კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ქურდული ცხოვრება

კანონიერი ქურდი – შავი სამყაროს იერარქიის მწვერვალია. მას ამ სამყაროს უმაღლესი მსაჯულის ფუნქცია გააჩნია და შავი სამყაროს წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ და დაემორჩილონ მას.

ქურდული სამყაროს მმართველობის ორგანოა „სხოდკა,“ ანუ ქურდული შეკრება, რომელიც ახორციელებს სასამართლო, საკანონმდებლო და ზოგჯერ აღმასრულებელ ფუნქციასაც.

„სხოდკაზე“ ყველა საკითხი ხმათა უბრალო უმრავლესობით, ანუ, დემოკრატიულად წყდება და ეფექტურად სრულდება, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემასა და მათ ორგანოებზე. მეტიც, ქურდულმა სისტემამ არაერთ პოლიტიკურ სისტემას გაუძლო, დღემდე ცოცხალია და ქმედითუნარიანი.

ქურდული სამყაროს სიცოცხლისუნარიანობა მისმა ტრადიციონალიზმმა, მოქნილობამ და საჭირო მომენტში საოცარი ერთიანობის უნარმა განაპირობა.

არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, თუ როგორ მტრობენ ერთმანეთს ქურდები. ზოგჯერ, ჩვენი ძმები ერთმანეთს მცირე, უმნიშვნელო შეცდომის გამო სასტიკად უსწორდებიან, რაც ჩვენს საქმეს ვნებს. მაგრამ, საკმარისია გლობალური საფრთხე დაგვემუქროს, რომ უმალვე ვერთიანდებით, მთელი შავი სამყაროს ტოტალურ მობილიზაციას ვახორციელებთ და ერთიანი ფრონტით ვიგერიებთ საშიშროებას. ჩემი სიტყვების ნათელი დასტურია ეგრეთ წოდებულ „ძუკნებთან“ ომები, რომლებშიც ყოველთვის ჩვენ – ქურდები ვიმარჯვებთ.

ქურდული სამყაროს მოქნილობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ დროისთვის ფეხის აწყობას და ეპოქის კვალდაკვალ მივაბიჯებთ მომავლისკენ. არასდროს ვჩერდებით, არასდროს ვტკეპნით ერთ ადგილს და საერთო ენას ვპოულობთ ყველასთან და ყველაფერთან...

ქურდული სისტემის ქვაკუთხედი კი ჩვენი ტრადიციონალიზმია, ანუ, ჩვენ ყოველთვის წმინდად ვიცავთ ძირითად ქურდულ ტრადიციებს, რაც ჩვენს დაუწერელ კანონებშია ასახული და რაც სიღრმისეულად აქვს გათავისებული თითოეულ ჩვენგანს. ზოგიერთი ქურდული კანონის მცირედი ცვლილება კი, რომელიც დროის მოთხოვნითაა გამოწვეული და ნორმალური მოვლენაა ნებისმიერი სფეროსთვის, ჩვენს ტრადიციონალიზმს ვერაფერს ვნებს და ჩვენი სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობაა ამის ბრწყინვალე დასტური.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ქურდული კანონები ლამის სქელტანიან წიგნად გამოცემული კოდექსია და ერთი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, ვინ ვიყავი, მიმტკიცებდა, რომ ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა და იქიდან ციტატებიც კი მოჰყავდა...

იმ კაცს რომ შევხვდი, ჯერ კიდევ არ ვიყავი ქურდი, მაგრამ ქურდული ცხოვრების დიდი გამოცდილება მქონდა. თანაც, როგორც ახლა, მაშინაც, პაბეგში ვიყავი და ერთ ქალთან ვცხოვრობდი გლდანის მასივის სამოთახიან ბინაში. მე ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ჩემი მასპინძელი, მშვენიერი ოლგა, გრიმიორი იყო, ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა და ისეთ მაკიაჟს მიკეთებდა, რომ ქალაქში უსაფრთხოდ გადავადგილდებოდი და საქმეებზეც კი დავდიოდი.

ოლგასთან სულ რაღაც ორი დღის მისული ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს სახლის კარზე ზარმა დაიზრიალა. ამ ხმამ ჩემი სკოლის ზარი გამახსენა.

– ოლეგი იქნება, – მითხრა ოლგამ.

– ეგ ვინღაა?

