კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ყვარყვარე ჯაყელი და ვინ მიაჭედა მან საკუთარ კარზე ყურით

ყვარყვარე მეორე ჯაყელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯაყელთა საგვარეულოსი, რომელიც მოღვაწეობდა მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ის მძიმე პერიოდია საქართველოს ისტორიიდან, როდესაც იწყება ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად; ოსმალები კონსტანტინოპოლს იკავებენ და ასპარეზზე თურქმანები ჩნდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ასეთი ძლიერი და მიზანმიმართული პიროვნება, როგორიც ყვარყვარე ჯაყელი იყო, სხვა ქართველ მეფე-მთავრებს შორის არ გვყავს. დღეს ჩვენ სწორედ ამ პიროვნების შესახებ ვისაუბრებთ. ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის მასალებზე დაყრდნობით.  

 

ყვარყვარე ჯაყელი ისტორიულ ასპარეზზე გამოჩნდა 1447 წელს, მაშინ, როცა საკუთარ ძმას – აღბუღა ათაბაგს აუჯანყდა და მოინდომა სამთავროს დაკავება, თუმცა დამარცხდა. ვინაიდან, აღბუღას საქართველოს მეფემ, გიორგი მერვემ დაუჭირა მხარი. რამდენიმე წლის შემდეგ აღბუღა გარდაიცვალა და, მიუხედავად იმისა, რომ მას დარჩა კანონიერი მემკვიდრე, სამთავროს ტახტი ყვარყვარე ჯაყელმა დაიკავა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჯაყელი გიორგი მერვის წინააღმდეგ ცდილობს ბრძოლას.

ყვარყვარე ჯაყელი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლდათ, ენერგიული და მიზანსწრაფული, მებრძოლი, მაგრამ, ცუდი ის იყო, რომ ამ კაცმა ყველა ეს თვისება გამოიყენა მეფესთან დაპირისპირებაში, რათა შეექმნა ძლიერი, მაგრამ, დამოუკიდებელი სამცხის სამთავრო, რაც მოახერხა კიდეც. ყვარყვარეს თანამედროვე სამცხის სამთავრო საქართველოს ერთ მესამედს მოიცავდა: შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ამიერტაო, იმიერტაო – ანუ, მთელი ის ტერიტორია, რასაც ისტორიული მესხეთი ერქვა, მფლობელობაში მოიქცია ყვარყვარე ჯაყელმა და გახდა მისი მთავარი. ფაქტობრივად, ამ პერიოდისთვის ვინც კი გაილაშქრებდა გიორგი მერვის წინაარმდეგ, ყველას უკან ყვარყვარე ჯაყელი იდგა. იმერეთის ერისთავი ბაგრატ ბაგრატიონი რომ აუჯანყდა მეფეს, მის უკანაც ყვარყვარე იდგა. ბაგრატმა მეფე დაამარცხა, ტყვედაც ჩაიგდო და ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლა – მხოლოდ მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა ბაგრატის ქალიშვილზე იქორწინა. მეფის ტყვეობის პერიოდში საქართველოში სიტუაცია შეიცვალა: გიორგი მერვემ ტახტი დაკარგა და მას სამართავად დარჩა მხოლოდ კახეთის ტახტი; ქართლი და იმერეთი – ბაგრატს, მესხეთი კი – ყვარყვარე ჯაყელს.

