კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ინტიმური საუბრები

ცოლად იმ კაცს გავყევი, ვინც ახალგაზრდობაში მიყვარდა

პირველ კურსზე, პირველივე ლექციაზე, აუდიტორიაში შემოვიდა დაახლოებით 30 წლის ახალგაზრდა კაცი და გაგვეცნო – თქვენი ლექტორი ვიქნები სამი წლის განმავლობაშიო. დანახვისთანავე შემიყვარდა. მთელი სამი წელი მისი ერთი ლექციაც კი არ გამიცდენია, სულ თვალებში შევციცინებდი, ყველაფერს ვიწერდი და მისი გამოცდისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდი. მეორე კურსზე რომ გადავედი, გავიგე, რომ ზაფხულში ცოლი შეურთავს. ძალიან მეწყინა, მაგრამ ჩემი სიყვარული არ განელებულა, პირიქით, უფრო მეტად შემიყვარდა, თუმცა, არასდროს არაფერი მიგრძნობინებია და, ცხადია, მანაც არაფერი იცოდა. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, იმ ცოლს გაშორდა და მეორედ დაქორწინდა, მე კი ისევ ისე მიყვარდა. დიპლომი რომ ავიღე, ერთ თვეში ისეთ სამსახურში მოვეწყვე, სადაც ძირითადად კაცები მუშაობდნენ და თაყვანისმცემელიც ბევრი მყავდა, მაგრამ მე არავის დანახვა არ მინდოდა, ისევ იმ ჩემს ლექტორზე ვფიქრობდი. ასე გავიდა ათ წელზე მეტი. ოჯახი უკვე ღელავდა ჩემ გამო – ეშინოდათ, გაუთხოვარი არ დავრჩენილიყავი. ხან ვისი გაცნობა უნდოდათ ჩემს ნათესავ ქალებს, ხან – ვისი, მაგრამ, არავის ვიკარებდი. ამასობაში ლამის 35 წელს მივუკაკუნე, ჩემი გულთამყრობელი კი უკვე 47 წლის იქნებოდა. ბოლო წლების განმავლობაში აღარაფერი გამიგია მასზე, მაგრამ გაკითხვა-გამოკითხვისაც მერიდებოდა და ამიტომ არც ვიცოდი, როგორ იყო.

ერთხელ ერთი ჩვენი ნათესავი გვეწვია სტუმრად და დედაჩემს უთხრა, ერთი კარგი ახლობელი ოჯახი მყავს, ერთადერთი ვაჟი ჰყავთ, ზუსტად შენი გოგოს შესაფერისი და, მოდი, გავურიგოთო. დედაჩემმა მაშინვე აიტაცა მისი სიტყვები, მე კი ურეაქციოდ გავედი მეორე ოთახში. ის ქალი რომ წავიდა, დედამ დამიმარტოხელა და მთხოვა: რა მოგივა, ჩემი ხათრით რომ გაიცნო., ხომ არ გეცემა ის კაცი და მაშინვე სახლში ხომ არ გაგაქანებს. შეხვდი, დაელაპარაკე და, თუ არ მოგეწონება, ამით დამთავრდება ყველაფერიო. ისე გადამეკიდა, ისე გამიწყალა გული, ვიფიქრე, ოღონდ ამან თავი დამანებოს და, იმ კაცს კი არა, ნებისმიერს გავიცნობ-მეთქი. მართლაც, დავთანხმდი. დედაჩემმა მაშინვე იმ ნათესავ ქალს დაურეკა და იმანაც მეორე დღეს, საღამოს 5 საათზე თავისთან დამიბარა – ვითომ შემთხვევით შემოიარე ჩემთანო.

ფეხათრევით, თან ჩემს თავზე ვბრაზობდი, რატომ დავუთმე დედაჩემს-მეთქი და კინაღამ უკან გამოვბრუნდი, მაგრამ, ბოლოს, ეტყობა, ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია, მაინც ავედი იმ ჩემს ნათესავთან და, კარი რომ შევაღე, კინაღამ ინფარქტი მივიღე – სასტუმრო ოთახში სწორედ ის ჩემი ლექტორი იჯდა. იქვე გაირკვა, რომ მეორე ცოლსაც გაშორებია და ახლა ისეთი ქალი უნდოდა ცოლად, რომელთანაც მყუდრო და თბილ ოჯახს შექმნიდა. წვრილმანებს აღარ გამოვკიდებივარ. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი ხელი მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა უფრო გვიყვარს ერთმანეთი.