– ერთი გამოსირებულია, – ჩაეცინა ოლგას, – ჩემს მეზობლად ცხოვრობს. მეპადხოდება და, როცა სახლშია, ყოველ საღამოს მაკითხავს და ათას სისულელეს მელაპარაკება ხოლმე. იცის, რომ სახლში ვარ. გავუღებ, თორემ, ზარს ამიფეთქებს. შენ ვითომ ჩემი ძმა ხარ. არ გაბრაზდე, რა, ცოტა გაერთე და იკაიფე.

– კარგი, შემოუშვი, ვნახოთ, რა ხილია.

ოლგამ კარი გააღო და ოთახში ორმოციოდე წლის კაცი შემოიყვანა, რომელიც ძალიან სასაცილოდ, ჩარლი ჩაპლინივით დადიოდა და კუთხურ კილოზე ლაპარაკობდა, თან მლიქვნელურად იღიმებოდა. რომ დამინახა, კოპები შეკრა, ნაბიჯი შეანელა და ალმაცერად გადმომხედა. შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ წვრილმანი მატყუარა გოიმი იყო და მასთან ურთიერთობისთვის შესაბამისი ფორმა ავირჩიე.

– ეს, ბატონო ოლეგ, ჩემი ძმაა – ვალერი, – უთხრა ოლგამ თაყვანისმცემელ მეზობელს, – გუშინწინ ჩამოვიდა სოფლიდან.

მე ფეხზე წამოვდექი, ოლეგს ხელი გავუწოდე და გავეცანი:

– ვალერი.

ჩემმა მოწიწებულმა ჟესტმა ოლეგს თავდაჯერებულობა შეჰმატა. რომ ეჩვენებინა, რა მაგარი ტიპი იყო, კოპებგაუხსნელად, ზანტად გამომიწოდა ხელი და, სანამ მძიმედ ჩაეშვებოდა სავარძელში, მითხრა:

– ოლეგი.

– ბატონო ოლეგ, ჩაის ხომ არ დალევთ? – ჰკითხა ოლგამ ოლეგს.

 – დავლევ, ოლგა, აპა არა? მარა, ბატონს ნუ მეძახი, შენთვის ოლეგი ვარ მხოლოდ, – მიუგო ოლეგმა ოლგას, მერე კი დაეჭვებით ჰკითხა, – ოლგა, შენ რომ არ გითქვამს, ძმა მყავსო?

– არასდროს გიკითხავთ და იმიტომ, – უთხრა ოლგამ და სამზარეულოში გავიდა ჩაის მოსამზადებლად.

სანამ ოლგა ჩალიჩობდა, ოლეგმა დაწვრილებით გამომკითხა ჩემი ბიოგრაფია და, როდესაც ვუთხარი, რომ რუსეთში ვაპირებდი გამგზავრებას რომელიმე დიდ მშენებლობაზე სამუშაოდ, მან დიდაქტიკურად მითხრა:

– ჭკუით იყავი, ვალერა, ჭკუით. რუს ქალებს ნუ გადაყობი და ყველას ნუ გოუყადრებ თავს...

ოლეგი თითქმის ყოველ საღამოს მარიგებდა ჭკუას, ცხოვრებისეულ სიბრძნეს მიზიარებდა და ცდილობდა, ისე წარმოეჩინა თავი, თითქოს ცხოვრების ყველა სფეროში კარგად გარკვეული და გაჩითული იყო... გურულები ასეთ ადამიანზე ირონიულად ამბობენ, საყველაფრო აქვს დამთავრებულიო. ოლეგის „საყველაფრო“ კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ტაქსისტი იყო, ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა და, რასაც ყურს მოჰკრავდა, ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებდა, მერე კი იმდენს ტრაბახობდა, რომ, ზოგჯერ მინდოდა, მისთვის ქეჩოში ხელი ჩამევლო, შემეტრიალებინა და პანღურის კვრით გამეგდო ბინიდან.

ერთ საღამოს, ტრადიციული ჩაის სმის დროს, ოლეგი, ჩვეულებისამებრ, ჩაერთო, მაგრამ, აკადემიურ თემას გვერდი აუარა და პრესტუპნიკებზე ჩამომიგდო სიტყვა. იბოდიალა, იბოდიალა და ბოლოს მითხრა:

– მე, ძამია, მთელი ქურდები პატივს მცემდნენ და, ერთი სიტყვა რომ მეთქვა, ქურდად ამირჩევდნენ...

„აგირჩევნდნენ, რა, დეპუტატი ხარ, მამაძაღლი?“ – გავიფიქრე ჩემთვის, სიცილისგან ძლივს შევიკავე თავი და ვკითხე:

– რას ამბობთ, ბატონო ოლეგ, მართლა?

