კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დამარხა ცოცხლად მოღალატე ცოლი ლისის ტბაზე ერთ-ერთი ქარხნის მთავარმა ინჟინერმა

პუბლიკაციის მონაწილეთა ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს...

გვამი

საბურთალოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მეზობლებმა 29 წლის მალხაზ გუდალაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული ბინის მეპატრონე იყო და მარტო ცხოვრობდა. მეზობლებმა მას მერე გადაწყვიტეს მილიციის გამოძახება, რაც ბინიდან საშინელი სუნი იგრძნეს, თუმცა მანამდე ბინაში ორი მეზობელი ბიჭი გადაძვრა კარის გასაღებად და ორივე გულწასული დაეცა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში წაიყვანა.

გუდალაშვილის ბინაში სამართალდამცველები  სპეციალური აირწინაღებით შევიდნენ. იქ მალხაზ გუდალაშვილის დანაწევრებული და გახრწნილი სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. საშინელი სუნი გაუსაძლისს ხდიდა ექსპერტიზისა და გამომძიებლების მუშაობას.

მოკლულის ბინიდან სხეულის ნაწილები პროზექტურაში გადაიტანეს. ბინა სპეციალური ხსნარით დაამუშავეს და დეზინფექცია ჩაატარეს. შემდეგ დალუქეს და გამოძიება დაიწყო.

მკვლელობის საქმე

29 წლის მალხაზ გუდალაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო ქალაქის პროკურატურაში საქმე აღიძრა, რომელსაც მერაბ აბესაძე უძღვებოდა. მან დაადგინა, რომ მოკლული გუდალაშვილი რაიონიდან თბილისში 12 წლის წინ ჩამოვიდა. ჯერ ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ – ასპირანტურა და ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში უფროს მასწავლებლად მუშაობდა. მოკლულს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. კოლეგები მას ცუდად არ ახასიათებდნენ, თუმცა, ზოგიერთი ამბობდა, რომ ის კარიერისტი იყო. ერთ-ერთმა ღვაწლმოსილმა პროფესორმა მერაბ აბესაძესთან საუბარში თქვა:

– ამხანაგო გამომძიებელო, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მე არაფერს ვიტყოდი... მაგრამ, ამ საწყლის მკვლელია მოსაძებნი და იქნებ რამეში დაგეხმაროთ.

– თუ სწორად მივხვდი, – თქვა გამომძიებელმა, – მოკლული თქვენს სიმპათიებს არ იმსახურებდა.

– სიმართლე გითხრათ, არა, თუმცა, მას პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. პირიქით, ის ყოველთვის თავაზიანი და ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ. მაგრამ, ეს მისი ანგარიშიანობიდან მომდინარეობდა და არა აღზრდიდან. მას მე, უბრალოდ, ვჭირდებოდი და ამიტომ ცდილობდა ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას. სანამ ის ჩვენი თანამშრომელი გახდებოდა, მისი მასწავლებელი ვიყავი. ის არც სტუდენტობისას ბრწყინავდა. თუმცა, ბეჯითი კი იყო და შეეძლო, ღამეები გაეთენებინა კონსპექტებზე. მოჩვენებითი კაცი იყო, ძალიან დაკომპლექსებული და, თვალებში ეტყობოდა, რომ არავის დაინდობდა თავის გზაზე. ამიტომ, ახლო მეგობრობა არავისთან ჰქონდა, გარდა ნოდარ მერკვილაძისა. ისინი ერთი რაიონიდან იყვნენ. მე მგონი, ერთ კლასში სწავლობდნენ და ბინასაც ერთად ქირაობდნენ. როგორც ჩანს, იმ უბედურმა თავის შენიღბულ კომპლექსებს გზა მისცა, ვიღაც ძალიან გაამწარა და ასეთი შედეგიც იმიტომ დადგა. მერწმუნეთ, ახალგაზრდავ, თითქმის ნახევარი საუკუნეა, პედაგოგი ვარ და პიროვნების ამოცნობა არ გამიჭირდება. საწყალი მალხაზი ცუდი საქციელის გამოა მოკლული და, თუ თქვენ ამ საქციელს დაადგენთ, მკვლელსაც ადვილად იპოვით.

მეზობლის ჩვენება

გუდალაშვილის სხეულის ნარჩენები მშობლიურ რაიონში დაკრძალეს. მერაბ აბესაძე სპეციალურად დაესწრო ამ პროცესს, რათა რამე ინფორმაცია მოეპოვებინა, მაგრამ, ეს მგზავრობა უშედეგო აღმოჩნდა. მერაბს ნოდარ მერკვილაძის ნახვა უნდოდა, რადგან ის გუდალაშვილის ერთადერთი მეგობარი იყო და, იმედოვნებდა, რომ მისგან შეიტყობდა რამე საგულისხმოს. მერკვილაძე თბილისში მუშაობდა ერთ-ერთი ქარხნის მთავარ ინჟინრად და, როდესაც გამომძიებელმა სამსახურში მიაკითხა, ქარხნის დირექტორმა მას უთხრა:

– ნოდარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე გავგზავნეთ რუსეთში და ექვსი თვე არ დაბრუნდება. იქნებ, იქ გადააყოლოს გული.