ნანა, 41 წლის.

მამის პატიება ვერ შევძელი

დედა რომ გარდამეცვალა, 17 წლის ვიყავი. დედა  38-ის იყო. ქუჩაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ისე განვიცადე, კინაღამ მეც თან მივყევი. მაგრამ, თურმე, უარესი მელოდა (მორალური თვალსაზრისით). ორმოცი ძალიან ვიწრო წრეში გადავუხადეთ დედას – სულ ოცი კაცი იყო, ისიც, ძალიან შინაურები: ოჯახის წევრები, სამი მეზობელი და დედას უახლოესი სამი დაქალი. სუფრა სახლში გავშალეთ – რატომღაც, მინდოდა, რომ ოჯახში გადაგვეხადა. უკვე ყველა მოსული იყო, მაგრამ, მამაჩემი არ ჩანდა. ვურეკავდი და მობილურს არ პასუხობდა. შემეშინდა, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და წასვლა გადავწყვიტე მოსაძებნად. ის იყო, გასასვლელისკენ წავედი, რომ კარი გაიღო და მამაჩემი შემოვიდა ვიღაც კიკიმორა ქალთან ერთად. მამა რაღაცას უყვებოდა და ისიც კეკლუცად კისკისებდა. მათმა ასეთმა მხიარულად შემოსვლამ ყველა დაძაბა. დედას ერთ-ერთ დაქალს, რომელიც მამაჩემთან ერთად მუშაობდა, ისედაც დიდად არ ეხატებოდა გულზე თავისი ბავშვობის მეგობრის ქმარი (მერე მივხვდი, რომ ჰქონდა ამის მიზეზი – ისინი ხომ ერთად მუშაობდნენ წლების განმავლობაში და ძალიან კარგად იცნობდა, ანუ, იცოდა, სინამდვილეში ვინ იყო და რას წარმოადგენდა მამაჩემი. ბავშვობაში კი ვგრძნობდი ხოლმე მის განწყობას, ამის გამო ვბრაზდებოდი და ყოველთვის ვცდილობდი, მის მიმართ აგრესია გამომეხატა) და მისმა ასეთმა საქციელმა ისე გააღიზიანა, ლამის დასაბმელი გახდა. მერე სახეზე ირონიული ღიმილი დაიდო და მამაჩემს პირდაპირ მიახალა: ან ეს ღამის პეპელა სად იპოვე და ან ასეთს რას უყვებოდი, ასე სიცილ-ხარხარით რომ მოხვედი საკუთარი ცოლის ორმოცზეო. ის ქალი დაიბნა და გაჩუმდა. მამაჩემიც აილეწა და აშკარად უნდოდა, რამე საშინელება ეთქვა პასუხად, მაგრამ, სტუმრების გაოგნებულმა სახეებმა გამოაფხიზლა, იხტიბარი არ გაიტეხა და ყველა სუფრასთან მიიწვია, თან ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის. ყველა დაძაბული მიუჯდა მაგიდას. უხერხულობისგან ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ისევ თეომ (დედას დაქალმა) ვერ მოითმინა და გესლიანი ხმით უთხრა მამაჩემს – მიდი, ახლა, გაგვაცანი ეგ შენი ტურფა და შეუდექი თამადობასო. მამა ძალიან გამწარდა, მაგრამ, ვერაფერი გაუბედა და მცირე პაუზის შემდეგ გამოაცხადა:  კი ბატონო, მართლაც, ჯობია, რომ გაგაცნოთ, ყველანაირი გაუგებრობა დასაწყისშივე ავიცილოთ თავიდან. ეს უკეთილშობილესი ქალბატონი, რომელიც აქ ჩემთან ერთად მოვიდა, არის ჩემი უახლოესი ადამიანი და დღეს იმიტომ მოვიყვანე, რომ თქვენთვის გამეცნო, რადგან, უახლოეს მომავალში ის ჩემი ოჯახის დიასახლისი გახდება!