– მართლა, აპა! – შეიფერა ოლეგმა და წარბაწეულმა დაამატა: ერთმა ქურდმა კანონების წიგნი მაჩუქა და სულ ზეპირად შევისწავლე.

– რომელი კანონების, ბატონო ოლეგ, ინსტიტუტში რომ ასწავლიან?

– რაის ინსტიტუტში, ბიჯო?! ქურდული კანონების! ქურდულ კანონებს ინსტიტუტში ვინ გასწავლის, – გამიიასნა ოლეგმა, – ყოლიფერი უნდა იცოდე, ყოლიფერი. ქურდულიც და კომუნისტურიც...

– ბატონო ოლეგ, ქურდობაზე უარი რატომ თქვით?

– რთულია, ძამია, რთული, ქურდული ცხოვრება, – ოლეგმა ხელები გაშალა, ხმა დაიბოხა და, მიუხედავად იმისა, რომ ორმოც წელს იყო მიტანებული, ცხვირმოუხოცავი ძველი ბიჭივით თქვა, – ტანჯვა, წამება, აქეთ „ძაღლები,“ იქით ოჯახი... არა, მე ტანჯვა-გაჭირვება რას დამაკლებს, მარა, ჩემს ოჯახს გოვუწიე ანგარიში. ქურდებიც გაგებით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და აღარ უთხოვიათ, ქურდი გახდიო. მარა, დღესაც რომ მხვდებიან, კაი მოკითხვა და სუფრა-პურისჭამა გვაქვს ერთმანეთში. სხოტკებზეც მპატიჟებენ ხოლმე და ვართ ასე, კარგ ატნაშენიებში...

ოლეგის ქურდებთან „კაი მოკითხვამ, სუფრა-პურისჭამამ და სხოტკებზე დაპატიჟებამ“ ისე გამახალისა, რომ მას მოვუბოდიშე, სააბაზანოში გავედი და, იმდენი ვიხარხარე, რომ ცრემლები წამომივიდა და სულის მოსათქმელად კარგა ხანი დამჭირდა. ოთახში რომ დავბრუნდი, ოლეგი უკვე წასული დამხვდა და ოლგას ვკითხე:

– ქურდი სად წავიდა?

– დღეს ღამის ცვლაში მუშაობს და ეჩქარებოდა, – სიცილით მითხრა ოლგამ, – ხომ მაგრად ერთობი მაგის ლაპარაკზე?

საფეთქელზე საჩვენებელი თითი მივიდე და ოლგას ვუთხარი:

– მაგრად ასხია ამ კრეტინს. ორმოცი წლისაა და თავში ერთი გრამი ჭკუა არა აქვს. ეგ რომ ციხეში მოხვდეს, პატიმრები დაშოკავენ.

– ცოდვაა. მაგას თუ კიდევ დაშოკვა უნდა, – გაეცინა ოლგას და დაამატა, – სანამ შენ ვანაში ხარხარებდი, ცოლობა მთხოვა.

– ცოლობა?! – ვკითხე გაკვირვებით.

– ჰო, ცოლობა და, კიდევ, იცი, რა მითხრა?

– რა?

– შენზე მითხრა, დოუფრთიანებელი ბარტყია და გამოვზრდიო...

მე და ოლგას ერთდროულად აგვიტყდა ხარხარი და კარგა ხანს არ გავჩერებულვართ, ბოლოს კი ვთქვი:

– ბარტყს ვუჩვენებ მე მაგას, თანაც, დოუფრთიანებელს...

რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბინა გავქურდე და, დღისით, მზისით, ნაქურდალი ნივთებით სავსე ორი ჩემოდნით გამოვედი. ოლეგია ტაქსისტი ასიოდე მეტრის მოშორებით მელოდებოდა, რომ შემთხვევით არ „დამწვარიყო.“ მას მე წინა დღით შევუთანხმდი ამის შესახებ და ვუთხარი, ვითომ ჩემს ძმაკაცთან ერთად რუსეთში მივემგზავრებოდი მატარებლით.

– წავედით! – ვუთხარი ოლეგს, როდესაც მანქანაში ჩავჯექი.

– ძმაკაცი სადაა?

– სხვა მანქანით წამოვა. საცოლეს უნდა დაემშვიდობოს.

