კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაიმსხვრა 500 სასმისი ფუნიკულიორის რესტორანში და თბილისის რომელ რესტორანში უმასპინძლა ვასილ მჟავანაძემ ჯავაჰარლალ ნერუსა და ინდირა განდის

თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ყველაზე ცნობილი რესტორანი – მთაწმინდის ფერდობზე მდებარე „ფუნიკულიორი” თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის გაიხსნა. თბილისის ომის დროს გაპარტახებული და თითქმის მთლიანად განადგურებული რესტორნის შენობა მოჩვენებების სახლს უფრო წააგავდა, ვიდრე ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილს. არაჩვეულებრივი ხედის მქონე რესტორანს უამრავი საინტერესო ისტორია უკავშირდება, რომელთა შესახებ ძველი ფოტოებისა და საარქივო მასალის დახმარებით ამ ნომრიდან შეიტყობთ.

 ფუნიკულიორი რევოლუციამდე

ცნობილი რესტორნის აშენებას წინ უძღოდა მთაწმინდის ფერდობის ათვისება. 1897 წლის ივნისში ქალაქის გამგეობამ სპეციალური კომისია გამოყო, რომელსაც დაევალა მთაწმინდის კეთილმოწყობის ღონისძიებების შემუშავება. კომისიამ გამგეობას ურჩია, ოქროყანაში პოლტარაცკისა და გაბაშვილის მამულები შეესყიდა და ორმოცდაათ დესეტინა ფართობზე ტყე გაეშენებინა. ეს დადგენილება, სამწუხაროდ, შეუსრულებელი დარჩა. იმ დროს მთაწმინდაზე თითო-ოროლა თბილისელს ჰქონდა აგარაკი, ხოლო სოვდაგრები სამიკიტნოებს ფლობდნენ და ტფილისელი მოქეიფეები იქ დროის გასატარებლად დადიოდნენ. იმ წლებში მთაწმინდას ქალაქთან ბილიკი აკავშირებდა, რომელიც ჯერ კიდევ 1817 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით „საპიორნი” ბატალიონის ჯარისკაცებს ჯერ მამადავითის ეკლესიამდე გაუჭრიათ, შემდეგ კი მთის პლატომდე გაუგრძელებიათ. 

1900 წლის 24 იანვარს ქალაქის თვითმმართველობამ თბილისის „კონკის” დირექტორს, ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის, ფუნიკულიორის მშენებლობის ნება დართო. მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩქარი ტემპით წარიმართა. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა – „როტონდა” აიგო, სადაც, იმავდროულად, კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. მშენებლობაზე  მრავალი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა. პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ბლაშმა, არქიტექტურულად დაამუშავა არქიტექტორმა შიმკევიჩმა,  გზის მშენებლობას კი ხელმძღვანელობდა ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი, რომელსაც ეხმარებოდა იტალიელი ინჟინერი ანტონიო ფონტანა-როსი. უცხოელების გარდა, ფუნიკულიორის მშენებლობაში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფუნიკულიორის სადგურები, მთელი ტრასა ვარდ-ყვავილებითა და რუსეთის იმპერიის ეროვნული დროშებით იყო მორთული. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა მამადავითის ეკლესიის ზედამხედველმა,  მღვდელმა მაჭარაშვილმა. ბოლოს, ქალაქის თავმა, ვასილ ჩერქეზიშვილმა, ცისფერი ლენტი გაჭრა და ფუნიკულიორი გახსნილად გამოაცხადა. პეტერბურგში გამომავალი ჟურნალი „ნივა” ფუნიკულიორის გახსნაზე წერდა: „ეს შესანიშნავი ნაგებობა მოწყობილია ცნობილი უცხოეთის ფუნიკულიორების მსგავსად. რაღაც დაახლოებით ასეთი რამ არსებობს ქვედა ნოვგოროდში, მაგრამ იქაური ფუნიკულიორი ვერც კი შეედრება დავითის მთაზე აგებულ გზას. ამჟამად თბილისის ფუნიკულიორი დიდი წარმატებით სარგებლობს მცხოვრებთა შორის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლებითაც ესოდენ მდიდარია საქართველოს დედაქალაქი”. 