ყვარყვარე ჯაყელი ცდილობდა, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ, ეკლესიურადაც გამოეყო თავისი სამთავრო საქართველოსგან. მისი წაქეზებით, მესხეთის ეპისკოპოსთა ერთმა ნაწილმა შეწყვიტა სამცხის კათოლიკოს-პატრიარქის წირვა-ლოცვაში მოხსენიება. ბუნებრივია, სამხედრო ძალით ყვარყვარეს ვერავინ დაამარცხებდა, არადა, ერთიანი ეკლესიის  დაშლა კატასტროფა იქნებოდა საქართველოსთვის, რადგან, სამეფო-სამთავროებად დაშლილ ქვეყანას, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია აერთიანებდა. ამგვარ  რთულ მომენტში დიდი ვაჟკაცობა და წინდახედულობა გამოიჩინა ქართლის კათალოკოსმა დავით მეოთხემ, რომელიც ჩავიდა სამცხეში, შეკრიბა მესხეთის სასულიერო პირები, ყველა შეაჩვენა და განკვეთა ეკლესიიდან. ეს იყო ძალიან დიდი  სასჯელი, რომლის ახსნა შეეძლო მხოლოდ იმას, ვინც ეს სასჯელი დაადო, ანუ, ისევ და ისევ კათოლიკოს-პატრიარქს. მესხეთის სასულიერო პირები იძულებულნი გახდნენ, მოენანიებინათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მხრივ ყვარყვარეს გეგმა ვერ განხორციელდა. საქართველოს ეკლესიის ერთიანობა შენარჩუნდა, თუმცა, პოლიტიკურად, სამცხე უკვე აბსოლუტურად ცალკე, დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენს, რომელიც ებრძვის თურქმანებს... ეს ის პერიოდია, როდესაც კონსტანტინეპოლი დაეცა და რომის პაპი იწყებს ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. ამ კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველებიც, კერძოდ, გიორგი მერვე, სამეგრელოს მთავარი და ყვარყვარე ჯაყელი. ყვარყვარემ მიმოწერა გააჩაღა ბურბუნდიის ჰერცობთან, ვენეციის დიდებულებთან და ასე შემდეგ. ამ წერილებში ის საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც ქარციხის ჰერცოგს, ანუ, ახალციხის ჰერცოგს. სახელი „ყვარყვარე“ ძნელი წარმოსათქმელი იყო ევროპელებისთვის და ის მოიხსენიებოდა როგორც ქარციხის ჰერცოგი ბატონი გორგონა. ბატონი გორგონა აქაც არ მალავს თავის ამბიციურობას: წერს, რომ გამოიყვანს 30-ათასიან ლაშქარს და თვითონ უნდა იყოს მთელი აღმოსავლეთ ჯარების სარდალი. 