ოლეგმა მანქანა დაძრა და, სანამ სადგურზე მივედით, ათასი სისულელე მომიყვა, ათასგზის დამარიგა ჭკუა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი რუსეთში. სადგურზე რომ მივედით, ოლეგს ხუთასი მანეთი მივეცი და ვუთხარი:

– ეს შენი წილია, ძმაო. ქურდებში ნარონიევი კაცი ხარ და  მიხვდები, რა წილს გაძლევ. ოლგას რომ ნახავ, ამის შესახებ არაფერი უთხრა. აბა, კარგად! წადი, დიდხანს ნუ გაჩერდები აქ, არ დაიწვა და მეც არ დამწვა.

ოლეგმა ფული ჯიბეში ჩაიდო და ტაქსი ადგილიდან მოწყვიტა. მე კი თბილისი-სოჭის მატარებლის ორადგილიან კუპეში შევედი, სადაც ოლგა მელოდებოდა და, რომ დამინახა, მითხრა:

– რაო, რა გითხრა ჩემმა საქმრომ?

– ტაქსი ისე მოწყვიტა ადგილიდან, რომ პაკრიშკებს ბოლი აუვიდა.

მე და ოლგამ სოჭში ფანტასტიკური სამი კვირა გავატარეთ. შვებულება რომ დაუმთავრდა, თბილისში მატარებლით გამოვუშვი და ვუთხარი:

– ოლეგს ჩემგან მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ ქურდული კანონები კარგად გადაიმეოროს. ქურდად უნდა ავირჩიოთ და თავი არ შეირცხვინოს.

ოლგას სულ არ ეხუმრებოდა. ის იმაზე დარდობდა, რომ სოჭში მარტოს მტოვებდა. ამიტომ, ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– ოლეგის დედაც... შენ აქ უჩემოდ ფრთებს გაშლი და არც ერთ რუსის ქალს არ გაუშვებ...

– სად მაქვს ფრთები, ოლიჩკა. ოლეგმა ვერ მოასწრო ჩემი დაფრთიანება. ნუ დარდობ, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ. რა მეგულავება და მერუსისქალება პაბეგში მყოფ კაცს. მოვაგვარებ საქმეებს და ჩამოვალ. აბა, არ ინერვიულო, ნახვამდის.

მატარებელი დაიძრა და თვალცრემლიანი ოლგა მანამდე მიქნევდა ცხვირსახოციან ხელს, სანამ მატარებელი გვირაბში არ გაუჩინარდა. მე კი ნაქირავებ ბინაში დავბრუნდი და იმავე ღამეს შევუდექი საქმეების მოგვარებას.

სოჭში გაგანია საკურორტო სეზონი იდგა და უამრავი ფულიანი დამსვენებელი იყო ჩამოსული. საქმეების მოგვარებაში კი მათ გაქურდვას ვგულისხმობდი და აღარ დამიყოვნებია...

ქურდული კანონების თანახმად, ქურდული საქმე ყოველგვარი ძალადობის გარეშე, სუფთად უნდა გაკეთდეს. ქურდს არასოდეს მიაქვს საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღი და დანასაც მხოლოდ იმ შემთხვევისთვის იდებს ჯიბეში, თუ ეს იარაღი მას ტექნიკურ საშუალებად სჭირდება. ქურდის ძირითადი იარაღი მისი ჭკუა-გონება, ხელ-ფეხი და ატმიჩკაა – სხვა იარაღი ქურდს საქმეზე არ სჭირდება. იარაღიანი ქურდი – ყაჩაღია, რაც სისხლის სამართლის კოდექსშიც სათანადოდ აისახება.

ძირითადი ქურდული პროფესიებიდან ყველაზე გავრცელებული და საპატიოა ჯიბგირობა – ჯიბის ქურდობა, „დომუშნიკობა“ – ბინის ქურდობა და „მედვეჟატნიკობა“ – სეიფის გახსნა. არსებობენ, ასევე, სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდები, მაგრამ, სახელოვანი ქურდის უმრავლესობა ან ჯიბგირია, ან დომუშნიკი, ან მედვეჟატნიკი.

ჩემი ქურდული პროფესია დომუშნიკობაა. სოჭში ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ვმუშაობდი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ბაითში და სასტუმროს ნომერში მხოლოდ მაშინ შევდიოდი, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. ობიექტს ყოველთვის წინასწარ ვარჩევდი და საგულდაგულოდ ვუთვალთვალებდი. არჩევანში თითქმის არ შევმცდარვარ და, პუსტოი, კუშის გარეშე, არასდროს გამოვსულვარ უკან. ზოგჯერ „ფოკუსებსაც“ მივმართავდი: მავან მაყუთიან გოიმს ტელეფონით დავურეკავდი სახლში და ვეტყოდი:

– ანტონ ანტონიჩ ანტონოვს სთხოვეთ საჩქაროდ.