ფუნიკულიორი საბჭოთა დროს
საბჭოთა დროს ფუნიკულიორს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1936-1938 წლებში დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი სადგურის შენობა, რომლის ავტორები იყვნენ არქიტექტორები: ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანები და ა. ვალაბუევი. ძველი რესტორნის შენობა, იმავე წლების რეკონსტრუქციის შედეგად, შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. ცნობილია, რომ ფუნიკულიორის რეკონსტრუქცია პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი ლავრენტი ბერიას, იგი ყოველდღე ამოწმებდა სამუშაოებს და დასრულებული ფუნიკულიორის ზედა სადგური და რესტორანი სწორედ მან გახსნა. ცნობილი ფაქტია, რომ მშენებარე ფუნიკულიორზე ბერია ასულა დასათვალიერებლად, რომელსაც ხარაჩოზე ფეხმძიმე ქალი დაუნახავს. იგი აღშფოთებულა: ეს ორსული მუშა აქ რომ დგას, სირცხვილია. იტყვიან, საბჭოთა მუშებს ასე ექცევიანო. თუმცა ფეხმძიმე ქალი არა მუშა, არამედ, პროექტის ავტორი, 27 წლის ნადეჟდა ქურდიანი იყო – მშენებლობის დროს ნადეჟდა ქალიშვილზე ყოფილა ფეხმძიმედ. იმ დროიდან მოყოლებული, ფუნიკულიორის ზედა სადგური და რესტორანი თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. ფუნიკულიორის რესტორანი რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში ფიგურირებს: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. რესტორნის სტუმრები საბჭოთა დროს იყვნენ: ფიდელ კასტრო, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვი მასპინძლობდა; მარგარეტ ტეტჩერი, მწერალი ჯონ სტაინბეკი, ფოტოგრაფი რობერტ კაპა, ინდოელი მსახიობი რაჯ კაპური, ინდოელი პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ და მისი ქალიშვილი – ინდირა განდი, რომლებსაც პირადად ვასილ მჟავანაძე მასპინძლობდა 1955 წლის 13 ივნისს; ასევე ფუნიკულიორის რესტორნის სტუმრები იყვნენ ლეგენდარული ბასკი ფეხბურთელები, რომლებიც 1937 წლის ივლისში თბილისში ჩამოვიდნენ  და თბილისის „დინამოსთან” ქართული ფეხბურთის ისტორიაში დასამახსოვრებელი მატჩი გამართეს. 1960-იანი წლების ბოლოს ფუნიკულიორს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ხოლო 1972 წელს რესტორანი კოკა იგნატოვის ცნობილმა პანომ დაამშვენა, რომელზეც მხატვარმა ძველი თბილისის ბოჰემა გადაიტანა. სამწუხაროდ, 1990-იანი წლების დასაწყისში იგნატოვის პანო ვანდალურად დააზიანეს და მნიშვნელოვანი ფრაგმენტი მოიპარეს, თუმცა, რესტავრატორებმა მოახერხეს და ლეგენდარული პანოს დაკარგული ნაწილი აღადგინეს. ფუნიკულიორის რესტორანთან დაკავშირებით საინტერესო მოგონებები აქვს გამოქვეყნებული გიზო ნიშნიანიძეს. ერთხელ, ახალი წლის შესახვედრად რესტორანში ხუთასამდე სტუმარმა მოიყარა თავი და, თბილისის სადღეგრძელოს შესმის შემდეგ, წამოძახილზე, რომ ამ სასმისით უკეთესი სადღეგრძელო აღარ უნდა დაილიოსო, ყველამ ხელი გაუშვა ჭიქას და ხუთასივე სასმისი დაიმსხვრა რესტორნის აივანზე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს. 
скачать dle 11.3