როგორც გამომძიებელმა ქარხნის დირექტორისგან შეიტყო, მერკვილაძეს ახალგაზრდა მეუღლე გაჰქცევია.

– ერთ მშვენიერ დღეს ნოდარი სახლში დაბრუნდა და ცოლის წერილი დახვდა, რომ მისგან სამუდამოდ მიდიოდა. ნოდარს ეს ჯერ ბოროტი ხუმრობა ეგონა და ცოლის ძებნა დაიწყო, შემდეგ კი მილიციაში განაცხადა, მაგრამ, ვერსად მიაგნო, – უთხრა მერაბ აბესაძეს ქარხნის დირექტორმა.

აბესაძემ გუდალაშვილის კარის მეზობელი დაკითხა და შეიტყო, რომ დროგამოშვებით მალხაზი თავის სახლში ფარულად ხვდებოდა ვიღაც ქალს.

– შვილო, ამ ჩვენს ბინებს სიფრიფანა კედლები აქვს და, რომც არ გაინტერესებდეს, ხმამაღლა ლაპარაკს მაინც გაიგებ, – უთხრა ქალმა, – ცხონებულ მალხაზს ვიღაც ქალი აკითხავდა ხოლმე, თუმცა, არც მისი სახელი ვიცი, არც გვარი და არც არასოდეს მინახავს. უბრალოდ, მათი ხმები მესმოდა. ბოლო დროს კი ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. ქალი ტიროდა ხოლმე. მე მგონი, ის უბედური ქმრიანი იყო და მალხაზი ეუბნებოდა, შენი ქმარი ვერაფერს შეიტყობსო. ერთი სიტყვით, აწყნარებდა.

– ქმრის სახელი ხომ არ უხსენებიათ? – იკითხა აბესაძემ.

– არა, შვილო, სახელი არა. ასე ეუბნებოდა მალხაზი: „დაწყნარდი, გოგო, შენი ქმარი ვერაფერს გაიგებსო“.

მოკლული გუდალაშვილის მეზობლის ჩვენება აბესაძეს საგულისხმოდ ეჩვენა, ქალს გამოემშვიდობა და წავიდა, თან, გზაში ერთ კომბინაციას აწყობდა, რომელიც თავში მოუვიდა...

ეძიეთ ქალი

მერაბ აბესაძემ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა შეადგინა და მათ თანმიმდევრულად განხორციელებას შეუდგა. ბოლოს დარწმუნდა, რომ გუდალაშვილის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ქალი იყო. აბესაძეს კარგად ახსოვდა მოხუცი პროფესორის რჩევა, რომ გუდალაშვილის მკვლელობის  მიზეზი მის კომპლექსებში ეძებნა და ამ ვერსიაზეც ინტენსიურად მუშაობდა.

„როგორც ჩანს, მოკლულმა ვიღაცის ცოლი გაიხადა საყვარლად და, ეტყობა, ამის გამო ეშინოდა ქალს, – ფიქრობდა აბესაძე, – ალბათ, ეს დიალოგი გაიგონა მეზობელმა. ესე იგი, როგორც ფრანგები იტყვიან, ქალი უნდა ვეძებო, მაგრამ, ვინ და სად?“ გამომძიებელი ვერსიებს ამუშავებდა, თან მთავარი ინჟინრის გაქცეული მეუღლე ედგა თვალწინ. ამიტომ, აბესაძემ ანა სესიაშვილის გაქცევის მიზეზის გარკვევა სცადა და მისი მეუღლის, ნოდარ მერკვილაძის დაკითხვა გადაწყვიტა. გამომძიებელმა ხელმძღვანელობას ერთკვირიანი მივლინება სთხოვა და ქალაქ ივანოვოში გაემგზავრა, სადაც მერკვილაძე კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე უკვე  ორი თვეა, იმყოფებოდა.

მერაბ აბესაძემ ჯერ შორიდან უტრიალა ნოდარ მერკვილაძეს და მასზე ინფორმაციები შეაგროვა, საიდანაც შეიტყო, რომ ცოლგაქცეული კაცის პირობაზე, მთავარი ინჟინერი საკმაოდ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა და სულაც არ ეტყობოდა, რომ ცოლის დაკარგვა ადარდებდა. გამომძიებელმა დრო იხელთა და მერკვილაძეს სასტუმროს ნომერში ეწვია.

– პროკურატურის გამომძიებელი მერაბ აბესაძე... თბილისიდან სპეციალურად თქვენს დასაკითხად ჩამოვედი, – უთხრა გამომძიებელმა მერკვილაძეს.