– მე გახლავართ ანტონ ანტონიჩ ანტონოვი, რა ხდება, ვინ ბრძანდებით? – მპასუხობდა შეშფოთებული მავანი ათრთოლებული ხმით.

– ანტონ ანტონიჩ, პოლკოვნიკი ბარიშნიკოვი გირეკავთ უშიშროების კომიტეტიდან. სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეთ აღნიშნულ მისამართზე, – ვპასუხობდი მე დაჰიპნოზებულ კლიენტს, რადგან, „კაგებეს“ ირიბი ხსენებაც კი ზარავდა ადამიანებს, განსაკუთრებით – მაყუთიანებს. „კაგებეში“ დაბარება განსაკუთრებული გამონაკლისი  შემთხვევა იყო და ასპროცენტიანი შედეგი მოჰქონდა. „დაბარებულთა“ ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი არც კითხულობდა დაბარების მიზეზს და რაკეტასავით გამოფრინდებოდა ხოლმე სახლიდან. მაგრამ, თუკი ვინმე გაბედავდა დაბარების მიზეზის კითხვას, ვეუბნებოდი:

– ანტონ ანტონიჩ, თქვენი საპასპორტო მონაცემები ერთ-ერთ უცხოელს აღმოაჩნდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ დავაკავეთ და, გვაინტერესებს, საიდან...

პასუხის გაგონების შემდეგ ანტონ ანტონიჩი შოკში ვარდებოდა. დაკავებული უცხოელი, რა თქმა უნდა, ჯაშუში იყო, ჯაშუშებს კი საბჭოთა კავშირში არ ინდობდნენ... აღიქვამდა რა მოვლენების ასეთ კატასტროფულ კავშირს, ანტონ ანტონიჩი ენის ბორძიკით მპასუხობდა:

– მე... მე არრავისთვის გგგადამიცია ჩჩემი პასსსპორტის მმონაცემები...

– მოქალაქე ანტონოვ, მოდით და ადგილზე დავადგინოთ ყველაფერი. თანაც, პასპორტის წამოღება არ დაგავიწყდეთ! – ვპასუხობდი ანტონ ანტონიჩს და ყურმილს ვკიდებდი.

ფრაზა – „მოქალაქე ანტონოვ“ – გადამწყვეტი იყო მავანის გასაბრუებლად, რადგან ამ სიტყვით პატიმარს ან ბრალდებულს მიმართავდნენ ხოლმე... ამის შემდეგ კლიენტი უკვე „მზად“ იყო: დაახლოებით ათ წუთში სახლიდან გამოდიოდა და ჩემ მიერ მითითებულ მისამართზე მიემართებოდა – მისი სახლიდან მოშორებით, რათა მე საკმაო დრო მქონოდა საჩალიჩოდ...

ერთხელ, ერთ-ერთი გაბრუებული „ანტონ ანტონიჩი“ ისე დაიბნა, რომ მისი ბინის კარის გასაღებად ატმიჩკის გამოყენებაც კი არ დამჭირდა – მას კარის ჩაკეტვა დაავიწყდა და ბაითში დაუბრკოლებლად შევედი... ერთხელ კი, სხვა „ანტონ ანტონიჩი“ შურდულივით გამოვარდა ბინიდან და პოლკოვნიკ ბარიშნიკოვთან წავიდა. მე, როგორც ყოველთვის, იქვე ვიყავი და, მიეფარა თუ არა თვალს, მის ბაითში ავედი, იოლად გავხსენი საკეტი და ხუთოთახიან ბინაში შევდგი ფეხი. საქმე თითქმის მოთავებული მქონდა. ანტიკვარიატითა და სხვა ძვირფასი ნივთებით სავსე ორი ტყავის ჩემოდანი სასტუმრო ოთახში, პატარა მაგიდაზე დავდგი და საძინებელში ვაპირებდი ჩალიჩს. ამ დროს შევტრიალდი და ბინის პატრონს მოვკარი თვალი, რომელიც გაოცებული მიყურებდა და მითხრა:

– ნება მიბოძეთ... კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ?

ჩემი „მასპინძელი“ ჯერ კიდევ დაბნეული ჩანდა და, ყველაფერი რომ მშვიდობიანად დასრულებულიყო, ეს მომენტი უნდა გამომეყენებინა. ამიტომ, კოპებშეკრულმა ვუთხარი:

– კაპიტანი გრომოვი „კაგებედან“. თქვენ ხომ ბოლკოვნიკ ბარიშნიკოვთან ხართ დაბარებული, რატომ არ გამოცხადდით?

