კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კასილასის საჩუქარი ქომაგებს

კასილასის საჩუქარი ქომაგებს

 

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის” კაპიტანი იკერ კასილასი „ფეისბუქის” საშუალებით ფეხბურთის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ თავიანთი ფოტოები გამოუგზავნონ, რათა მომავალ სეზონში გოლკიპერმა ფოტოებისგან აწყობილი კოლაჟი თავის მაისურზე სანომრე ნიშანზე განათავსოს. კასილასს „სოციალურ ქსელში“ 11,4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს და, სავარაუდოდ, ყოველი ახალი თამაშის დაწყებამდე ის ახალ კოლაჟებს შეადგენს. ცნობისთვის, „რეალს” ახალ სეზონში ახალი მწვრთნელი, იტალიელი კარლო ანჩელოტი გაწვრთნის და, სავარაუდოდ, იკერ კასილასი გუნდში პირველი ნომრის პოზიციას დაიბრუნებს, რომელიც გასულ სეზონზე ჟოზე მაურინიომ დიეგო ლოპესს გადაულოცა.

 

მარიონ ბარტოლის მხიარული ვარჯიში

 

„უიმბლდონი 2013-ის“ გამარჯვებული ფრანგი ჩოგბურთელი, მარიონ ბარტოლი, ფეხბურთის დიდი მოყვარული აღმოჩნდა. 28 წლის სპორტსმენი, რომლის კერპები ბავშვობაში პიტ სამპრასი და მონიკა სელეში იყვნენ, მარსელის „ოლიმპიკის” ქომაგი ყოფილა და რამდენიმე ხნის წინ ლონდონური კორტების ტრიუმფატორს საშუალება მიეცა, საყვარელი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ევარჯიშა. ამჟამად მარიონი ქალთა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, მისი სპორტული ფორმის გათვალისწინებით, შესაძლოა, მან ახლო მომავალში სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მარია შარაპოვას, სერენა უილიამსსა და ვიქტორია აზარენკოს. 

 

„სტუმრად“ უცხოპლანეტელებთან

 

 NBA-ს გუნდის – „ნიუ-იორკ ნიქსის” მცველმა, ბერონ დევისმა, სენსაციური განცხადება გაავრცელა: კალათბურთელის თქმით, იგი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს და მან რამდენიმე საათი ტყვეობაში გაატარა. „ორი კვირის წინ უცხოპლანეტელებმა მომიტაცეს. მანქანით მივდიოდი ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესში, უცებ დიდი შუქი დავინახე და აღმოვჩნდი რკინის კუბში, სადაც ჩემთან ერთად უცნაური აღნაგობის ნახევრად ადამიანები და ნახევრად არამიწიერი ქმნილებები იყვნენ. მე ხელები მქონდა შეკრული, ისინი კი თვალებში მინათებდნენ სხვადასხვა ფერის ნათურებს და ცხვირში უცხო სხეულებს მირჭობდნენ. როდესაც გონს მოვედი, კვლავ ჩემს მანქანაში ვიყავი. არ ვიცი, იყო თუ არა ეს მოტაცება, მაგრამ, ფაქტია, რომ არასასიამოვნო ვითარებაში ვიმყოფებოდი,“ – ამბობს ბერონ დევისი.

 

გარეტ ბეილი „ფიფა 14-ზე“ მუშაობს

 

უელსელი გარემარბი და ამ სეზონის ევროპული ტოპ-კლუბების მთავარი სატრანსფერო სამიზნე, გარეტ ბეილი, კომპიუტერული თამაშის – „ფიფა 14-ის“ ახალ ვერსიაზე მუშაობს. „ტოტენჰემის” ვარსკვლავი თამაშის ავტორებს ეხმარება და სპეციალური მოწყობილობების დახმარებით საკუთარი თავის კომპიუტერულ ვერსიას ქმნის. კომპიუტერული თამაშის გარდა, გარეტ ბეილი „რეალის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ჩელსის” მთავარი სამიზნეა, ამის საპასუხოდ კი ლონდონური კლუბი მისთვის ხელფასის მომატებას აპირებს, რათა შეინარჩუნოს გასული სეზონის ინგლისის პრემიერ-ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

ტრაქტორისტი ჯოკოვიჩი

 

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავი უჩვეულო პოზიციაზე გამოსცადა: ჩოგბურთის ვარსკვლავი ტრაქტორის საჭეს მიუჯდა . „ერთმა კეთილმა სოფლის მცხოვრებმა მასწავლა, როგორ უნდა გამეტარებინა ტრაქტორი, ამიხსნა ყველა ნიუანსი და, მგონი, პირველივე ცდაზე კარგად გამომივიდა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ტრაქტორისტობაზე და ოცნება ამდენი წლის შემდეგ ავიხდინე,” – დაწერა „სოციალურ ქსელში“ ჯოკოვიჩმა. ამჟამად ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობისთვის ემზადება თავის სამშობლოში. რეიტინგის პირველი ნომერი შარშან დაკარგული ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

 

ვიეტნამელი ქომაგის სიყვარული

 

ლონდონის „არსენალი” ახალი სეზონისთვის მზადებას აზიაში, ვიეტნამში გადის. გუნდი ჰანოიშია დაბანაკებული. ერთ-ერთი ექსკურსიის დროს, გუნდის ავტობუსს ვიეტნამელი ფეხბურთის მოყვარული აედევნა. „არსენალის” თავგადაკლული ქომაგი  ავტობუსს 6 საათის განმავლობაში მისდევდა და, საბოლოოდ, მისი ოცნება ასრულდა – ფეხბურთელებმა მძღოლს ავტობუსის გაჩერებისკენ მოუწოდეს, ქომაგი კი ავტობუსში აიყვანეს. ვიეტნამელი არსენ ვენგერსა და გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა, ყველას ჩამოართვა ხელი, გადაიღო სამახსოვრო ფოტოები და საჩუქრად გუნდის მაისური მიიღო.

 

ჰინგისი სპორტში ბრუნდება

 

წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი, 32 წლის მარტინა ჰინგისი აქტიურ სპორტს უბრუნდება. შვეიცარიელი ექსპირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად ჩაებმება კალიფორნიის ტურნირში. უკანასკნელად კორტზე ჰინგისი 2007 წელს იყო, რის შემდეგაც „დიდი სლემის” გათამაშების ხუთი ტურნირის გამარჯვებული მწვრთნელობით იყო დაკავებული, კერძოდ, 2013 წლის აპრილიდან ჰინგისი რუს ჩოგბურთელს – ანასტასია პავლიუჩენკოს ავარჯიშებდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი

– 2022 წელი ზამთარში

 

როგორც „ფიფას“ პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, ვარაუდი, რომ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც ყატარი უმასპინძლებს, შესაძლოა ზამთარში გაიმართოს, სავსებით რეალურია, რადგან, ზაფხულში ყატარში არანორმალური სიცხეა, რაც დამატებით დისკომფორტს შეუქმნის როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს, ხოლო ზამთარში ყატარში ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური ამინდია და ამიტომაც განიხილება ეს ვარიანტი. მუნდიალის ზამთარში ჩატარებას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ინგლისის პრემიერლიგა. ცნობილია, რომ ინგლისში ზამთრის პერიოდში გუნდები პრაქტიკულად არ ისვენებენ და ძნელად პროგნოზირებადია, რომ კლუბები დათანხმდნენ „ფიფას“ ინიციატივას.

скачать dle 11.3