იმ „უკეთილშობილესმა“ ქალბატონმა ამაყი ღიმილით გადახედა საზოგადოებას, მერე რაღაც კერძი გადაიღო და ჭამა დაიწყო. დედაჩემის დაქალებმა ჩვენს ნათესავებს ბოდიში მოუხადეს და დემონსტრაციულად დატოვეს ჩვენი სახლი, გასვლისას კი თეო მამაჩემს მიუბრუნდა და უთხრა:

– არაკაცი რომ იყავი, ყოველთვის ვიცოდი და ამიტომაც ვერ გიტანდი ვერასდროს, მაგრამ მთლად ასეთი ნაძირალა თუ იყავი, მაინც არ მეგონა. ჩემს საცოდავ მეგობარს უყვარდი და ამიტომ მქონდა პირში წყალი დაგუბებული და ხმას არ ვიღებდი, ახლა კი ყველას გასაგონად გეტყვი: შენ მოკალი შენი ცოლი, დიახ შენ! იცოდა, ამისთანა ბოზანდარებთან რომ დაძვრებოდი მთელი ცხოვრება (თან, ხელი იმ ქალისკენ გაიშვირა), მაგრამ, არაფერს იმჩნევდა. იმ დღესაც შენ გაანერვიულე და ქუჩაზე გადასვლისას იმიტომ ვერ დაინახა მოსახვევიდან გამოსული მანქანა. რა ნამუსით მოათრიე სახლში ცოლის ორმოცზე ეს თუთიყუში, ფუი, შე უსინდისო კაცო! – და კარი გაიჯახუნა.

რა თქმა უნდა, თეოს ზედმეტები მოუვიდა, ჩემ გამო მაინც უნდა შეეკავებინა თავი. მე ისტერიკა დამემართა, ვეცი მამაჩემს და, გარტყმა რომ ვერ მოვახერხე (ვიღაცამ გამაკავა), სულ მკვდარი და ცოცხალი ვაგინე, მერე კი ვუყვიროდი, ჩემი სახლიდან გაეთრიეთ ორივე-მეთქი. იქ ამბავი დატრიალდა?! – ენა ვერ აღწერს. გამწარებულმა მამაჩემმა ჩაჰკიდა ხელი თავის ტურფას (რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მშვიდად ჭამდა რაღაცას) და კარისკენ წაიყვანა, გასვლისას კი მომიბრუნდა და დამემუქრა – ვისიცაა ეს სახლი, ძალიან მალე გაგაგებინებ, შე ნაბიჭვარო ლაწირაკოო. მე ისეთ შოკში ვიყავი, რომ დეიდაჩემმა თავის კლინიკაში დამაწვინა, სადაც თითქმის ერთი თვე გავატარე. იქიდან რომ გამომწერეს, ჩვენი ბინა გაყიდული დამხვდა – მამაჩემმა მართლაც მალე შეასრულა მუქარა: იმ ქალთან ხელი მეორე დღესვე მოაწერა, მერე სასწრაფოდ გაყიდა ჩვენი სამოთახიანი ბინა (მის სახელზე იყო გაფორმებული) და მე ერთოთახიანი მიყიდა დიღმის მასივში. თავისთვის სად იყიდა, არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ. მე დეიდაჩემმა წამიყვანა თავისთან, ჩემი ახალი ბინა კი გავაქირავეთ. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ნელ-ნელა მეც შევეგუე ჩემს ახალ ყოფას. ასე გავიდა ხუთი წელი. უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, სწორედ მაშინ გამოჩნდა მამაჩემი – მობილურზე დამირეკა (ვისგან გაიგო ნომერი, არ ვიცი) და შეხვედრა მთხოვა. დავინტერესდი, რა უნდოდა და შევხვდი. აღმოჩნდა, რომ მისი მეორე ცოლი,  მართლაც ქუჩის ქალი ყოფილა, თან, ბინაც წაურთმევია და, მთხოვა, შენთან მაცხოვრეო. მე უარი ვუთხარი და ჩემთან დარეკვაც კი ავუკრძალე. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასეთი გულქვა თუ ვიყავი, თუმცა, ყველაფერს რომ ვაანალიზებ, ვხვდები: ყველაფერი ვაპატიე, მაგრამ, იმას ვერ ვპატიობ, რომ ისე ექცეოდა დედაჩემს, ბოლოს საიქიოშიც გაისტუმრა. შეიძლება, ვცდები, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ, რა ვქნა, ასეთი ვარ და, რაღა დაგიმალოთ, სინდისიც კი არ მქენჯნის.

გიგა, 23 წლის.

скачать dle 11.3