კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაღლითური მომხიბვლელობა

რობერტ ბრენდონი პოლიტიკოსიც იყო და უმსხვილესი ბიზნესმენიც. მას ყველა იცნობდა როგორც ძალიან ჭკვიანსა და გაწონასწორებულ ადამიანს. ამიტომაც, გასაოცარი იყო ამბავი იმის შესახებ, რომ თვით ბრენდონიც კი გააცურეს. ქალაქში ცნობილმა დეტექტივმა ნიკ დეიმონმა მისგან წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ორმოცი ათასი დოლარით დააზარალეს და რადგან ბრენდონი თავს შეუძლოდ გრძნობდა, დეტექტივს თავისთან, სახლში იწვევდა. ნიკი მაშინვე გაეშურა ცნობილი კლიენტისკენ.

ოჯახის ექიმი, სანდო და ერთგული ბოლსი ის წუთი იყო, რაც პაციენტის ოთახიდან გამოვიდა.

– ბატონო დეიმონ, ჩემს პაციენტს დიდი ხანია, გული აწუხებს. სასიკვდილო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ, შეტევის დროს საკმაოდ ცუდად არის ხოლმე. ამიტომაც, ვწუხვარ, მაგრამ, მასთან ვერ შეგიშვებთ. თუმცა, საქმის შინაარსს მისის ბრენდონი და რობერტის ძმისშვილი, მშვენიერი ენი გაგაცნობთ. ხუთი თვეა, რაც ის ბიძამ სოფლიდან თავისთან გადმოიყვანა საცხოვრებლად. ბრენდონს ხომ საკუთარი შვილები არ ჰყავს, მისი ნახევარძმა კი ვერმონტში საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. ერთი წლის წინ მან წერილი გამოუგზავნა, ძმას – სწერდა, რომ ძალიან ეცოდებოდა საკუთარი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც უმზითვობის გამო შესაფერის საქმროს ვერ იშოვიდა. ვერმონტელი ხეპრეებისთვის კი ენი ნამდვილად დასანანი იყო. რობერტ ბრენდონსა და მის მეუღლეს გული აუჩუყდათ და ენი თავისთან დაპატიჟეს სტუმრად. გოგონა ნამდვილი საოცრება აღმოჩნდა. მან მარტო ბიძისა და ბიცოლას კი არა, ამ სახლში სტუმრად მისული ყველა ნაცნობისა თუ მეგობრის გული დაიპყრო. ის მართლაც საოცრებაა, თუმცა, თქვენ თავად ნახავთ!

ამ დროს ოთხაში სულ მთლად ნორჩი ქალიშვილი შემოგოგმანდა და ექიმს სიტყვა გაუწყდა, დეტექტივს კი პირი გაუშრა მისი მშვენიერების დანახვისას. ენი მართლაც უმშვენიერესი იყო მათ შორის, ვინც კი დეიმონს ოდესმე ენახა. იმ სილამაზის აღწერასაც კი ვერ შეძლებდა, რომელმაც ლაპარაკის უნარი დაუკარგა. ენი ჭკვიანიც აღმოჩნდა.

 – მისტერ დეიმონ, – წკრიალა ხმით მიესალმა დეტექტივს და მომაჯადოებელი ღიმილით დაასაჩუქრა, – ბიძიამ ყველაფერში გამარკვია და ახლავე ყველაფერს აგიხსნით. საქმე ისაა, რომ ბანკში ვიღაცამ ყალბი ჩეკი გაანაღდა. აღწერილობით ის მაღალი, საშუალო ასაკის, ჟღალწვერა და ქილვაშებიანი მამაკაცი იყო.

– წვერი და ქილვაშები სანდო არ არის. ეგ ყველაზე იოლია. ჩეკი მაჩვენეთ.

ენმა ყალბი ჩეკი მიუტანა. ხელმოწერა ძალიან ჰგავდა ნამდვილს.

 – მე უნდა ვნახო მისტერ ბრენდონის ხელმოწერა. ეს შესაძლებელია?

მისის ბრენდონმა, რომელიც თითქმის ფეხდაფეხ მოჰყვა ენის, მაშინვე გააპროტესტა:

– არავითარ შემთხვევაში. ძლივს ჩაიძინა და ახლა მასთან ვერ შეგიშვებთ. ენ, საყვარელო, იქნებ შენი ალბომი მოიტანო. იქ ხომ არის ბიძაშენის ხელმოწერაც.

– შეიძლება, გავიგო, რა ალბომზეა საუბარი?

– ოო, ენს იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს... ყველაზე პირქუში მაგნატებიც კი მოხიბლა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი და ჩემი ქმრის გულიც მაშინვე მოინადირა. ძალიან გვიყვარს. ჰოდა, ენის ხათრით, ჩემი ქმრის მეგობრებმა ჩვენთან სტუმრობას მოუხშირეს... ენიმაც, ხუმრობით, სამახსოვრო ალბომი გააკეთა. ყველა ხალისით უკრავს შიგ თავის ფოტოს და სურათის ქვემოთ ხელსაც უწერენ.

დეტექტივი გაოგნდა:

– თქვენ გინდათ, მითხრათ, რომ არსებობს ასეთი საგანძური – ამ დიდი მეგაპოლისის ყველა ცნობილი და მდიდარი მამაკაცის ხელმოწერა?!

– ოო, თქვენც იმავეს ამბობთ? – წკრიალა ხმით გადაიკისკისა ენიმ, – ექიმი ბოლსი მიმტკიცებდა, შენი ალბომი ნახევარი მილიონი ღირსო. ახლავე მოვიტან... 

