კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ არ აძლევენ ანიტა რაჭველიშვილს თბილისის კონსერვატორიის დიპლომს და რის გამო გააუქმა მან მოსკოვში დაგეგმილი გასტროლები

„ჩემი მეუღლე გაოცებულია ქართველების მუსიკალურობით, ნიჭით. თავის კოლეგებს, მეგობრებს უყვება: წარმოიდგინეთ, ამერიკელები, ევროპელები რომ დავთვრებით, დავაღებთ პირს და რა საზიზღრობებს ვმღერით. ქართველი კაცები კი, რომ დათვრებიან, ისეთი საოცრება ამოსდით პირიდან, ვერ დაიჯერებთ‚ ეს თუ არის შესაძლებელიო... საქართველო, ქართველები სწორედ იმან გადაგვარჩინა, რომ განათლებული ერი ვიყავით; ამიტომ‚ დღეს ამას თუ არ მივაქციეთ ყურადღება, კულტურას, განათლებას თუ არ დავუდეგით მხარში, ისე გადაგვივლის მტერი, ვერაფერს გავხდებით,” – ეს არის ამონარიდი უნიჭიერესი მომღერლის – ანიტა რაჭველიშვილის ინტერვიუდან, რომელიც თბილისში კიდევ ერთი კეთილშობილური საქმის გასაკეთებლად ჩამოვიდა. 

 

ანიტა რაჭველიშვილი: ცოტა ხნის წინ სკრის სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა, ანი ხმიადაშვილმა, თხოვნით მომწერა – მათ სკოლას რამენაირად დავხმარებოდი. მაშინვე გამოვეხმაურე და შევპირდი, რომ აუცილებლად ჩავატარებდი საქველმოქმედო კონცერტებს. მაგრამ‚ რადგან დაკავებული ვიყავი, აქამდე ვერ მოვახერხეთ მე და ნიკამ (ნიკოლოზ რაჭველი, – ავტორი) ამ ყველაფრის ორგანიზება. შევთანხმდით, რომ აუცილებლად ზაფხულში უნდა ჩაგვეტარებინა ეს საღამო და, რადგან ცოტა დრო მქონდა ამ ყველაფრისთვის, ამიტომაც გავაუქმე მოსკოვის გასტროლები. 

– თუმცა‚ ეს ბევრმა, შეიძლება, სხვა თემას დაუკავშიროს. 

– ეს ნამდვილად არის ჩემთვის პატრიოტული თემა, თუმცა‚ მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ მოსკოვში ჩასვლას, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დელიკატური საკითხია. ჩვენს შორის კულტურული ურთიერთობა აუცილებლად უნდა დარჩეს, პირიქით‚ ქართველები უნდა მივდიოდეთ მოსკოვში და მათ ვაჩვენებდეთ, რა შეგვიძლია. 2017 წლამდე ყველაფერი გაწერილი მაქვს და პატარა „ნახვრეტებს“ ვეძებ, რომ თბილისში ჩამოვიდე საქველმოქმედო კონცერტზე. ჩემს აგენტს ცოტა ხნის წინ ვევაჭრებოდი: ნოემბრის კონცერტები გავაუქმოთ, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ორ ქალაქში მაქვს და სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, თბილისში ჩავიდეთ-მეთქი, მაგრამ, გაიგიჟა თავი. შეიძლება‚ არ გავაუქმო ეს კონცერტები, მაგრამ რუსეთში მაინც ჩავალ. ორი კვირის წინ, დილით, ვვარჯიშობდი და ფიქრებში მომივიდა იდეა – გაკეთებულიყო ვერდის „აიდა“ ღია ცის ქვეშ. თეო ჯორბენაძისა და ნინო ნახუცრიშვილის გარეშე ეს კონცერტი ვერ მიიღებდა ასეთ ფორმას. თეოს მოუვიდა საოცარი აზრი და მან ნინოსთან ერთად ასეთი რამ გადაწყვიტა: იქნება გრანდიოზული გალა, ასევე, დრეს-კოდი – საღამოს ჩაცმულობა, წითელი ხალიჩა, გადავკეტავთ აღმაშენებლის გამზირს და, მოკლედ‚ 1 აგვისტოს, 9 საათიდან  მიქელაძის მუსიკალური ცენტრის წინ დაიწყება კონცერტი. ვიქნებით მე, ჩემი მეუღლე, რომელიც რადამესის პარტიას შეასრულებს; ასევე‚ იმღერებენ ჩვენი ოპერის ვარსკვლავები. შემდეგ იქნება მწვადის, ტკბილეულის ფესტვალი, დაუკრავს „ჯორჯიან ბრასი“ და ბოლოს ვგეგმავთ დისკოთეკას.