– ჩემი მეუღლე ხომ არ გამოჩენილა? – ირონიულად იკითხა მერკვილაძემ.

– არა. მე მალხაზ გუდალაშვილის მკვლელობას ვიძიებ და ამ საქმეზე ვარ ჩამოსული.

– ეგ როგორ? – გაოცდა მერკვილაძე და გაფითრდა, – მალხაზი მოკლეს?

– დიახ, ამ ორი თვის წინ. სწორედ მაშინ წამოხვედით თქვენ აქ. უფრო სწორად, თქვენ ორი კვირის ჩამოსული იყავით, როდესაც თქვენი მეგობარი მოკლეს. მეზობლებმა ის თავის ბინაში იპოვეს დანაწევრებული და, მილიციას რომ შეატყობინეს, სავარაუდოდ, სამი კვირის მოკლული იყო. მას მატლები ესეოდა.

– კი მაგრამ, მე რატომ არავინ შემატყობინა? ან, ასეთი რა დააშავა მალხაზმა, ასე რომ გაიმეტეს?

– სწორედ ამის გამოსაკვლევად ჩამოვედი, – თქვა აბესაძემ, – მოქალაქე ნოდარ სპირიდონის ძე მერკვილაძევ, თქვით, რატომ მოკალით თქვენი მეუღლე, ანა სესიაშვილი და შემდეგ მომიყევით, როგორ დაანაწევრეთ გუდალაშვილი.

– რას როშავთ, გამომძიებელო?! – ირონიულად თქვა მერკვილაძემ.

– ჯობია, სიმართლე თქვათ, რასაც სასამართლო განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინებს. ჩვენ გუდალაშვილის დღიურები ვიპოვეთ, სადაც ის წერს, რომ თქვენს მეუღლესთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. იქ ისიცაა აღნიშნული, რომ მას თქვენი ეშინოდა და, თუ ამ ამბავს შეიტყობდით, მოკლავდით.

მერკვილაძეს გაეცინა და თავი გააქნია, მერე ნელა წამოდგა, მოულოდნელად აბესაძეს თავში გრაფინი ჩაარტყა, გათიშა და სასტუმროს ნომრიდან გაიქცა. აბესაძე გონს რომ მოვიდა და თვალი გაახილა, ჩაილაპარაკა: „ძალიან კარგი, დღიურებთან დაკავშირებულმა ტყუილმა გაჭრა. მართალია, მერკვილაძე მიიმალა, მაგრამ, ახლა ის მაინც ვიცი, რომ მან თავისი ცოლი და მეგობარი დახოცა“.

აბესაძე მილიციაში მივიდა და მომხდარის შესახებ განაცხადა. იმავე დღეს მერკვილაძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

აღიარება

ნოდარ მერკვილაძე გაქცევიდან ერთ კვირაში დააკავეს. ის ივანოვოში, ერთი ქალის ბინაში აიყვანეს. დაკავებისას მას წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია და ხელბორკილები რომ დაადეს, განაცხადა:

– ჯერ ოცდაათისაც არ ვარ და უკვე მეგობრისა და ცოლის ღალატი ვიგემე. ალბათ, დამხვრეტენ, მაგრამ, არ ვნანობ. ამით მე ჩემი ღირსება დავიცავი.

მერკვილაძე თბილისში ჩამოიყვანეს. მილიციის სამმართველოში მან ჩვენება მისცა, რომელშიც ეწერა: „მკვლელად არ დავბადებულვარ, ბედის უკუღმართობამ მაქცია ასეთად. ანა და მალხაზი ჩემი ყველაზე ერთგული ადამიანები მეგონა და მათთვის თავს გავწირავდი, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ერთ დღეს ანაში ეჭვი შემეპარა. გადავწყვიტე, მას უკან მივყოლოდი და ყველაფერი გამერკვია. აბა, რას ვიფიქრებდი, თუ საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. თურმე, ის ძუკნა ჩემი საუკეთესო მეგობრის საყვარელი იყო და რქებს მადგამდა. მაშინვე სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე ორივეს. ერთ საღამოს ანას წერილის დაწერა ვაიძულე, ვითომ გამექცა, შემდეგ ძილის წამალი დავალევინე, შუაღამისას ლისის ტბაზე ავიყვანე და ცოცხლად დავმარხე ტყეში, სამ დღეში კი მალხაზიც მივაყოლე, რომელსაც მოულოდნელად დავადექი სახლში და კონიაკით დავათვრე, რომელშიც ძილის წამალი ერია. რომ გაითიშა, დავანაწევრე და მატლების შესაჭმელად დავტოვე“...

ნოდარ მერკვილაძეს უმაღლესმა სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ, მან თავადვე აღასრულა განაჩენი და ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში ზეწრით ჩამოიხრჩო თავი...

 

скачать dle 11.3