ენი ოთახიდან გაშრიალდა და ძვირფასი სუნამოს სურნელი დატოვა.

მაგრამ, ალბომი ვერსად იპოვეს. მას თითქოს მიწამ უყო პირი.

ენი სასოწარკვეთითლი იყო...

– ღმერთო, ნუთუ ეს ტრენტონმა გააკეთა. ბოლოს მას ვანახვებდი, ო, ღმერთო... ვერ დავიჯერებ... ისე მომწონდა.

– ტრენტონი ვინ არის? – იკითხა დეტექტივმა.

– ბობის ახალი თანაშემწეა... სამი თვეა, რაც აიყვანა და აქებდა – ნიჭიერია, საქმეს მალე უღებს ალღოსო. ენის განსაკუთრებით დაუმეგობრდა.

– ჰო, ახლა გამახსენდა, რომ ალბომის არჩევაშიც ტრენტონი მეხმარებოდა... იმდენს ვხუმრობდით...

– ალბომის გაკეთების იდეაც მან შემოგთავაზათ? – ჩაეკითხა დეტექტივი.

ენმა პატარა თითი მომხიბვლელად გაბუსხულ ტუჩთან მიიტანა და დაფიქრდა.

– რომ ვერ ვიხსენებ?! იმ დღეს ძალიან ბევრი ვიარეთ მაღაზიებში. იშვიათია კაცი, რომელიც ისე კარგად ერკვეოდეს მოდაში, როგორც ტრენტონი. თან, სულ არ წუწუნებდა, როცა ტანსაცმელს ვირჩევდი. ძალიან საყვარელი ვინმე მეგონა... როგორ წარმოვიდგენდი, რომ... – ქალიშვილს თვალები აუცრემლდა. დეტექტივი შეწუხდა.

– მის ენი, იქნებ, თქვენ რასაც ფიქრობთ... სულაც არ აღმოჩნდეს სიმართლე?! თუმცა, ლოგიკასთან ახლოსაა, ვივარაუდოთ, რომ ჩეკის გამყალბებელი და ალბომის ამღები ერთი და იგივე პიროვნებაა. სად ცხოვრობს მისტერ ტრენტონი?

– ტომი? სასტუმრო „ბელმონტში“... ო, მისტერ დეიმონ, მეც წამიყვანეთ, გთხოვთ... თქვენ ტომს სახეზე არ იცნობთ... შეიძლება, სასტუმროდან ისე დაგისხლტეთ ხელიდან, ვერც მიხვდეთ.

– პრინციპში, მართალია. წამობრძანდით, მის ენი, ოღონდ, დამპირდით, რომ ჩემს ყველა მითითებას შეასრულებთ...

დეტექტივმა და მისმა ორმა თანამშემწემ ენი „ბელმონტთან“ მდებარე პატარა კაფეში დატოვეს, თავად კი სასტუმროსკენ გაეშურნენ. პორტიეს თქმით, მისტერ ტრენტონი ნომერში იყო... დეტექტივი პირდაპირ ავიდა მეხუთე სართულზე და უცერემონიოდ შევარდა ნომერში. იქაურობა ცარიელი იყო. კვალიც კი არ ჩანდა არც მობინადრის და არც ალბომის... კაფეში დაბრუნებულ დეტექტივს სიურპრიზი ელოდა – ენი აღარსად ჩანდა. სამაგიეროდ, იყო მრავლისმთქმელი პატარა ბარათი, რომელმაც დეტექტივი შოკში ჩააგდო:

„ძვირფასო დეიმონ... მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. მე ჭეშმარიტად ბრენდონი ვარ და არავის დახმარება არ მჭირდება იმისთვის, რომ კომერციული გეგმა შევიმუშაო და განვახორციელო. ალბომის იდეა ჩემი იყო. მას თქვენ ბიძიას საძინებელში, ბალიშის ქვეშ იპოვით და ყველაფერს მიხვდებით. ჩეკზე ხელმოწერა ნამდვილია, ისევე, როგორც ნამდვილია დანარჩენ ჩეკებზე ბიძიას მდიდარი მეგობრების ხელმოწერები. ალბომში ყველა სურათის ქვეშ სპეციალურად იყო გაკეთებული ჭრილი, სადაც ისინი ხელმოწერებს ტოვებდნენ. აბა, თუ მიხვდებით, რა იყო ჭრილის მიღმა, თეთრი, ჩვეულებრივი ფურცლის ნაცვლად? დიახ, ხელმოუწერელი ჩეკები. ასე რომ, ახლა ხუთი განაღდებული ჩეკი და სამას ორმოცი ათასი დოლარი მაქვს, ბიძიას ორმოცი ათასი დოლარის ჩათვლით. ტომ ტრენტონი საერთოდ არაფერ შუაშია. მას, უბრალოდ, ვთხოვე, ფული გამოეტანა ბანკიდან, ისიც ერთხელ. კარგი ყმაწვილია, მაგრამ, მეტისმეტად მიამიტი. აი, თქვენ კი მომწონხართ...

კეთილი სურვილებით, ძვირფასო დეიმონ. 

ბიძია დაამშვიდეთ. უთხარით, რომ არ დავიკარგები. მე ხომ ბრენდონი ვარ...“

დეტექტივმა ბარათი კიდევ ერთხელ ჩაიკითხა და გაეღიმა... თავის პრაქტიკაში პირველად წააწყდა ასეთ მომხიბვლელ, თაღლითურ სილამაზეს.

 

скачать dle 11.3