– პასპორტი სახლში დამრჩა, ამხანაგო კაპიტანო და შუა გზიდან მოვბრუნდი.

– სად გაქვთ პასპორტი?

– საძინებელ ოთახში, კომოდში მაქვს შენახული.

– კარგი, მიდით და აიღეთ. შემდეგ კი ჩვენ წაგიყვანთ... საძინებელში ჩვენი თანამშრომლები ატარებენ ჩხრეკას და უთხარით, ვინც ხართ.

გაბრუებული ბინის პატრონი საძინებლისკენ გაემართა პასპორტისთვის, მე კი ჩემოდნებს დავავლე ხელი და სასწრაფოდ გავუჩინარდი ბინიდან...

იმ ბინის პატრონს ერთი წლის მერე როსტოვის საეტაპო ციხეში შევხვდი. „პრაგულკაზე“ ვიყავი გასული და ქურდებთან ვბაზრობდი, როდესაც ვიღაცამ მომმართა:

– უკაცრავად, ახალგაზრდავ, შეიძლება, რაღაც გკითხოთ?

ჩაცუცქული ვიყავი და, თავი რომ ავწიე, ის კლიენტი დავინახე, რომელიც შუა ჩალიჩის დროს თავზე წამომადგა. მე ფეხზე წამოვდექი და მივუგე:

– დიახ, გისმენთ.

– ვერ მიცანით? – მორიდებით მკითხა მან, მე კი მივუგე:

– გიცანით, როგორ ბრძანდებით?

– ეეჰ, როგორ ვიქნები, ჩემო მეგობარო, – ამოიოხრა მან, – ათწლიანი პატიმრობა მომისაჯეს და ეტაპირებას ველოდები.

– რატომ, რა შეგემთხვათ?

– მე ხომ უნივერმაღის საწყობის გამგე ვიყავი და, მოგეხსენებათ, რა სახიფათო თანამდებობაა. ერთ მშვენიერ დღეს „ობეხეესი“ დამეცა და სულ კაპიკ-კაპიკ დამითვალეს ყველაფერი. ქონება ამიწერეს და ბინაც კი არ დამიტოვეს. თქვენ კარგად უნდა გახსოვდეთ ჩემი ბინა.

– დიახ, მახსოვს, – დავუდასტურე საწყობის ყოფილ გამგეს.

– ისე, ძალიან ოსტატურად კი გამაცურეთ, – ნაღვლიანი ღიმილით თქვა მან, – საძინებელში რომ შევედი პასპორტის ასაღებად და იქ არავინ დამხვდა, მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და შვებით ამოვისუნთქე. მილიციაში, რა თქმა უნდა, არ განმიცხადებია. საძინებელში საიდუმლო სეიფი მქონდა, სადაც მრავალი ძვირფასეულობა და ათეულ ათასობით მანეთი მქონდა შენახული... მილიციამ სამალავს მიაგნო და ყველაფერი წაიღეს. ნეტავ, თქვენ მაინც წაგეღოთ, მაშინ ხომ ნაკლებ სროკს მომცემდნენ.

– გეცლიათ და წავიღებდი. სწორედ საძინებელში ვაპირებდი ჩალიჩს, თავზე რომ წამომადექით.

– ჰო, მართალს ბრძანებთ, – ჩაეცინა ყოფილ საწყობის გამგეს, – მაგრამ, ისე დამიბნიეთ ტვინი თქვენი „კაგებეთი“, რომ პასპორტის წაღება დამავიწყდა და სახლში დავბრუნდი. ეეჰ, კარგი დრო იყო, კარგი. მართალია, ცოტა მანერვიულეთ, მაგრამ, როდესაც მივხვდი, რომ ორგანოებთან არ მქონდა საქმე, გამიხარდა, ეკლესიასთან ჩავიარე და თითოეულ მათხოვარს ათ-ათი მანეთი ჩავუდე, მაგრამ, ორგანოებს მაინც ვერ გადავურჩი.

– ეკლესიაში უნდა შესულიყავით და სანთელი დაგენთოთ.

– მერე და, მეშველებოდა?

– შეიძლება, გშველებოდათ კიდეც.

– შეიძლება, შეიძლება... ახლა კი ნამდვილად აღარაფერი მეშველება. სამოცდაათ წელს ვარ მიტანებული, ციხიდან რომ გამოვალ, ოთხმოცის ვიქნები... ან, გამოვალ კი?!

