კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნიკა წულუკიძე კულტურის მინისტრის კონსულტანტი და ვინ აღმოაჩინა მან ინგლისში

ნიკა წულუკიძე, როგორც ყოველთვის, ახლაც რამდენიმე  „დისლოკაციის ადგილზეა” გამაგრებული – მისი მრავალრიცხოვანი სამსახურების ნუსხას სულ ახლახან კულტურის  მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრის პოსტიც დაემატა. თუმცა, ეს ყველაფერი  სულაც არ უშლის ხელს ზაფხული საინტერესოდ გაატაროს.  ჯერ  ლონდონური  გასტროლით იჯერა გული, მერე ბულგარეთის ოქროს ქვიშებზე მოხვდა, მოკლედ, ხან რომელ გრძედსა და განედზეა, ხან – რომელზე, რაზედაც ნიკა ჩვეული იუმორით ყვება.   

 

ნიკა წულუკიძე: ჩემს ცხოვრებაში საინტერესო სიახლეა.  კულტურის სამინისტროში შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც   ქართულმა  თეატრებმა  და თეატრალურმა  ორგანიზაციებმა წარადგინეს.  ძალიან გამიხარდა, რომ ქართული თეატრების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა მე მოვაგროვე. ჩემდამი გამოცხადებული ნდობა ისეთი  პატივსაცემი ხალხის მიერ, ამ თეატრებში რომ მუშაობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემი სამსახურების ნუსხას დაემატა კიდევ ერთი სამსახური,  როგორც ყოველთვის, მე ხომ ერთდროულად ბევრგან ვმუშაობ – ვკითხულობ ლექციებს  თეატრალურ უნივერსიტეტში, „ილიაუნში”, ვმუშაობ რუსთავის თეატრში ლიტერატურის ნაწილის გამგედ,  ასევე, ვარ რადიო „იმედში”. დეკემბერში ამირჩიეს საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტად, სხვათა შორის, ჩემმა კოლეგებმა ამ შემთხვევაშიც ერთხმად ამირჩიეს, რაც ძალიან მახარებს. მე არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, ალბათ, ეს არის ჩემ მიმართ ასეთი კეთილგანწყობის  მიზეზი. 

– რატომ დატოვე „ნანუკას შოუ”?

–  ეს დაკავშირებულია კონტრაქტთან, რომელიც „იმედთან” მაქვს დადებული. როგორც აღმოჩნდა, ამ კონტრაქტის მიხედვით, არ მქონდა მუშაობის უფლება და ამიტომ წამოვედი „ნანუკას შოუდან”. მხოლოდ ეს იყო მიზეზი და არა ის, როგორც დაწერეს ზოგიერთებმა, რომ თითქოს იქ რაღაც აირ-დაირია. მე და ნანუკა ისევ მეგობრები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. 

– კარგი გამოსამშვიდობებელი დღეებიც მოგიწყო ბულგარეთში.

– მე იქ დაპატიჟებული ვიყავი სტუმრის რანგში. ბულგარეთი კომფორტული ქვეყანაა, საოცარი კლიმატით. დღე იწვის ყველაფერი, მაგრამ  ნესტი არაა და სიცხისგან არ ითანგები, საღამოს კი გცივა. ზოგადად, ბულგარეთმა ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე,   ძალიან კარგი დრო გავატარეთ. იქ აღმოვაჩინე ქართული რესტორანი, იქაურმა ქართველებმა დაგვპატიჟეს. რესტორანში შევედი და რომ გამოვარდა ქართველი მზარეული, შენ გენაცვალე, როგორ გვიყვარხარო, სიხარულით ცას ვეწიე. აბა, ჰე და აბა ჰოო, და ისეთი სუფრა გაგვიშალეს, ბოლოს ვუთხარი: თბილისში ისპანახისა და ნიგვზიანი ბადრიჯნის ჭამამ მომკლა, აქაც მაგას მაჭმევთ-მეთქი? (იცინის) დატვირთული რეჟიმის შემდეგ რომ წახვალ, დაისვენებ და თან,  ეს ყველაფერი მუქთაა, რასაკვირველია, ძალიან კარგია. როგორც იცით, მე მოვხვდი მეკობრეთა გემზე, თავს მოვიკლავდი, მეკობრეთა შეჯიბრში ქართველებს რომ წაგვეგო. 

– ყველამ ვნახეთ შენი ცეცხლოვანი ცეკვა. შენი გამარჯვება  ჩაწყობილი არ იყო? 

