც დაემატა.

– გარემო პირობებში იმას ხომ არ გულისხმობ, რომ ანუკი პოლიტიკოსის ცოლია, ხოლო შენ აქტიური, ასე ვთქვათ, „ტუსოვშიკი“ და ეს მის სახელს ჩრდილს მიაყენებდა?

– არა. არ ვუპასუხებ ამ შეკითხვას. ანუკი თავის მხრივ, საქმიანობას აგრძელებს. ამის შესახებ შეგიძლია, ანუკის ჰკითხო. ჩვენ, უბრალოდ, დავიშალეთ. ვიწყებ ახალ ცხოვრებას, მაქვს უამრავი გეგმა და სურვილი, რომელსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებ. სხვათა შორის, დავიწყე დიჯეობა, პარასკევს ვუკრავ ჩემს გაკეთებულ მიქსებს. გამოვიდა კიდეც დისკი Summer Mix by Bicholla“. ცოტა ხნის წინ მქონდა დაბადების დღე, ასორმოცდაათი კაცი იყო დაპატიჟებული. ძალიან მაგარი გამოვიდა. თავიდან ბოლომდე შეყვარებული ვარ უკრაინაზე, კიევზე და ყველაფერზე, რაც ამ ქალაქს უკავშირდება. ძალიან შემიყვარა აქ ხალხმა. 

– საერთო მაღაზია გქონდათ და ამ მაღაზიის საკითხი როგორ გადაწყდა?

– მაღაზიას ანუკი გაუძღვება და იქ როგორც მისი, ისე სხვა ქართველი დიზაინერების სამოსი გაიყიდება, ისევე როგორც იყიდება აქამდე. მე, სავარაუდოდ, უფრო მონობრენდულ ბუტიკში შევიტან ჩემს სამოსს, სადაც იყიდება „ჟივანში“, „ლანვინი“ და სხვა მსგავსი ბრენდები. ბიჭოლა ხდება „ბიჭოლა“.

– ფინანსური პრობლემები არ შეგექმნა ამ ფაქტის გამო? უცხო ქალაქში როგორ ახერხებ დარჩენას?

– იყო ასეთი სირთულეები, მაგრამ, ღმერთის წყალობით, მყავს მეგობრები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ. არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ვაიმე, დავიშალეთ და ეს რა საშინელება მოხდა... არა, პირიქით. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ანუკის და კახას იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ის, რომ კიევში დღეს რაღაცას წარმოვადგენ, რა თქმა უნდა, ჩემი ნიჭის, ადამიანებთან დამოკიდებულების, პოზიტივიზმის დამსახურებაა. მაგრამ, ძალიან დიდი წვლილი ამაში მათაც მიუძღვით. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მეგობრობას, უბრალოდ, ერთად აღარ გვაქვს კომპანია. 

– არიან ადამიანები, შენს ბრენდში რომ ფულს ჩადებენ?

– არავის ფულის ჩადება არ მინდა. მე შემიძლია, მივიდე წვეულებაზე, დავუკრა, კიდევ სხვა მილიონი რაღაც გავაკეთო... თბილისში, რა, ვინმე მაფინანსებდა?! მაგრამ, ჩემი ფული ყოველთვის მქონდა. იგივეა აქაც. ხან ივენთების გაკეთებას მავალებენ, ხან რაღაცის ორგაზინებაში, სტილის შექმნაში მთხოვენ დახმარებას... ასორმოცდაათკაციანი დაბადების დღე, როგორც ივენთი ისე გავაკეთე, ფული საერთოდ არ დამიხარჯავს. ფრანგების ძალიან მაგარი კლუბია და პირიქით, ძალიან დაინტერესებულები იყვნენ, მათთან გადამეხადა დაბადების დღე, რადგან ეს მათთვის სერიოზული პიარი იყო. ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისკენ... ყოველთვის ამ განწყობით ვიყავი და ვარ. ახლა გამოვიდა ეს დისკი, დასასვენებლად წავალ ჯერ ოდესაში, შემდეგ, ალბათ, ტრადიციულად იბიცაზე დავისვენებ და სექტემბრისთვის დიდი ივენთებით დავბრუნდები. არის უამრავი შემოთავაზება ტელევიზიიდან – ხან ჟიურიში ვზივარ, ხან კრიტიკოსად... მეგობრები ძალიან დამეხმარნენ ყველანაირად, ფინანსურად, მორალურად...

– სადაც ცხოვრობდი, იმ სახლში ხარ ისევ?

– კი.

– რაც შეეხება ბრენდს „ბიჭოლა“, შეიცვლება თუ არა მისი სტილი, თუ დაახლოებით, იგივე სტილში იმუშავებ როგორც „ანუკი ბიჭოლას“ დროს?

– არა, სტილი აბსოლუტურად შეიცვლება. ის იქნება უფრო „ქეჟუალ“, უფრო გიჟური და ყოველდღიური. შემოდგომაზე აუცილებლად გავაკეთებ კოლექციას. უამრავი შემოთავაზებაა, რომელიც ჩემს ბრენდს უკავშირდება. არ მინდა, ვიჩქარო გადაწყვეტილების მიღებისას და ისეთ წინადადებას დავთანხმდე, რომელიც მხოლოდ მოკლევადიანად წარმატებული იქნება. ჩემს კოლექციას გავიტან უკრაინის მოდის კვირეულზე. საქართველოსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. კოლექციის მანდ ჩვენებას არ ვაპირებ... შეიძლება ისე, როგორც დიჯეი, ჩამოვიდე, სადმე დავუკრა. კონცერტების დირექტორი მყავს, რომელიც ჩემს გამოსვლებს გეგმავს სხვადასხვა კლუბში. ძალიან სერიოზულად მოვკიდე ამ საქმესაც ხელი. ასე რომ, თუ რომელიმე კლუბი მომიწვევს, ჩამოვალ და დავუკრავ. იმხელა ამბავი მოჰყვა ამ ჩემს საქმიანობას, თან იმხელა სანაცნობო და სამეგობრო მყავს აქაურ შოუ-ბიზნესში, რომ იმასაც არ გამოვრიცხავ, სიმღერა ჩავწერო. ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ გამორიცხული არ არის. მოკლედ, ვრჩები კიევში და ვრჩები შემოქმედებით საქმიანობაში. ახალი კოლექცია უკვე დახატული მაქვს და უკრაინა მას შემოდგომაზე ნახავს.

 

скачать dle 11.3