– ნუ დარდობ, ბიძაჩემო. იმედს ნურასოდეს დაკარგავ. ათასი ამნისტია გამოდის და რომელიმე მაინც შეგეხება. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ციხიდანაც გახვალ და კიდევ იგრიალებ, – დავაიმედე ჩემი ძველი ნაცნობი, რომელიც მეორე დღეს ეტაპით გაუშვეს ზონაში და მას მერე არსად შემხვედრია. შემდგომში ხშირად ვიხსენებდი ხოლმე ამ მოხუც ფაშისტს...

„ფაშისტებს,“ ქურდულ ენაზე ფულიან ადამიანებს, საქმოსნებს უწოდებენ. მათ ძირითად ნაწილს ჩვენთან საუცხოო დამოკიდებულება ჰქონდა და, არა მარტო ციხეში, არამედ, სვაბოდაზეც და, უსაფრთხოდ რომ ეგრძნოთ თავი, ქურდულ ობშჩიაკში საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც ჩამოდიოდნენ. ფაშისტები სვაბოდაზე ხომ მეფეებივით ცხოვრობდნენ, მაგრამ, ციხეში თუ ხვდებოდნენ, იქაც კარგად იყვნენ და თითქმის მთელ სროკს რეზბალნიცაზე ატარებდნენ.

რეზბალნიცა საპყრობილის ოაზისია. იქაც ბევრი რეშოტკა და ნადზორია, მაგრამ, ციხესთან შედარებით იქაურობა სამოთხეა. რეზბალნიცა – ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ნიშნავს სიტყვასიტყვით. წესით, იქ მხოლოდ ავადმყოფები უნდა ყოფილიყვნენ, სინამდვილეში კი იქ იშვიათად ნახავდით ავადმყოფს. მართლაც ძალიან გაჭირვებული უნდა ყოფილიყო უბრალო პატიმარი, რომ რეზბალნიცაში მოეთავსებინათ.

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოსახვედრად ან დიდი ბლატი უნდა გქონოდა, ან ფული გადაგეხადა, ან ქურდი ყოფილიყავი. მე უკვე ქურდი ვიყავი, როცა რეზბალნიცაში ვიწექი, დარჩენილ სროკს იქ ვამთავრებდი და ვბაირამობდი. სწორედ მაშინ, დიდი ხნის განშორების მერე შევხვდი თათიას, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ არ მინახავს.

– კობრა-ჯან! შეხედე, რა გოგოა... გედივით ყელმოღერებული არ მიცურავს? ეეჰ, ერთ დროს ჩემი სარაც მასეთი იყო, მაგრამ, ახლა ტრაკს ძლივს დაათრევს, – მითხრა ვერცხლისქუჩელმა ანზორამ და თითით მიმანიშნა ტანწერწეტა ქალზე, რომელიც რეზბალნიცის დერეფანში მოგოგმანებდა. შევხედე და მასში თათია შევიცანი. ქალს დანატრებული პატიმრები კი ხარბად აყოლებდნენ თვალს.

– ახალი ექიმია. დღეს პირველად გამოვიდა სამსახურში, – მითხრა ყოვლისმცოდნე ანზორამ.

ვერცხლისქუჩელი ანზორა თბილისის საქმოსანი იყო და ორადგილიან საკან-პალატაში ჩემთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ყველა ფაშისტს, მასაც ნაცნობების ფართო წრე ჰყავდა. ანზორა „ძაღლებსაც“ აჭმევდა, პარტიულ ბობოლებსაც და არც ჩვენ ვავიწყდებოდით. სამაგიეროდ, დაცულად, ლაღად გრძნობდა თავს და ქალაქში დაფასებული ადამიანი იყო. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მას ვინმე ოდესმე ხელს ახლებდა?! ის კი ჯერ დააპატიმრეს და კარგად დაფერთხეს, მერე გაასამართლეს და სპეკულანტობისთვის თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

– ხედავ, კაცო, რა მიქნეს ამ უნამუსოებმა?! – მიყვებოდა ანზორა, – აბა, რას ვიფიქრებდი, თუ მეც გამქაჩავდნენ, თორემ, ამდენ ქონებას მაგათ დავახვედრებდი სახლში?! არა, არა, ღირსი ვარ, ღირსი! ფული და ოქრო-ვერცხლი კომოდის უჯრაში რამ ჩამაწყობინა?! მიწაში უნდა ჩამემარხა, მიწაში და ჩემს ფეხებს იპოვიდნენ.  დურაკ ია, დურაკ! ებრაელი მქვია, რაღა! ებრაელი კი არა ბატისტვინა ვარ!