– არა, რა ჩაწყობილი, გემი, რომელიც შუა ზღვაში იყო გაყვანილი,  სხვა ეროვნების  ხალხით იყო სავსე. ვინ რას ჩააწყობდა? „ჯორჯია” რომ იყვირეს, სხვების გულშემატკივრების ხმებიც გაისმა. თურმე გემზე იყო რუსეთში მცხოვრები ქართველი, ორი შვილით და ისინიც ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ. რაც შეეხება ცეკვას,  მაგ ცეკვის მერე ვთქვი, რომ სახალხოდ არასოდეს ვიცეკვებ-მეთქი. ერთ-ერთი პროექტიდან შემოთავაზებაც მივიღე ცეკვებთან დაკავშირებით და სწორედ ბულგარეთში  ნაცეკვმა შემაკავებინა თავი, ოღონდ არ ვიცი, სამომავლოდ რას ვიზამ (იცინის). 

 – მეკობრეთა მთავარი „ფუნქცია” არ შეგასრულებინეს?

– არა, გემის დასაყაჩაღებლად იქ ვინ წაგიყვანს, ამას არ განდობენ, იქით არ დაგაყაჩაღონ, თუმცა იმ გემზე ყოფნას თავისი ეგზოტიკა ჰქონდა.

– როგორც ჩანს, საინტერესო ზაფხული გაქვს. 

– როგორც ყოველთვის, სექტემბერში საბერძნეთში წავალ მეგობრებთან ერთად, შიგადაშიგ ბათუმში წავალ ხოლმე.  ბულგარეთამდე თავისუფალი თეატრის გასტროლებზე   ვიყავი ლონდონში.  მინდა გითხრა, რომ ამ ბოლო დროს ლონდონის თეატრალური ცხოვრება წარმოუდგენელია ქართული თეატრის გარეშე. ყველა თეატრის წინ ქართული აფიშები იყო გამოკრული. „როიალ ქორთში” დავესწარი ლაშა ბუღაძის პიესის პრემიერას – „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა”. მიხეილ სააკაშვილის როლს ინდუსი მსახიობი თამაშობდა. სხვადასხვა დეტალებით ძალიან ჰგავდა ჩვენს პრეზიდენტს. თუმცა, ის ქართული იუმორი და კოლორიტი, რაც ლაშას ახასიათებს, ბრიტანელებმა ვერ დაინახეს. თავად ის მოვლენა, რომ პიესა დაიდგა ბრიტანულ სცენაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არ დაგიმალავთ, მე უფრო დიდი მოლოდინი მქონდა. თავისუფალი თეატრის გასტროლები ასევე გაიმართა ჩელსის თეატრში, სადაც დაიდგა  გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლი  „სათამაშო პისტოლეტი.” იქ შემთხვევით გავიცანი მამიდაჩემი, რომელიც  ლონდონში ცხოვრობს. მისი არსებობის შესახებ ვიცოდი, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. როგორია, უცებ, რომ მოვა შენთან ქალბატონი და გეტყვის: მე ვარ შენი მამიდაო? (იცინის). მან დაგვპატიჟა თავისთან სტუმრად. მითხრა: რამდენი ხანიც გინდა, დარჩი ჩვენთან, მაქვს თავისუფალი სახლიო. 

– მინიმუმ ლორდის ცოლია მამიდა?