– დარჩები დისკოთეკაზე?

– აბა რა! ნიუ-იორკში რომ ვარ, შანსი არ არის‚ არ წავიდე – მომღერალი სხვა ცხოვრებასაც უნდა ეწეოდეს. რაც შეეხება კონცერტს, ჩვენ მას ვაკეთებთ ბავშვებისთვის, მუსიკისთვის და კულტურისთვის, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი და სახელმწიფოს მხარში დგომა. მე თვითონ ტანჯვა-წამებით წავედი უცხოეთში, არავინ დამხმარებია, არც მაშინდელი მთავრობა... შეიძლება, ხმაც ვერ მივაწვდინე სათანადოდ, მაგრამ, ამაში ბრალს არავის ვდებ. ყველაფერი ჩემი ძალებით, ოჯახის დახმარებით გავაკეთე; ამიტომ‚ მე რა სირთულეებიც გავიარე, მინდა‚ ეს სირთულეები ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ახალ თაობას. ეს ბავშვები ლტოლვილები არიან და ისედაც ბევრ სირთულეებთან მოუწევთ გამკლავება. კონცერტიდან შემოსულ მთელ თანხას ამ სკოლის ბავშვებს გადავურიცხავთ. თუ საკმარისი თანხა არ შეგროვდა, მე და ჩემი მეუღლე სიმბოლურად დავამატებთ.

– ვიცი, რომ შენს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და, რაც მთავარია‚ ის არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ კარიერაში, ქველმოქმედებაშიც გვერდში გიდგას. 

– დრო რომ გვექნება, აუცილებლად წავიყვან რესტორან „არმაზის წყაროში“ – გიჟდება და, ორი კვირაა, მეუბნება‚ წამიყვანეო. რაც მთავარია‚ იმღერებს და ჩვენი მაყურებლის სითბოს ისე შეიგრძნობს, როგორც მე ვგრძნობ ამას ყოველი გამოსვლისას. საქართველოში უპრობლემოდ რომ ვაკეთებდე ვიზებს, აუცილებლად დავბრუნდებოდი, თან‚ ჩემს მეუღლესაც აქ უნდა ცხოვრება. მუებნება: რადგან საქართველოში ეს სფერო ხალხს კიდევ აინტერესებს, მე ყველანაირად შევეცდები, თანხებსაც არ დავიშურებ, რომ თქვენს ქვეყანაში კულტურის განვითარებას მხარში დავუდგეო.

– ამ კონცერტზე, იმ ოპერას იმღერებთ, რომლის დებიუტიც მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ გქონდა დეტროიტში. 

– ამას მოჰყვა „მეტროპოლიტენში“ „აიდას“ კონტრაქტები. ამნერისის პარტია ჩემთვის მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრება გამყვება ისევე, როგორც „კარმენი“; სპექტაკლები ყოველდღე გადიოდა და ამიტომ ორი შემადგენლობა იყო. მეორე შემადგენლობის ამნერისი და რადამესიც მეუღლეები იყვნენ, ისევე‚ როგორც ჩვენ. თან‚ ოპერაში რადამესს უყვარს აიდა, მაგრამ‚ ორივე შემთხვევაში‚ რადამესი ცხოვრებაში ამნერისთან იყო. ჟურნალისტებმა ამერიკაში ამაზე ბევრი ილაპარაკეს და გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩემს მეუღლესთან მუშაობით ძალიან ვისიამოვნე, რადგან, იშვიათია‚ რომ ერთად ვიმუშაოთ და, საერთოდ, იშვიათად ვართ ერთად. 

– მალე შენს მუსიკალურ ნათლიასთან, მაესტრო ბარენბოიმთან ბერლინის „შტატც-ოპერაში“ იმუშავებ.