ამბავი, რომელიც მოხდა 1483 წელს, ნათლად წარმოაჩენს ყვარყვარე ჯაყელის პიროვნებას თავისი ამბიციებით, პატივმოყვარეობითა და ლიდერის თვისებებით. ამ დროს ქართლის მეფე არის კონსტანტინე მეორე. ყვარყვარეს ერთ-ერთი ვაჭარი, სავაჭროდ წასულა აზერბაიჯანში, კერძოდ – შაქში. უკან დაბრუნებისას ადგილობრივ ვაჭართან მოსვლია შელაპარაკება. სამცხელი ვაჭარი დამუქრებია: მე ყვარყვარესთან წავალ, იმას ვეტვი ამ ამბავს, მოვა და, ნახავთ, რას გიზამთო. შაქელმა ვაჭარმა მისი მუქარა აინუნშიაც არ ჩააგდო და უპასუხა: წახვალ, თორემ, ისიც  ახალციხიდან არ ჩამოვიდეს და ყურით არ მიმაჭედოსო. მართლაც, გაძარცული და ნაცემი ვაჭარი მივიდა ყვარყვარესთან, შესჩივლა თავის ბატონს და უამბო: გამძარცვეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და, როდესაც დავემუქრე, ყვარყვარეს ვეტყვი-მეთქი, არც კი მიაქციეს ამას ყურადღებაო. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ადგა ყვარყვარე ჯაყელი, წავიდა შაქში, მოძებნა ყველა ის პიროვნება, ვინც თავის ვაჭარს შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ისტორიულ წყაროებში წერია, თითოეული მათგანი საკუთარი სახლის კარზე ყურით მიაჭედა. ამ ისტორიის შემდეგ, სამცხეში მომავალმა ჯაყელმა გზად ქართლზე გაიარა. ამ დროისთვის ქართლში უკვე დამკვიდრებულნი არიან ციციშვილები – ყოფილი ფანასკერტელთა საგვარეულო, რომლებიც ჯაყელებმა მესხეთიდან გამოყარეს. არ არის ცნობილი, ციციშვილების წაქეზებით თუ თვით ქართლის ტახტის მმართველის, კონსტანტინეს სურვილით, მაგრამ, ქართლის ტერიტორიაზე მიმავალ ყვარყვარე ჯაყელს დაეწიენ გზაში და უთხრეს: შენ, ქართლის მიწაზე რომ მიბრძანდები, კეთილი ინებე, ეახელი კონსტანტინე მეორეს და თაყვანი ეცი მასო! ყვარყვარემ მოკლედ უპასუხა: გამანებეთ თავი! ჩემს საქმეზე ვიყავი და ქართლისთვის არაფერი დამიშავებიაო. მაშინ შეკრიბეს ჯარი, სათავეში დაუყენეს ციციშვილები და დაედევნენ ყვარყვარეს. ამასობაში ციციშვილმა ელჩად ქართლის ეპისკოპოსი გაუგზავნა ყვარყვარეს, რომელმაც იგივე სიტყვები გაუმეორა სამცხის მთავარს და, როდესაც კვლავ უარი მოისმინა მისგან, დანანებით უთხრა: ყვარყვარე, ეტყობა, არ იცი შენ, რომ ძალა აღმართს ხნავსო. ამის შემდეგ მოხდა ბრძოლა სოფელ არადეთთან, რომელშიც ყვარყვარემ გაიმარჯვა. მას ტყვედ ჩაუვარდა სწორედ ის ეპისკოპოსი, რომელმაც ელჩის ვალდებულება შეითავსა. გამარჯვებულ სამცხის მთავარს დატყვევებული ეპისკოპოსისითვის შეუხსენებია: როგორ მითხარი, ძალა აღმართს ხნავსო?! ახლა მე შენ გაჩვენებ, როგორ ფარცხავს ნება თავდაღმართსო! – და საწყალი ეპისკოპოსი წვერით უთრევია. თუმცა, საინტერესოა, რომ მემატიანეები წერენ სამცხის მთავრის შესახებ: იმისი სამართალი ჯობდა და იმიტომაც გაიმარჯვაო. 

შეიძლება ითქვას, რომ სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში არის ყველაზე ძლიერი ქართველი ფიგურა, მაგრამ, მან თავისი ნიჭი და შესაძლებლობები მოანდომა საქართველოს დაშლას და მხოლოდ სამცხის სამეფოს გაძლიერებას. წარმოუდგენელია, არ სცოდნოდა, რომ ცალკეული სამთავროები დიდხანს ვერ შეძლებდნენ არსებობას, ყოველივე ეს კი საქართველოს დაშლას და საბოლოო ჯამში, მაინც ქართველობის მოშლას ნიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მისი ლტოლვა ძალაუფლების მოსაპოვებლად, რომ ყვარყვარე ჯაყელმა მთელი თავისი ნიჭი, ძალა და ენერგია ამას მოანდომა, ანუ, ქვეყნის საზიანოდ გამოიყენა, რასაც მიაღწია კიდეც. წყაროებში იგი მოხსენიებულია როგორც ამირსპასალარი, ათაბაგთა-ათაბაგი, სამცხის სპასალარი... სამცხის მთავარი ფულს ჭრიდა თავისი სახელით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან, ფულის მოჭრა მეფისა და დამოუკიდებელი მმართველის პრეროგატივა იყო. ერთად-ერთი, მეფის ტიტული არ მიუღია ყვარყვარე ჯაყელს, დანარჩენს აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა. 

ყვარყვარე ჯაყელი 72 წლის იყო, როდესაც მეუღლე – დედისიმედი გარდაეცვალა, რომელთანაც მას რვა შვილი ჰყავდა. 73 წლის ასაკში სამცხის მთავარმა მეორე ცოლი – ნესტან-დარეჯანი შეირთო და მასთან შეეძინა კიდევ ოთხი შვილი. ყვარყვარე 1498 წელს გარდაიცვალა, 82 წლის ასაკში. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ვარძიის ანანურის ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში. 

 

скачать dle 11.3