– ბევრი წაგართვეს? – ვკითხე ვერცხლისქუჩლს, მან კი ხელი ჩაიქნია და მომიგო:

– იმდენი, კობრა-ჯან, რომ, ვინც ახლა რეზბალნიცაზე ვართ, ყველას ჯიშსა და ჯილაგს ასი წელი ეყოფოდა.

– მაგრად გაუწეწიხარ.

– ნუ იტყვი. დამაქციეს ამ უნამუსოებმა, დამაქციეს...

ვერცხლისქუჩელი ანზორა დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მისი ოჯახი რამდენიმე მსხვილი საწარმოს მფლობელია. თბილისში კი ის ყოვლისშემძლედ ითვლებოდა და, არ არსებობდა დიდი თუ პატარა ნივთი, დაწყებული „ზინგერის“ საკერავი მანქანის ნემსით და დამთავრებული შავი „ვოლგით,“ რისი შოვნაც მას არ შეეძლო. ანზორას ბინა ვერცხლის ქუჩაზე ახლანდელ  სუპერმარკეტს წააგავდა – უამრავი დეფიციტური საქონლით იყო გამოტენილი. მთელი თბილისი მასთან დადიოდა საყიდლებზე და ანზორასთან შეძენილ ნივთს წყალი არ გაუვიდოდა. მართალია, ძვირს აფასებდა, მაგრამ, უმაღლესი ხარისხი გარანტირებული იყო და კლიენტები არ აკლდა. ერთ დღეს კი ანზორას კანტორას „ობეხეეშნიკები“ დაეცნენ და ცნობილი თბილისელი საქმოსანი დააპატიმრეს. მისი ბინა გაჩხრიკეს, რაც ნახეს, ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიღეს, იქ კი – ბობოლებმა გაინაწილეს.

– საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, კობრა-ჯან, – ამბობდა ანზორა, – მთელი ჯოგი მომივარდა სახლში. შავი კოსტუმები ეცვათ. ისე იქცეოდნენ, იფიქრებდი, რომ ცხოვრებაში მანეთის ქრთამიც არ აუღიათ და ოთხმოცმანეთიან ჯამაგირზე ცხოვრობენო. უცხო როჟები იყვნენ. მხოლოდ ერთი ნაცნობი შემხვდა, მაგრამ, რომ გამოველაპარაკე, პასუხი არ გამცა და ზურგი შემაქცია.

– ძმებო! ვერცხლისქუჩელი ანზორა ვარ, მისამართი ხომ არ შეგეშალათ? – ვუთხარი დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც უკვე კარადებში იქექებოდნენ...

– არა, – მითხრეს და შმონი განაგრძეს.

– ძმებო! თქვენ უფროსთან დამარეკინეთ, – არ ვჩერდებოდი მე, რადგან უკვე კომოდს მიადგნენ, იქ კი დიდი სიმდიდრე მქონდა შენახული.

– მე ვარ უფროსი, – მითხრა ერთმა ნაბიჭვარმა, – რა გნებავთ, მოქალაქევ?

„ოო, მოქალაქეო... გესმის, როგორ მოგმართავს? ეგ უკვე ცუდია“, – ვუთხარი საკუთარ თავს, იმას კი მივუგე:

– თქვენ არა, მე ყველაზე უფროსი მინდა. თქვენი სამსახურის უფროსი.

– მე ვარ. რაშია საქმე?

– რაღა რაშია საქმე, შე დალოცვილო. მღუპავთ და ეგაა. სახლში შემომივარდით, იჩხრიკებით და კიდევ მე მეკითხებით, რაშია საქმეო?! მე ვერცხლისქუჩელი ანზორა ვარ და თქვენი ხელმძღვანელობა კარგად მიცნობს.

– კარგად რომ გიცნობენ, იმიტომაც გამოგვგზავნეს შენთან, – მომახალა იმ ლაწირაკმა და, ყველაფერი რომ მოხიკეს, ბორკილები დამადეს და სამინისტროში წამიყვანეს.

სახლი ხომ გამისუფთავეს, რაც ნათესავებთან მქონდა შენახული, ისიც წაიღეს და სვერხუ ვალებიც დამადეს. ესეც არ იკმარეს, თხუთმეტწლიანი მუხლი მომიყენეს, გამასამართლეს და თოთხმეტი წელი მომისაჯეს. მოსამართლემ ერთი წელი მომაკლო და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს რასტრელიდან სახლში გამიშვა. არადა, მაგის ბოზ ცოლს ერთხელ ფრანგული ბიკინები თითქმის მუქთად მივეცი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3