– ვიცოდი, რომ რუსულ მუსიკას საქართველოში გაცილებით კარგად მოვამზადებდი, ამიტომაც ჩამოვედი. ოპერის თეატრში არიან არაჩვეულებრივი პიანისტები და მათ შორის ავირჩიე საუკეთესო – ვიქტორია ჩაპლინსკაია – ზოგადად მუსიკის და კონკრეტულად ვოკალის არაჩვეულებრივი სპეციალისტი. ოპერა „მეფის ასულიდან“ უნდა ვიმღერო ლუბაშას პერსონაჟი – ძალიან დრამატული, მრავალსახოვანი და ემოციურად დატვირთული. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ, ვიკა დამეხმარა, გამარკვია მუსიკაში. ისეთ ოჯახში გავიზარდე‚ სადაც ორ ენაზე, ქართულზე და რუსულზე ერთნაირად ვსაუბრობდით; რუსულ ენაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, რუსულ კულტურას კარგად ვიცნობ და, შესაბამისად‚ ენის გაგება არ იყო ჩემთვის რთული. უბრალოდ‚ მუსიკა არის ძალიან განსხვავებული იმ ყველაფრისგან, რაც მე აქამდე მიმღერია. ვფიქრობ, რომ ბერლინში მომზადებული ჩავალ, თან, მაესტრო ბარენბოიმი თავის ხედვას შეიტანს. რაც მთავარია‚ მუშაობა მომიწევს საოცარ რეჟისორთან – დიმიტრი ჩერნიაკოვთან, რომელიც თავისებურ, განსხვავებულ, ექსპერიმენტულ დადგმებს აკეთებს. მისმა „ევგენი ონეგინმა“ სერიოზული კრიტიკა გამოიწვია – როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. წარმოდგენა არ მაქვს‚ როგორი შეიძლება იყოს მისი სპექტაკლი. ვფიქრობ, რომ იქნება დრამატული, განსხვავებული და ექსტრემალური, რაც მე ძალიან მიყვარს. თუმცა‚ იმედია‚ ექსტრემს არ მომთხოვს – სიშიშვლეს, ან სექსს სცენაზე.

– რომ მოგთხოვოს?

– შევეცდები‚ გადავარწმუნო, მაგრამ, მეშინია, რომ დიმასთან ასეთ თემაზე საუბარი, შეიძლება, საშიში იყოს – ჯინიან მომღერლებსაც კი თავისას აკეთებინებს. შევეცდები‚ დელიკატურად და დიპლომატიურად მივუდგე, იქნებ წყნარად გამოვიდე – სიშიშვლეებისა და სექსუალური სცენების გარეშე. არარუსი მომღერლისთვის ძალიან ძნელია ამ რეპერტუარში ფეხის შედგმა და შემდეგ მუდმივად ამ რეპერტუარზე დაძახება. მე იმდენად მიყვარს ეს მუსიკა, იმდენად ჩემია, რომ, მინდა, ამ დებიუტის მერე აქტიურად დავიწყო რუსულ რეპერტუარზე მუშაობა. თან‚ ბერლინის კონტრაქტის შემდეგ „მეტროპოლიტენის“ რეპეტიციები მეწყება ისევ დიმა ჩერნიაკოვთან, ოღონდ, ვდგამთ ალექსანდრე ბოროდინის „თავად იგორს“, რომლის ტრანსლაციაც გადაიცემა ძალიან ბევრ ქვეყანაში, პირდაპირ ეთერში „მეტროპოლიტენ ოპერიდან“. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შევაბიჯებ რუსულ რეპერტუარში, რაც იქნება კიდევ ერთი უჩვეულო პრეცედენტი: ქართველი მეცო-სოპრანო რუსულ ოპერებში მთავარ პარტიებს მღეროდეს – ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. 

 – ვფიქრობ‚ ის სირთულეები, რაც გამოიარე‚ დაგეხმარა იმაში, რომ ასეთ დადებით ადამიანად ჩამოყალიბდი და, რაც მთავარია‚ განაგრძობ ადამიანების დახმარებას.

– ალბათ, ეს რომ არ გამევლო, ჩემს კოლეგებს ვერ დავეხმარებოდი. მაგალითად‚ კონსერვატორიაში უკვე მეორე წელია, სოპრანო ნათია მელქაძე იღებს ჩემს სტიპენდიას. მაგრამ, კონსერვატორიიდან ისეთი უარყოფითი მოპყრობა მაქვს, რომ, არც ვიცი‚ გავაგრძელებ თუ არა. 

– რას გულისხმობ?