– არც ნაკლები, შენ ხარ ჩემი ბატონი. მინდა გითხრათ, ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქართული საზოგადოება ცხოვრობს.  იქ მოხუცს არ მოგავლევინებენ, არც სხვის შვილს განდობენ. სხვა გზა არ გაქვს, უნდა იყო კარგ სამსახურში, თორემ არაფერზე მოგაკიდებინებენ ხელს (იცინის). ლონდონში მეექვსედ ვიყავი. გაოცებული ვარ იქაური საზოგადოების მოქალაქეობრივი კულტურით. მიკვირს, როგორ შეუძლიათ ასეთი მშვიდი, წყნარი ცხოვრება, რაც იქ ჩასულს იძულებულს გხდის, მათი წესით იცხოვრო. ქუჩაში ქალბატონს დავეჯახე, მოვტრიალდი, ზრდილობიანი ბოდიში მოვუხადე. ჩემდა გასაოცრად, მან მადლობა გადამიხადა. ჩემს მეგობარს რომ ვკითხე, მადლობა რატომ გადამიხადა-მეთქი, იცი, რა მითხრა? მისი მშვიდი ცხოვრება რაღაცით რომ ააფორიაქეო (იცინის)  ჩემმა მეგობრებმა რომ მკითხეს, რა გენატრება აქ ყველაზე მეტადო, ხინკალი-მეთქი, – ვუპასუხე.  „როიალ ქორთიდან“ გლობუსის თეატრამდე  მიმავალი, გზად ფარშს და ფქვილს ვყიდულობდი, რომ ხინკალი გაგვეკეთებინა. დავაყენე ჩემი ძმაკაცი და მისი ცოლი, ისინიც დავიხმარე. მთლად ცხრამეტნაოჭიანი არ გამომივიდა, მაგრამ იმდენი ხინკალი გავაკეთე, გამწყვიტეს წელში. რაც ჭამეს, ჭამეს, რაც არა, გაყინული დავტოვე მაცივარში, დღემდე ჭამენ ჩემს მოხვეულ ხინკალს. 8-9 დღე დავყავი ლონდონში, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. რასელ ქროუ ვნახე და ტომ ჯონსი, ეს ცოტაა? ჩემი ძმაკაცის მეუღლემ მე და ავთო ვარსიმაშვილი ლონდონში გაგვასეირნა. კინოთეატრ „ოდეონთან” წითელი ხალიჩა იყო გაშლილი, აქეთ-იქით ზღვა ხალხი მოგროვილიყო.  ამ კინოთეატრში ყოველდღე მსოფლიო პრემიერები იმართება. დავდექით მე და ავთო ვარსიმაშვილი წითელ ხალიჩაზე მოკრძალებულად, ვიფიქრეთ, ფოტოს გადავიღებთ-მეთქი. უცებ დავინახე, ეს ზღვა ხალხი ჩვენსკენ მორბის. ავთოს ვეუბნები: მე მგონი, ამათაც გვიცნეს-მეთქი, ჩვენ კი არ გვიცნეს, უკან გაიხედეო. გავიხედე და რასელ ქროუ არ მოდის? გავიქეცი მეც რასელ ქროუსკენ. მირბის ის და მივდევ მეც. ცნობილი ქართული ფილმის ამბავი დამემართა: ყველა ტიროდა და მეც ავტირდიო (იცინის). რამდენიმე დღე იყო გასული, მივდივართ მუზეუმში გლობუსის თეატრის გვერდით. მომიახლოვდა  გოგონა ყულაბით: თუ ფულს ჩააგდებთ, გაჭირვებულებს დაეხმარებითო. ჩემი გაჭირვება არ მეყოფა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ცოტაოდენი ხურდა მაინც ჩავუჩხრიალე ინგლისელ გაჭირვებულებს.  ხელზე რაღაც გამიკეთა და საქველმოქმედო საღამოზე შემიპატიჟა. შევედით კონცერტზე, გავიხედე, ერთი კაცი ძალიან ჰგავს ტომ ჯონსს. ის ინგლისში ძალიან ცნობილი მომღერალია – იმათი ბუბა კიკაბიძე. რომ ატყდა წივილ-კივილი, სურათების გადაღება, მეც ვეცი და გადავიღე ერთი ფოტო მასთან ერთად. იქვე იყო ადელი, ჯესი ჯეი, მოკლედ, აი, ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში მოვყევი. მაგრამ, მალევე წამოვედი – ჩემი ადგილი იმ ვარსკვლავებთან არა, დედა თბილისშია.

– ახლა ის გვითხარი, პირად ცხოვრებაში თუ გაქვს სიახლეები, სულ გვპირდები, რომ საგულდაგულოდ „დამალულ” შენს რჩეულს წარგვიდგენ. ვიცით, რომ კენტად არ ხარ. 

– ჰოო, ამ თემაზე ხომ იცი ჩემი აზრი, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. არ მიმაჩნია თავი იმ პერსონად, რომელზეც უნდა ილაპარაკონ. არის რაღაც, რაც მხოლოდ შენი უნდა იყოს.  ახლა ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა  ყველაზე ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, ასე რომაა. ზოგადად ადამიანები, არ აფასებენ იმ მდგომარეობას, რაშიც არიან, როცა კარგავენ, მერე იწყებენ მის დაფასებას. მე ვცდილობ, დავტკბე ყოველი დღით, წუთით. ძალიან ვუფრთხილდები  ურთიერთობას, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული. არავინ თქვას, რომ წლებთან ერთად, ემოციები ძლიერი არააო. პირიქით, მაშინ ხარ ძლიერი და განსხვავებული, როცა ეს ემოციები მძაფრადაა შენში. ხომ გინახავთ, 70 წელს მიტანებული ქალი და კაცი, უზომოდ რომ უყვართ ერთმანეთი? დღემდე ბებიაჩემი და ბაბუაჩემი თავმიდებულები უყურებენ ტელევიზორს და ერთმანეთზე ძალიან არავინ უყვართ, მათ შორის, არც ერთი შვილიშვილი. ორნი – თანამოაზრეები უფრო ადვილად დაძლევენ ცხოვრებას, თორემ ადამიანი მარტო იბადები და მარტო კვდები. ამიტომ, სანამ არ ხარ მარტო, უნდა იყო ყველაზე ბედნიერი.  ვნახოთ, რა იქნება მომავალში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებაც მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.     

 

скачать dle 11.3