– მაგალითად‚ იმას, რომ მე არ მაქვს თბილისის კონსერვატორიის დიპლომი. დავამთავრე ბაკალავრიატი, ჩავაბარე მაგისტრატურაში, ერთი წელი დავხურე, მეორე წელს კი წავედი იტალიაში. მათ გამომიცხადეს, რომ მაგისტრატურის დასამთავრებლად, „ლა სკალას“ პრემიერისა და ყველაფრის შემდეგ უნდა ჩამოვსულიყავი, კომისიის წინ დავმდგარიყავი და გამოცდები ჩამებარებინა. ეს სასაცილოა, რადგან, ამ ყველაფრის მერე და, კიდევ, იმის მერე, რასაც მე საქართველოსთვის ვაკეთებ, დიპლომის მოსაცემად გამოცდის ჩაბარებაზე მელაპარაკებიან! ასევე‚ ძალიან გავბრაზდი კონსერვატორიაში არსებული დისციპლინისა და არაორგანიზებულობის გამო.  რადგან სულ დაკავებული ვარ, სტიპენდიანტისთვის მეორე სემესტრის თანხის გადარიცხვა გადამავიწყდა. მათ არც კი გაუჩნდათ სურვილი, რომ დაერეკათ ჩემთვის და ეთქვათ: ანიტა, მეორე სემესტრის ფული არ არის გადმორიცხული, ბავშვი ელოდებაო. ისევ ეს გოგონა დამეკონტაქტა: ანიტა, დიდ ბოდიშს გიხდი, ალბათ‚ არ გითხრეს კონსერვატორიიდან, რომ, მეორე თვეა, სტიპენდიას ველოდები, მითხრეს, არ გადმოგირიცხავს და, მართალიაო?! ჩემთვის ერთი საკითხია ძალიან მტკივნეული და, არ ვიცი‚ უნდა შევეხო თუ არა‚ მაგრამ, მაინც მინდა, ვთქვა: ორი წლის წინ, ჩვენი მომღერლების მოსმენის შემდეგ, „ლა სკალას“ აკადემიიდან დამირეკეს და მითხრეს: მომღერლების დონე ძალიან დაცემულია და რა ხდება კონსერვატორიაშიო. მე‚ რა თქმა უნდა‚ ვერ ვუპასუხე. როგორც სტუდენტებისგან ვიცი, კონცენტრირება ხდება ყველაფერზე, გარდა ვოკალისა: მათ აიძულებენ, გუნდში იმღერონ, თეორიაზე დაანთხიონ ტვინი, რაც ვოკალისტს მომავალ კარიერაში საერთოდ არ დასჭირდება. მიმაჩნია, რომ კონსერვატორიაში არასწორად მიმდინარეობს სწავლების პროცესი და ეს უნდა შეიცვალოს. ასევე, უნდა შეიცვალონ ის ადამიანები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იყვნენ კონსერვატორიის სათავეში – ახალი ხედვაა საჭირო. ვიცი‚ სერიოზულ აგრესიას, უარყოფით ემოციებს გამოვიწვევ ჩემი გამონათქვამების გამო; შეიძლება, ვინმემ დიპლომის თემასაც დაუკავშიროს, მაგრამ, პირდაპირ დაწერე: მე არ მჭირდება დიპლომი იმისთვის, რომ ვიმღერო. ჯერ ერთი‚ მე მაქვს „ლა სკალას“ აკადემიის დიპლომი, რომელიც ყველაფერს გადაფარავს და, მეორეც: ჩემი მეუღლე უდიპლომო პროფესიონალია. სანამ ის აკადემიას დაამთავრებდა, არანაირი დიპლომი არ გააჩნდა, არსად არ უსწავლია. ამ თემებზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ბევრმა სტუდენტმა პირადად შემომჩივლა. საჭიროა, უცხოეთიდანაც დაიწყოს პედაგოგების მოწვევა და უნდა დამთავრდეს სისტემა, სადაც ერთი სტუდენტი ერთ პედაგოგს არის ბოლომდე მიჯაჭვული. უცხოეთში სტუდენტი ყველა პედაგოგთან მეცადინეობს და იმას იღებს, რაც მას სჭირდება. ჩვენთან კი ეს‚ სამწუხაროდ‚ არ ხდება – მიგამაგრებენ ერთ პედაგოგთან და თუ წახვალ მისგან, ამას მოჰყვება წყენა, ხელის შეშლა – ეს ნამდვილად ვიცი. წყენის მომენტი უნდა დამთავრდეს, კერძოდ‚ უნდა იყვნენ პედაგოგები, მაგრამ‚ საერთო მასტერკლასებიც უნდა ტარდებოდეს. არ მინდა‚ თავხედობად ჩამეთვალოს და არ თქვან, რომ გამოუცდელი ვარ, რადგან, მხოლოდ სამი წელია‚ რაც კარიერა მაქვს, მაგრამ, ბევრს ვმოგზაურობ, ბევრ სხვადასხვა ტიპის აკადემიას ვხედავ და, მწყინს, როცა უცხოეთში ვიგებ, რომ საქართველოში ვოკალისტების დონე დაეცა. თითო-ოროლა კარგი მომღერალი‚ რა თქმა უნდა‚ მიდის აქედან, მაგრამ, ისე მასობრივად, როგორც ადრე იყო, სამწუხაროდ‚ აღარ არის და ეს „ლა სკალაშიც“ შეამჩნიეს... 

 

скачать dle 11.3